ღამის საჩუქარი
გაგრძელება. დასაწყისი იხ. „თბილისელები“ ¹26–43(513)
სიყვარული ძალიან ფართო ცნებააო, გეტყვიან ღრმად მოაზროვნენი. მაგრამ მე ყოველთვის მეგონა, რომ ამაზე კონკრეტული დედამიწაზე არაფერი არსებობს. უბრალოდ, ზოგიერთს საერთოდ არ აქვს სიყვარულის ნიჭი. არ გჯერათ, რომ სიყვარულს ნიჭი სჭირდება? როგორ გეკადრებათ... დიახ, ნამდვილად არ გეკადრებათ ნიჭის ასე აუგად მოხსენიება. ყველაზე დიდი ნიჭი სწორედ სიყვარულს სჭირდება და, თუ არ გჯერათ, გადახედეთ ნიჭიერების, გნებავთ, ძალიან ნიჭიერების ცხოვრებას. მაგრამ, მგონი, ჯობს აღარ გავაგრძელო, თორემ, ვიღაცას ისე გავაღიზიანებ, ჩემს მოსმენას საერთოდ აღარ ისურვებს. მე კი, კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი...
***
ანდრო სულაც არ აუღელვებია სოფოს ბრაზით სავსე გამოხედვასა და სიტყვებს. უდარდელად გაიცინა და თავი მოწონებითაც კი დაუქნია:
– მრისხანება გიხდება, მაგრამ ჩემთან ნამდვილად არაფერში გჭირდება, დამიჯერე...
სოფომ პასუხი არ გასცა, თუმცა, მისი გამოხედვა უკვე იყო პასუხი. კი არ სთხოვდა, მოითხოვდა, კაცს იქაურობა რაც შეიძლებდა მალე დაეტოვებინა. მაგრამ ანდროსთვის ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. თავს ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში და არც ღიმილი მოშორებია სახიდან. ქალი აენთო. ტუჩი მბრძანებლურად წამოსწია წინ და ხმას უფრო აუწია:
– არ გესმის, რა ვთქვი? მისამართი შეგეშალა-მეთქი! მე კახპა არ ვარ, რაღას ზიხარ? წადი და შესაფერისი კანდიდატურა მოძებნე!
– ჯერ შენთან ლაპარაკი არ დამიმთავრებია და გელოდები, როდის დამშვიდდები.
– სანამ აქ ხარ, მაგის იმედი ნუ გექნება, შენი ირონიული ღიმილის დანახვაც საკმარისია, რომ ავფეთქდე! ძალიან მაინტერესებს, რატომ იცინი.
– ვერ ხვდები? შენზე მეცინება. როგორი რიხით გამომიცხადე, კახპა არ ვარო?!. საყვარელო, ჩვენ ხომ ყველანი კახპები ვართ – შენც, მეც და, საერთოდ, რომელი ადგება და იტყვის, ასე არ არის, მე გამონაკლისი ვარო? ასე რომ, შეგიძლია, სინდისი მშვიდად გქონდეს, განსაკუთრებულს არაფერს გავალებ.
– ანდრო, მე ხომ შენ გიცნობ... რა აზრი აქვს ჩემთვის ასეთი სისულელეების ლაპარაკს? მაინც ვერ დამითანხმებ. სხვათა შორის, ლიკამ თქვა, ძალიან მალე მოვალო.
– მოვიდეს, ნუ მაშინებ შენი დაქალით. არ იცი, რომ ქმრებზე განაწყენებულ ქალებს ჩემზე უკეთესად ვერავინ ამშვიდებს?
– როგორი ცინიკური ხარ... ძალიან გთხოვ, წადი, რა...
ანდრომ თითები გაატკაცუნა და სოფოს გამაფრთხილებლად დაუქნია თავი:
– საყვარელო, აი, ასეთი ტონით კი ჩემთან ლაპარაკს არ გირჩევ. ახლა არ ვხუმრობ და, სანამ მართლა გავბრაზებულვარ...
