რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „მიცუბიში პაჯერო“. როდესაც ხიდებს ვრთავ, ხან თავისუფლად ვარდება, ხან კი ამისთვის დიდი ძალისხმევა მჭირდება. ერთხელ ხიდების გამორთვაც ძალიან გამიჭირდა, ბევრი ვიწვალე და როგორც იქნა გამოვრთე. რამე გავაფუჭე, არასწორად ვრთავ თუ ყველა „ჯიპს“ ასე უჭირს ხიდების ჩართვა?
პასუხი: ხიდების მექანიკურ ჩართვას თავისი სპეციფიკა აქვს. თუ ხიდების ჩართვა გვინდა, ის კი გვეწინააღმდეგება, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ჩასართავი კბილანა ვერ პოულობს თავის ბუდეს, ანუ კბილი კბილზეა დამიზნებული. ამისთვის ძალიან მარტივი მოქმედებაა საჭირო: ავტომობილი სულ ოდნავ დავწიოთ ან წინ, ან უკან, რათა კბილი კბილს ასცდეს და თავისი გზით წავიდეს, მერე კი ხელმეორედ ვცადოთ ხიდის ჩართვა. ყველაზე კარგი მომენტია, როდესაც ან აღმართზე ან დაღმართზე ვდგავართ და შესაბამისად, ავტომობილს დაგორების საშუალება აქვს. ამ დროს ჩვენ შეგვიძლია, ხიდების ჩამრთველ ბერკეტს მივაწვეთ და მუხრუჭს ოდნავ შევუშვათ ფეხი, რომ ავტომობილს ოდნავ დაგორების საშუალება მივცეთ. ამ დროს ის ადვილად იპოვის ბუდეს და თავისუფლად ჩახტება თავის ადგილას. როგორი დარწმუნებულებიც უნდა ვიყოთ, რომ ხიდები ჩაირთო, მაინც უნდა გავაკეთოთ საკონტროლო მოძრაობა. იგივე გააკეთეთ ხიდების გამორთვისასაც, ანუ, – სულ ოდნავ დაძარით ავტომობილი და მოდება გათიშეთ, რათა ხიდების ჩასართავ კბილანას მისცეთ საშუალება, თავის ბუდეს კარგად მოერგოს. თუ ამ წესების დაიცავთ, თქვენ არასდროს გააფუჭებთ ხიდების ჩასართავ მოწყობილობას და, ზოგადად, არ გაგიჭირდებათ მათი ჩართვა.
კითხვა: მყავს „მერსედესი“ „E 320“ 1999 წლის გამოშვება, რომლის ძრავის მოცულობაცაა 3.2. ჩემს მეგობარს კი ჰყავს 200 წლის გამოშვება „მერსედესი“ „CLK 320“, ასევე 3.2. ძრავით. იქნებ მითხრათ, რომელი გაასწრებს.
პასუხი: ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ავტომობილი მონაცემებით საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან – სხვადასხვა რაოდენობის „ცხენები ჰყავთ ძრავებში დამალული“, ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, ვინ ზის საჭესთან, სად ტარდება შეჯიბრება – ცარიელ ტერიტორიაზე თუ ქალაქში და სხვა. ის თუ, ვინ არის მძღოლი, განსაზღვრავს ამა თუ იმ ავტომობილის შესაძლებლობებს. სპორტში ერთმანეთთან მონაცემებით თითქმის თანაბარი ძალის ავტომანქანები მონაწილეობს, გამარჯვებას კი მხოლოდ პილოტის ოსტატობა განსაზღვრავს.