კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოთო ნემსაძის რა მეთოდი ჭრის ყველაზე კარგად გოგონებთან ურთიერთობისას და აბეზრებს თუ არა ის მათ თავს

ჯეოსტარელი ოთო ნემსაძე წლევანდელი ჯეოსტარელებისგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონაწილეა, რომელიც ყოველი გამოსვლისას საკუთარი ინდივიდუალიზმით ხიბლავს მაყურებელს. ოთო, გარდა სიმღერისა, ცეკვავს, უკრავს გიტარასა და ფორტეპიანოზე, წერს ლექსებს და რაც მთავარია, ის საკმაოდ უშუალო, ხალისიანი და საინტერესო ადამიანია.





ოთო ნემსაძე: როდესაც მღერი დიდ საკონცერტო დარბაზში და ხალხისგან ემოციები მოდის, მეტი სტიმული გაქვს, რაღაც რთულ მომენტს გააკეთებ, ამას დარბაზიდან ადამიანების დიდი ემოცია მოჰყვება და, მერე ყველაფერი უფრო კარგად გამოდის. ყოველი კონცერტის წინ ვნერვიულობ, თან – ძალიან. ახლა ნელ-ნელა მეხსნება ეს ნერვიულობა. პირველ ტურზე განსაკუთრებულად ვინერვიულე, მაგრამ, როდესაც გავიხსენი, ემოციები მივიღე მაყურებლისგან და მერე უფრო გამიადვილდა სიმღერა.

– ადამიანებთან ურთიერთობისას, გახსნილი ხარ?

– ჩემი აზრით, ზედმეტად კომუნიკაბელური და გახსნილი ვარ. ადვილად შევდივარ ადამიანებთან ურთიერთობაში, თუმცა, არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებიც მიმიღია და მერე მინანია. მაგრამ, არა უშავს, ნელ-ნელა ვისწავლი. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ ადამიანთან შეიძლება ურთიერთობა, მაგრამ შემდეგში რა იქნება, არავინ იცის. ჩემი და მისი შეცდომებიდან გამომდინარე, ვეღარ გამოდის ურთიერთობა და მერე, უბრალოდ, გული მწყდება.

– ეს, ალბათ, უფრო გოგონებს ეხება.

– დიახ, ძირითადად გოგონები არიან. ერთი საქციელის გამო ადამიანს ვერ ვეტყვი, შენთან ვერ ვიმეგობრებ-მეთქი. ამისთვის დროა საჭირო. ჩვენი ურთიერთობა, შეიძლება, ერთი წელი ან ერთი თვე გაგრძელდეს. ეს ერთეული შემთხვევებია, თორემ, ადამიანებთან ურთიერთობა არ მიჭირს.

– როგორც ვიცი, ბავშვობიდან მღერი.

– დიახ, საბავშვო ბაღიდან. იმ მელოდიების მერე, რასაც ვასრულებდი, ჩემი პირველი სიმღერა იყო „ძია პოლიციელი“, თუმცა, ვერ ვაცნობიერებდი, რას ვმღეროდი. დედა მუსიკის მასწავლებელი იყო. მთელი ჩემი ოჯახი და, სანათესაო მღერის. მერე თბილისში მეგობრები დამეხმარნენ და მოვედი „ჯეოსტარზე“.

– გავიგე ლექსებსაც წერ, გიტარაზე, ფორტეპიანოზე უკრავ...

– ლექსებს ჩემთვის ვწერ, გიტარაზეც ვუკრავ და ფორტეპიანოზეც, მაგრამ არც ერთის აკორდები არ ვიცი, ყურით ვეძებ მელოდიას და, რაც მომწონს, მერე ვაწყობ.

– ლექსის წერას, თუნდაც სიმღერის კარგად შესრულებას, მუზა, ადრესატი სჭირდება. შენი მუზა, კონკრეტული ადამიანია ხოლმე, თუ, უბრალოდ, ემოცია, გარემოებები?

