როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ტატუაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ტატუ.
1721 წლის აღწერაში დიდ თონეთში მოიხსენიებიან ბედინა და ივანა ტატიაშვილები. შემდეგ წლებში ამ გვარმა სახე იცვალა და ტატუაშვილად ჩაწერეს:
„თიანეთელ სახელმწიფო გლეხს, ივანა ტატუაშვილსა და მის ცოლს, მარიამს, შეეძინათ ვაჟი, პეტრე“.
საქართველოში 509 ტატუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 205, დმანისში – 119, თეთრი წყაროში – 76. არიან სხვაგანაც.
314 ტატიაშვილი: გორში – 103, გურჯაანში – 101, თბილისში – 82. არიან სხვაგანაც.
ნასყიდაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი, ნაყიდა. სხვათა შორის, ასეთ სახელებს ცრურწმენის გამო არქმევდნენ.
1721 წელს სოფელ სამღერეთში მოიხსენიება ვინმე გიჟუა ნასყიდაშვილი:
„ბორბალოელმა სვიმონ ნასყიდაშვილმა 1829 წელს იქორწინა ვარდისუბნელ ივანე კედელაშვილის ქალზე – ბარბარეზე. მათი გვირგვინი აკურთხა მღვდელმა ანტონ ციმაკურიძემ“.
საქართველოში 2 169 ნასყიდაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 504, გორში – 486, ქარელში – 261. არიან სხვაგანაც.
ოსიტაშვილი
გვარის ფუძეა ქართული საკუთარი სახელი ოსიტა.
ოსიტაშვილები დუშეთის მაზრის აზნაურთა წარჩინებული გვარია და ტახტის აზნაურები იყვნენ. ისინი სოფელ ნაოზის მეპატრონეებად ითვლებოდნენ. დღემდეა შემორჩენილი ტოპონიმი ოსიტაანთ ტყე სოფელ მისაქციელში. მათ იქვე ჰქონდათ წისქვილები.
ოსიტაშვილები შეყვანილები არიან ერეკლე მეორის მიერ რუსეთის იმპერატორისადმი წარდგენილ თავად-აზნაურთა სიაში.
სოფელ ნაოზში, არაგვის ხეობაში, დღემდეა შემორჩენილი ოსიტაშვილების საგვარეულო ციხე-კოშკები.
საქართველოში 389 ოსიტაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 145, რუსთავში – 83, ქარელში – 47. არიან სხვაგანაც.
ბატაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარის ახელი ბატატი.
1721 წელს, ბატონის სახასოში, წინწყაროში მოიხსენიება არუთინა და მოსია ბატაშვილები.
ამავე ფუძისაა გვარები: ბატიშვილი, ბატატიშვილი, ბატატუნაშვილი, ბატიაშვილი, ბატიკაშვილი და ბატკუაშვილი.
ბატონის დედოფლის სახასოში, წინწყაროში, 1721 წელს მოიხსენიებიან მანგენა და ოქრუა ბატაშვილები.
საქართველოში 80 ბატაშვილი ცხოვრობს: დედოფლისწყაროში – 77, თბილისში – 2, მარნეულში – 1.
ზუკაკიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზუკაკი.
1588-1694 წლებში ზუკაკიშვილები მოიხსენიებიან ისტორიულ წყაროებში, როგორც ბერთუბანში მცხოვრები აზატები, ანუ გადასახადებისგან თავისუფალი ყმები. ყველა ზუკაკიშვილს ევალებოდა ცხენისა და იარაღის გამოღება ნინოწმიდის საყდრისთვის, თუ კაცი გარდაიცვლებოდა.
1690 წელს ციუნა ზუკაკიშვილი მოწმედ მოიხსენიება პეტრე ქურხულის მიერ თავისი ბიძაშვილისთვის, კერძოდ, დავით ქურხულისთვის მიცემული კეთილმოყვრობის პირობის წიგნში.
1690 წელს ზუბიდა ზუკაკიშვილი კათალიკოს იოანეს მიერ გარეჯის წმიდა დავითის ეკლესიისთვის მიცემული ზვრის შემოწირულობის წიგნში მოწმედ მოიხსენიება.
საქართველოში 434 ზუკაკიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 220, საგარეჯოში – 140, მცხეთაში – 17. არიან სხვაგანაც.
ციცქიშვილი
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ციცქა. ეს სახელი ბარისახოში, ხევსურეთშია მოხსენიებული ისტორიულ წყაროებში.
ხარაგაულის რაიონში არის სოფელი ციცქიური, სადაც ბევრი ციცქიშვილი ცხოვრობს.
გადმოცემის მიხედვით, ციცქიურში დასახლებულა კაცი, რომელიც ვაზის ჯიშის, კერძოდ, ციცქას მოყვანაში ყოფილა ძალიან დახელოვნებული და, სავარაუდოდ, გვარიც მისგან წარმოშობილა.
