კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დახოცა 27 წლის გოგონამ 6 ქმარი ფეხისგულებზე ღიტინით

– გეყოფა! მეტი აღარ შემიძლია, გული მაქვს ცუდად, – მთელი ძალით იღრიალა შუახნის კაცმა და დადუმდა.

– ესეც გაუდგა გზას, – ცივი ხმით ჩაილაპარაკა ოცდაათიოდე წლის ქალმა და ლოგინიდან წამოდგა. შემდეგ სააბაზანოში შევიდა და იქ თხუთმეტიოდე წუთი დაჰყო. სააბაზანოდან გამოსულმა ქალმა თმა გაიჩეჩა და საშინელი ხმით აკივლდა, – მიშველეთ, მიშველეთ, მიშველეთ ხალხო! მევლუდია ცუდად!

ქალის კივილზე ნახევარი საბურთალოს ქუჩა შეიკრიბა მევლუდ იაშვილის სახლში და ზოგი მისი მეუღლის, ლატავრას დამშვიდებას ცდილობდა, ზოგი კი მევლუდის მოსულიერებას.

– დაგვაგვიანდა. დაახლოებით 1 საათის გარდაცვლილია, – თანაგრძნობით ჩაილაპარაკა სასწრაფო დახმარების ექიმმა და კოლეგების თანხლებით დატოვა იაშვილის სახლი.

ექიმის სიტყვების გაგონებაზე ლატავრას მუხლები მოეკეცა და უგონოდ დაეცა მდიდრულ ხალიჩაზე, რომელიც საძინებელში ეფინა.

– როგორ ჰყვარებია ლატავრას მევლუდი. ნამდვილად არ მეგონა, – ჩაილაპარაკა იაშვილის ერთ-ერთმა მეზობელმა ქალმა და ცრემლი მოიწმინდა.

ლატავრას ნიშადური ასუნთქეს და მოასულიერეს, თუმცა მას ხელმეორედ წაუვიდა გული. ამიტომ მეზობლებმა კვლავ სასწრაფოში დარეკეს და ექიმები უკვე ლატავრასთვის გამოიძახეს.

ექსგუმაცია

მევლუდ იაშვილი ყველა წესის დაცვით დაკრძალეს კუკიის სასაფლაოზე. მევლუდის ტყუპისცალმა დამ ძმის დაკრძალვას ვერ ჩამოუსწრო და როდესაც ის ვლადივოსტოკიდან ჩამოფრინდა, მევლუდი უკვე ორი დღის დასაფლავებული იყო.

– მიოკარდის ინფარქტი... რა სისულელეა, ნონა! მევლუდს რკინის გული ჰქონდა და არასოდეს წამოსტკენია. 40 წლის განმავლობაში მსგავსი არაფერი გამიგია მისგან და მაინცდამაინც ამ ექვს თვეში დაავადდა? – თქვა მევლუდის დამ, – აქ სხვა რაღაცაშია საქმე... ნამდვილად არ მჯერა, რომ მევლუდს ინფარქტმა დაარტყა. ამ ერთი კვირის წინ დამესიზმრა, რომ მევლუდს უეცრად თავი მოსწყდა. ჩემი საბრალო უთავო ძმა ხელებით მიხმობდა და შველას მთხოვდა. არა, არა, ნონა! აქ მართლაც სხვა ამბავია...

– შენ, უბრალოდ, მევლუდის სიყვარულმა დაგიბინდა გონება, ჩემო მარიკა, თორემ სამედიცინო დასკვნას მართლაც არ გაუვა წყალი, – მიუგო მარიკას ნონამ.

მარიკამ თავი გააქნია.

– არა, ჩემო ნონა, არ მჯერა. ნამდვილად ამ ურჩხულმა დამართა ჩემს ძმას რაღაც.

– ვინ ურჩხულმა? – მხრები აიჩეჩა ნონამ.

– ვინ და, ლატავრამ, მისმა პატივცემულმა მეუღლემ, – უპასუხა მარიკამ.

