რა სიურპრიზი მოუწყო მზია ჯუღელმა ბელგიის პრინცს და რატომ დაოსტატდა ის ტანვარჯიშში გურჯაანის ეკლესიაში
პირველობა რჩეულთა ხვედრია. მართლაც, საამაყოა, იყო პირველი ოლიმპიელი ჩემპიონი ქალი საქართველოში. ყველასთვის საყვარელმა და საამაყო ქალბატონმა მზია (მედეა) ჯუღელმა თავად გვიამბო, როგორ შეძლო ამ რთული გზის გავლა ისე, რომ პარალელურად ყოფილიყო საუკეთესო მეუღლე და დედა, არაჩვეულებრივი დიასახლისი და ნომერ პირველი სპორტსმენი.
(მზია) მედეა ჯუღელი: გურჯაანში რკინიგზის ბინაში ვცხოვრობდით. პოლიკლინიკაც იქვე იყო, სადაც ჩემი მშობლები მუშაობდნენ. მოგვიანებით მიწის ნაკვეთი გამოგვიყვეს და მამამ პატარა სახლი ჩადგა, სამი ოთახითა და, სტომატოლოგიური კაბინეტით ახტალასთან. დედა სტომატოლოგი იყო, მამა – თერაპევტი. იმ პერიოდში ხალხს უჭირდა და მამა ზოგს უფასოდ მკურნალობდა, ზოგს წამლის ფულს აძლევდა. სამაგიეროდ, მადლიერების გამოსახატავად, შემოდგომაზე გლეხებს მოჰქონდათ ხოლმე ჭირნახული. იმ პერიოდში, როდესაც მე უკვე მეოთხე კლასში ვიყავი, შალვა ბოსტაშვილს უნდოდა, გურჯაანში გაეხსნა ტანვარჯიშის სექცია. მან გურჯაანის რაიონის ხელმძღვანელობას შენობა სთხოვა და თბილისში საჭირო ინვენტარის სათხოვნელად ჩამოვიდა. ზემო გურჯაანში იყო ელექტროსადგურის გაუქმებული შენობა და ის გამოყვეს, თბილისიდან კი, ბატონმა შალვამ ძველი სპორტული იარაღები ჩამოიტანა და იქ დავიწყე ვარჯიში. შემდეგ ზემო გურჯაანის ეკლესია გადააქციეს სპორტულ დარბაზად და ჩვენც, ჩვენი იარაღებით, იქ გადავედით. ვარჯიშის დაწყებიდან არც ისე დიდი დრო იყო გასული, რომ საქართველოს პირველობაზე მიგვიწვიეს, სადაც ჩემს ასაკში მეოთხე ადგილი დავიკავე. 1938 წელს ჩემს ოჯახს სერიოზული ტრაგედია დაატყდა თავს, 23 თებერვალს მამა დააპატიმრეს, 8 მარტს – დედა. მე კი საცხოვრებლად გადმოვედი თბილისში, ბებია-ბაბუასთან. აქ პლეხანოვზე ვცხოვრობდი, რკინიგზის მეექვსე სკოლაში დავდიოდი და იქვე გავაგრძელე ვარჯიში. ბევრი შეჯიბრება ტარდებოდა, სადაც სულ ვიმარჯვებდი, წარმატება ძალიან ჩქარა მოდიოდა.
– იმ პერიოდს როგორ გაიხსენებთ, ოლიმპიური ჩემპიონი რომ გახდით?