– ძირითადად, კონკრეტული ადამიანია, თუმცა, განწყობის ლექსებიც მაქვს. შემიძლია, ახლა წაგიკითხოთ. ლექსს ჰქვია „წ“:

„წამით შეწყდება წმიდა მიწაზე წყნარი წუხილი,

წამით იწვიმებს, წარღვნით წამოვა წვიმის წვეთები,

წამიც და – წყდება, წითლად წუხდება წამხდარი წვეთი,

წამო, მოწყალევ, წამოგვაყარე წვიმის წვეთები“.

– საინტერესოა. ძირითადად როდის წერ ლექსებს?

– ჩემთვის არ აქვს დროს მნიშვნელობა. ვერ გეტყვით, როდის ვწერ. უბრალოდ, როცა შინაგანად რაღაც მაწუხებს, ჩემთვის ამ დროს გამოხატულების ყველაზე ადვილი საშუალება ლექსის დაწერაა და მერე ყველაფერი მახსენდება. ასე ხდება სიმღერის დროსაც.

– ხალხი უკვე დიდი სიყვარულით გხვდება და ეს ნამდვილად ძალიან სასიამოვნოა.

– თავიდან ცოტა დავიბენი, ყველა რომ მიყურებდა ქუჩაში. შენს ყოველ ნაბიჯს რომ აკონტროლებენ, ცოტა უხერხულია, მაგრამ, მერე მივეჩვიე და მომეწონა.

– ამის გამო, ალბათ, რაღაცეებზე გიწევს უარის თქმა, დათმობა?

– ერთადერთი, რისი დათმობაც მომიწია, ის არის, რომ აღარ ვქეიფობ. არა, როგორ არ ვქეიფობ, უბრალოდ, ჩემი მეგობრები სვამენ სასმელს და მე – არა. ამას ცოტა განვიცდი.

– ესე იგი, როგორც ქართველ კაცს, გიყვარს ქეიფი, დალევა, სიმღერა და ცეკვა?

– რა თქმა უნდა. თან, ისეთი მეგობრები მყავს, ყველა მღერის და მიყვარს მათთან ერთად სუფრასთან ჯდომა, ცეკვაც მიყვარს. მეთექვსმეტე წელია, ანსამბლ „გორში“ ვცეკვავ, ჩემს პირად ნომერზე – 3002-ზე თუ დაამესიჯებენ და ხალხური სიმღერების ტურამდე თუ მივაღწიე, ვიცეკვებ.

– როგორი დამოკიდებულება გაქვს სასმელთან, როგორი ხარ სიმთვრალეში?

– გორში ისეთი კარგი საქეიფო ღვინოა – „ატენური“, მიყვარს თეთრი ღვინო „ცქრიალაც“. „კაკ კანფეტკა“ – ასეთი ვარ სიმთვრალეში. კარგ ხასიათზე ყოფნისას, კარგი რაღაცეების გაკეთება მინდება. შეიძლება, მეგობარს ღამის 4 საათზე მივადგე სახლში – როგორ ხარ-მეთქი, ბოდიალი მიყვარს. არც ნასვამი ვარ შარიანი და არც ფხიზელი.

– როგორი ხასიათი გაქვს, ადვილად გამოდიხარ წყობიდან?

– იმ საკითხებზე, რაც ჩემზე უარყოფითად მოქმედებს, საპასუხო რეაქციები ძალიან მძაფრი და სწრაფი მაქვს. მუშტი-კრივის გამოყენებაც მიწევდა ხშირად. ეს აუცილებელია, იმიტომ რომ, ქართველი კაცი სხვანაირად ვერ დაიმკვიდრებს თავს საზოგადოებაში. ძირითადად, ეს გარდატეხის ასაკში ხდებოდა.

– ალბათ, ჩხუბის მიზეზი ხშირად გოგონები იყვნენ.

– ძირითადად, ჩემი მეგობრების დაცვა მიწევდა, მაგრამ, იყო შემთხვევები, როდესაც საკუთარი სიყვარულის დაცვაც მიხდებოდა. თუმცა, ამას მე ჩემთვის ვაკეთებდი, არ იყო აუცილებელი, მას დაენახა. შედეგები ჩემთვის დადებითი იყო.

– ხიფათიანი ხარ?

– ისეთი ხიფათიანი ვარ, ახლა, აქედან რომ გავალ, არავინ იცის, რა შეიძლება, დამემართოს. შესარჩევი ტურის დროს ავარიაში მოვყევი. მართალია, გადავრჩი, მაგრამ, სამაგიეროდ, ტერმინატორს ვგავდი.

