ხელოვნური ვარდი
თარგმნა ნინო წულუკიძემ
მისტერ ისტვუდის მოხეტიალე მზერა ჭერზე შეჩერდა, იქიდან იატაკზე გადმოინაცვლა, ბოლოს მინანქრისა და ვერცხლის ჭურჭლის კოლექციასაც მისწვდა. მხოლოდ ნებისყოფის დაძაბვით აიძულა, რომ მზერა მის წინ მდგარ საბეჭდ მანქანას დაბრუნებოდა. ფურცლის უბიწო სისუფთავე დიდი ასოებით დაბეჭდილ სათაურს დაერღვია: „მეორე კიტრის საიდუმლო“. მშვენიერია, ვისაც გინდა, იმას დააინტრიგებს. ასეთ მოთხრობას ყველა წაიკითხავს. ენტონი ისტვუდმა იცოდა, როგორი უნდა ყოფილიყო ახალი მოთხრობა, მაგრამ წერას ვერაფრით იწყებდა. ყველა მოთხრობაში მთავარი სათაური და სიუჟეტია. სათაური მოფიქრებული ჰქონდა, მაგრამ სიუჯეტს არ დაადგა საშველი.
მოულოდნელად, ტელეფონმა დარეკა. ყურმილი უხალისოდ აიღო. ყურმილში ქალის ხმა გაისმა. ეტყობოდა უცხოელი იყო:
– ეს, შენ ხარ, ძვირფასო?
– ე-ე-ე... – დაბნეულმა გაწელა მისტერ ისტვუდმა, – ვინ ლაპარაკობს?
– მე ვარ კარმენი. მემუქრებიან... ისე მეშინია... გთხოვ, რაც შეიძლება, სწრაფად მოდი, ყოველ წუთს შეიძლება, მომკლან.
– მაპატიეთ, – ზრდილობიანად თქვა მისტერ ისტვუდმა, – ვშიშობ, სხვა ნომერი აკრიფეთ...
მაგრამ ქალმა დასრულება არ აცადა:
– ისინი უკვე ახლოს არიან. მომკლავენ, თუ გაიგებენ, რომ დაგირეკე. ნუთუ ეს გინდა? იჩქარე. თუ არ მოხვალ, მეტად ვეღარ მნახავ. იმედი მაქვს, გახსოვს: კერკ-სტრიტი, 320, პაროლია „კიტრი“...
ქალმა ყურმილი დაკიდა. მისტერ ისტვუდი გაოგნებული იდგა. „ნუთუ მან მართლა თქვა კიტრი? იქნებ ჩემი ქვეცნობიერის ოინებია? ქალი ვიღაცას ელოდება. ემუქრებიან. ნეტა, რა ხდება?“ – შემდეგ საბეჭდ მანქანას გახედა, – ავტორმა სიუჟეტები ცხოვრებიდან უნდა აიღოს. ჰოდა, ახლა მეც წავალ და მოვიპოვებ სიუჟეტს.“
ლონდონელების უმეტესობამ იცის, რომ კერკ-სტრიტი უგრძესი ქუჩაა, სადაც ანტიკვარებით ვაჭრობენ. 320-ე სახლში მინის ძველი ნაკეთობები იყიდებოდა. ოთახის ბოლოში ერთი ბებრუხანა იჯდა. ენტონიმ დიდხანს ვერ გაბედა წარმოეთქვა პაროლი. ის კი არა, ლიქიორის სერვიზიც კი შეიძინა. ბოლოს გაბედა და თქვა: „კიტრი“. ქალი გაბრაზდა, თუ ამისთვის იყავი მოსული, ამდენი რას მალაპარაკეო და დაუყოვნებლივ მეორე სართულზე აუშვა.
იქ ერთი მოცუცქნული ოთახი იყო. ოთახში სკამზე გოგონა იჯდა. თან რა გოგო! მას ისეთივე ხავერდოვანი კანი ჰქონდა, როგორსაც ენტონი თავის ნაწერებში აღწერდა ხოლმე და თვალები?! მათში ჩაძირვა შეიძლებოდა! ეტყობოდა, ინგლისელი არ იყო.
