ვინ დააკარგვინა ფორმა ქალბატონებს და რა ფერებში უნდა შევიმოსოთ ამ სეზონზე
ალბერტა ფერეტი“ და „ფილოსოფია დი ალბერტა ფერეტი“ – ორი მოდის სახლი ერთი სახელით და იტალიური სულით. ქალბატონი ფერეტი, რომლის მოდის სახლების შოუ-რუმები და დეფილეები მილანში, რომსა და პარიზში იმართება, არ ტოვებს თავის სტუდიას იტალიის ერთ-ერთ სოფელში – კატოლიკაში. როგორც თავად ამბობს, ის ადგილი მართლაც რომ, მხატვრული ტილოა. დიზაინერმა სახელი განსაკუთრებით ახალი და ძალიან საინტერესო სტილის კაბების შექმნით დაიწყო. ის ხშირად მონაწილეობდა სხვადასხვა კონკურსსა თუ ფესტივალში და ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ აღიარება არ მოიპოვა.
წლევანდელი 2010-2011 წლის კოლექცია საკმაოდ უცნაურია იმ თვალსაზრისით, რომ ის თან ჰგავს იმას, რაც ზოგადად დიზაინერებმა წარმოადგინეს, ტენდენციების სილუეტის, ფერის, ხაზის თუ სხვა დეტალების გათვალისწინებით და ამავდროულად, თამამი, ინდივიდუალური და ექსპრესიულია. პრეტ-ა-პორტეს ეს კოლექცია არის ის, რასაც ვთქვათ, დღევანდელ თბილისში უპრობლემოდ ჩაიცვამ და, არ გექნება შიში იმისა, რომ გამორჩეული და ზედმეტად თვალშისაცემი იქნები, ამასთანავე, ზუსტად მოერგები თბილისურ ჩაცმის სტილს. აღსანიშნავია, რომ წელს დიზაინერებს მაინცდამაინც გაწონასწორებული, დაფიქრებული, დინჯი ქალი არ ხიბლავთ. ქაოსი, ეს სეზონის მთავარი გზავნილია – გეცვას ისე, თითქოს ძალიან დიდი გაქვს, თითქოს ფორმები დაკარგე, მაგრამ იმავდროულად, უნდა იგრძნობოდეს, რომ ის ნივთი შენთვისაა შეკერილი. „ალბერტა ფერეტის“ კოლექცია, ერთი შეხედვით, ძალიან „დალაგებულია“, შეხედავ და თვალში ზედმეტად არაფერი გხვდება, მაგრამ თუ დააკვირდები, არც ერთი ხაზი და დეტალი სწორი არ არის. სამოსი არც მკერდს კვეთს, არც თეძოს და ქალის არც ერთ ღირსებას არ უსვამს ხაზს. კაბები ძირითადად შემდეგნაირად არის წარმოდგენილი – დახურული, დეკოლტე და ზურგი, ყელთან მომდგარი და ზემოდანვე გაშვებული. აღსანიშნავია, რომ კაბების სიგრძე ძალიან დამოკლდა. თუ გასულ სეზონებზე აქცენტი მუხლთან გადაჭრილ კაბაზე კეთდებოდა, წელს უკვე ეს ტენდენცია შეიცვალა. კაბა არც მინია, ანუ მხოლოდ საჯდომს რომ ფარავს და არც მუხლამდეა, სადღაც მათ შორის მერყეობს. თუ მაინცდამაინც იდეალური ფეხები არ გაქვთ, ამ ზომის კაბის ჩაცმა ნუ მოგერიდებათ. მთავარია, თხელი ფეხი და ლამაზი მუხლები გქონდეთ. მაგალითად, სარა ჯესიკა პარკერი, რომელიც ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან ქალბატონად არის მიჩნეული, მოურიდებლად იცვამს ამ ზომის კაბებს, მაშინ, როდესაც ფეხებს შორის კარგა მოზრდილი „ღრიჭო“ აქვს. არცთუ ისე სწორი ფეხებით, ის ახერხებს, მოკლე კაბაშიც არ გამოიყურებოდეს ცუდად და ვულგარულად.
აღსანიშნავია, რომ ალბერტა ფერეტიმ ამ სეზონზე ულამაზესი პალტოები წარმოადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან მარტივი ფორმისაა – ზოგიერთს საყელო არ აქვს, არ არის გამოყვანილი წელში და ერთ ღილზეც კი არ იკვრება, ულამაზესად გამოიყურება ტანზე. ამ სტილის პალტოებს დიზაინერი მხოლოდ განიერი, ქსოვილისგან შექმნილი ქამრით აფიქსირებს. დიზაინერმა მართალია, მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც წარმოადგინა ბეწვი. თუმცა, „პრემიუმ“ კლასის სხვა დიზაინერებისგან განსხვავებით, ალბერტა ფერეტის ბეწვი ხელოვნური იყო. ჟილეტის სტილის გრძელი ხელოვნური ბეწვი თხელ ბლუზზე და რეიტუზზე ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. ბეწვიც, ისევე როგორც პალტო ქსოვილის ბრტყელი ნაჭრით არის დაფიქსირებული. ამ სტილის ჟილეტები ჩვენს დედაქალაქშიც ძალიან მოდურია. რაც შეეხება ფეხსაცმელს, დიზაინერები წელს აქცენტს ეგრეთ წოდებულ „შუზებსა“ და ღია ფეხსაცმელზე აკეთებენ. კოჭამდე ტყავის ფეხსაცმელი ძალიან ლამაზია როგორც თბილ ტანსაცმელთან, ისე ძალიან თხელ, სადა, რომანტიკულ კაბასთან. დაივიწყეთ „უნტები“ და ბეწვიანი ფეხსაცმელები, მით უმეტეს, თუ გინდათ, გამოიპრანჭოთ. სადაც არ უნდა მიხვიდეთ, სითბო ყველგან დაგხვდებათ.