ქოლეცისტიტის დროს ბოლოკის, ჭარხლის, თაფლისა და არყის ნარევი მიიღეთ
ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტის ანთებაა. მის განვითარებას ორი მიზეზი იწვევს, კერძოდ, ბაქტერიული ინფექცია და ნაღვლის შეგუბება. ინფექცია ნაღვლის ბუშტში შეიძლება მოხვდეს ნაღვლის სადინარებიდან, სისხლით და ლიმფური გზით. ნაღვლის შეგუბების მიზეზიდან აღსანიშნავია ნაღვლის ბუშტისა და მისი სადინარების თანდაყოლილი დეფექტი, ნაღვლის სადინარების დისკენეზური ცვლილებები, ორსულობა, ნაკლები მოძრაობა. გარდა ამისა, ქოლეცისტიტის განვითარებას იწვევს მწვავე პანკრეატიტი, პარაზიტული დაავადებები, ჭარბი წონა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ნაღვლის ბუშტის კედლის სისხლმომარაგების მოშლა, მემკვიდრეობითობა და ალერგიული ფაქტორი.
მწვავე ქოლეცისტიტის დროს აღინიშნება ძლიერი შეტევითი ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ, ჭიპის მარჯვნივ, რომელიც, შეიძლება, გავრცელდეს მარჯვენა წელის, მხრისა და ბეჭის მიდამოებში. ტკივილს თან ახლავს გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, ტემპერატურის მომატებაც კი. ის, შესაძლოა, რამდენიმე დღეც კი გაგრძელდეს. ტკივილის შეტევის პროვოცირებას ახდენს შებოლილი, მწარე, ცხარე, ცხიმიანი საკვები, ალკოჰოლი, ემოციური და ფიზიკური დატვირთვა.
ტკივილი ნაღვლის შეგუბებითაა გამოწვეული. ნაღვლის დენას ხელს უშლის კენჭები. მძიმე შემთხვევაში ვლინდება სისუსტე, მადის დაქვეითება, შემცივნება და ტაქიკარდია.
მოხუცებსა და მოზრდილებში უფრო ხშირია კენჭოვანი ქოლეცისტიტი და მისი შერწყმა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებთან. გაცილებით ხშირია ქრონიკული ქოლეცისტიტი. ამ დროს ტკივილი ყრუდ მიმდინარეობს. აღინიშნება სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშა არეში. ქრონიკულ ფორმას თან ახლავს გულისრევის შეგრძნება, პირში მწარე გემო, ტემპერატურის მომატება.
მსუბუქი ფორმის დროს მკურნალობა ძირითადად სპაზმოლიტურია. ასეთ დროს იყენებენ ნაღველმდენ საშუალებებსა და ანტიბიოტიკებს.
ქოლეცისტიტის დროს კარგია შემდეგი ხალხური რეცეპტი: აიღეთ 1 ჩაის კოვზი ბოლოკის, 1 ჩაის კოვზი ჭარხლის წვენი და 1 ჩაის კოვზი თაფლი. დაასხით 1 ჩაის ჭიქა არაყი, კარგად ამოურიეთ და დადგით რამდენიმე დღის განმავლობაში ბნელ და გრილ ადგილას. მიიღეთ თითო არყის ჭიქით დღეში 3-ჯერ.