30 თებერვალი
გაგრძელება. დასაწყისი იხ. „თბილისელები“ ¹30–43(513)
პოდპოლკოვნიკ პეტრე გორსალიას, რა თქმა უნდა, სხვაგვარადაც შეეძლო მოქცევა – ახალგაზრდა ეპისკოპოსის წინააღმდეგ მოქმედება დაუყოვნებლივ, ექვსთვიანი მომზადების გარეშე დაეწყო და მეუფე და დედა მარინე ძვირფასი განძეულის ქურდობის საბაბით დაეპატიმრებინა, მით უმეტეს, რომ დედა მარინეს ანალოგიური ბრალდებით ხუთი წელი ჰქონდა გატარებული საპყრობილეში. თუმცა, ეშმაკი პოდპოლკოვნიკი ასე არ მოქცეულა, რადგან მეფე გაბრიელს ხალხში უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა და იცოდა, რომ ქურდობის ბრალდებით მას მხოლოდ ციხეში გამოამწყვდევდა, სახელს კი ვერ შეუბღალავდა. გორსალიას კი სწორედ მეუფე გაბრიელის ზნეობრივი კომპრომეტაცია ჰქონდა გამიზნული და ქურდობა მხოლოდ მთავარ ბრალდებაზე უნდა ყოფილიყო დართული. ასეთი კაცის ასეთ დღეში მოქცევას კი, დახვეწილი სატანური გეგმა და ეშმაკისეული, ყველაფრის მკადრებელი შემსრულებელი სჭირდებოდა. ამიტომ, გორსალიამ ოპერაცია „დანგრეული ტაძარი“ მოიფიქრა, შემსრულებლად მეგი მოძებნა, მოსამზადებლად ექვსი თვე მოითხოვა და, როდესაც დარწმუნდა, რომ წარმატებას ვერაფერი დაუდგებოდა წინ, მხოლოდ ამის მერე დაიწყო მოქმედება.
გორსალიამ მეუფე გაბრიელისა და დედა მარინეს სქელტანიანი დოსიეები ზეპირად იცოდა, თითოეული დეტალი მრავალჯერ საფუძვლიანად ჰქონდა გაანალიზებული და დარწმუნდა, რომ მათი გადაბირება შეუძლებელი იყო.
„მდაა, – იტყოდა ხოლმე თავისთვის გორსალია, – მტკიცე ნებისყოფისა და პრინციპების ხალხია ეს ეპისკოპოსი და დედაო და მათი დამარცხება მათი ერთადერთი, მაგრამ უდიდესი სისუსტით – მათივე კეთილშობილებითაა შესაძლებელი. არადა, ესენი რომ ჩემი ხელქვეითები და უკეთურები იყვნენ, რა ბრწყინვალე და დაუმარცხებელ ტრიოს შევქმნიდით „კაგებეში“?! გულიც კი მწყდება, რომ ასეთი მაგარი ხალხი უნდა გავაცამტვერო, მაგრამ, რას იზამ, ისინი მოწინააღმდეგე ბანაკში არიან და, როგორც ძია სტალინი იტყოდა, მტერი უნდა გაანადგურო, მერე კი წახვიდე და მშვიდად დაიძინო“.
„კაგებეს“ სქელტანიან დოსიეში დედა მარინეზე ეწერა, რომ მისი საერო სახელი ნატო ჭავჭავაძე იყო, 22 წლის ასაკში ქურდობის ბრალდებით დააპატიმრეს, გაასამართლეს და ხუთი წლით ციხეში გამოამწყვდიეს.
ნატო ჭავჭავაძე ულამაზესი, უნიჭიერესი და სამშობლოსთვის გულანთებული დიდი ქართველი თავადების შთამომავალი გოგონა იყო. მას ისტორია-არქეოლოგიის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და, მიუხედავად იმისა, რომ კაბინეტში სუფთა სამუშაოს სთავაზობდნენ, არქეოლოგიურ ექსპედიციებში სიარული არჩია და 20 წლის იყო, როცა პირველად მიიღო მონაწილეობა გათხრებში. ნატო კოლეგა მამაკაცებივით შრომობდა, თავის სამუშაოს დიდი გულისყურითა და პროფესიონალიზმით ასრულებდა და სულ მალე დიდი სიყვარული და ავტორიტეტი მოიპოვა კოლექტივში. მას რჩეული ვაჟკაცები ეტრფოდნენ და საკუთარ გულს სთავაზობდნენ, მაგრამ ულამაზესი გოგონა გათხოვებაზე არ ფიქრობდა, მისი გული არქეოლოგიას ეკუთვნოდა და ისტორიის კვლევისა და გათხრების გარდა არაფერი აინტერესებდა. ნაზი, ტანწერწეტა და სათნო გოგონა მტკიცე მამაკაცური ხასიათით გამოირჩეოდა, ძალიან შეუპოვარი იყო და იქ, სადაც სხვებს დიდი ხნის ჩაქნეული ექნებოდათ ხელი, ნატოს ბოლომდე გაჰქონდა ლელო და წარმატებებსაც აღწევდა. მას მთელი ღამის განმავლობაში დიდი რუდუნებით მარტოს შეეძლო, ფანრის შუქზე ეჩიჩქნა მიწა და ასეთ ყოფაში არაერთხელ დასთენებია თავზე.