– რას ამბობ, გოგო! ძლივს ვასწრებდით მის მოსულიერებას, რომ ხელახლა მისდიოდა გული. მევლუდის სიკვდილის დღეს ისიც კი ვთქვი, არ მეგონა, თუ ასე უყვარდა თავისი ქმარი-მეთქი, – თქვა ნონამ, – გარდა ამისა, მევლუდის გაკვეთას მეც დავესწარი და მართალია, დასკვნა სხვამ დაწერა, მაგრამ რაც იქ წერია, წყალი არ გაუვა. შენ რა, ჩემიც არ გჯერა?

– შენი როგორ არ მჯერა, მაგრამ მინდა, რომ მევლუდი ხელახლა გაიკვეთოს, – თქვა მარიკამ.

– ხომ იცი, რომ ხელახლა გაკვეთას მყარი არგუმენტი სჭირდება და ამით თავზე ლაფს გვასხამ ყველას, – უპასუხა ნონამ.

– ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მევლუდი მოკლეს და ჩემი ძმა მე უნდა გავკვეთო ხელახლა. უხერხულობა რომ არ შევუქმნა ვინმეს, ექსგუმაციას საიდუმლოდ მოვახდენთ. მე უკვე მოველაპარაკე პროზექტურის უფროსს და ის დამთანხმდა. დამეხმარები?

– დაგეხმარები.

– მაშინ, მოემზადე. ამაღამ სასაფლაოზე მივალთ, მევლუდის საფლავიდან ცხედარს ამოვიღებთ და გათენებამდე გავკვეთთ, რომ დასაფლავება მოვასწროთ. მე პირადად გამოვიკვლევ მის ცხედარს. ჩვენთან ერთად იგორი იქნება. ის ჩემი მეგობარია, გამომძიებლად მუშაობს, ვლადივოსტოკიდან ჩამომყვა, – თქვა მარიკამ.

მარიკა იაშვილი და ნონა აფაქიძე დაქალები იყვნენ. ორივე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები. მათ ერთად ჰქონდათ დამთავრებული ინსტიტუტი. მარიკა რუსეთში, ვლადივოსტოკში მუშაობდა, ნონა კი – თბილისში.

– ფრთხილად, კუბო არ გაგივარდეთ, გოგოებო, – გააფრთხილა იგორმა ნონა და მარიკა, მაგრამ ნონას ხელიდან გაუვარდა კუბო და ფურგონიანი „მოსკვიჩის“ საბარგულთან დავარდა. კუბო ხმაურით დაენარცხა მიწაზე, გაიხსნა და იქიდან მავლუდის თავმოკვეთილი ცხედარი გადმოვარდა....

– სიზმარი ამიხდა! – თქვა მარიკამ და მანქანას მიეყუდა, რომ არ დაცემულიყო, – აქ რაღაც საშინელი საიდუმლო იმალება და ახლა ხომ მაინც ნათელია, რომ მევლუდის ინფარქტი ხელოვნურადაა გამოწვეული.

შავი ქვრივი

მევლუდ იაშვილის ცხედრის ხელახალმა, ფარულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ის ინფარქტით იყო გარდაცვლილი. თუმცა, მთავარი მაინც მევლუდის თავის გაუჩინარება იყო.

– სუფთადაა მოკვეთილი დიდი, სამართებელივით ბასრი საგნით, – თქვა მარიკამ.

– მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ ეს მანიპულაცია ამ საქმის უზადო ოსტატმა, სავარაუდოდ, ქირურგმა განახორციელა, – დაამატა ნონამ.

იგორი გულისყურით ისმენდა ქალების ლაპარაკს, რომლებიც მის გასაგონად რუსულად საუბრობდნენ.

– მე მგონი, არ ღირს ამ ფაქტის შეტყობინება ოფიციალური ორგანოებისთვის და გამოძიება ჩვენვე უნდა ჩავატაროთ, – თქვა იგორმა.