– 1952 წელს ჰელსინკიში იმართებოდა ოლიმპიური თამაშები, სადაც საბჭოთა კავშირი პირველად იღებდა მონაწილეობას. იქ გამგზავრებამდე ორ თვეზე მეტი სოჭში, ვიბორგში გავატარეთ შეკრებებზე. ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ადაპტაციისთვის. თოთხმეტი ტანმოვარჯიშე ვიყავით. აქედან ჰელსინკიში მხოლოდ ცხრა რჩეული უნდა წასულიყო. ყაზარმულ პირობებში ვცხოვრობდით, 6 საათზე ვდგებოდით და ვვარჯიშობდით. შერჩევის დღეს მოსკოვიდან მკაცრი მსაჯები ჩამოვიდნენ. იმ პერიოდში ჩემი მწვრთნელი იყო გრიგოლ მამარდაშვილი, მაგრამ ის არც შეკრებაზე, არც საკონტროლო შეჯიბრებებზე და ბოლოს, არც კანდიდატთა შერჩევაზე არ მიიწვიეს, მაგრამ მე მაინც ყველას ვაჯობე. ოლიმპიური სოფელი იყო ატენიემში, ჰელსინკისთან ახლოს, ულამაზეს ფიჭვნარში. ტანმოვარჯიშე ქალები ერთად ვცხოვრობდით, სავარჯიშოდ კი მოშორებით დავდიოდით, ჩვეულებრივ სპორტულ დარბაზში. საერთოდ, როგორც მიღებულია, ყველა გუნდი გამოსვლას სუსტით იწყებს. ჩემს შემთხვევაში კი პირიქით მოხდა – არჩევანი ჩემზე შეჩერდა, რადგან ყველაზე გამბედავი, ძლიერი და ფსიქოლოგიურადაც საკმაოდ გაწონასწორებული ვიყავი. ოლიმპიურ სარბიელზე ქართველი ქალებიდან პირველმა მე გავიმარჯვე. მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვიყავი არა მარტო პირველი ქართველი, არამედ პირველი საბჭოთა ქალი, რომელმაც საბჭოთა კავშირის ქალ ტანმოვარჯიშეთა ისტორიის ათვლა დავიწყე. იმ ოლიმპიადაზე პირველი ქართველი გმირები ვიყავით: მე – მზია ჯუღელი, დავით ციმაკურიძე და რაფაელ რამიშვილი; გივი კარტოზია კი რუს სპორტსმენად ჩათვალეს, რომელმაც წააგო.
– ქალბატონო მზია, პარალელურად გქონდათ ოჯახი, რომელიც ასევე დიდ ყურადღებას მოითხოვს, როგორ ახერხებდით დღის გადანაწილებას ისე, რომ გქონოდათ სრულფასოვანი ოჯახიც და წარმატებული სპორტული კარიერაც?
– 1947 წელს ცოლად გავყევი არკადი არხანგელსკს, რომელიც ინჟინერ-ელექტრიკოსი იყო. ჩვენ ბათუმში გადავედით დროებით საცხოვრებლად. 1948 წელს კი დედა დაბრუნდა გადასახლებიდან. მაშინ ჩემს შვილს, ირინას, 14 დღე შეუსრულდა. არკადიც რეპრესირებული ოჯახის შვილი იყო, ბინაც ჩამორთმეული ჰქონდა. მხოლოდ დედის გათავისუფლებისა და მამის რეაბილიტაციის შემდეგ დაუბრუნეს ერთი ოთახი თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე. ჩემი მეუღლეც დიდხანს მუშაობდა საქართველოს სპორტკომიტეტში პასუხსაგებ თანამდებობაზე. მართალია, დედა დაბრუნდა გადასახლებიდან, მაგრამ, ხელახალი რეპრესიები რომ დაიწყო, გადავიყვანეთ თიანეთში, სოფელ ახალსოფელში და იქ დაიწყო ჯანპუნქტში მუშაობა. როდესაც შეჯიბრებებზე მივდიოდით, ჩემი პატარა იქ მიგვყავდა და მას ვუტოვებდით. ჩემი შვილი, ირინა, საქართველოს ჩემპიონი იყო ირაკლი ჯაფარიძესთან ერთად. საბჭოთა კავშირის „თეთრი ოლიმპიადის“ პრიზიორიც გახდა სვერდლოვსკში. მისი ქმარი თემურ მამაცაშვილი, დიდ ბრიტანეთში იყო ელჩი წლების განმავლობაში. ირინა ექიმი-კარდიოლოგია, შვილთაშვილებიც წანმატებული არიან. თეონამ გაიმარჯვა პროექტში – უცხოეთში გაგზავნა მოთხრობა საქართველოზე და გაიმარჯვა, ხოლო თემუკა მოხვდა კონგრესზე, რომელიც ჩატარდა დოპინგის საწინააღმდეგოდ და დელიში გამოვიდა სიტყვით. ტყუპების დედა, თამუნა, ბიოლოგია, მამა კი – ინჟინერ-მშენებელი. ერთი შვილიშვილი ახლაც ინგლისში ცხოვრობს და ლონდონი-სიტის უნივერსიტეტის ბიზნესის განვითარების მენეჯერია.
