მუტუ შესაძლოა, ციხეში ჩასვან
ფლორენციის „ფიორენტინას“ ფორვარდი ადრიან მუტუ, ნარკოტიკების მოხმარების გამო, დისკვალიფიცირებულია და საკუთარი გუნდის თამაშს თვალყურს ტრიბუნებიდან ადევნებს ხოლმე. მაგრამ, დიდი შანსია, მას ეს შესაძლებლობაც მოუსპონ და ექვსი თვით ციხეში გამოკეტონ. ადრიანს ფლორენციის ერთ-ერთი ღამის ბარის ოფიციანტი უჩივის, აქაოდა, რუმინელმა თავდამსხმელმა მცემაო. ოფიციანტი ნაცემი რომ გახლავთ, იქიდანაც ჩანს, რომ ექიმებმა მას ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს და ერთი თვე ლოგინიდან ადგომა აუკრძალეს. რაც შეეხება მუტუს ბრალეულობას...
„არ ვიცი, რა დავუშავე. იმ ბარში არც კი ვყოფილვარ და რომც ვყოფილიყავი, ბარმენს ნამდვილად არ ვცემდი“, – განაცხადა მუტუმ. მაგრამ, პოლიციელები ამბობენ, ბარის კამერას ყველაფერი აქვს დაფიქსირებული და ჯერჯერობით რაც ვნახეთ, ის არის, რომ მუტუ იმ ბარში იყო და საკმაოდ მთვრალიც გახლდათო. გამოძიება გრძელდება და ეჭვი გვაქვს, რუმინელ ფორვარდს გაამტყუნებენ.