– ქალები დაეთანხმნენ იგორს.

– მაშინ, მე ვლადივოსტოკში დეპეშას გავგზავნი და ხელმძღვანელობას ვთხოვ, ორკვირიანი შვებულება მომცეს. ვფიქრობ, ეს დრო გვეყოფა სიმართლის გასარკვევად, – თქვა იგორმა, – თბილისში მე საჭირო ნაცნობები მყავს და, თუ დაგვჭირდა, მოსკოვიდანაც გამოვითხოვ ინფორმაციებს.

– რა ინფორმაციებს? – ჰკითხა ნონამ.

– უპირველესად, მევლუდის ახალგაზრდა მეუღლის ვინაობაა დასადგენი. მიუხედავად იმისა, რომ გლოვის ყველა წესს იცავს და საკმაოდ დამწუხრებულიც ჩანს, ინტუიციით ვგრძნობ, რომ ის რაღაცას მალავს. ძალიან ბნელი სუბიექტი ჩანს და ის სააშკარაოზე უნდა გამოვიყვანოთ. ასეთი რამ კი, მისი ბიოგრაფიის შესწავლის გარეშე შეუძლებელია – ეს ერთი. მეორე კი ისაა, რომ სასწრაფოდაა შესამუშავებელი იმის სავარაუდო ვერსიები, თუ რას შეეძლო გამოეწვია ჯანმრთელი მამაკაცის ინფარქტით გარდაცვალება. ეს უკვე თქვენს სფეროს მიეკუთვნება, გოგოებო, იფიქრეთ! ერთი სიტყვით, ფარული გამოძიება დაიწყო და მე მგონი, არ გაგვიჭირდება ამ საქმის გახსნა, – თქვა იგორმა და სიგარეტი გააბოლა.

მევლუდის მეუღლეზე რამის გაგება საკმაოდ რთული საქმე აღმოჩნდა. თუმცა, თავისი თბილისელი და მოსკოველი მეგობრების წყალობით, იგორმა ეს მაინც მოახერხა. საქმეს ის ართულებდა, რომ არ იცოდნენ, რომელი გვარით უნდა მოეძებნათ ლატავრა არქივებში. როგორც აღმოჩნდა, ლატავრა წარსულში ხუთჯერ იყო გათხოვილი და მევლუდი მისი მეექვსე ქმარი იყო. ექვსივე შემთხვევაში ლატავრა ქმრების გვარზე გადადიოდა და მისი მოძებნა ამიტომ გართულდა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო რომ ამ 27 წლის ქალის ექვსივე ქმარი გარდაცვლილი იყო.

– მდა, – თქვა იგორმა, – ეს ლატავრა ტოროზოვა „შავი ქვრივის“ ყველა გარეგნული ნიშნითაა შემკობილი და ვცადოთ მის შინაგან სამყაროში ჩახედვა.

ვლადივოსტოკელმა გამომძიებელმა იგორ იურინმა ისევ და ისევ თავისი ნაცნობ-მეგობრების მეშვეობით მოახერხა ლატავრას წინა ხუთი ქმრის გარდაცვალების დამადასტურებელი ცნობების მოპოვება და ხუთივეში ეწერა, რომ ისინი ინფარქტით დაიხოცნენ. იგორი გაოცებული იყო მოპოვებული ცნობებით და გეგმის შედგენას შეუდგა.

მეშვიდე ქმარი

– ორ დღეში დავბრუნდები და ძიების ახალ ეტაპზე გადავიდეთ, – უთხრა იგორმა მარიკას, – ახლა უკვე ერთთვიან შვებულებას გავაფორმებ, თორემ სამსახურიდან გამაგდებენ, თან საქორწინოდაც მოვემზადები.