საქართველოში 1 666 ციცქიშვილი ცხოვრობს: ხაშურში – 385, თბილისში – 355, ჭიათურაში – 160. არიან სხვაგანაც.
ალიბეგაშვილი
ალიბეგაშვილი ქართული თავადაზნაურული გვარია. ის მესხი თავადებისგან – ჯაყელებისგან იღებს სათვეს.
წიგნში „ქართული გვარ-სახელები“ წერია: სელიმ ფაშა ჯაყელს, 1670-1701 წლებში, სამი შვილი ჰყოლია: ასლან ფაშა, აბდულ-ბეგი და ალი-ბეგი. ალი-ბეგი საციციანოში გახიზნულა, სადაც მის შთამომავლებს ალიბეგაშვილი გაუგვარდათ, ხოლო უფროს ძმას, აბდულ-ბეგს, იმერეთისთვის შეუფარებია თავი და მისი შთამომავლები აბდუშელიშვილებად იწოდებიან.
გვარის ფუძეში – ალიბეგი – ორი სიტყვაა გაერთიანებული: ალი (ალაჰ) და ბეგი (ბეი – თურქულად ნიშნავს ბატონს).
იოანე ბაგრატიონი, წიგნში „შემოკლებითი აღწერა საქართველოს შინა მცხოვრებ თავად-აზნაურთა გვარების“, წერს: „აზნაური ალიბეგაშვილი – ამათნი წინაპარნი იყვნენ ძველადვე მოსახლენი ქართლის დროსვე თამარ მეფისა და ამათგან გვარმან ნათელ იღეს და მოიქცნენ მართლმადიდებლად და მისცესვე მეფეთა გვარად ალიბეგაშვილობა და არიან მუნითგან ცნობილ აზნაურად და ტრაქტატსა შინაც მოხსენიებულნი“.
საქართველოში 575 ალიბეგაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 233, ყაზბეგში – 95, ქარელში – 46. არიან სხვაგანაც.
პირმისაშვილი
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი პირმისა.
პირმისა შედგენილი საკუთარი სახელია – პირი+მისა.
ამ გვარის შესახებ ისტორიულ წყაროებში ძალიან მცირე ინფორმაცია მოგვეპოვება.
საქართველოში 344 პირმისაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 113, დუშეთში – 112, მცხეთაში – 85. არიან სხვაგანაც.
კობაიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კობა.
მისი თიკუნებია: ბეჟანიანი, ლაბიანი, მახარიანი, მაგლიანი.
კობაიძე უძველესი გვარია. ხალხური თქმულების მიხედვით, მას ვახტანგ გორგასლის ხანას უკავშირებენ.
ამავე ძირისაა გვარები: კობალავა, კობალაძე, კობაური, კობაჩიშვილი, კობაძე, კოპაძე, კობელაშვილი, კობეშავიძე, კობიაშვილი, კობინაშვილი.
დუშეთის რაიონში არის სოფელი კობიანთკარი.
ვახუშტის მიხედვით, 1774 წელს ცხაოტში მოიხსენიება ჩირიკის არაგვის ერისთავის ყმა თათილა კობაიძე.
საქართველოში 1 831 კობაიძე ცხოვრობს: თბილისში – 686, დუშეთში – 219, დედოფლისწყაროში – 190. არიან სხვაგანაც.
146 – კობაძე.
ამირჯანაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ამირჯანა. ეს უკანასკნელი წარმოქმნილი საკუთარი სახელია, ხოლო მისი ფუძეა არაბული წარმოშობის სახელი – ამირა, რაც „მბრძანებელს“ ნიშნავს.
1721 წელს გარისში მოიხსენიება სტეფანე ძებისაშვილის ყმა სტეფანე ამირჯანაშვილი.
საქართველოში 55 ამირჯანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 27, თეთრი წყაროში – 11, მარნეულში – 10. არიან სხვაგანაც.
არსენიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი არსენი, რომელიც ბერძნული წარმოშობისაა და ვაჟკაცს ნიშნავს.
1886 წლის, აღწერაში, სოფელ ბორბალოში მოიხსენიება ვინმე გიორგი არსენიძე.
ამავე ძირისაა გვარი არსენიშვილი.
საქართველოში 1 074 არსენიძე ცხოვრობს: ქუთაისში – 402, ტყიბულში – 368, თბილისში – 123. არიან სხვაგანაც.
282 – არსენიშვილი.
აჩუაშვილი
გვარის ფუძეა სიტყვა „აჩუა“, რომელიც ბავშვის ენაზე „ცხენს“ ნიშნავს.
საბარათიანოში, სახასოში მოიხსენიებიან გოგია, თევდორე და ივანე აჩუაშვილები.
საქართველოში 157 აჩუაშვილი ცხოვრობს: თელავში – 140, თბილისში – 8, რუსთავში – 3. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით