კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამოადგა რუსეთში ჩასულ თემო რცხილაძეს თბილისური “ქუჩის აკადემია„ და რატომ ურჩევნია მას ქართულად დაბრაწულ ვარიას ჩინური ბაყაყის ბარკლები

მომღერალი თემო რცხილაძე ძალიან თბილი, სასიამოვნო მოსაუბრე და ხალისიანი ადამიანია. ის გამოუვალ სიტუაციებშიც ხშირად ხვდება და არც კურიოზების სიმცირეს განიცდის. როგორც თავად ამბობს, თავისი პირველი გამოუვალი სიტუაციაც კარგად ახსოვს და არც უცხოეთში ჩასულს აკლია თავგადასავლები.

თემო რცხილაძე: გამოუვალი და სასაცილო სიტუაციები მართლაც ბევრი გადამხდენია თავს, მაგრამ, ახლა რომ მახსენდება, მეღიმება. მაშინ კი, ამ სიტუაციაში ჩავარდნილი, ვამბობდი, ახლა თავი როგორ უნდა დავიძვრინო-მეთქი, მაგრამ, ხომ იცით, გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს. თუ თავი გაანძრიე ადამიანმა და გონების მობილიზება მოახდინე, ყველაფერი გამოგივა და, რომ იტყვიან, წყლიდან მშრალიც ამოხვალ.

– თემო, ვიცი, კარგად იტან სასმელს და თამადებსაც კარგად „მიჰყვები“ ყანწით ხელში.

– გეთანხმებით, სასმელს მართლაც კარგად ვიტან. აი, ჩემი პირველი სერიოზული დალევა კი ჩემს ცხოვრებაში პირველი სერიოზული გამოუვალი სიტუაცია გახლდათ. (იცინის). მაშინ ანსამბლ „ნატვრის ხეში“ ვმღეროდი. ბორჯომში გვქონდა გასტროლები ანსამბლ „ივერიასთან“ ერთად. ბატონმა ბუთხუზმა თავის ნათესავთან გამიყოლა. იქ სუფრა გაიშალა და იმდენი ჭაჭა ვსვი, მტრისას. ახლაც ვერ ვხვდები, რატომ ვიკლავდი თავს, თანაც, საღამოს კონცერტი გვქონდა და გიტარის დამკვრელი და სიმღერის მთქმელი ვიყავი (იცინის). იქიდან რომ წამოვედით, ვიფიქრე, გზაში გამოვფხიზლდები-მეთქი, მაგრამ, რესტორანში არ გადაუხვიეს?! იქაც კარგად „ჩავისხი“ (იცინის). იქიდან რომ გამოვედით, მერე ბიჭები მეორე რესტორანში გავიპარეთ და, რასაკვირველია, იქაც დავლიე, აბა, დავაკლებდი?! ისეთი გეზი მქონდა აღებული ჭიქით ხელში, ვეღარ გამაჩერეს (იცინის). კონცერტის წინ ხან ვედროთი მასხეს წყალი, ხან ლაპარაკი დამიწყეს, იქნებ ცოტა გამოვიდეს მდგომარეობიდანო, მაგრამ, ისეთი მთვრალი ვიყავი, ჩემი გამოფხიზლება ასე ადვილი არ იყო. კონცერტის დრო რომ მოვიდა, კულისებში დავჯექი. მესმის, წამყვანი აცხადებს: „ახლა სცენაზე გამოვა ანსამბლი „ნატვრის ხე“! მინდა, ავდგე – ვერ ვდგები. ისეთი ნასვამი ვიყავი, ადგომის თავიც არ მქონდა. დამცხა, მაგრამ, რა დამცხა. მიხვდნენ ბიჭები ჩემს გასაჭირს, ამომიდგნენ მხარში აქეთ-იქიდან და, როგორც იქნა, ამიყვანეს სცენაზე.

– მერე, თუ ნასვამი იყავი და დგომის თავის არ გქონდა, როგორ იმღერე?