– შენთან ჩხუბი არც მე მინდა, – უკან დაიხია სოფომ. იცოდა, ანდროს გადაკიდება კარგს არაფერს უქადდა და არც შედიოდა მის გეგმებში, – ჰო, არ მინდა, თუნდაც იმ ყველაფრის გამო, რაც ჩვენ შორის იყო, მაგრამ, რა ვქნა, რასაც მავალებ, იმის გაკეთება არ შემიძლია.
– მე არ გავალებ, გთხოვ, ჩვენი მეგობრობის ხათრით... ძალიან მჭირდება, მართლა...
სოფო შეყოყმანდა:
– ტაქტიკა შეცვალე? ახლა გინდა, თავი შემაცოდო? მაინც არაფერი გამოგივა. არ შემიძლია, თანაც, ხომ იცი, რომ მარტო არ ვარ. რატომ უნდა ვატკინო გული ასეთ კარგ ადამიანს?
– იმიტომ, რომ მე უფრო კარგი ადამიანი ვარ, თანაც, ჩემთან უფრო ბევრი რამე გაკავშირებს, ვიდრე იმასთან. ბოლოს და ბოლოს, ხომ არ გეუბნები, დაშორდი-მეთქი. თავისუფლად შეგიძლია, მასთანაც ძველებურად განაგრძო ურთიერთობა.
– არა, არ შემიძლია, – გული მოუვიდა სოფოს, – ლამის შემეცოდე, მაგრამ, ვხედავ, შენსას არ იშლი. გამოუსწორებელი ხარ, მარტო საკუთარი თავი გაღელვებს.
– შენც ასე ხარ, – მშვიდად თქვა ანდრომ, – ჰო, შენც მარტო საკუთარი თავი გაღელვებს და ნორმალურიც ეს არის. მაგრამ, სოფო, შენს უარს მაინც არ მივიღებ, გესმის? დავალება უნდა შეასრულო!
სოფომ ამოიოხრა:
– რატომ გგონია, რომ შენი სიჯიუტით ყოველთვის ყველაფერს მიაღწევ?
– იმიტომ, რომ ყოველთვის ყველაფერს ვაღწევ, – ხმამაღლა გაიცინა ანდრომ.
– ამჯერად მოლოდინი უნდა გაგიცრუო. მართლა არაფერი გამოგივა. არ შემიძლია. აი, ასე, შეკვეთით, კაცთან ურთიერთობა არ შემიძლია.
– ჯერ ხომ არ გინახავს, იქნებ მოგეწონოს, – იხუმრა ანდრომ.
– არ მომეწონება, არა... ხომ გითხარი, კახპა არ ვარ-მეთქი. ვინმე სხვა მოძებნე.
ანდროს სახიდან ღიმილი გაუქრა და ძალიან სერიოზული გახდა:
– სოფო, მომისმინე! შენ როგორ ფიქრობ, ქალს ვერ ვიშოვი? ფულს გადავუხდი და რა პრობლემაა, ეშმაკს ჩავუწვენ ლოგინში, მაგრამ, ამ საქმეში სანდო ადამიანი მჭირდება, ძალიან, ძალიან სანდო, ასეთი კი შენ მყავხარ. მარტო შენ შემიძლია, ბოლომდე გენდო.
სოფომ იგრძნო, რომ ყინული გალხვა. ანდრომ იცოდა, სად უნდა „ჩაევლო“. ქალს იმაზე უკეთ იცნობდა, ვიდრე მას თავად წარმოედგინა.
– რა მოხდა, პრობლემები გაქვს? – სოფოს ახლაღა მოაგონდა დათოს ნათქვამი, მგონი, კაზინოში რაღაც სერიოზული ხდებაო, – პრობლემები გაქვს-მეთქი? – სოფომ მხარზე დაადო ხელი.
– არც კი ვიცი, არის თუ არა ეს პრობლემა. მაგრამ, შესაძლოა, კატასტროფად იქცეს, თუკი ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა.
– უფრო კონკრეტულად ვერ მეტყვი?
– ჯერ მითხარი, თანახმა ხარ თუ არა?
– არ ვიცი, არ შემიძლია, – ხანმოკლე ფიქრის შემდეგ წარმოთქვა ქალმა, – ისე მითხარი, თუ საჭირო გახდება, ლოგინშიც უნდა ჩაუწვეო, რომ...
