აბრამოვიჩს ერთი წვიმა ნახევარი მილიონი დაუჯდა
რომან აბრამოვიჩი იდეების ნაკლებობას რომ არ უჩივის, მისი ქონებიდანაც კარგად ჩანს. ჰოდა, რუსმა ოლიგარქმა გადაწყვიტა, „სტენფორდ ბრიჯის“ სტადიონის ქვეშ, სადაც მისი „ჩელსი“ საშინაო მატჩებს ატარებს, დახურული კლუბი გააკეთოს, სადაც ის და მისი მეგობრები, მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, შეიკრიბებიან და შეხვედრის შემდეგაც იქ აღნიშნავენ გამარჯვებას. გარდა იმისა, რომ კლუბში ჰიდრავლიკური სცენა იქნება, რომელიც მილიონ გირვანქაზე მეტი დაჯდა, აბრამოვიჩი ხელოვნური ჩანჩქერის გაკეთებასაც აპირებს. კლუბის გახსნა ორ კვირაში იგეგმებოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად, – გასულ კვირას რუს ოლიგარქს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ყველაფერი წყალში ჩაეყარა.
„ჩელსი“-„ვულვზის“ მატჩის დროს ლონდონში წვიმდა და არავინ მიაქცია ყურადღება იმას, რომ კლუბის შესასვლელში წყლის დიდი ნაკადი დაგროვდა, მერე კი შიგნითაც შეიჭრა. მატჩი როცა დასრულდა, აბრამოვიჩმა კლუბის სარემონტო სამუშაოების სანახავად გასწია და...
„რომანს სახე წაეშალა, როცა დაინახა, რომ შესასვლელში ორმეტრამდე წყალი იდგა. მაშინვე დაიწყო წყლის ამოტუმბვა, მაგრამ იქაურობა გაოხრებულია და მის აღსადგენად ნახევარი მილიონი ფუნტია საჭირო. რა თქმა უნდა, აბრამოვიჩმა თანხა არ დაიშურა, მაგრამ დიდი ალბათობით, კლუბი ახალ წლამდე ვერ გაიხსნება“, – განაცხადა ერთ-ერთმა მუშამ.