კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ დაიმსახურა კრიტიკა მოდის კვირეულზე და რომელ დიზაინერებს გაუმართლათ „ფეშენ-ვიქზე“

ერთმნიშვნელოვნად და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მინდა დავიწყო, რომ „ჯორჯიან ფეშენ-ვიქის“ პირველი ნაბიჯები გაცილებით სჯობდა მეორეს. ორგანიზატორების დიდი მონდომების მიუხედავად და აბსოლუტურად მესმის რამხელა შრომასთან, ადამიანურ თუ ფინანსურ რესურსთან, გათენებულ ღამეებთან და ნერვიულობასთან არის დაკავშირებული ასეთი მასშტაბური, რამდენიმედღიანი სანახაობის ორგანიზება, მაინც უნდა ვთქვა, რომ 2011 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებები ძალიან შორს იყო არა მხოლოდ იდეალურობისგან, არამედ იმისგანაც კი, რასაც თავად ამ ღონისძიების ორგანიზატორებმა მარტში მიგვაჩვიეს. შესაძლოა, დახვეწილ, კლასიკურ არქიტექტურულ სივრცეებში ჩვენებები მართლაც რომ ძალიან ლამაზია, მაგრამ რუსთაველის თეატრის დარბაზები ძალიან პატარა აღმოჩნდა პოდიუმისთვის და მის კლასიკურ, მოჩუქურთმებულ კედლებს აბსოლუტურად არ უხდებოდა ლაზერის მწვანე შუქით მინათებული დიზაინერის სახელი. მაგრამ, ეს ძალიან უმნიშვნელო დეტალია, რომელიც, უბრალოდ, თვალში მომხვდა. მიუხედავად კლასიკურობისა, მაინც მიმაჩნია, რომ საგამოფენო დარბაზის ტერიტორია ბევრად უფრო მიესადაგებოდა იმ სამუშაო განწყობილებას, რასაც მოდის კვირეული ჰქვია. ერთი სიტყვით, ყველაფერი თითქოს უფრო ლამაზი იყო, მაგრამ განწყობა და სული აკლდა. მაგრამ, ორგანიზებულობის თვალსაზირისით, ყველაფერი „ხუთიანზე“ და პლუსით იყო გაკეთებული. დანომრილი სკამები, ლამაზად გაფორმებული მოსაწვევები, ადგილები როგორც უცხოელი ისე ქართველი ჟურნალისტებისთვის. ახალგაზრდა გოგო-ბიჭები მოსულ სტუმრებს კუთვნილი ადგილის მოძებნაში ეხმარებოდნენ, რათა ჩვენებები დროულად დაწყებულიყო. შესანიშნავი იყო ჩვენებების შემდეგ წვეულებებიც. ლიკა ევგენიძის საქებრად უნდა ითქვას, რომ მან ამხელა „ივენთებს“ იდეალურად გაართვა თავი. მიუხედავად იმისა, რომ წვეულებებს უმაღლესი პირები ესწრებოდნენ, იქნებოდა ეს „თუ საიდში“, „ბამბა რუმსში“ თუ სხვა ადგილას, და შესაბამისად, კლუბებიც სავსე იყო მათი დაცვის წევრებით, შეზღუდვა და დისკომფორტი არც ერთ სტუმარს არ უგრძვნია. საღამოები ენერგიულად, გემოვნებიანი მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა.

მაგრამ ეს ყველაფერი იყო შეფუთვა, მთავარი კი დიზაინერები და მათ მიერ წარმოდგენილი კოლექციები იყო. სწორედ ეს იყო ამ შემთხვევაში ამ მოდის კვირეულის ყველაზე სუსტი რგოლი და როგორც არ უნდა ეცადათ ორგანიზატორებს ამ რგოლს თავად ვერაფრით გაამყარებდნენ. რომ არაფერი ვთქვათ ავთანდილზე, რომელმაც გახსნა მოდის კვირეული და ოქტომბრის ქარში, ძველ ხიდზე საოცრად ჰაეროვანი და ქალური კოლექცია წარმოადგინა, რომელიც თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ საუკეთესო იყო, რაც კი ავთანდილს უჩვენებია და ერთგვარ რეზიუმედაც იქცა მისი ათწლიანი მუშაობისა, პრეტ-ა-პორტეს ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონმა მოშემ ეს კოლექცია კლასიკად მონათლა და აღფრთოვანება ვერ დამალა დიზაინერის ნამუშევრებზე. განსაკუთრებული იყო მარიტა ჯანაშია საქორწილო კაბაში. ათობით მეტრი აბრეშუმი და ათასობით სვაროვსკის თვალი – ავთანდილის ჩვენების თვალისმომჭრელ დასასრულად იქცა. მომდევნო დღეს კი დაიწყო ჩვენებების რიგი. ორი დღის განმავლობაში ძალიან მოკრძალებული და შეზღუდული კომპლიმენტები ისმოდა. კრიტიკოსებმა მხოლოდ დიზაინერი გიორგი ფანცულაია აღნიშნეს და თქვეს, რომ მისი კოლექცია არავის ჰგავდა, ძალიან საინტერესო იყო თავისი იდეებით და კიდევ რამდენიმე დიზაინერის მხოლოდ ზოგიერთი დეტალი. ახალი და საინტერესო სიტყვა იყო „ატელიე ინფორმალის“ კოლექცია, განსაკუთრებით კი მათი სამკაულები. მოწონება დაიმსახურა აკა ნანიტაშვილმა, რომელსაც ვინტაჟ ქსოვილები ჰქონდა გამოყენებული კოლექციაში. მართალია, აკას ფეხსაცმლის ქუსლები წააგავდა მაკქუინის ცნობილ ფეხსაცმელს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ის რქისგან ანუ ყანწისგან იყო შექმნილი, გვაძლევს უფლებას, ვთქვათ, რომ ეს ახალი და საინტერესო მიგნება იყო. კრიტიკოსებმა და, სხვათა შორის, სოფო ჭყონიამაც, აღნიშნეს, რომ მათ აბსოლუტურად ყველაფერი აქვთ ნანახი და არ შეიძლება, აჩვენო დღეს ის თემები, რაზეც რომელიმე ცნობილმა დიზაინერმა ორი ან სამი წლის წინ იმუშავა. თუმცა, კაშკაშა სახელების კოლექციებიდან კი არა, ზოგიერთ დიზაინერს გასული სეზონის საკუთარი კოლექციებიდან ჰქონდა ძალიან ბევრი დეტალი გადმოტანილი. ამ შემთხვევაში, მათ გაუმართლათ, რადგან დამსწრე კრიტიკოსებისა და ჟურნალისტებიდან შარშან თბილისში არც ერთი არ იმყოფებოდა და შესაბამისად, მათთვის ეს სიახლე იყო. კრიტიკული შეფასებების შემდეგ, ისმოდა ძალიან ბევრი ახსნა-განმარტება იმის შესახებ, რომ ამა თუ იმ დიზაინერმა კოლექცია ორ დღეში, ერთ კვირაში, ხუთ დღეში შეკერა, რაც მათ ნამდვილად ვერ გაამართლებს. მაშინ, როდესაც შანსი გეძლევა შენზე დაწერონ, შენით აღფრთოვანდნენ, დაგაკვირდნენ და ამდენი ადამიანი ჩამოდის, რათა შეგაფასოს, სამოსის კერვა ხუთი დღით ადრე, არ უნდა დაიწყო. ისიც უნდა ითქვას, რომ ვერც უკრაინელმა დიზაინერებმა და ვერც გასპარ იურკიევიჩმა მოახდინეს კვირეულზე ფურორი. გასპარის კოლექციით ცოტა იმედგაცრუებული დავრჩი. ერთი ორი „ტკბილი სიტყვა“ მოდელებსაც ეკუთვნით. რომ არა უცხოელი და ერთი-ორი ქართველი მოდელი, რამდენიმე დიზაინერს ჩვენება ნამდვილად ჩაუვარდებოდა, რადგან ქართველი მოდელები ბიუსტჰალტერის გარეშე პოდიუმზე გამოსვლას არ თანხმდებოდნენ. უთხელეს კაბებზე კი ორი ზომით დიდი „ლიფი“ რბილად რომ ვთქვათ, ძალიან „უშნოდ“ ჩანდა.

რაც შეეხება შედეგებს, ამ კვირეულის შესახებ მსოფლიოს ყველა წამყვან გამოცემაში დაიბეჭდება და ვიმედოვნებთ, ახალბედობის გამო (ჟურნალისტებმაც ძალიან ბევრჯერ აღნიშნეს, ქართული მოდა, როგორც ასეთი, ახლა იბადებაო), დაგვინდობენ და რბილად დაწერენ ყველაფერ იმაზე, რაც ნახეს. ქართველ დიზაინერებს საოცარი ფანტაზია აქვთ, მათ სამოსში ბევრი იდეაა, მაგრამ შესრულებაა ცუდი! – ამ წინადადებას ხშირად გაიგონებდით კულისებში. შესრულება და ძალიან ბევრი მუშაობა უნდა ვისწავლოთ, ალბათ, თორემ ოცნება იმის შესახებ, რომ ვიღაც ჩამოვა, ჩემზე გადაირევა, აქედან წამიყვანს და მოდის სახლს გამიხსნის – მხოლოდ ოცნებად დარჩება. ერთადერთი, რაც სტუმრებმა დიზაინერებისგან წაიღეს, ეს კეტრინ ბაბასთვის ნაჩუქარი ხელნაკეთი ჩანთა და ბიჭოლას კოვზების ყელსაბამი და საყურეები იყო, რომელზეც თავად სტილისტი გაგიჟდა ისე მოეწონა. ბიჭოლამ აჩუქა ერთ-ერთ ჟურნალისტს თავისი ფერიას ფეხსაცმელი. ასე დასაჩუქრებულები და ბედნიერები წავიდნენ სტუმრები თბილისიდან. მე კი იმედს ვიტოვებ, რომ ამ ნივთებს კეტრინ ბაბას სხეულზე პარიზის, ლონდონის ან ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე დავინახავ და ვიტყვი, აი ეს კოვზები ჩვენ ვაჩუქეთ!




скачать dle 11.3