– რა ვიმღერე? (იცინის). დინამიკზე მიმაყუდეს ბიჭებმა, გიტარა ჩამომკიდეს, მიკროფონი დამიმაგრეს და ასე გაშტერებულ-დადებილებული დამტოვეს. აბა, რა ექნათ? დაახლოებით ორმოცი წუთი ვიდექი ასე გაშტერებული, მერე ისევ ამომიდგნენ მხარში და გამიყვანეს სცენიდან. ტაშის დაკვრის ხმა კი მესმოდა და მიხაროდა – ეს მახსოვს (იცინის). სხვათა შორის, ახლა კარგად ვსვამ და კარგადაც ვირგებ. თამადასაც გავეჯიბრები სმაში, ყანწსაც კარგად მოვიყუდებ და გამართულადაც წამოვდგები და ვივლი.

– აბა, შენი მეგობრები რომ ყვებიან, თითქოს სიმთვრალის გამო ძმაკაცი დაგრჩა აეროპორტში?

– (იცინის) ჰო, ეგ მაგარი ისტორიაა. არ მინდოდა მოყოლა, მაგრამ, რადგან გამახსენე, მოგიყვები. ერთი სიტყვით, მე და ჩემი მეგობარი – მამუკა ჩაგელიშვილი და მოსკოველი რუსი სტუმარი გოგონები რუსეთში მივფრინავდით. მამუკამ თან ექვსი ბოთლი კონიაკი წამოიღო. ქართველი კაცის ბუნება ხომ იცით? დავიწყეთ სმა და რა სმა. იმდენი დავლიე, ვერ გეტყვით. ჩემი ფეხით კი გავიარე „ტამოჟნია“, მაგრამ მამუკა მებაჟემ შეაფერხა. გარეთ ყინავდა და იქ ველოდებოდი. ნასვამ კაცს რომ ოცგრადუსიან ყინვაში დააყენებ, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ვიქნეოდი? ჯერ კი ვიყავი ჯანზე, მაგრამ, ეტყობა, თბილ თვითმფრინავში დალეულმა კონიაკმა, ყინვაში იჩინა თავი... გავახილე თვალი და... სახლში ვარ. დილის ხუთი საათია. გავიხედე, საწოლში მამაკაცის ზურგი ჩანს. გამახსენდა მამუკა რომ მებაჟემ გააჩერა და დავუყვირე, მამუკ, აქ როგორ აღმოჩნდი-მეთქი. უცებ, ვიღაც უცნობი რუსულად მცემს პასუხს: მამუკა არ ვარ, სლავიკა ვარ, ძმაო, ახლა დამაძინე და დილით ვისაუბროთო. სულ გადავირიე. რაღა დამაძინებდა? ავდექი და ტანსაცმელს დავუწყე ძებნა. რას ვხედავ... ფესხაცმელები, წინ წვერზე, სულ გადათეთრებულია. მერე გავარკვიე, თურმე ისე გავთიშულვარ, გვერდით ამომდგომიან და ასე ფეხების ხოხიალით მივუყვანივარ სახლამდე (იცინის). მერე ვამბობდი, ასე უნდა დათვრე ადამიანი-მეთქი.

– ამბობენ, ბიჭმა ეგრეთ წოდებული „ქუჩის აკადემია“ უნდა გაიაროს – კიდევაც იჩხუბოს უბანში, „ძველ ბიჭებთანაც“ იმეგობროს და საკუთარი კვალიც დატოვოსო. ამაზე რას მეტყვი?