– შენს ცხოვრებაში ხშირად არის სიურპრიზები?

– მეგობრებს, დედას უყვარს სიურპრიზების გაკეთება, ჩემს ძმას, ნათესავებსაც.

– გოგონები გიკეთებენ სიურპრიზებს თუ შენ უფრო აქტიური ხარ ამაში?

– მე ისე არავის გავუკეთებ სიურპრიზს, იმისგანაც იგივე რომ არ მივიღო, – ეს ხუმრობით. გოგონებს, ძირითადად, მე ვუკეთებ სიურპრიზებს. ზოგჯერ მგონია, რომ ზედმეტიც მომდის, მაგრამ, არა უშავს, მინდა და ვაკეთებ.

– როგორი გოგონები მოგწონს?

– ჩემი აზრით, ყველა გოგონაში არის რაღაც სახასიათო, რომელიც მათ მშვენიერებას ანიჭებს. ამიტომ, ყველა ტიპის გოგონა მომწონს და შემიძლია, ურთიერთობა მქონდეს. შეიძლება, გოგონაში ერთი დადებითი თვისება დავინახო და მერე იმაზე ავაგო ყველაფერი. უარყოფით თვისებებს არ ვაქცევ ყურადღებას. მერე, თუ აღმოჩნდება ასეთი თვისებები, ვცდილობ, საკუთარ თავს დავუმალო. ისიც, ალბათ, ეცდება, შეცვალოს ეს თვისებები დადებითით. მაგრამ, თუ არ გამოვა, მხოლოდ ვიმეგობრებთ. სიყვარული ისეთი რამ არის, შეიძლება, ერთ დღეს გიყვარდეს წყნარი, მშვიდი, სერიოზული გოგონა და მეორე დღეს – გიჟი, გადარეული, დარტყმული. ჩემთვის ორივე მისაღებია.

– ხშირად თუ გყვარებია და როგორი ხარ ამ დროს?

– ხშირად მყვარებია და შეყვარებული ოთო – ჩემს მტერს. ყველა შესაძლო ხერხს მივმართავ იმისთვის, რომ ის გოგონა მოვხიბლო და, მგონი, ზედმეტებსაც ვაკეთებ. არადა, გოგონებს თავი არ უნდა მოაბეზრო. მე კი, მგონი, იმდენს ვაკეთებ, რომ თავს ვაბეზრებ, თუმცა, ჯერ ეს არ უთქვამთ.

– რა არის შენი მეთოდი, რომელიც გოგონასთან ურთიერთობისას ყველაზე კარგად ჭრის?

– ერთი-ერთში საუბარი და თვალებში ყურება.

– შენ თქვი, რომ ყველაფერს აკეთებ გოგონას მოსახიბლავად, რომ მოხიბლავ, მერე როგორ იქცევი?

– ჩემთვის მთავარია, ის გოგონა, ვინც ჩემ გვერდით იქნება, იმაზე უფრო მაგრად იყოს, ვიდრე მანამდე იყო. მაგრამ, მოცემულ ეტაპზე არავინ მყავს. ნუ გეშინიათ, თავისუფალი ვარ – მაგარია!

– ახლა, არ მითხრა რომ, თავისუფალი როცა ხარ, ჯობია იმ პერიოდს, როდესაც გიყვარს.

– როცა გვერდით საყვარელი ადამიანი გყავს და მასთან გვერდით თავს კარგად გრძნობ, რატომ უნდა იყო ცუდად? მამაკაცისთვის ძალიან დიდი სტიმულია, როდესაც საყვარელ ადამიანს უყვარს. ეს სიმღერაშიც აისახება: დაიჭერ დარბაზში და გახვრეტ თვალებით. ლექსებს, ძირითადად, რაღაც გრძნობებზე ვაგებ, სიყვარული კი ყველაზე დიდი და ლამაზი გრძნობაა. ამიტომ, მირჩევნია, ლამაზი ლექსები დავწერო და ის დიდ, ლამაზ გრძნობასთან იყოს დაკავშირებული.


скачать dle 11.3