– ქალბატონო მზია, როდიდან წამოხვედით აქტიური სპორტიდან?
– 1963 წლიდან დავიწყე მსაჯობა. ხშირად მიწვევდნენ საერთაშორისო შეჯიბრებებზე. უცხოეთში გამართული ყველა ასპარეზობის დროს ჩემი სპორტსმენების გვერდით ვიდექი. ოცი წელი ვხელმძღვანელობდი რესპუბლიკის უმაღლესი დაოსტატების სკოლას, სადაც აღიზარდნენ ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები სხვადასხვა სახეობაში. დიდი წვალების ფასად მივაღწიე შეთანხმებას და 23-ე საშუალო სკოლის სპორტულ დარბაზს გავუკეთე მიშენება, რასაც პირადად მე ვხელმძღვანელობდი. დაოსტატების სკოლაში ბავშვებს სავარჯიშოდ გადასარევი პირობები ჰქონდათ. ასევე, დაოსტატების სკოლაში მქონდა კვება, მოსასვენებელი საწოლები. ახლა ყველაფერი მომსპარია. ისე ინტენსიურადაც აღარ იმართება შეჯიბრებები, რაც ისევ სპორტისთვის არის ცუდი. ბავშვმა პატარაობიდანვე თუ არ დაიწყო ვარჯიში, წინ ვერ წავა. ცხოვრებაში ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა და ამ ყოველ შედეგს დიდი წვალების ფასად მივაღწიე. ვარ პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, ოქროსა და ვერცხლის მფლობელი; საბჭოთა კავშირის რვაგზის ჩემპიონი; ბერლინისა და რუმინეთის მსოფლიო ფესტივალების ლაურეატი; საერთაშორისო მსაჯი; მრავალ საერთაშორისო შეჯიბრებაში გამარჯვებული და პრიზიორი. სულ მოპოვებული მაქვს 13 ოქროს, 9 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი. დაჯილდოებული ვარ ვახტანგ გორგასლის მეორე და მესამე ხარისხის ორდენებით; ვარ თბილისის საპატიო მოქალაქე, სპორტული დახმარებისთვის ოქროს მედლით დაჯილდოებული. საქართველოს ეროვნული ტანვარჯიშის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტმა, საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ჟაკ როკმა საპატიო დიპლომი გადმომცა სპორტში გაწეული ღვაწლისთვის. 2007 წელს კონგრესზე, ჟენევაში, ტანვარჯიშის 125 წლის იუბილეზე დამაჯილდოვეს მედლითა და სიგელით.
– ქალბატონო მზია, ვიცი, რომ ხართ არაჩვეულებრივი დიასახლისიც...
– სხვათა შორის, ეგ ყველას უკვირს. ჩემთან ჰყავდათ ბელგიის პრინცი და შეიქმნა ერთი ამბავი, როგორ გავუმასპინძლდეთ, რას მოვასწრებთო. მე ვუთხარი, თქვენ ღვინო მოიტანეთ, დანარჩენი ჩემზე იყოს-მეთქი. საღამოსთვის ისეთი პურმარილი გავშალე, აქედან სპორტის სასახლეში რაღაც ღონისძიებაზე უნდა წასულიყვნენ და სტუმარს ვეღარ აყენებდნენ სუფრიდან. ძალიან მიყვარს ადრე ადგომა. ყოველთვის ყველაფერს მე ვაკეთებდი. აქ, თბილისში, გოჭიც მყავდა და ინდაურსაც ვზრდიდი. მიჭირდა, მაგრამ ვასწრებდი. ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შეიძლებოდეს, იმავე გზას გავივლიდი ბავშვობიდან ოლიმპიურ კვარცხლბეკამდე, უმაღლეს მწვერვალამდე და შემდეგშიც – დღემდე.