გოგონა მის დანახვაზე აღფრთოვანებული წამოხტა და კისერზე ჩამოეკიდა.
– მოხვედი! – წამოიძახა მან, – მაინც მოხვედი!
ასეთ საქმეში ენტონი უკან არასდროს იხევდა და გოგონას მხურვალედ მოეხვია. კოცნის შემდეგ, გოგონამ უკან დაიხია და თვალებში ჩახედა.
– ვერაფრით გიცნობდი, – თქვა მან, – თვალებიც კი სულ სხვანაირი გაქვს და საერთოდ გაცილებით ლამაზი ხარ, ვიდრე მეგონა. შეიძლება კიდევ გაკოცო?
– რა თქმა უნდა, შეიძლება, – გრძნობით წარმოთქვა ენტონიმ, – რამდენიც გინდა.
მაგრამ გოგონამ მოულოდნელად უკან დაიხია და თვალებში შიში ჩაუდგა.
– ხომ არავინ აგედევნა?
– არა.
– იცი, როგორი ეშმაკები არიან. ბორისი ნამდვილი მხეცია.
– მაგათ ყველას გავუსწორდები.
– ლომი ხარ, ნამდვილი ლომი. მომისმინე, ის მე მაქვს. მომკლავდნენ, რამე რომ ეყნოსათ... ჩუმად, ეს რა არის?
დაბლიდან რაღაც ხმები ისმოდა. გოგონა კიბეზე გავიდა და მაშინვე გაფითრებული დაბრუნდა.
– პოლიციაა. ისინი აქ ამოდიან. დანა გაქვს? რევოლვერი?
– ძვირფასო, ნუთუ ფიქრობ, რომ პოლიციელს მოვკლავ?
– გიჟი ხარ, გიჟი! დაგიჭერენ და ჩამოგახრჩობენ... მოდიან... ყველაფერი უარყავი. მხოლოდ ეს გიშველის.
ენტონიმ ზურგზე სიცივე იგრძნო. ოთახში ორნი შემოვიდნენ. დაბალმა და შავთმიანმა ხმა ამოიღო:
– კონრად ფლეკმან, თქვენ დაპატიმრებული ხართ ანა როზენბერგის მკვლელობის ბრალდებით. რასაც იტყვით, ყველაფერი შეიძლება თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ. აი, დაპატიმრების ორდერი და უკეთესი იქნება, თუ წინააღმდეგობას არ გაგვიწევთ.
გოგონას ბაგეებს ყრუ ოხვრა მოსწყდა. ენტონიმ მშვიდი ღიმილით გადმოდგა ნაბიჯი.
– თქვენ ცდებით, სერჟანტო, – ზრდილობიანად თქვა მან, – მე ენტონი ისტვუდი ვარ.
ამ განცხადებამ მოსულებზე ვერანაირი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.
– იქ გავარკვევთ, – თქვა მეორემ, – უნდა გამოგვყვეთ.
– კონრად! – იყვირა გოგომ, – კონრად, არ დათანხმდე!
ენტონიმ დეტექტივებს შეხედა:
– იმედი მაქვს, უფლებას მომცემთ, ამ ახალგაზრდა ლედის დავემშვიდობო.
მათთვის მოულოდნელი დელიკატურობით ორივე მამაკაცმა კარისკენ დაიხია. ენტონიმ გოგონა კუთხესთან მიიყვანა და სწრაფად მიაყარა:
– მომისმინე, მე მართლა არ ვარ კონრად ფლეკმანი. შენ სხვა ნომერზე დარეკე. მე ენტონი ისტვუდი მქვია. მაგრამ, შენ დამიძახე და არ შემეძლო არ მოვსულიყავი... მე ახლა ამათ გავიტყუებ და მოასწრებ კონრადის გაფრთხილებას... ჩემი ტელეფონია: 17-43.
