როგორ დავიცვათ თავი ყელის ტკივილისა და გრიპისგან
მწვავე რესპირატორული ვირუსი აზიანებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვან და ეპითელურ გარსს, ცხვირ-ხახასა და ნუშისებრ ჯირკვლებს. გართულების დროს, შესაძლებელია, ის გადავიდეს ქვედა სასუნთქ გზებში – ბრონქებსა და ფილტვებში.
თავიდან დაავადება იწყება რინიტით – ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის მწვავე, არასპეციფიკური ანთებით.
კლინიკურად გამოყოფენ სამ სტადიას, კერძოდ, მშრალ, ანუ ეგრეთ წოდებულ გაღიზიანების სტადიას, რომელიც რამდენიმე საათს გრძელდება. ამ დროს წითლდება ლორწოვანა, იწყება სიმშრალე, წვის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე, თავის ტკივილი და დაბალი სიცხეც აღინიშნება; მეორე სტადიაა, როცა ცხვირიდან სითხე გამოდის, უხვი, გამჭვირვალე ლორწოვანი მასის სახით; რაც შეეხება მესამე სტადიას, ამ დროს აღინიშნება ცხვირიდან ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი – ეს ხდება დაავადების დაწყებიდან დაახლოებით მეოთხე დღეს. საბოლოოდ კი ყალიბდება მწვავე ნაზონფარონგიტი. ამ დროს ანთებითი პროცესი კარგად ჩანს ხახაში, რეგიონულ ლიმფურ კვანძებზე, ხახის უკანა კედელზე კი აღინიშნება მკვეთრი სიწითლე. ადამიანს აწუხებს ყელის სიმშრალე, ფხაჭნის შეგრძნება, უჭირს ყლაპვა. შესაძლოა, განვითარდეს ყურის ტკივილიც. გადიდებულია ჯირკვლები, ავადმყოფი დასუსტებულია, მადა დაკარგული აქვს და დარღვეულია ძილის რეჟიმიც.
ტემპერატურა არის ორგანიზმის რეაქცია მასში მოხვედრილი უცხო სხეულისა თუ მიკრობის მიმართ, რაც აბსოლუტურად ნორმალურია.
სანამ ტემპერატურა 38-მდე მივა, არ არის აუცილებელი მასთან ბრძოლა, რადგან ვირუსების დიდი ნაწილი სწორედ მაღალ ტემპერატურაზე იღუპება. იმ შემთხვევაში, თუ სიცხე 38 გრადუსს გადასცდება, ავადმყოფს უნდა მისცეთ სიცხის დამწევი საშუალებები. კარგი იქნება, თუ სპირტისა და ძმრის ნარევით დაუზელთ სხეულს, ჩააცმევთ ამავე ხსნარში დასველებულ წინდებს, შუბლზე კი კომბოსტოს ფოთოლს დაადებთ.
ინტოქსიკაციის შესამცირებლად საჭიროა დიდი რაოდენობით სითხის დალევა: მიიღეთ ცხელი ლიმონიანი ჩაი, ჟოლოს ან მაყვლის კომპოტი ან მურაბიანი ჩაი, გაზგასული მინერალური წყალი და ასე შემდეგ. ეცადეთ, მიიღოთ თხევადი საკვები – ბოსტნეულის ნახარში, ბულიონი და სხვა.
თუ ყელი გტკივათ, გამოივლეთ სალბის, გვირილის ან კალენდულას ნაყენი.
ცხვირიდან დიდი რაოდენობით გამონადენის დროს, მის წინააღმდეგ გამოიყენეთ სისხლძარღვების შემავიწროვებელი ცხვირის წვეთები. ხშირად ცხვირიდან გამონადენი გადადის ყელში, რაც მის გაღიზიანებას იწვევს, ამიტომ ხველასა და ცხვირიდან გამონადენს აუცილებლად უნდა ებრძოლოთ.
მწვავე რესპირატორული ინფექცია ხშირად აზიანებს თვალებსაც. ამ დროს კარგია, დღეში რამდენჯერმე გაიწმინდოთ თვალები გადადუღებულ, თბილ წყალში დასველებული ბამბით. ასევე, კარგია ჩაის ნაყენის გამოყენებაც.
ხშირი ავადმყოფობისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა ვარჯიში, სუფთა ჰაერზე სეირნობა, წყლის პროცედურები და სრულფასოვანი კვება. ჭამეთ რაც შეიძლება ბევრი ნიორი, ხახვი, ქათმის ბულიონი, ბოსტნეულის ნახარში, კივი, ბანანი, ვაშლი და სვით მინერალური წყალი და ჩაი. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და ავადმყოფებთან კონტაქტს.