დაატყდება თუ არა ადამიანს თავს წინა ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვა მომავალში და როდის ვერ წყვეტს ის კავშირს ბოროტებასთან
მორწმუნეთათვის ბიბლია საღმრთო წიგნია, ათეისტები მას მხოლოდ იმ მიზნით კითხულობდნენ, რომ ღმერთის არარსებობა დაემტკიცებინათ, სახარებას კი იმიტომ, რომ ქრისტეს არსებობა უარეყოთ. ასე გრძელდებოდა საქართველოში სამოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. თანამედროვე ოკულტისტური სისტემების ცენტრალური ცნება კი რეინკარნაციის, ანუ სულთა გარდასხეულების თეორიაა, რომელიც დასაბამს ინდურ რელიგიებში – ინდუიზმში, ბუდიზმსა და ჯაინიზმში იღებს. ევოლუციური და რეინკარნაციული საკითხების შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– წმიდა წერილის სტრიქონებში, კერძოდ კი „დაბადების” პირველივე თავებში, მოთხრობილია, თუ როგორ ქმნიდა შემოქმედი ღმერთი სამყაროს: პირველად გაჩნდა სამყაროს წინამატერიალური მდგომარეობა – „სამყაროს თავდაპირველი მტვერი”, შემდეგ დადგა გეოლოგიური პერიოდი. ის იწყება უმარტივესი მცენარეების, ბალახების, ხეების შექმნით, რასაც მოჰყვა ცხოველების – უფრო და უფრო რთულის შექმნა. ყოველივე კი დაგვირგვინდა შესაქმის გვირგვინის – ადამიანის შექმნით. ევოლუცია ბიბლიაში თანამედროვე ევოლუციონისტთა გამოჩენამდე 3 500 წლით ადრე იყო ასახული. არქეოლოგიურ მონაპოვარზე დაყრდნობით, ევოლუციონისტები ამტკიცებენ რომ, თითქოსდა, მათ აღმოაჩინეს ცხოველთა ერთი სახეობიდან მეორედ გარდაქმნის მოვლენა. მაგალითად, ზღვის ცხოველები თანდათან გადასახლდნენ ხმელეთზე, ხმელეთის ზოგიერთი ბინადარი კი წყალში გადასახლდა და ზღვის ცხოველად იქცა. მაგრამ ყოველივე ეს ბიბლიაში ადრევე იყო აღწერილი. კერძოდ, „სიბრძნე სოლომონისაში” წერია: „რადგან ხმელეთის ცხოველები წყლის ცხოველებად შეიცვალნენ და წყალში მცურავნი ხმელეთზე გადმოვიდნენ”.
– როგორია ბიბლიური სწავლება სამყაროს შექმნის შესახებ?
– დაახლოებით ორასი წლის წინათ, მეცნიერებმა გაიგეს, რომ, თურმე, სამყარო უფორმო, ამორფული მატერიისგან შეიქმნა. ბიბლიაში კი ამის შესახებ ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდეა ნათქვამი. წიგნში „სიბრძნე სოლომონისა” წერია, რომ ღმერთის ყოვლისშემძლე ხელმა „უსახო ნივთიერებებისგან სამყარო შექმნა”. ნივთიერების სწორედ ასეთ მდგომარეობას – უსახოს, ანუ სახის არმქონეს ეწოდება ამორფული, ანუ უფორმო მატერია. უკვე დიდი ხანია ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ დედამიწა არც სპილოზე დგას და არც ვეშაპზე, როგორც ამას წარმართები მიიჩნევდნენ. ბიბლიაში ამის შესახებ იობის წიგნშია ნათქვამი: „ღმერთმა არაფერზე დაჰკიდა დედამიწა”. იობი ქრისტეს შობამდე 1900-იან წლებში ცხოვრობდა, ესე იგი 3900 წლის წინათ და მან ეს ყველაფერი მაშინ თქვა, როდესაც არც ტელესკოპი არსებობდა და არც მოგზაურობანი დედამიწის გარშემო. რაც შეეხება დედამიწის სიმრგვალის ცოდნას, ეს მეთექვმეტე საუკუნის მეცნიერებსა და მოგზაურებს პირველებს არ უთქვამთ. ერთ-ერთი, ვინც ეს აზრი ყველაზე ადრე გამოთქვა, იყო იოანე