ჯერ 22 წლისაც არ იყო ნატო ჭავჭავაძე, როდესაც თავის რიგით მესამე არქეოლოგიურ ექსპედიციაში გაემგზავრა სამხრეთ საქართველოში, სადაც ლაშა-გიორგის ერთ-ერთ საიდუმლო თავშესაფარს მიაკვლიეს მთაში და იქ აწარმოებდნენ გათხრებს. სამუშაო ძალიან მძიმე, შრომატევადი და სახიფათო იყო, რადგან არქეოლოგები ციცაბო კლდეზე მუშაობდნენ და შებინდდებოდა თუ არა, თხრას წყვეტდნენ, რომ უფსკრულში არ გადაჩეხილიყვნენ. ერთ ღამეს, როდესაც მთელი დღის ნამუშევარ არქეოლოგებს ტკბილად ეძინათ, ნატომ მეშახტის ფარნიანი ქუდი მოირგო, რომ სინათლე ჰქონოდა, არქეოლოგიური ხელსაწყოები მოიმარჯვა და კლდის საცალფეხო ბილიკს გაუყვა, რომ თხრა გაეგრძელებინა. ნატო დიდი გულმოდგინებით იღებდა ქვის თითოეულ ნამტვრევს, თანმიმდევრულად შლიდა კლდეს და, როდესაც ცამ ნელ-ნელა ნათება დაიწყო, გოგონამ გამოქვაბულის შესასვლელი გამოჭრა. ამასობაში ინათა, მაგრამ გამოქვაბულში ბნელოდა, ნატოს ფანარი არ ჩაუქრია და ფრთხლად შევიდა შიგნით. შემდეგ იქაურობა გამოიკვლია და ერთ-ერთ ნიშაში საშუალო ზომის რკინისგან დამზადებული, ძალიან ლამაზად ინკუსტრირებული ზანდუკი აღმოაჩინა, რომელზეც მეფე ლაშა-გიორგის პირადი გერბი იყო ამოტვიფრული. ნატომ ზანდუკი გახსნა და უამრავ ძვირფასეულობას შორის ოქროსგან ჩამოსხმული, ცხენის უზარმაზარი ნალი აღმოაჩინა და აღმოხდა: „ღმერთო ჩემო, ეს ხომ წმიდა გიორგის ცხენის ნალია. ესე იგი, ეს ლეგენდა მოგონილი არაა და სიმართლეა. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!“ ნატო მუხლებზე დაეცა და ხუთიოდე წუთი გულმხურვალედ ილოცა. შემდეგ უზარმაზარი ოქროს ნალი, რომელშიც ექვსი ცალი ალმასი იყო ჩასმული და შუაში ჯვარი ჰქონდა ამოტვიფრული, ხელში სათუთად აიღო და ყურადღებით დაათვალიერა. ბოლოს ზანდუკში ჩააბრუნა, ზანდუკი დახურა, ხელში აიღო, გამოქვაბულიდან ფრთხილად გავიდა და არქეოლოგიურ ბანაკში ამ ძვირფასი აღმოჩენით დაბრუნდა. ნატოს პირველად აკადემიკოსი ივანე ბერიძე შეხვდა, რომელიც ექსპედიციას ხელმძღვანელობდა და გოგონა რომ დაინახა, ჰკითხა:
– ეგ რა არის, ჩემო ნატო, ხელში რა გიჭირავს?
ნატო უკიდურესად აღგზნებული იყო თავისი აღმოჩენით, გული ყელში ჰქონდა მიბჯენილი და ლაპარაკი უჭირდა, მაგრამ მთელი ნებისყოფა მოიკრიბა და რაც შეეძლო, მშვიდად უთხრა აკადემიკოსს:
– ლაშა-გიორგის ზანდუკია, ბატონო ივანე, ამ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე საიდუმლო გამოქვაბულის ერთ-ერთ ნიშაში, რომელიც ამ ღამით გავთხარე.
– ნატო, ნატო, შენსას მაინც არ იშლი! ღამით მარტო თხრიდი, თანაც ციცაბოზე, რამე რომ დაგმართნოდა და კლდეზე გადაჩეხილიყავი, ხომ უნდა მოგყოლოდი უკან?!
– ხომ არ გადავჩეხილვარ, ბატონო ივანე, მომისმინეთ!
– რომ გადაჩეხილიყავი? – ხმას აუწია აკადემიკოსმა, – არაფრის მოსმენა არ მინდა, ახლავე ბრძანებას ვწერ, ექსპედიციიდან გაგიშვებ და, სანამ ცოცხალი ვიქნები, ჩემ გვერდით ვერ გაიჭაჭანებ!
ნატოს საერთოდ არ სწყენია აკადემიკოსის სიტყვები. მან ზანდუკი მიწაზე დადგა, გახსნა, უზარმაზარი ოქროს ნალი ამოიღო, აკადემიკოსს დაანახვა და უთხრა:
– ამაზე რას იტყვით, ბატონო ივანე?
მრავლისმნახველ აკადემიკოსს, რომელსაც შლიმანთან ერთად ტროას გათხრებშიც კი ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და, წესით, არაფერი არ უნდა გაჰკვირვებოდა, ნალის დანახვაზე სახეზე ცარცის ფერი დაედო, ყბა აუთრთოლდა და აკანკალებული ხმით აღმოხდა:
– ღმერთო, ძლიერო! ეს ხომ წმიდა გიორგის ცხენის ნალია, რომელიც მას დიდგორის ომში მოსძვრა!