ქალმა მას ცრემლიანი თვალებით გაუღიმა. კაცი მოეხვია და მათი ტუჩები ისევ შეერთდა.
– არ დავივიწყებ, მართლა არ დავივიწყებ... მართლა მომეწონეთ. გახსოვდეთ ეს, რაც უნდა მოხდეს. დამპირდით.
ენტონი ქალს მოცილდა და პოლიციელებს გაჰყვა. მანქანაში რომ ჩასხდნენ, ენტონიმ მათ კიდევ ერთხელ აუხსნა, რომ იგი სხვა იყო, თან მწერალი. ამის დასამტკიცებლად პოლიციელებს მასთან სახლში მისვლა შესთავაზა. მოულოდნელად პოლიციელები დათანხმდნენ.
– კი ბატონო, – წარმოთქვა მაღალმა, რომელიც უფრო კეთილი ჩანდა, – ბოლოს და ბოლოს, სამმართველოში არ შეგვაქებენ, თუ სხვა ადამიანს დავიჭერთ.
ისინი სახლში ავიდნენ. ენტონიმ მათ ანგარიშები და წერილები აჩვენა.
– მშვენიერია, – თქვა მაღალმა, – მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ხომ შეიძლება ერთი პიროვნება ორი სახელით სარგებლობდეს. ამიტომ ბინა უნდა გავჩხრიკოთ და თქვენი თითის ანაბეჭდები ავიღოთ. მოდი, ჩვენ მეორე ოთახში გავიდეთ, ვიდრე კარტერი აქ საქმეს მიხედავს.
კარტერი საქმეს მაშინვე შეუდგა. მასპინძელმა სტუმარს ვისკი შესთავაზა. შემდეგ გაუბედავად ჰკითხა:
– ალბათ, ხვდებით, ცნობისმოყვარეობა მკლავს. ვინ არის ანა როზენბერგი და რატომ მოვკალი?
– ო, ეს ძალიან ჩახლართული ისტორიაა, – უპასუხა ინსპექტორმა, – ანა როზენბერგი წარმოშობით გერმანელი ებრაელი, ჰემპსდედში ცხოვრობდა. არანაირი შემოსავალი არ ჰქონდა, მაგრამ წლიდან წლამდე მდიდრდებოდა. მანამდე მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობდა. დაახლოებით, ათი წლის წინ, ლონდონში რამდენიმე ესპანელი პოლიტიკური დევნილი გადმოსახლდა. მათ შორის იყო, ვინმე დონ ფერნანდო ფერნანდესი, ახალგაზრდა ცოლით და ბავშვით. ისინი ძალიან ღარიბულად ცხოვრობდნენ. ერთ დღეს ანა როზენბერგი მათთან მივიდა და დაინტერესდა, რამე ხომ არ ჰქონდათ გასაყიდი. დონ ფერნანდო სახლში არ იყო და ცოლმა გადაწყვიტა ბრწყინვალედ მოქარგულ ესპანურ შალს შელეოდა. დონ ფერნანდომ შალის გაყიდვის ამბავი რომ გაიგო, გაცოფდა და მისი დაბრუნება სცადა. ბოლოს, როგორც იქნა, ანა როზენბერგი მოძებნა, მაგრამ მან განაცხადა, რომ შალი ვიღაცას მიჰყიდა, ვისი სახელიც არ იცოდა. დონ ფერნანდო სასოწარკვეთილი იყო. ორ თვეში მას თავს დაესხნენ და მოკლეს. და აი, იმ დროიდან მოყოლებული ანა როზენბერგს საეჭვოდ ბევრი ფული გაუჩნდა. ათი წლის განმავლობაში, მისი სახლის გაძარცვა ათჯერ სცადეს. ერთ-ერთი მცდელობის დროს მოქარგული შალიც წაიღეს. ცოტა ხნის წინ, კარმენ ფერნანდესი, დონ ფერნანდესის ქალიშვილი საფრანგეთიდან ინგლისში დაბრუნდა და მაშინვე ანა როზენბერგის ძებნა დაიწყო. ამბობენ, მან მოხუცს საშინელი სკანდალი მოუწყო და მსახურმა გაიგონა მისი სიტყვები: „თქვენ მას მალავთ. ამ წლების განმავლობაში თქვენ მისი საშუალებით მდიდრდებოდით, მაგრამ, ვფიცავ, ის თქვენ უბედურებას მოგიტანთ და დადგება დღე, როდესაც მწარედ ინანებთ, რომ საერთოდ ნახეთ“. სამი დღის შემდეგ, კარმენ ფერნანდესი მოულოდნელად იმ სასტუმროდან გაქრა, სადაც ცხოვრობდა. მის ოთახში კონრად ფლეკმანის სახელი და მისამართი იპოვეს. ასევე, ანტიკვარისგან გამოგზავნილი წერილი, სადაც გამომგზავნი კარმენს შალის დათმობას სთხოვდა. წერილში მითითებული მისამართი ყალბი აღმოჩნდა. ნათელია, რომ ეს ყველაფერი შალის გამო ხდებოდა. გუშინ დილით, კონრად ფლეკმანი ანა როზენბერგთან მიიწვიეს. ისინი ერთი საათით განმარტოვდნენ. მისი წასვლის შემდეგ ქალი ლოგინში ჩაწვა, თუმცა, მსახურებს უბრძანა, კონრად ფლეკმანი მოსვლისთანავე, დაუბრკოლებლად შემოეშვათ. საღამოს ცხრა საათისთვის მოხუცი სახლიდან გამოვიდა და აღარ დაბრუნდა. დღეს დილით, გულში დანით, კონრად ფლეკმანი სახლში იპოვეს. იატაკზე, მის გვერდით... აბა, თუ გამოიცნობთ რა იყო?
– შალი? – ჩაიჩურჩულა ენტონიმ.
– არა, რაღაც უფრო მეტად მიმზიდველი. რამაც ყველა საიდუმლოს ფარდა უცებ ახადა. უცებ გახდა გასაგები, რაში იყო მისი ფასი. მაპატიეთ, მგონი მოვიდნენ...
მართლაც, კარზე ზარი გაისმა. ენტონის ცნობისმოყვარეობისგან სული ელეოდა, მაგრამ ინსპექტორს მაინც მორჩილად ელოდა. საკუთარი თავი უკვე აღარ ადარდებდა. ახლა ანაბეჭდებს აუღებენ და ყველაფერი გაირკვევა. მერე, ალბათ, კარმენიც დაურეკავს... ენტონი ოცნებამ გაიტაცა
ინსპექტორი დიდხანს, რომ არ გამოჩნდა, ადგა და მისაღებში გავიდა. სახლში საოცარი სიწყნარე იყო. ნუთუ წავიდნენ? ოთახი დაცარიელებული და გაშიშვლებული მოეჩვენა. ღმერთო დიდებულო! მისი მინანქარი, ვერცხლეული!
ყველა ოთახი შემოირბინა. ყველგან რაღაც აკლდა. სახლი გაასუფთავეს. ყველა ძვირფასი ნივთი წაიღეს. არადა, ენტონის კარგი გემოვნება და კოლექციონერის ალღო ჰქონდა. ყველაფერი წაიღეს...
ცოტა ხანში კარზე დააკაკუნეს. ზღურბლზე პატარა ბიჭი იდგა, ხელში ყუთი ეჭირა.
– თქვენს სახელზე გზავნილია, სერ.
ენტონიმ ყუთი გამოართვა. ოთახში შებრუნდა და გახსნა. ლიქიორის სერვიზი! ერთი ჭიქის ფსკერზე ხელოვნური ვარდი ეგდო. ფიქრებში იმ ოთახში დაბრუნდა. „თქვენ მე მართლა მომწონხართ. გახსოვდეთ ეს, რაც არ უნდა მოხდეს“.