ოქროპირი, როდესაც ის ესაია წინასწარმეტყველს განმარტავდა: „ხედავ, დედამიწა რომ წრეა? წრე მიგვანიშნებს დედამიწის მრგვალ ფორმაზე, აუცილებელია ამის ცოდნა, რათა არ შეგვაცდინოს წარმართ ფილოსოფოსთა არაკებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ დედამიწა ღარტაფს, ლანგარს ან რაღაც ამდაგვარს ჰგავს”. ჩვენ ვიცით, რომ დედამიწას აკრავს უკიდეგანო კოსმოსი. თუმცა, წარმართებს მიაჩნდათ, რომ გარს გვარტყია ეთერი და ბროლის გარსი, რომელზეც მყარად არის მიმაგრებული ციური სხეულები: მზე, მთვარე, პლანეტები და ვარსკვლავები. კოსმოსური უფსკრულის შესახებ საუბრობდნენ წმიდა მამები, როდესაც ისინი სამყაროს შექმნისა და ბიბლიის პირველ მცნებებს განმარტავდნენ. მსოფლიო მოძღვარი, წმიდა ბასილი დიდი, კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი (მეოთხე საუკუნე) წერს: „უფსკრული აკრავს დედამიწას ყოველი მხრიდან”.
– კიდევ რა საინტერესო ინფორმაციას ფლობდა ბიბლია?
– ყველასთვის კარგად ცნობილი ტერმინი – ფოტოგრაფია (ბერძნულად – „სინათლეს ვწერ”), ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით, აღმოცენდა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში. სიტყვა „ფოტოგრაფია”, „ფოტოგრაფირება” კი დიდი ხნით ადრე გვხვდება. მეცხრე საუკუნის მოღვაწემ, ფილოთეოს სინაელმა, ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ის წიგნში „სათნოებათმოყვარება”, სადაც თავმოყრილია მართლმადიდებელი ეკლესიის მამათა სწავლანი, კერძოდ, ოცდამესამე თავში, ის ამბობს: „ყოველმხრივ დავიცვათ თავი გულისთქმათაგან ბოროტთა, რომელნი ცოდვის ბურუსით აბუნდოვანებენ იმ სულიერ სარკეს, რომელშიც უნდა აღიბეჭდოს და ნათელ აღიწეროს (ფოტოგრაფირდეს) მხოლოდ ქრისტე იესუ”. ამ ციტატის ბერძნულ ტექსტში გვაქვს სიტყვა „ნათელაღწერა” (ფოტოგრაფირება), რაზეც ყურადღება გაამახვილა მისმა რუსულ ენაზე მთარგმნელმა, წმიდა თეოფანე დაყუდებულმა და მის საფუძველზე აღნიშნა, რომ არსებობს სულიერი ფოტოგრაფიაც.
– მამაო, მინდა კიდევ ერთ საკითხს შევეხო, რეინკარნაციას. რა შეხება აქვს მას ქრისტიანულ რელიგიასთან?
– მრავალი მცდარად მოაზროვნე ადამიანი დაბეჯითებით ირწმუნება, რომ რეინკარნაცია დამახასიათებელია ყველა რელიგიისთვის უძველესი დროიდან მოყოლებული და ის, თითქოს, ქრისტიანობისთვის არ არის უცხო. თუ კარგად გავეცნობით უძველესი ხალხის მითოლოგიასა და რელიგიას, საპირისპირო დასკვნამდე მივალთ. რეინკარნაციას არ იცნობს არც შუმერთა, არც ძველეგვიპტელთა და არც ძველი აღთქმის თანატოლოგია. რეინკარნაციის მომხრეთა აზრით, სხეული მხოლოდ სამოსია, რომელიც სულმა მრავალგზის უნდა გამოიცვალოს. სხეულზე ამგვარი წარმოდგენა კი სრულიად უცხოა ძველეგვიპტური მენტალიტეტისთვის. ძველ ეგვიპტეში უდიდესი კრძალვით ეპყრობოდნენ გარდაცვლილების სხეულს და მის ურთულეს მუნიფიკაციას ახდენდნენ. შუმერებიც, ებრაელებიც და ძველი ბერძნებიც გარდაცვლილ სულთა სამკვიდროდ საიქიო ქვეყანას მიიჩნევდნენ, რომელსაც შუმერულად „ქურო” ეწოდებოდა, ებრაულად – „შეოლი”, ხოლო ბერძნულად – „ჰადესი”, საიდანაც უკან აღარავინ ბრუნდება.
რაც შეეხება, რეინკარნაციის კავშირს ქრისტიანობასთან, ის თავისი არსით უცხო და მიუღებელი სწავლებაა და პრინციპულად ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მოძღვრებას. რეინკარნაციის თანამედროვე მომხრენი განსაკუთრებით ორიგენეს პერსონით სპეკულირებენ. ამის შესახებ უნდა აღინიშნოს, რომ ორიგენე სულაც არ იზიარებდა რეინკარნაციის თეორიას, ის მხოლოდ სულთა წინასწარ არსებობას აღიარებდა და ამტკიცებდა, რომ სულის სხეულთან დაკავშირება მათი, ანუ სულების დაცემის შედეგია, რომ მეორედ მოსვლისას, აღდგება და ცხონდება ყველა სული, თვით ცოდვილთა და დემონთა ჩათვლით. მეტაფსიქოზის უმთავრესი ცდომილება ის არის, რომ ის ამახინჯებს ადამიანის ზნეობრივ ცხოვრებას. ქრისტიანული ცხოვრების მიხედვით, ცოდვა ყველაზე დიდი უბედურებაა, ის ბოროტებაა, რომელიც, თუ სინანულით არ წარიხოცა, მარად რჩება ადამიანის სულში. ცოდვა ღვთისგან განდგომა და დემონთან საიდუმლო კავშირია. რეინკარნაციის მომხრენი კი საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი აზრით, ცოდვა სვლის შეფერხებაა სულის მოგზაურობის გზაზე, რომელსაც სასჯელად მოსდევს გარდასხეულება. აქედან გამომდინარე, ცოდვა ადამიანის მიერ ქვეცნობიერად აღიქმება არა როგორც დაღუპვა და ქაოსი, არამედ, როგორც რაღაც შემოქმედებითი ძალა, რომელიც ახანგრძლივებს ჩვენს კოსმოსურ მყოფობას და უმთავრესი მნიშვნელობის მქონეა ჩვენი ახალი სხეულის ფორმირებისას. მეტაფსიქოზის თეორიის თანახმად, ადამიანს წინარე ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვა მომდევნო ცხოვრებისას დაატყდება თავს. პლოცინი წერდა, რომ, „ის, ვინც მოკულავს საკუთარ დედას, შემდგომში თვითონაც საკუთარი დედის ხელით მოკვდება”. ესე იგი, ისე გამოდის, რომ ჩვენ მიერ და სხვათა მიერ ჩადენილი ცოდვა აღარასდროს გაქრება. ბოროტება არ ისპობა, პირიქით, სულ უფრო და უფრო მრავლდება. პიროვნების უარყოფითი მეტაფსიქოზის მომხრენი სიყვარულის ადგილს აღარ ტოვებენ, რადგან სიყვარულის ობიექტი შეიძლება მხოლოდ პიროვნება იყოს. მათთვის მოყვასის სიყვარული ილუზიაა, რადგან მალე ისინი სხვა სხეულში გადასახლდებიან და სამარადისოდ განეშორებია. ქრისტიანობა კი პიროვნების უკვდავებას გვასწავლის, ის მოგვიწოდებს სიყვარულისკენ, რომელიც იმქვეყნადაც მიგვყვება. ქრისტიანული ანთროპოლოგიის ცენტრალური ცნება – პიროვნება, სული და სხეული ერთდროულად წარმოიშობა და ერთდროულად თანაარსებობს სიკვდილამდე. სიკვდილი მათი დროებით განშორებაა, რომელიც საყოველთაო აღდგომამდე გრძელდება, რომლის დროსაც მოხდება ადამიანის ერთადერთი ჭეშმარიტი რეინკარნაცია, ანუ მისი სული კვლავ შეიმოსავს ახალ, უხრწნელ, განსულიერებულ და ფერნაცვალებ სხეულს მარადიული, საუკუნო სიცოცხლისთვის.