– არა, შენ შეგიძლია, არ ჩაუწვე და ისე გამოსტყუო ჩემთვის საჭირო ინფორმაცია, მაგრამ, ჩემზე უკეთ იცი, სად ხდებიან მამაკაცები განსაკუთრებით გულახდილები.
– სხვათა შორის, არ ვიცი, მე მამაკაცებს ამისთვის არ ვიყენებ. არასდროს მიცდია მათთვის ინფორმაციები დამეტყუა... და არც მაქვს ამ საქმეში დიდი გამოცდილება.
– სოფ, კარგი რა! ძალიანაც ნუ მოიკატუნებ თავს. ყველა კაცის ალაპარაკება შეიძლება, როცა თავს დააკარგვინებ.
– რომ ვერ დავაკარგვინო თავი? – შემპარავად გაიღიმა სოფომ, – შენ ხომ ვერ დაგაკარგვინე, – სოფოს ხმაში ცუდად დაფარული სევდა გაკრთა, მაგრამ კაცმა ან ვერ შენიშნა ეს, ან, არ მოინდომა, შეენიშნა. სოფო ადგა. ფანჯარასთან მივიდა და მინას შუბლით მიეყრდნო... ანდრო იძულებული გახდა, მასთან მისულიყო:
– აბა, რად გინდა სენტიმენტები? ორივემ ვიცით, რომ ამას სარგებლობა არ მოაქვს. ჩვენ ხომ ერთი ცომისგან ვართ მოზელილი. ასე მგონია, ერთნაირადაც ვაზროვნებთ.
სოფომ უხეშად მოიცილა მისი ხელი:
– ჩვენ ერთნაირად ვერ ვიაზროვნებთ. ძალიანაც რომ მოვინდომოთ, მე მაინც ყოველთვის ქალად დავრჩები, შენ – მამაკაცად.
– სქესის შეცვლის ოპერაციებიც ხომ არსებობს, – კაცმა ისევ სცადა, გახუმრებოდა, მაგრამ სოფოს უკვე აშკარად ჩამოსტიროდა თავ-პირი და ამას არც მალავდა. ანდრომ საათზე დაიხედა. ძალიან ბევრი დრო დაკარგა, ქალისგან კი ჯერაც არ ჰქონდა პასუხი მიღებული. ლიკას თანდასწრებით ერთ სიტყვასაც ვეღარ იტყოდა, ამიტომ, კიდევ ერთხელ სცადა:
– სოფო, შენ რომ ახლა უარი მითხრა, მე მართლა არ ვიცი, რა მეშველება. გეფიცები...
სოფო შემობრუნდა და კაცს თვალებში მიაშტერდა, რამდენიმე წამი გრძელდებოდა ეს უსიტყვო ჭიდილი. ანდრომ მაქსიმალური ძალისხმევით შეძლო, ქალისთვის ეჯობნა. სოფო მოლბა.
– ასე სერიოზულად არის საქმე? – იკითხა ყოყმანით.
– ჰო. შენ ხომ იცი, მე ადამიანები იშვიათად მიქმნიან პრობლემებს, მაგრამ ახლა რაღაც გაუთვალისწინებელი ხდება. გაუთვალისწინებელი და, თანაც, უცნაური – მოკლედ, ერთი ტიპია, რომელიც მოდის ჩვენთან, იგებს და მიდის.
– მოიცა, როგორ? მოდის, იგებს და მიდის? რაღაც ვერ გავიგე.
– გაუგებარი რა არის? კაზინოში მოდის სათამაშოდ, რაღაც გარკვეულ თანხას იგებს და მიდის. აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ ახერხებს ამას.
სოფოს გაეღიმა:
– სულ ეს არის? მე ლამის ვიფიქრე, რომ მართლა სერიოზული პრობლემა გქონდა. კაზინოები იმისთვის არსებობს, რომ ადამიანებმა მოიგონ ან წააგონ.
– უფრო – წააგონ, – მოიღუშა ანდრო, – აქ კი არც ერთი აცდენა. არც ერთი, გესმის? მოდის, იგებს და მიდის...
– მერე, მე რა შუაში ვარ, დაცვის სამსახური რისთვის გყავს? – ვერ მიხვდა სოფო.
– აუუ, ახლა გამაგიჟებ. როგორ ფიქრობ, რამეს რომ აშკარად თაღლითობდეს, აქ მოვიდოდი და იმას გთხოვდი, რაც გთხოვე?! მართლა კახპა კი არ მგონიხარ.
– დიდი მადლობა გულახდილობისთვის, – ამოიოხრა სოფომ, – ლოგინში რომ არ ჩავუწვე, არ შეიძლება?
ანდრომ მხრები აიჩეჩა:
– შენ იცი: თუ მართლა შეძლებ, იქნებ ისე მოახერხო, თავი დაკარგოს და აჭიკჭიკდეს...
სოფომ ამოიოხრა:
– ოჰ, ანდრო!.. პირდაპირ, არ ვიცი, რა გითხრა!
– რა უნდა მითხრა? უარს არ მივიღებ.
– რომ არაფერი გამომივიდეს?
ანდრომ გაიცინა და ალერსით მოჰკიდა ნიკაპზე ხელი:
– ვის არ გამოუვიდეს, შენ?! აბა, რას ამბობ?
ზარის ხმამ სოფო შეაკრთო და თითქოს გამოაფხიზლა:
– ლიკა მოვიდა. კარგი, გავაკეთებ ამას შენთვის, მაგრამ, წინასწარ მაინც ვერაფერს გპირდები.
ანდროს სახე გაუბრწყინდა.
– საყვარელო, იცი, როგორ დაგიფასებ ამას?
– წინასწარ ვერაფერს გპირდები-მეთქი... – გააფრთხილა ქალმა.
– ჰო, რა თქმა უნდა. მაგრამ, მე უკვე ვიცი, რომ შემიძლია, ცოტა დავმშვიდდე.
– მეტყვი, ვინ არის?
– რა თქმა უნდა. განახვებ, ოღონდ, კაზინოში მოგიწევს მოსვლა. მირჩევნია, „შემთხვევით“ გაიცნო. მითხარი, ფული რამდენი გჭირდება? – ანდრომ ჯიბიდან საფულე ამოიღო.
– ფული?
– ჰო. მინდა, განსაკუთრებული იყო. წადი და რამე ახალი იყიდე, ტანსაცმელს ვგულისხმობ. ფული არ დაინანო, მე ვიხდი.
სოფომ თავი გააქნია:
– მაქვს ტანსაცმელი. ფულიც...
– არ გინდა, პატარავ, უფრო მხიარულად შეხედე ამ საქმეს. ჩავთვალოთ, რომ პატარა თავგადასავალია, ცოტას გაერთობი...
– ჰმ, ძალიან გავერთობი... იმ გოგოს კარი არ გავუღო? იფიქრებს, რომ შეგნებულად არ ვუშვებ სახლში და, კიდევ, ვინ იცის, რას იფიქრებს.
– მართალი ხარ. მე ხომ არ გავუღო?
– შენ? – სოფომ მხრები აიჩეჩა, – დღეს მართლა ძალიან სხვანაირი ხარ. შენ თუ გაუღებ, მაშინ კი მართლაც იფიქრებს, რომ...
– ჰო, ამჯერად შენ უნდა დაგიჯერო.
სოფო შემოსასვლელში გავიდა. ანდრომ მომენტით ისარგებლა. საფულიდან რამდენიმე ასდროლარიანი კუპიურა ამოიღო, მოკეცა და კომოდზე, საათის ქვეშ ამოდო. მერე პერანგის საყელო მოიღეღა, ფანჯრის რაფაზე შემოჯდა და შეეცადა, უდარდელი კაცის პოზა მიეღო. ლიკა აშკარად არ ელოდა მის დანახვას და შესამჩნევად გაფითრდა...
***
ლაშა მექანიკურად დასდევდა შვილს უკან და დაუფიქრებლად იხდიდა ფულს ყველაფერში, რასაც კი ვატო სთხოვდა. ბავშვი თავიდან ძალიან კმაყოფილი იყო მამის ასეთი ხელგაშლილობით, მაგრამ, ერთბაშად მოიწყინა:
– სახლში წამიყვანე, რა...