იგორი მართლაც ორ დღეში დაბრუნდა თბილისში და ქალებთან ერთად მოფიქრებული გეგმის განხორციელებას შეუდგა. გეგმის მიხედვით, იგორს მდიდარი რუსი „ცეხავიკის“ როლი უნდა ეთამაშა ლატავრას წინაშე. შემდეგ კი, ქალი ცოლად შეერთო და ამ გზით გაეგო, ლატავრას ექვსი ქმრის ინფაქტით სიკვდილის საიდუმლო. საამისოდ იგორი საგანგებოდ მოემზადა და ლატავრას ივანოვის გვარზე გაცემული პასპორტით წარუდგა. ამასობაში მარიკა უკანვე „გაემგზავრა“, ხოლო სინამდვილეში კი ნონასთან დაიდო ბინა და იქიდან ადევნებდა თვალყურს თავისი ყოფილი რძლისა და რუსი „ცეხავიკის“ სასიყვარულო ამბავს.

– ორ კვირაში უნდა ვიქორწინოთ. ოღონდ, მოსკოვში ჩემთან ერთად ისურვა გამგზავრება და ხელის მოწერა იქ უნდა, – უთხრა იგორმა მარიკას.

– ჩქარობს, ჩქარობს აქედან გამგზავრებას, – მიუგო იგორს მარიკამ.

– ეს იმიტომ, რომ შენი ძმის ქონებას ვერ დაეპატრონება, – თქვა იგორმა, – ახლახან მაცნობეს, რომ წინა ხუთი ქმრის ქონებას ის უპრობლემოდ დაეპატრონა, მაგრამ სად გააქრო, არავინ უწყის. გარდა ამისა, გაირკვა, რომ მისი წინა ხუთი ქმარიც თავმოკვეთილი აღმოუჩენიათ საფლავებში.

– თავმოკვეთილი? – მხრები აიჩეჩა მარიკამ.

– ჰო, თავმოკვეთილი და საქმეში უკვე უშიშროებაც ჩაერთო, – მშვიდად თქვა იგორმა, – მე უფლება არ მქონდა, ეს დამემალა.. დღეიდან ყველა ჩვენს ნაბიჯს მოსკოვიდან გამოგზავნილი სპეციალური ჯგუფი ადევნებს თვალყურს და გარწმუნებ, შენი ძმის მკვლელობის საიდუმლოს სულ მალე აეხდება ფარდა.

იგორი და ლატავრა მოსკოვში დაქორწინდნენ და უშიშროების მიერ გამოყოფილ ერთ-ერთ ფეშენებელურ ბინაში დასახლდნენ. ბინა ვიდეოკამერებით იყო საიდუმლოდ აღჭურვილი და რაც სახლში ხდებოდა, ყველაფერს 28 ფარული ვიდეოკამერა აფიქსირებდა.

– აბა, ჩემო ქმარო, – გაუღიმა ლატავრამ იგორს, – ჩვენი სასიყვარულო თამაშები დავიწყოთ?

– დავიწყოთ, – დაეთანხმა იგორი.

ლატავრამ იგორი, მისივე თანხმობით, უზარმაზარ ლეიბში გაახვია, შემდეგ მას კაპრონის ბაწარი გადაუჭირა და როდესაც დარწმუნდა, რომ იგორი თავს ვერ დააღწევდა ლეიბს, შიშველ ფეხის გულებზე დაუწყო ღიტინი. იგორი ახარხარდა, თან ყვიროდა: „გაჩერდი, გეყოფა, გული მაქვს ცუდად!“

– დროა, შევიდეთ, – თქვა უშიშროების ერთ-ერთმა ოპერმა, რომელიც ვიდეოკამერებს აკონტროლებდა და უშიშროების ოპერჯგუფი ბინაში შევარდა. მათ გულწასულ იგორს ბეწვზე მიუსწრეს და მოასულიერეს.

– აი, თურმე, რატომ ემართებოდათ ქმრებს ინფარქტი, – თქვა უშიშროების ოპერმა, – მკვლელობის ორიგინალური მეთოდია. თქვენ დაპატიმრებული ხართ, ლატავრა ტოროზოვა. თუმცა, ვინ ან რატომ აჭრიდა მიცვალებულებს თავებს, ჯერ კიდევ ბურუსით იყო მოცული.