– ნამდვილად ისაა, ხომ, ბატონო ივანე? – წამოიყვირა ნატომ და მზის პირველ სხივებზე აკაშკაშებული უზარმაზარი ოქროს ნალი ზევით ასწია და ალმასებიდან გადმოფრქვეულმა ზღაპრულმა ელვარებამ იქაურობა ააბრდღვიალა.
– ისაა, შვილო, ნამდვილად ისაა! – ემოციებს ვეღარ იკავებდა მხცოვანი აკადემიკოსი და ხმამაღლა იმეორებდა: – უზარმაზარი, სუფთა ბაჯაღლოსგან ჩამოსხმული, ექვსალმასიანი და შუაგულში ამოჭრილი ჯვრით. სწორედ ასე აქვს აღწერილი სულმნათ დავით აღმაშენებელს ეს ნალი თავის ჩანაწერებში და ეს ღვთიური საოცრება ახლა ჩვენ წინაშეა, ისაა, ნამდვილად ისაა!
თქმულების მიხედვით, რაც ისტორიკოსთა ძალიან მცირე წრისთვის იყო ცნობილი, როდესაც წმიდა გიორგი ცხენზე ამხედრებული მიუძღოდა ქართველთა ლაშქარს დიდგორის ომში, თეთრი რაინდის ბედაურს ნალი მოსძრობია. წმიდა რაინდს ნალი აუღია და, სანამ ქართველთა გამარჯვებული ლაშქრის თვალწინ ზეცაში გაუჩინარდებოდა, რაც ათეულ ათასობით ადამიანმა იხილა და რამდენიმე ისტორიულ წყაროშიცაა მოთხრობილი, ის დავით აღმაშენებლისთვის გადაუცია და უთქვამს:
– მეფეთ მეფეო! ეს ოქროსგან ნაჭედი, მოელვარე, სასწაულმოქმედი ნალი მიიღე ჩემგან, როგორც ძლევამოსილების სიმბოლო, ქვეყნის მფარველი და მძიმე ჯვარი, რომელიც მეფემ თავისი ხალხისა და სახელმწიფოსთვის უნდა ზიდოს. ზურგზე აიკარ და, როგორც პატიოსანი ბერი ზიდავს თავის მძიმე ჯვარს, ისე ატარე სიცოცხლის ბოლომდე. ასე გადაეცი შენს შვილებს, მათ შვილებს, ყველა მათ შთამომავალს და, სანამ ეს ნალი მეფის ზურგზე იქნება, აკრული, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას არაფერი გაუჭირდება, იქნება ძლიერი, ერთიანი და აყვავებული. მაგრამ, როგორც კი ნალს მეფე ზურგიდან მოიხსნის, ქვეყანა დაიშლება, გაპარტახდება, სიკვდილის პირას დადგება და მანამ იქნება ასეთ დღეში, სანამ ახალი მეფე-მხსნელი არ მოევლინება ქვეყანას და ნალს ზურგზე არ აიკრავსო.
წმიდა გიორგიმ სადავეები მიუშვა და ცხენიანად ზეცაში აიჭრა, რასაც გამარჯვებული ქართველთა ლაშქრის ყიჟინა მოჰყვა. დავითმა კი წელზემოთ სამოსი გაიძრო, უზარმაზარი ოქროს ნალი ფოლადის ჯაჭვებით ზურგზე შემოირტყა და კვლავ შეიმოსა, სიცოცხლის ბოლომდე არ მოუხსნია და შთამომავლობას კი წმიდა გიორგის დანაბარები დაუტოვა, რაც მისმა მომდევნო თაობამ პატიოსნად შეასრულა და ეს მძიმე, მაგრამ ბრწყინვალე ტვირთი ღირსეულად ატარა. შესაბამისად, ქვეყანა ყვაოდა, ვითარდებოდა, მომხვდური მტერი მას ვერას აკლებდა და ღვთის მადლი ტრიალებდა საქართველოს თავზე. ზურგზე ნალაკრული დადიოდა დიდი თამარიც და, მიუხედავად იმისა, რომ ქალი იყო და მამაკაცზე მეტად უნდა გასჭირვებოდა ასეთი მძიმე ტვირთის ტარება, მედგრად იტანდა და, ალბათ, სწორედ ამიტომაც აყვავდა საქართველო ყველაზე მეტად თამარ მეფის დროს. იმავე თქმულების მიხედვით, ზურგზე ნალდაკრული, დროსტარების მოყვარული ლაშა-გიორგი ისე შეაწუხა ამ მძიმე ტვირთმა, რომ მორიგი ორგიისას მოიხსნა და შეინახა, ზურგზე აღარ დაუმაგრებია და სწორედ იმ წუთიდან დაიწყო საქართველოს უბედურება. ქვეყანა თანდათან დაიშალა, გაპარტახდა, სიკვდილის პირას დადგა და სულს ღაფავდა. ერთი სიტყვით, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც წმიდა გიორგიმ თქვა.