ლაშა გამოერკვა:
– რაო, მამი? მოგწყინდა ჩემთან? ჯერ დრო გვაქვს, კიდევ წაგიყვან სადმე.
– არ მინდა, სახლში მირჩევნია...
– დაიღალე, მამი? კარგი, წავიდეთ. მე კი მეგონა, საღამომდე ერთად ვიქნებოდით, მაგრამ... არა უშავს... კიდევ დაგირეკავ და შენ მანამდე მოიფიქრე, რა გინდა. შეგიძლია, გრძელი სია ჩამოწერო, ძალიან გრძელი...
ვატომ ამოიოხრა. ლაშა დაიხარა და შვილს თვალებში ჩააშტერდა:
– რა იყო, მამი... ხომ მითხარი, სახლში წამიყვანეო?
– მე ჩემს სახლში მინდა, ჩვენს სახლში, სადაც შენც იქნები, დედიკოც...
ლაშას გული მოეწურა:
– ბებოსთანაც ხომ კარგია...
– არა. არ არის კარგი... – გაჭირვეულდა ვატო, – იქ ჩემი სახლი არ არის. ბაბუ კი მეუბნება, ესეც შენი სახლიაო, მაგრამ, ჩემი სახლი იქ არის, სადაც შენ ხარ. როდის წამიყვან შენთან?.. ოღონდ, არ მომატყუო...
ლაშა გაფითრდა:
– კარგი, რადგან არ გინდა, რომ მოგატყუო, პირდაპირ გეტყვი: არ ვიცი, როდის წაგიყვან ჩემთან. უფრო სწორად, ჩემი ნება რომ იყოს, დღესვე წაგიყვანდი, მაგრამ... – ლაშამ საჭირო სიტყვები ვეღარ იპოვა და გაჩუმდა.
– მაგრამ დედიკო არ გაძლევს ამის უფლებას, ხომ? – ვატოს ხმა აუთრთოლდა.
– არა, არა, დედიკო არაფერ შუაშია, უბრალოდ...
– შუაშია. დიახაც, რომ შუაშია! მაგრამ, შენი ბრალია! სულ ეჩხუბებოდი, არ ეფერებოდი... ისიც დამნაშავეა, განა არა... მაგრამ ის ხომ ქალია, შენ კი – კაცი. ქალს უფრო მეტი მოფერება და ყურადღება სჭირდება.
ლაშამ განცვიფრებით შეხედა რამდენიმე კვირაში „დაბრძენებულ“ შვილს.
– ეგ ვინ გითხრა?
– ბაბუამ. ლიანას ეუბნებოდა, არც შენი შვილია ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი, მაგრამ, ქალია და ამიტომ იმას მეტი უნდა აეღო საკუთარ თავზეო, ოღონდ რა ვერ აიღე შენს თავზე, ეს ვერ გავიგე, რადგან, მე რომ დამინახეს, გაჩუმდნენ... შერიგდით რა, შენ და დედა... არ მინდა, გათხოვდეს და სხვა მამიკო მყავდეს.
– ესეც ბაბუაშენმა გითხრა? – ტუჩზე იკბინა ლაშამ. ვატომ არ უპასუხა. თავი ჩაქინდრა და ფეხსაცმლის წვერით მიწას დაუწყო ჩიჩქნა.
– კარგი, ამაზე აღარ ღირს ლაპარაკი, იმიტომ, რომ სხვა მამიკო შენ არასოდეს გეყოლება. მე გყავარ და ესეც სრულებით საკმარისია, გაიგე? ისეთი დღეც დადგება, როცა ჩემთან იცხოვრებ და ერთმანეთს აღარასოდეს დავშორდებით. გპირდები. ოღონდ, შენც უნდა დამპირდე, რომ არ ინერვიულებ და არ მოიწყენ.
ვატომ უხალისოდ დაუქნია თავი.
– არა, ასე არ მინდა. შემომხედე და გაიცინე. მამი, ჩემი ხომ გჯერა, მითხარი, ხომ გჯერა?..
– მჯერა...
– ვატო, პრობლემები ხშირად აქვთ უფროსებს. გაიზრდები და შენც ბევრ ისეთ რამეს გაიგებ და მიხვდები, რისი ახსნაც ახლა მიჭირს. ო და წაუსტვინა.