გამომძიებელმა ლატავრას ხელბორკილები დაადო და ტოროზოვა ლუბიანკაზე უშიშროების შიდა იზოლატორში მოათავსეს. ქალი ერთადგილიან საკანში გამოამწყვდიეს და მის მიმართ საკმაოდ მკაცრ დაკითხვებს მიმართავდნენ, რადგან აშკარა იყო, რომ უშიშროებას უსერიოზულეს დანაშაულთან ჰქონდა საქმე.

მაქციები

ლატავრას დაპატიმრების შემდეგ „კაგებემ“ ფართომასშტაბიანი ოპერაცია ჩაატარა და ამიერკავკასიასა და რუსეთში მოქმედი, ფარული, ეგრეთ წოდებული, მაგიური ორგანიზაცია „მაქციების“ ქსელი გამოავლინა. „მაქციებში“ 43 ქალი იყო გაერთიანებული და მას ვინმე ანელი კრაბი ხელმძღვანელობდა. „მაქციების“ შტაბ-ბინა სომხეთში, ქალაქ სპიტაკში იყო განთავსებული. მისი წევრები ყოველი წლის 31 ოქტომბერს იკრიბებოდნენ იქ და ეგრეთ წოდებულ, „თავის ქალათა როკვას“ ასრულებდნენ. შუაღამეს სპიტაკის ერთ-ერთ კერძო სახლში გათხრილ საიდუმლო მიწურში „მაქციები“ ადამიანის თავის ქალებს აწყობდნენ წრეში და შუაში დანთებული ჩირაღდნის ირგვლივ ცეკვავდნენ. ორგანიზაციის იერარქიული სტრუქტურა კი იმის მიხედვით განისაზღვრებოდა, თუ ვის რამდენი თავის ქალა ჰქონდა მოპოვებული. ანუ, ვის რამდენი ადამიანი ჰყავდა მოკლული და თავმოკვეთილი. ლატავრა ტოროზოვას ამ იერარქიაში ერთ-ერთი ბოლო ადგილი ეკავა, მაგრამ ასაკიდან გამომდინარე, პერსპექტიულ „მაქციად“ ითვლებოდა. იქ იყვნენ ისეთებიც, 20 თავის ქალა რომ ჰქონდათ მოპოვებული, ანუ 20 ადამიანი ჰყავდათ მოკლული. ტყუილი იქ გამორიცხული იყო, რადგან მოპოვების პროცესს „მაქციების“ სამი წევრი ადევნებდა თვალყურს. ყველაზე მეტი თავის ქალა ანელი კრაბს ჰქონდა მოპოვებული – მის ანგარიშზე 31 ადამიანის სიცოცხლე იყო. დახოცილების ქონებიდან მიღებული შემოსავალი „მაქციების“ საქმიანობის გაფართოებას და ახალი ტერიტორიების „ათვისებას“ ხმარდებოდა.

„მაქციები“ მალულად გაასამართლეს და მისი 43 წევრი მოსკოვში, „მატროსსკაია ტიშინას“ ციხეში დახვრიტეს ოთხმოციანი წლების დასაწყისში.

P. S. როგორც „მაქციების“ გასაიდუმლოებული საქმის სააშკარაოზე გამოტანის შედეგად გახდა ცნობილი, ამ სექტაში საბჭოთა კომუნისტური მმართველების მაღალჩინოსანი ქალები და პარტიული ბონზების მეუღლეებიც იყვნენ გაერთიანებული. სექტა საქართველოშიც საკმაოდ ფეხმოკიდებული გახლდათ და როგორც დაუდასტურებელი ინფორმაციებიდან გახდა ცნობილი, მასში რამდენიმე ძალიან ცნობილი ქართველი ქალბატონიც იყო გაერთიანებული...


скачать dle 11.3