რომელი ადამიანები არიან „ღორის გრიპით“ დაავადების რისკ-ჯგუფში და გადადის თუ არა ის ხელის ჩამორთმევით
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მთელი რიგი დაავადებების გამწვავებაა მოსალოდნელი. სწორედ ამ პერიოდში იჩენს თავს ამ სეზონისთვის დამახასიათებელი ინფექციები. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ, შესაძლოა, წელსაც აქტიური იყოს ეგრეთ წოდებული „ღორის გრიპის“ საშიშროება. ამიტომ, საჭიროა, ადამიანმა ზუსტად იცოდეს, რა გამოვლინებები და სიმპტომატიკა ახასიათებს ამა თუ იმ სეზონურ საფრთხეს, რომ თავიც დაიცვას და ახლობლების ჯანმრთელობაზეც იზრუნოს. საშემოდგომო-საზამთრო დაავადებებთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, ბატონ შოთა ცანავას, რომელმაც მეტად აქტუალური და გასათვალისწინებელი რჩევები მოგვაწოდა.
ბატონო შოთა, ბოლო დროს საზოგადოება ისევ ალაპარაკდა მოსალოდნელ „ღორის გრიპზე“. ახლა სწორედ ის პერიოდია, როცა ძნელია, უბრალო გაციება, გრიპი თუ სხვა საშიში რესპირატორული დაავადება ერთმანეთისგან განასხვავო. წელსაც თუ გვემუქრება „ღორის გრიპის“ საშიშროება და როგორ დავიცვათ თავი მისგან?
– სანამ კითხვაზე გიპასუხებთ, მე, როგორც სპეციალისტი, გეტყვით: რამე ეპიდემიური საფრთხე რომ ემუქრებოდეს ჩვენს მოსახლეობას, თუნდაც ეს „ღორის გრიპი“ იყოს, პირველად ჩვენი სამსახურისგან შეიტყობდა და საჭირო ინფორმაციასაც მიიღებდა ტელევიზიისა თუ პრესის საშუალებით. იმასაც გეტყვით, რომ, აცივებასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, იზრდება რესპირატორული დაავადებით დასნებოვნების საფრთხე და, თუ თავს არ გაუფრთხილდით, თვითნებური წესებით იმკურნალეთ ან დაავადება თავის ნებაზე მიუშვით, მაშინ სავალალო შედეგი არ არის გამორიცხული. განსაკუთრებული ვირუსების ეპიდემია არ არის მოსალოდნელი, თუმცა, თავის დაცვა ყველამ უნდა იცოდეს. ბევრი მეუბნება, გავიგე, „ღორის გრიპის“ ეპიდემიაა მოსალოდნელი საქართველოშიო. კიდევ ვიმეორებ: არ შეიძლება მსგავსი დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება და მოსახლეობის დაშინება. შეიძლება, ადამიანი გაცივდეს, ვირუსი შეეყაროს ან სხვა დაავადებით დასნებოვნდეს და ამაში ამ ეტაპზე საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. თუ ვინმეს შესაბამისი ვირუსის სიმპტომები აღენიშნება, რასაკვირველია, უნდა მივიდეს ექიმთან და ამ საქმეში არაკომპეტენტური ადამიანების რჩევა-დარიგებებით არ უნდა დაიწყოს მკურნალობა. გასულ წელს დაფიქსირდა შემთხვევები და, არ არის გამორიცხული, ეგრეთ წოდებული „ღორის გრიპით“ მომავალშიც არაერთი ადამიანი დაავადდეს. თან, ახლა პანდემიისთვის ხელსაყრელი პირობებია, გავრცელების მეტი საშიშროებაა და, ამიტომ, მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ. თუმცა, საპანიკოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე. თუ დროულად მიაკითხეთ შესაბამის სპეციალისტს და დაიწყეთ მკურნალობის კურსის ჩატარება, საფრთხე მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, მთავარია, ზუსტად იცოდეთ, რასთან გაქვთ საქმე და მკითხაობის დონეზე არ დაიყვანოთ არც დაავადება და არც მასთან ბრძოლა. ზოგი იმასაც ამბობს, ეს დაავადება ღორიდან გადადის ადამიანზე და ასე ვრცელდებაო. ეს მოსაზრება აბსოლუტური სისულელეა და ღორთან მას არანაირი კავშირი არ აქვს.
– როგორ ხდება „ღორის გრიპით“ დაავადება და თუ გადადის ის უბრალოდ ხელის ჩამორთმევით?
– ეს დაავადება ადამიანიდან ადამიანზე ახლო კონტაქტისა და ჰაერწვეთოვანი გზით გადადის და ასე ვრცელდება. სანამ დაავადება დამძიმდება, ზომები მანამდე უნდა მიიღოთ, რათა თავი აარიდოთ შემდგომ გართულებებს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჩვეულებრივი გრიპის გართულებამაც კი შეიძლება, ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს. საქართველოში, სტატისტიკის მიხედვით, ჩვეულებრივი გრიპის გართულებებით 50-დან 70 ადამიანამდე იღუპება წელიწადში. „ღორის გრიპი“ გადადის ჰაერწვეთოვანი გზით ან დაავადებულ ადამიანთან კონტაქტით, დაახლოებით ერთი მეტრის მანძილზე. თუ გახველებთ ან გაცემინებთ, პირზე აუცილებლად უნდა აიფაროთ ცხვირსახოცი. თუ ხელს აიფარებთ, ვირუსი ხელზე გადავა და, თუ შემდეგ ამ ხელს ვინმეს ჩამოართმევთ ან რაიმეს შეეხებით, ამით საფრთხეს, რასაკვირველია, სხვა ადამიანებსაც შეუქმნით, რადგან ვირუსი სიცივეში დაახლოებით შვიდი საათი ძლებს და აქტიურდება. ამიტომ, ხშირად უნდა დაიბანოთ ხელები ანტისეპტიკური საპნით, ხოლო, თუ ქუჩაში ხართ და ამის საშუალება არ გაქვთ, გამოიყენეთ სველი ხელსახოცები. „ღორის გრიპის“ დროს ადამიანს აღენიშნება 38 გრადუსზე მეტი ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, ყლაპვის გაუარესება, ამიტომ, ეს მთავარი სიმპტომები არ დატოვოთ ყურადღების გარეშე და ექიმს დაუყოვნებლივ მიმართეთ.
– ძირითადად, ვის ემუქრება შესაძლო „ღორის გრიპით“ დაავადების საფრთხე და როგორ დაიცვან მათ თავი?
– „ღორის გრიპით“ დასნებოვნება, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის უფრო საშიშია. მაგალითად, ვისაც ასთმა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს; ასევე, რისკის კატეგორიაში მოიაზრება ორსული ქალიც. ამიტომ, ასეთი ადამიანები განსაკუთრებით ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყვნენ, უნდა დაიცვან პირადი ჰიგიენა, ხშირად დაიბანონ ხელები, იარონ პირბადეებით, გაანიავონ და ხშირად საცხოვრებელი დაალაგონ სველი წესით. და, რაც ყველაზე მთავარია, უნდა მოერიდონ დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტს. არ არის აუცილებელი სახლში იაროთ პირახვეულმა, უბრალოდ, პირბადე ქუჩაში გასვლის დროს ან მგზავრობისას გაიკეთეთ, მით უმეტეს – ამ სეზონზე, როცა გრიპის გადადების დიდი საფრთხეა. თუ ადამიანს ზემოთ აღნიშნული დაავადებები აწუხებს ან დაბალი აქვს იმუნიტეტი, მაშინ ის შედარებით უფროა რისკის ჯგუფებში. ამიტომ, თუ დაგეწყოთ ტემპერატურის მატება და სუნთქვის გაძნელება, ყველა საქმე გადადეთ და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
– ბევრი ფიქრობს, პრეპარატი „ტამიფლუ” შეიძინოს და ყოველი შემთხვევისთვის სახლში შეინახოს. მათ რას ურჩევთ?
