როგორ ყიდდა „კაგებე“ ნარკოტიკებს სოციალიზმის გასაძლიერებლად
გთავაზობთ ნაწყვეტს მაიორ ზახარ კარპოვის მემუარული წიგნიდან „ჭაობი“. კარპოვი გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში გაიქცა საბჭოთა კავშირიდან და ამერიკის კონტინენტზე დასახლდა.
სამაგალითო დასჯა
მიუხედავად იმისა, რომ სინდისმა გვიან შემაწუხა და „კაგებეს“ 40 წლის ასაკში დავაღწიე თავი, ნათქვამია, სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო, და ახლა დიდი სინანულით ვიხსენებ ჩემ მიერ განვლილ გზას.
1974 წლის მაისში ცენტრალურ აპარატში გამომიძახეს. გენერალ-ლეიტენანტ კორშუნოვის კაბინეტში რომ შევედი, რომელიც უშუალოდ ჩემი კურატორი იყო, მან თავაზიანად მიმითითა სავარძელზე და მითხრა:
– ჩვენს უწყებაში გამოცდილი და შემოწმებული ხალხი მუშაობს, მაგრამ შენ იმიტომ აგირჩიეთ, რომ განსაკუთრებული საიმედოობით გამოირჩევი, მაღალი კლასის პროფესიონალი ხარ და ენაზე კბილის დაჭერა შეგიძლია, თან რუმინულიც იცი და ამ დავალების შესასრულებლად ზედგამოჭრილი ხარ.
კორშუნოვის შესავლიდან მხოლოდ იმას მივხვდი, რომ რუმინეთში მიშვებდნენ. თუმცა, როდის და რატომ, წარმოდგენა არ მქონდა. გენერალმა პაუზა გააკეთა და მითხრა:
– რუმინეთი ჩვენი მოკავშირეა, მაგრამ ზოგჯერ მოკავშირეებიც სცოდავენ და რუმინეთი ამას სხვებზე ხშირად სჩადის. ერთი სიტყვით, ხვალ შენ ბუქარესტში გაემგზავრები და პოლკოვნიკ ნიკოლაი პოპესკუს მოკლავ. ის მათი „სეკურიტატეს“ თანამშრომელია და, როგორც ვიცით, „ცეერუსთანაც“ მჭიდროდ თანამშრომლობს.
„სეკურიტატე“ რუმინეთის უშიშროების სამსახურს ერქვა. გენერლის სიტყვებმა გამაოცა, რადგან ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, როგორ შეიძლებოდა მტრულ „ცეერუსთან“ ეთანამშრომლა მოკავშირე „სეკურიტატეს“, თანაც პოლკოვნიკს. კორშუნოვმა გაოცება შემნიშნა და ღიმილით მითხრა:
– ნუ გიკვირს. პოლკოვნიკი პოპესკუ თავისი მთავრობის ნებართვით თანამშრომლობს ამერიკელებთან და ყველაფერს მათი სანქციით ახორციელებს. ამიტომ, მისი ლიკვიდაცია რუმინეთის მთავრობის პირდაპირი გაფრთხილება იქნება. ის სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს და, თუკი სიტუაცია ჩვენს სასარგებლოდ არ გამოსწორდება, მაშინ უფრო ქმედით ზომებსაც მივიღებთ.
მიუხედავად იმისა, რომ გენერალი კორშუნოვი ბევრს ლაპარაკობდა, მას თითქმის არაფერი დაუკონკრეტებია და არც მე ვაპირებდი ზედმეტი კითხვების დასმას. ამიტომ, კორშუნოვმა ეშმაკურად გააქნია თავი, გაიღიმა, მხარზე დამკრა ხელი და მითხრა:
– ასეთი რომ ხარ, შენ სწორედ ამიტომ აგირჩიეთ. კარგია, რომ ზედმეტ კითხვებს არ სვამ, მაგრამ საქმის კურსში მე თვითონ ჩაგაყენებ. რუმინელები ცდილობენ, ჩვენს ევროპულ ნარკოტრანზიტს დაეპატრონონ. ამ ერთი კვირის წინ ბერლინში ჩვენი კურიერი დააკავეს, რომელსაც 800 კილოგრამი ჰეროინი მიჰქონდა პარიზში. ჩვენმა დაზვერვამ კარგად იმუშავა და დაადგინა, რომ ეს ინფორმაცია რუმინელებმა გააგებინეს ამერიკელებს, რომლებმაც დასავლეთ გერმანელებთან ერთად ჩაატარეს ეს სპეცოპერაცია. პოპესკუ ამ თამაშში რუმინეთის წარმომადგენელია და რუმინეთი ამერიკასთან ერთად ცდილობს, ჩვენ „მოტეხვას“ ამ საქმიდან. სწორედ ამიტომ უნდა დავსაჯოთ პოპესკუ სამაგალითოდ და როგორც რუმინელები, ასევე ამერიკელები მიხვდებიან, რომ ცეცხლს ეთამაშებიან.
კორშუნოვის აღიარებამ შოკში ჩამაგდო. მარქსისტულ იდეებზე ვიყავი აღზრდილი და ვერ წარმომედგინა, თუ საბჭოეთი ნარკოვაჭრობაში იყო ჩართული. კორშუნოვის განცხადებით, ნარკოვაჭრობა კაპიტალისტების ჩასაძირად და სოციალიზმის განმტკიცებისთვის იყო საჭირო. ერთი სიტყვით, პირველად მაშინ შემეპარა ეჭვი საბჭოთა წყობაში. თუმცა, მეორე დღესვე ბუქარესტში ჩავედი. ყველა საჭირო ინფორმაცია და სპეცმოწყობილობა ადგილზევე მივიღე ჩვენი აგენტისგან და მოქმედებას შევუდექი. დავადგინე, რომ პოლკოვნიკი პოპესკუ ყოველ საღამოს რესტორან „ვარდში“ ვახშმობდა სხვადასხვა ქალთან ერთად, რომლებიც შემდეგ სახლში მიჰყავდა გასართობად. ერთკვირიანი თვალთვალის შემდეგ პოლკოვნიკი თავისსავე სახლის სადარბაზოში მოვიხელთე. ქალი მხოლოდ გავთიშე და იქვე დავაგდე. პოლკოვნიკს თავი მოვკვეთე. შემდეგ მისი სხეული სადარბაზოში დავტოვე, თავი კი ბუქარესტის ცენტრში, მოედანზე, ერთ-ერთ გამოსაჩენ ადგილზე დავდე და იმავე ღამეს მოსკოვში გავემგზავრე. ამ დავალების შესრულებისთვის ჩინი მომიმატეს. რუმინეთმა კი ხელი აიღო ამერიკელებთან თანამშრომლობაზე და „კაგებე“ კვლავ ყიდდა ნარკოტიკებს სოციალიზმის გასაძლიერებლად.