ისტორიკოსთა ერთ ნაწილს ეგონა, რომ ლაშა-გიორგის ზურგიდან მოხსნილ ნალს სპარსელები დაეპატრონენ, მეორე ნაწილი ფიქრობდა, რომ ის მონღოლთა ხელში ჩავარდა და იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ეს სიწმიდე რუსებმა გაიტაცეს და საგულდაგულოდ მალავდნენ. სინამდვილეში კი, ოქროს ბრწყინვალე ნალი, ლაშა-გიორგის სხვა პირად განძეულობასთან ერთად, საიდუმლო გამოქვაბულის ნიშაში იყო რკინის ზანდუკში შენახული და ის ნატო ჭავჭავაძემ აღმოაჩინა.
– ისაა, ნამდვილად ისაა!.. – კიდევ ერთხელ გაიმეორა ბავშვივით სახეგაცისკროვნებულმა აკადემიკოსმა და ნატოს უთხრა: – დღეს შენ უდიდესი სიწმიდე აღმოაჩინე, დიდი მადლი დაუბრუნე საქართველოს და მტკიცედ მჯერა, შორს არაა ის დრო, როდესაც ღირსეული რაინდი გამოჩნდება, რომელიც ამ ტვირთს ზურგზე აიკრავს და ჩვენს სამშობლოს ძველ დიდებასა და ძლევამოსილებას დაუბრუნებს!
– ასე რამ გაგახარათ, ივან დავიდოვიჩ? – ჰკითხა ბერიძეს აკადემიკოსმა ვლადიმირ კრასინმა, რომელიც, ეშმაკმა უწყის, საიდან გამოძვრა და თავზე წამოადგა ნატოსა და ქართველ აკადემიკოსს.
ბერიძეს კრასინის გამოჩენა არ ესიამოვნა, მაგრამ არ შეიმჩნია და მიუგო:
– ისეთი არაფერია, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, ჩემმა ახალგაზრდა კოლეგამ პატარა აღმოჩენა გააკეთა.
– თქვენი რეაქციის მიხედვით ვერ იტყვი, რომ პატარა აღმოჩენაზეა ლაპარაკი, – თქვა კრასინმა, რომელსაც ნაძალადევი ღიმილი ეხატა პირზე და თვალს არ აშორებდა მოელვარე ოქროს ნალს.
– მოხუცებს მცირედიც კი გვახარებს, – სიტყვა მოუჭრა კრასინს ბერიძემ და ნატოს უთხრა, – ნივთები წამოიღე, კოლეგა, გავაფორმოთ, თბილისში შესანახად გავაგზავნოთ და თხრა გავაგრძელოთ.
ივანე ბერიძემ შეგნებულად სცადა ნატოს აღმოჩენის დაკნინება და ყურადღების სხვა რამეზე გადატანა, მაგრამ ვლადიმირ კრასინი საკმაოდ კვალიფიციური ისტორიკოს-არქეოლოგი იყო, საბჭოთა მეცნიერთა ელიტაში შედიოდა, ქართულიც კარგად ესმოდა და, რაც მთავარია, სასწაულმოქმედი ნალის ისტორიაც გაგონილი ჰქონდა, სჯეროდა მისი და რადგან „ველიკორუსი დერჟავნიკი“ იყო, გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, მოსკოვში წაეღო. ამიტომ, გამოქვაბულში აღმოჩენილი ნივთების აღწერას თავიდან ბოლომდე დაესწრო და, ყველაფერი წესისამებრ რომ გააფორმეს, ბერიძეს უთხრა:
– გილოცავთ, ივან დავიდოვიჩ, თქვენმა ნორჩმა კოლეგამ ეპოქალური აღმოჩენა გააკეთა – ლაშა-გიორგის პირად განძს მიაგნო და, ვფიქრობ, ამას დააფასებენ მოსკოვში. შესაბამისი გამოკვლევის შემდეგ ეს ნივთები უკან დაბრუნდება და ღირსეულ ადგილს დაიკავებს საქართველოს მუზეუმის ოქროს ფონდში.
ქართველმა აკადემიკოსმა ბოლომდე მოუსმინა თავის რუს კოლეგას და, მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად უკიდურესად აღელვებული იყო, თავი მოთოკა და მშვიდად მიუგო:
– რა თქმა უნდა, ცენტრს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქართული კულტურის დაფასება-განვითარების საქმეში და მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ, ვფიქრობ, ამჯერად არ ღირს მოსკოვის შეწუხება. ქართველი მეფის განძს ჩვენ, ქართველი მეცნიერებიც გამოვიკვლევთ და, თუ მაინცდამაინც ცენტრის წარმომადგენლის დასწრებაა საჭირო, თქვენ ხომ აქ ხართ. ამიტომ, შეგიძლიათ, სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოთ ჩვენს კვლევით სამუშაოებში და თქვენი კომპეტენციურობით დიდი დახმარება გაგვიწიოთ.
მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირ კრასინი საბჭოთა არქეოლოგიის კორიფე იყო და მის სიტყვას ამ სფეროში ლამის კანონის ძალა ჰქონდა, ივანე ბერიძეს სიტყვა ვერ შეუბრუნა, მაგრამ დანებებას არ აპირებდა და სხვაგვარად, ინტრიგული ხრიკებით ჩაიფიქრა ამ საქმის გადაწყვეტა და უნიკალური, ახალაღმოჩენილი ქართული საგანძურის მოსკოვში გატანა.
კრასინმა, რომლის თავშიც უკვე მომწიფებული იყო მოქმედების გეგმა, ბერიძეს ნაძალადევად გაუღიმა და უთხრა:
– ივან დავიდოვიჩ, ნება მიბოძეთ, დღეს დავისვენო და გათხრებისგან თავისუფალი სპედიციაში თან დაატარებდა, რომელიც დიდი სამხედრო მანქანით მიჰქონდათ და მოჰქონდათ. მას მინიმუმ ოცდაათი კაცი სჭირდებოდა. რთული იყო სეიფის გაღებაც, რომელზეც ცხრანიშნა კოდის ცოდნა და სამი გასაღების მორგება იყო საჭირო. კოდიც და გასაღებებიც ივანე ბერიძის ხელში იყო და, სეიფი ბედის ანაბარაც რომ მიეტოვებინათ, მაინც ვერავინ ვერაფერს დააკლებდა. თუმცა, ქართველმა აკადემიკოსმა მაინც დაიზღვია თავი და განძეულის მცველებად ორი მეხუთეკურსელი პრაქტიკანტი დატოვა, რომლებისთვისაც ივანე ბერიძის სიტყვა კანონი იყო და მართლაც მზად იყვნენ, რომ განძის გადასარჩენად თავები გაეწირათ.
არქეოლოგები რომ გამოქვაბულის გამოსაკვლევად წავიდნენ, კრასინი კარავში შებრუნდა, საძილე ტომარაზე წამოწვა და ნახევარი საათი ფიქრობდა. შემდეგ წამოდგა, ჩუმად გავიდა გარეთ და რაიონული ცენტრისკენ გაემართა, რომელიც თხუთმეტი კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. რუსი აკადემიკოსი ორი საათის შემდეგ დაბრუნდა, ეტყობოდა, რომ კარგ ხასიათზე იყო. ის კარავში შევიდა, საძილე ტომარაზე დაწვა და დაიძინა.
კრასინს ფეხდაფეხ მოჰყვა 18 წლის ფერიდე, რომელიც რაიონულ ცენტრში ტელეფონისტად მუშაობდა და კარგად იცნობდა ივანე ბერიძეს, რადგან ქართველი აკადემიკოსი მამამისთან მეგობრობდა. მათ ოჯახში ხშირად სტუმრობდა და ბერიძისგან არაერთი პატრიოტული სიტყვა და სადღეგრძელო სმენია. ბერიძის ზეგავლენით, ფერიდეს არქეოლოგობა ჰქონდა გადაწყვეტილი. ის თან ტელეფონისტად მუშაობდა, თან კი ინტენსიურად ემზადებოდა უმაღლესში მისაღები გამოცდებისთვის. გოგონამ სეიფის მცველებისგან შეიტყო აკადემიკოსის ადგილმდებარეობა, კლდეებისკენ გაქანდა, ივანე ბერიძე განზე გაიხმო და აღელვებულმა უთხრა:
– ძია ივანე! ერთი საათის წინ ფოსტაში ვიღაც რუსი კაცი იყო, მოსკოვს ელაპარაკა და უთხრა, ქართველებმა უნიკალური განძი აღმოაჩინეს, რომელსაც უდიდესი სამეცნიერო-ისტორიული მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ისინი უარს აცხადებენ მის მოსკოვში გამოგზავნაზეო, დაჟინებით ითხოვდა, ჩაერიეთო. ის ხშირად ახსენებდა თქვენს სახელს და ამბობდა, აკადემიკოსი ბერიძე განძის მოსკოვში გამოგზავნის კატეგორიული წინააღმდეგიაო. რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ, გულმა მიკარნახა, წადი და ყველაფერი ძია ივანეს მოუყევიო და სასწრაფოდ თქვენთან გამოვქანდი.
აკადემიკოსს სახე აელეწა და ფერიდეს ჰკითხა:
– მოსკოვიდან რა უპასუხეს იმ რუსს?
– რა და, უთხრეს, რომ დაუყოვნებლივ მიიღებენ ზომებს და, რომ ხვალ დილით აქ ხალხი ჩამოვა, რომლებიც აღმოჩენილ განძს წაიღებენო.
– წაიღებენო? – აღმოხდა ბერიძეს.
– დიახ, ძია ივანე, წაიღებენო. იმ რუსს მოსკოვიდან სიტყვასიტყვით უთხრეს: ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, ფხიზლად იყავი, რომ ბერიძემ აღმოჩენა არ გადამალოს, მთელი ღამე უთვალთვალე მას და დილით კი ჩვენი გამოგზავნილი ხალხი ჩამოვა, ყველაფერს მოაგვარებენო.
ნირწამხდარმა ბერიძემ გოგონას თმაზე გადაუსვა ხელი და უთხრა:
– შენ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომაწოდე. ახლა წადი და მუშაობა განაგრძე, გახსოვდეს, რომ სიტყვა არავისთან დაგცდეს.
– რა ხდება, ძია ივანე, ცუდადაა საქმე? – იკითხა აღელვებულმა ფერიდემ.
– შენ რომ არ გაგეფრთხილებინე, ცუდად მაშინ იქნებოდა, ახლა კი არც ისე ცუდადაა და გამოსავალს მოვძებნით. გმადლობთ, შვილო, ახლა კი წადი და, როგორც გითხარი, სიტყვა არავისთან დაგცდეს. აკადემიკოსმა ფერიდეს შუბლზე აკოცა და გაისტუმრა, შემდეგ ნატო მიიხმო და უთხრა:
– ცუდადაა საქმე. კრასინმა მოსკოვში გვიჩივლა – ქართველები განძის გამოგზავნაზე უარს აცხადებენო. ამიტომ, ხვალ დილით ცენტრიდან გამოგზავნილი ხალხი ჩამოვა და საგანძურს სამუდამოდ წაიღებენ.
– რას ჰქვია, წაიღებენ, ბატონო ივანე? – აღშფოთდა ნატო, – ქვეყანა ჩალით ხომ არაა დახურული? მოსკოვს ჩვენს საგანძურთან რა ხელი აქვს და რა უფლებით უნდა წაგვართვას უნიკალური ნივთები, მით უმეტეს, რომ მასში წმიდა გიორგის ბედაურის საკრალური ნალია?!
– სწორედ ამ ნალს დაადგა კრასინმა თვალი. მან ჩვენზე არანაკლებად იცის მისი ისტორია, მნიშვნელობა და ძალა და მისი რუსეთში გატანა ამიტომ უნდა. მოსკოვი კი არავის არაფერს ეკითხება და, თუ ჩვენს საგანძურს არ ვუშველეთ, სამუდამოდ დავკარგავთ.
– განძი საიმედოდ უნდა გადავმალოთ, – მტკიცედ თქვა დოინჯშემოყრილმა ნატომ და მის ულამაზეს სახეზე ივანე ბერიძემ უკიდურესი მრისხანება ამოიკითხა.
– კი მაგრამ, ეს რომ სისხლის სამართლის დანაშაულია და კანონით უმკაცრესად ისჯება?
– ამ განძის მოსკოვში გაშვება კი ღვთისა და ერის წინაშეა დანაშაული, – ჩვეული სიმტკიცით თქვა გოგონამ, – ნუთუ თქვენ ამას დაუშვებთ, ბატონო ივანე?
– რა თქმა უნდა, არა და, იმიტომ გამოგიხმე, რომ სასწრაფოდ რამე მოვიფიქროთ.
– რა ბევრი მოფიქრება უნდა, ბატონო ივანე, სეიფი ახლავე გავხსნათ, განძი გამოვიღოთ და საიმედო ადგილზე გადავმალოთ, ცენტრიდან გამოგზავნილ ხალხს კი ვუთხრათ, რომ არაფერი ვიცით. რომ დაგვაპატიმრებენ, ბოლომდე ჩვენსაზე ვიდგეთ, არ გავტყდეთ და, თუ საჭირო იქნა, თავებიც გავწიროთ! – მტკიცედ, თქვა ნატომ და გოგონას შემხედვარე აკადემიკოსმა გაიფიქრა: ალბათ, ასეთი სახე ჰქონდა წამებულ ქეთევან დედოფალს, როდესაც ის ქრისტეს სჯულის დაგმობაზე უარს ამბობდაო, ნატოს კი უთხრა:
– მთლად ასე არ ივარგებს, შვილო, განძს ბოლომდე ვერ დავმალავთ. ის დროებით უნდა შევინახოთ, პარალელურად კი მე რესპუბლიკის პარტიულ ხელმძღვანელებს შევხვდები, ყველაფერს ავუხსნი და მათი მეშვეობით ვიხსნით განძს. ახლა კი სეიფისკენ გავწიოთ, ზანდუკი გამოვიღოთ და გადავმალოთ.
აკადემიკოსსა და ნატოს სეიფთან ვლადიმირ კრასინი დახვდათ, რომელიც მოსკოვის მითითებას ასრულებდა და სეიფს სდარაჯობდა, რომ ქართველებს იქიდან განძი არ გამოეღოთ და არ გადაემალათ. ამიტომ ბერიძე და გოგონა უკან გაბრუნდნენ, თავიანთი განზრახვის განხორციელება საღამოსთვის გადადეს და გამოქვაბულის გამოკვლევა განაგრძეს. რომ შებინდდა, აკადემიკოსმა ბერიძემ ექსპედიციის მონაწილე გოგონებს სუფრა გააშლევინა, რამდენიმე ბოთლი ჭაჭის არაყიც ამოიღო მარაგიდან და კრასინს უხმო, რადგან იცოდა, რომ რუსი აკადემიკოსი არყის ცდუნებას ვერ გაუძლებდა და გამოიბრუჟებოდა, რის შემდეგაც განძს სეიფიდან გამოიღებდნენ და გადამალავდნენ.
– ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, ამ ჭიქით რუსი და ქართველი ხალხის სამარადჟამო მეგობრობას გაუმარჯოს! – უთხრა ბერიძემ კრასინს და ორასგრამიანი, არყით სავსე ჭიქა მიუჭახუნა და გამოსცალა. იგივე გაიმეორა რუსმა აკადემიკოსმა და სასმელმა რომ მის სტომაქში ჩააღწია, ნეტარებით თქვა:
– ჭაჭა, ჭაჭა, ღვთიური სასმელია! ჩამოასხი, ივან დავიდოვიჩ!
ივან დავიდოვიჩი გულუხვად უმასპინძლდებოდა თავის რუს კოლეგას „ღვთიური სასმლით“ და, ცხვირპირაწითლებულმა კრასინმა რომ მესამე ჭიქა გამოცალა და ენის ბორძიკით მეოთხე მოითხოვა, უცებ თვალებში დაუბნელდა, კისერი მოსწყდა, პირდაპირ ლობიოთი სავსე თეფშში ჩარგო თავი და იქვე ჩაეძინა.
– ამას დილამდე ვერ გააღვიძებ, წამოდი, ნატო, საქმეს მივხედოთ! – უთხრა ბერიძემ გოგონას, სეიფის გასაღებები ამოაცურა და კარვიდან გავიდა.
აკადემიკოსმა სეიფი გააღო და ზანდუკი გამოიღო, შემდეგ შიგთავსი შეამოწმა და, რომ დარწმუნდა, ყველაფერი ადგილზე იყო, დახურა, ჯვალოს ტომარაში ჩადო, თავი მაგრად მოუკრა, ნატოს მიაწოდა და უთხრა:
– ხომ გახსოვს, როგორც აგიხსენი. იცოდე, გზა არ აგებნას. ამ ტომარას ფერიდეს მამას, ბექას გადასცემ და ეტყვი, რომ თვალის ჩინივით გაუფრთხილდეს. დაიმახსოვრე, ხომ, შვილო?
– დარდი ნუ გაქვთ, ბატონო ივანე, ყველაფერს „ხუთიანზე“ შევასრულებ, – მიუგო ნატომ ბერიძეს, ზანდუკიანი ტომარა გამოართვა და წასასვლელად მოემზადა.
– მოიცა, შვილო, – შეაჩერა ბერიძემ ნატო, – მაპატიე, რომ ამ ღამეში მარტო გიშვებ, მაგრამ, ისეთი საქმეა, გახმაურება არ შეიძლება. მე რომ წამოგყვე, დროს დავკარგავთ, რადგან მოხუცი ვარ და სწრაფი სიარული არ შემიძლია. ახლა კი წადი, ღმერთი გფარავდეს!
ნატო ჭავჭავაძე შეუფასებელი განძით ხელში მარტო გაემართა ფერიდეს სახლისკენ, რომ მამამისისთვის ძვირფასი განძი ჩაებარებინა შესანახავად. აკადემიკოსი ბერიძე ვარაუდობდა, რომ გოგონა გამთენიისას დაბრუნდებოდა, რადგან ფერიდეს სახლამდე ათი კილომეტრი იყო და 21 წლის, ენერგიულ ქალიშვილს 20 კილომეტრის გავლა 6 საათის განმავლობაში არ უნდა გასჭირვებოდა. ამიტომ, მხცოვანი ქართველი აკადემიკოსი კარავში შევიდა, საძილე ტომარაზე წამოწვა, მაგრამ თვალი არ მოუხუჭავს და ნატოს დაბრუნებას მოუთმენლად ელოდა, მაგრამ მთელი დღის ნამუშევარმა, ნანერვიულებმა და ალკოჰოლმიღებულმა მოხუცმა აკადემიკოსმა ბოლომდე ვერ გაუძლო, თვალები მილულა და დაეძინა. ბერიძეს დაესიზმრა, როგორ გადასცა წმიდა გიორგიმ დავით აღმაშენებელს ოქროს ნალი და როგორ დაიკრა ეს ნალი ზურგზე მეფეთ მეფემ. შემდეგ აკადემიკოსს სხვა ნალაკრული ქართველი მეფეებიც დაესიზმრა და ბოლოს ლაშა-გიორგი იხილა. ის დედიშობილა იდგა ასევე დედიშობილა ლამაზმანებს შორის და გადაფსკვნილ ჯაჭვს ხსნიდა, რომ ნალი ზურგიდან მოეხსნა. ივანე ბერიძეც იქვე, ოთახის კუთხეში იდგა და რომ დაინახა, რას აპირებდა ლაშა-გიორგი, განწირული ხმით დაუყვირა: „არ მოიხსნა, არ მოიხსნა, თორემ ქვეყანა დაიშლება და გაპარტახდება!“ მაგრამ ლაშა-გიორგის ყურადღება არ მიუქცევია მისთვის და ჯაჭვი გახსნა, ხელი აჰკრა და ნალი ზურგიდან მოიშორა, რომელიც ჯაჭვთან ერთად იატაკზე დაეცა და მიწა შეაზანზარა... ამ დროს ივანე ბერიძეს გამოეღვიძა, რადგან მანქანის მკვეთრი დამუხრუჭების ხმა და რუსული ლაპარაკი შემოესმა.
არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი წამოდგა, ტანსაცმელი გაისწორა, თმასა და ულვაშზე გადაისვა ხელი და კარვიდან გავიდა. გარეთ კი უკვე განთიადი იყო, მზე ამოდიოდა და იქაურობის კლდოვან რელიეფს ანათებდა. იქვე ტენტიანი „ვილისი“ იდგა, რომელშიც ორი ადამიანი იჯდა, ორი კი მანქანიდან უკვე გადმოსულიყო და ერთმანეთში საუბრობდნენ. ოთხივე მამაკაცი სამოქალაქო სამოსში იყო გამოწყობილი, თუმცა სამხედროებისთვის დამახასიათებელი მანერები ჰქონდათ და გამართულად დადიოდნენ. მათ რომ კარვიდან გამოსული ბერიძე დაინახეს, საუბარი შეწყვიტეს და აკადემიკოსს მიაჩერდნენ, შემდეგ ერთ-ერთი მათგანი ივანე ბერიძეს მიუახლოვდა და ჰკითხა:
– სად შეიძლება აკადემიკოს ვლადიმირ კრასინის ნახვა?
ივანე ბერიძე მიხვდა, ვისთან ჰქონდა საქმე და მიუგო:
– გამარჯობა, ახალგაზრდავ, ნება მიბოძეთ გკითხოთ, რაში დაგჭირდათ ამ დილაუთენია აკადემიკოსი კრასინი?
– დილა მშვიდობისა, – თქვა სამოქალაქოფორმიანმა რუსმა, – ჩვენ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქიდან ვართ და თბილისიდან ჩამოვედით, რომ საგანგებო დანიშნულების ტვირთი წავიღოთ აქედან.
– კრასინი მთვრალია და სძინავს, – უთხრა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის წარმომადგენელ რუსს ივანე ბერიძემ, – მე ვერაფრით დაგეხმარებით?
– ბოდიშს გიხდით, მაგრამ, ნება მიბოძეთ გკითხოთ, ვინ ბრძანდებით? – ჰკითხა რუსმა ბერიძეს.
– არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ივანე დავითის ძე ბერიძე, – საკუთარი ღირსების შეგრძნებით წარუდგინა რუსს თავი ბერიძემ და ჰკითხა: – ვისთან მაქვს საუბრის პატივი?
ბერიძის სიტყვებმა რუსი, ცოტა არ იყოს, დათრგუნა, რადგან ცხოვრებაში პირველად ელაპარაკებოდა ნამდვილ აკადემიკოსს, ამიტომ, შეიშმუშნა და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ, „ვილისში“, მძღოლის გვერდით მოკალათებული მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა და ისე, რომ ბერიძის პირისპირ მდგარ კაცს სიტყვის თქმაც არ აცალა, აკადემიკოსს უთხრა:
– ჩვენ მოსკოვიდან დაგვავალეს აქ ჩამოსვლა, რომ, როგორც უკვე გითხარით, საგანგებო ტვირთი წავიღოთ. ამიტომ, აკადემიკოსი კრასინი უნდა ვნახოთ და მას დაველაპარაკოთ, – პირდაპირ პასუხს თავი აარიდა „ვილისიდან“ გადმოსულმა რუსმა, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ რუსების ოთხეულში უფროსი იყო.
– მეც, როგორც უკვე გითხარით, გიმეორებთ, რომ კრასინი მთვრალია, სძინავს და მეეჭვება, მისი გაღვიძება შეძლოთ. რომც მოახერხოთ კიდეც, არა მგონია, რამე გააგებინოთ. გარდა ამისა, ექსპედიციის ხელმძღვანელი მე გახლავართ და, რამდენადაც ვიცი, აქ არანაირი საგანგებო ტვირთი არ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე აუცილებლად მეცოდინებოდა მისი არსებობის შესახებ, – ნათლად, თანმიმდევრულად და, დახვეწილი რუსულით უთხრა ბერიძემ მანქანიდან გადმოსულს.
რუსი კი თავისას არ იშლიდა:
– ამხანაგო აკადემიკოსო, იქნებ ვლადიმირ კრასინის ადგილსამყოფელი გვიჩვენოთ?
– კარავში რომ შეხვალთ, ხელმარცხნივ, კარიდან მესამეა, სტაფილოსფერ საძილე ტომარაში სძინავს. მაგრამ, გეთაყვა, ნუ იხმაურებთ, რადგან ხალხს სძინავს, გუშინ ძალიან ბევრი იშრომეს, დღესაც არანაკლები გარჯა ელოდებათ და საშუალება მიეცით, რომ გამოიძინონ და ძალები აღიდგინონ, – უთხრა რუსს ბერიძემ და განზე გაიწია, რომ ის კარავში შესულიყო, თან საათს დახედა და გაიფიქრა: „სადაა ნატო, ნეტავ, ხომ მშვიდობაა? გოგონა კარგა ხნის დაბრუნებული უნდა იყოს და რამე ხომ არ შეემთხვა?“
რუსი კარავში შევიდა და ბერიძეს აკადემიკოს კრასინის ხრინწიანი, ნამთვრალევი ხმა შემოესმა, რომელიც თავის თანამემამულეს ძალიან უწმაწურად აგინებდა და უკმაყოფილებას გამოთქვამდა გაღვიძების გამო:
– აქედან გაეთრე, შე ბოზო! შენი დედაც... როგორ ბედავ ჩემს გაღვიძებას?! – ბობოქრობდა კრასინი.
რუსების ოთხეულის უფროსმა კრასინის ლანძღვა-გინება ითმინა, ითმინა და, რომ ვერაფერი გააგებინა, საძილე ტომარას ხელი ჩაავლო, კარვიდან გაათრია, წყლით სავსე უზარმაზარ კასრში ვედრო ჩაჰყო, წყლით აავსო, აყვირებულ რუს აკადემიკოსს სახეზე დაასხა, შემდეგ მეორე ვედროც მიაყოლა და კბილებში გამოსცრა:
– იკმარებ თუ, კიდევ გინდა, შე ლოთო!
გაგრძელება შემდეგ ნომერში