– ამ პრეპარატის ყიდვა და სახლში შენახვა სრული აბსურდია. „ტამიფლუ” ძალიან ძლიერი ქიმიური პრეპარატია და მისი ექიმის დანიშნულების გარეშე მიღება ყოვლად დაუშვებელია. ეს პრეპარატი გამოიყენება „ღორის გრიპით“ დაავადების მძიმე შემთხვევაში და მისი პროფილაქტიკის მიზნით მიღება არ შეიძლება. ამ სამკურნალო პრეპარატის მარაგი საქართველოში არის და, თუ გამოვლინდა ამ დაავადების მძიმე შემთხვევები, დაავადებულ ადამიანებს მკურნალობის მხრივ პრობლემა არ შეექმნებათ.
– კიდევ რომელი დაავადებებია საშიში ამ სეზონზე?
– ბალახის საფარველის გახმობის პერიოდში იზრდება ჯილეხით დაავადების საფრთხის ალბათობაც. ამიტომ, აუცილებელია პირუტყვის დროული აცრა, ხოლო მათი დაკვლა კი, მხოლოდ ვეტერინარული სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს. კატეგორიულად იკრძალება დაავადებული და დაცემული ცხოველის დაკვლა და გატყავება. ჯილეხით დაავადების მაღალი რისკის ჯგუფებში სწორედ ავადმყოფი ცხოველების დაკვლა-გატყავებაში უშუალოდ მონაწილე პირები არიან. ჯილეხი უმძიმესი ზოოანთროპონოზული ინფექციაა. მისი ადამიანიდან ადამიანზე დაავადების გადაცემა არ ხდება, ის მხოლოდ ცხოველიდან გადადის ადამიანზე. ჯილეხის დროს კანზე ჩნდება წყლული, რომელიც მოშავო შეფერილობისაა. ამ დაავადების დროს აუცილებელია ანტიბიოტიკებით მკურნალობა, ექიმის დანიშნულებით. თვითმკურნალობა დაუშვებელია. ამ დაავადების დროს ადამიანს აღენიშნება სისუსტე, ცხელება, უმადობა, უდიდდება ლიმფური ჯირკვლები, შორს წასული სტადია კი, შესაძლოა, სავალალო შედეგით დასრულდეს. ამ პერიოდში ასევე თავს იჩენს სხვადასხვა ინფექციური დაავადებაც, თუმცა, ჯერ მსგავსი ფაქტი დაფიქსირებული არ არის. აუცილებელია საკვებისა და წყლის ხარისხის კონტროლი, პროდუქტების სწორი თერმული დამუშავება. ნაწლავთა მწვავე ინფექციები არასწორად მომზადებულ საკვებს და მის არასწორ შენახვას ახლავს თან. თუ ადამიანი არ დაიცავს შესაბამის ზომებს, დიდი შანსია, მოხდეს ისეთი ინფექციების მასობრივი შემთხვევები, როგორიცაა მაგალითად, სალმონელოზი, შიგელოზი და სხვა, ანუ, ისინი, რომლებიც წყლითა და საკვებით გადაეცემა. მწვავე ინფექციური დაავადებები საკმაოდ საშიშია. შესაძლოა, ეს იყოს სტაფილოკოკური ინფექცია ან სხვადასხვა ენტერობაქტერიებით იყოს გამოწვეული. გადამდებ სნეულებათა სპექტრი მოიცავს ბაქტერიულ და ვირუსულ დაავადებებს. ერთ დასნებოვნებულ ადამიანს შეუძლია, დააავადოს რამდენიმე ადამიანი, რასაკვირველია, თუ ისინი არ დაიცავენ შესაბამის წესებს, რომ არ დაინფიცირდნენ. თუ ინფექციური დაავადება გამწვავდა და მას ყურადღებას არ მიაქცევთ, შესაძლოა, სიკვდილიც გამოიწვიოს. ერთი სიტყვით, ინფექციური დაავადებების შორს წასული ფორმები ძალიან საშიშია.