– გეტყვით იმას, რომ ჩემს დროს, ქუჩას სულ სხვა ხიბლი ჰქონდა. პრაქტიკულად, ქუჩაში ვიზრდებოდით და ბევრ რამესაც ვსწავლობდით იქ. დღევანდელი ქუჩისა კი, რა მოგახსენოთ. უბნის ბიჭებთანაც კარგი დამოკიდებულება მქონდა. პრაქტიკულად, მათთან უფრო მეტ დროს ვატარებდი, ვიდრე სახლში. პირადად მე, „ქუჩის აკადემიამ“ ცხოვრება მასწავლა. ჩხუბებიც ხდებოდა, მაგრამ არა დანებითა და თოფებით. აი, გემრიელი, კაცური მუშტის გემო კი ყველა ბიჭმა კარგად ვიცოდით. ჩხუბზე გამახსენდა ერთი ამბავი: მე და სოსო პავლიაშვილი ვიყავით გასტროლებზე კალუგაში. ძალიან დავიღალე გზაში და მე სასტუმროში დავრჩი. სოსო კი წავიდა და მოგვიანებით დაბრუნდა. გავიხედე, რაღაც ჩოჩქოლის ხმაა. ვიფიქრე, ნეტავ, რა ხდება-მეთქი. ავდექი, გავიხედე და რას ვხედავ? სოსო და დანარჩენი ჩვენი ბიჭები რუსებთან იქაჩებიან. დავფიქრდი – თუ ესენი იქაჩებიან და ილანძღებიან, ესე იგი ისინი, მართლაც გასალანძღ-გასალახები იქნებიან-მეთქი. გავვარდი, არც მიკითხავს რა ხდებოდა, ერთი რუსი ბიჭის ყბა ამოვიღე მიზანში და ისეთი ვგლიჯე, კარგა ხანი გაშტერებული იყურებოდა აქეთ-იქით. აბა, „ქუჩის აკადემია“ რომ არ მქონოდა გავლილი და დამეწყო ახსნა-განმარტებების მოსმენა, მტყუან-მართლის ძიება, რამდენი დრო დამჭირდებოდა? მე კიდევ, წამში მოვაგვარე საქმე, ოღონდ, რასაკვირველია, ვიცოდი, რომ ჩვენი ბიჭები დამნაშავეები არ იქნებოდნენ.

– მართალია, რომ წყობიდან გამოსული „კაციჭამია“ ხდები?

– კი, ეს ნამდვილად ასეა (იცინის). საერთოდ, გაბრაზება იშვიათად მიწევს, მაგრამ ჩემს გაბრაზებას, ნამდვილად არ გირჩევთ. თუ გავბრაზდი, ნამდვილი „კაციჭამია“ ვარ.

– არ აქვს მნიშვნელობა ქალს გამოჰყავხარ წყობიდან თუ მამაკაცს?

– არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუ გადამეკეტა, მორჩა. კიდევ კარგი, იშვიათად ხდება ეს და მალევე მჩვევია დაშოშმინება, თორემ ნახევარ თბილისს არ გადავჭამდი? (იცინის).

– გაბრაზებულზე გინება არ „მოსულა“?

– როგორ არ „მოსულა“ (იცინის). გაბრაზებული ხან მსაჯს ვაგინებ, ხან შესაგინებელ ადამიანს, ხან საჭესთან და... აფექტის მომენტები დედაჩემის გენიდან მოდის, გურულები მაინც ხომ იცით, რა მაგრები არიან.

– თემო, მართლა გირჩევნია, კარგ, კეცზე შემწვარ ვარიას ჩინური წესით დაბრაწული ბაყაყების ბარკლების ჭამა?

– ჩინურზე გამახსენდა ერთი ანეკდოტი და სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებ, მოგიყვები: ჩინეთში არ არსებობს ცნება „უღალატა“, არსებობს ცნება „აერია“ (იცინის). რაც შეეხება ჩინურად დაბრაწულ ბაყაყის ბარკლებს, დამიჯერეთ, ის დაბრაწულ ქართულ ვარიას, ნამდვილად არ ჩამოუვარდება გემოთი. გასტროლებზე რომ ვიყავით ვიეტნამში, მთელი ჯგუფი მშიერი დადიოდა. შევიდოდით სადმე დასანაყრებლად, ჰკითხავდნენ, რისგანაა ეს კერძი დამზადებულიო და ისეთ რამეებს ეუბნებოდნენ, მადა ეკარგებოდათ კი არა, იქიდან კუდმოგლეჯილი გარბოდნენ (იცინის). მე კიდევ, შიმშილი სად შემიძლია? ინგრედიენტს არ ვკითხულობ, გავსინჯავ კერძის გემოს და თუ მომეწონება, ჩავუჯდები, მშვენივრადაც შევირგებ, რა პრობლემაა.


скачать dle 11.3