– ოჰ! გამოგივიდა! მეც კი გამაოცე. ასეთი თვალისმომჭრელი არასოდეს მინახავხარ. რამე ხდება? ხომ არაფერი გამომეპარა?
– რა უნდა ხდებოდეს? კაზინოში მოვედი, სადაც ჯინსსა და მაისურში გამოწყობილი ვერ მიხვალ.
– ჰო, მაგრამ, მაინც მგონია, რომ ვიღაცისთვის ხარ საგანგებოდ გამოწყობილი. მე ვიცნობ? ახალია ვინმე?
– დათო, თავი ნუ ამატკივე. დავალებაზე ვარ მოსული და ყურადღების კონცენტრაცია მჭირდება.
– რა დავალებაზე? – გაოცდა დათო.
– ახლა მაგას ვერ აგიხსნი, გრძელი ამბავია. არც დრო მაქვს და არც ხალისი.
– კარგი, მაშინ, წამოდი, ანდრო გელოდება. მითხრა, მოვა თუ არა, კაბინეტში შემოიყვანეო.
სოფომ მკლავზე მოჰკიდა ძმას ხელი და მოქაჩა.
– მოიცა, შენ რომ მითხარი, ჩვენთან რაღაც ხდებაო, რას გულისხმოდი?
– მეე? როდის გეუბნებოდი?
– დათო, ახლა არ გადამრიო! ჩემთან რომ იყავი.
– ჰო, სიმართლე რომ გითხრა, კარგად არ ვიცი. უბრალოდ, ინას წამოსცდა რაღაც და, თან, ისე ნერვიულობს, ვიფიქრე, რომ...
– აჰა, სახელი უკვე ზუსტად ვიცი. ინა... თუ არ ვცდები, ანდროს მენეჯერი უნდა იყოს.
– მენეჯერი კი არა, ქამარზე ჰყავს გამობმული, – ბრაზით ჩაილაპარაკა დათომ.
– შენ რა, ხომ არ ეჭვიანობ? სულ ტყუილად. ანდროს ახლა მისთვის არ სცალია და თანაც, ერთი კარგი პრინციპი აქვს: – არავითარი სამსახურებრივი რომანი!
დათომ ამოიოხრა და დას წინ გაუძღვა...
***
ვახომ ხელები მოიფშვნიტა და კმაყოფილებით ჩაიცინა.
– დღეს რამდენს ვიგებთ?
– გაჩუმდი! წინასწარ რას ზეიმობ? შეხედე, რამდენი კამერა გვიყურებს, დაცვაც აშკარად გაუძლიერებიათ. ისეთ სახეებს ვხედავ... უაზრო და ცივი თვალები... თუმცა, ამათ მარტო ერთი, სწორხაზოვანი აზროვნება აქვთ: დავალება უნდა შეასრულონ სიტყვის შეუბრუნებლად და, თანაც – „ხუთიანზე“.
– ხომ არ გეშინია? – არ მოეწონა ვახოს მეგობრის სიტყვები.
– შიში არაფერ შუაშია, უბრალოდ, დღეს იმაზე მეტ თანხას მოვიგებთ, ვიდრე აქამდე მოგვიგია.
– უკვე იცი, ხომ?!. – ვახომ აღფრთოვანება ვერ დამალა, – საოცრება ხარ!
– მე არა... მე მსხვერპლი ვარ, – ჩაიბურტყუნა ლაშამ და მეგობარს მკაცრად მიმართა: – არავითარი ზედმეტი მოძრაობა, ლაპარაკი და ქცევა. სიცილიც არ არის საჭირო. თავზეც ნუ დამადგები.
– მაშინ, ბარში დავჯდები – ასე მირჩევნია.
– დააკვირდი, ჩვეულებრივზე დიდხანს რომ გვამოწმებდნენ?
– როგორ არა. ამიტომაც გითხარი, ხომ არ გეშინია-მეთქი.
– დამაკვირდნენ, თუკი ასე უნდათ. ეგ უკვე მაგათი პრობლემაა... – გულგრილად აიჩეჩა მხრები ლაშამ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში