იცვლებიან თუ არა მამაკაცები ქორწინების მერე და რაზე არ უნდა დახუჭოს ქალმა თვალი
ცვლის თუ არა მამაკაცს ქორწინება და ოჯახი?! – ამ საკითხზე ბევრს მსჯელობენ ფსიქოლოგები. საერთოდ, რა ხდება იმის შემდეგ, როცა ორი ადამიანი ერთად ცხოვრებას გადაწყვეტს. აქვს თუ არა ქალს შანსი, წინასწარ განსაზღვროს, როგორი იქნება მისი კავშირი და თანაცხოვრება კონკრეტულ მამაკაცთან. რა პრობლემები შეიძლება, შეუქმნას მისი ხასიათის იმ თავისებურებებმა, რომლებსაც ქორწინებამდე ყურადღება არ მიაქცია. ფაქტია, რომ თუ კაცს აქვს ისეთი თვისებები ან ჩვევები, რომლებიც ურთიერთობის პირველ ეტაპზე არ მოგწონდათ და გაღიზიანებდათ, მაგრამ შეეგუეთ მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან ერთად ყოფნა გინდოდათ, შემდგომში ისინი გაცილებით მტკივნეულად იჩენს თავს. ქორწინების შემდეგ ადამიანები იცვლიან გარემოს, ეჩვევიან ცხოვრების ახალ პირობებს, მაგრამ ხასიათი იგივე რჩებათ.
ერთადერთი, რაც ქორწინების შემდეგ მამაკაცს უნდა გაუმძაფრდეს, ეს პასუხისმგებლობის გძნობაა, თუკი ის საერთოდ აქვს. მაგრამ, როცა მამაკაცი ქორწინებამდე იჩენს გულგრილობას, მიუტევებელ ქარაფშუტობას და უყურადღებობას, ალბათ, იმედი არ უნდა გქონდეს, რომ დაქორწინების შემდეგ ის თქვენი ოცნების უფლისწულად გადაიქცევა.
თამარი (34 წლის): ცუდია, რომ ჩემს შეცდომებს ასაკს ვერ დავაბრალებ. ამ ხნის ქალს უნდა მცოდნოდა, სად გამომეჩინა სისუსტე და მიმტევებლობა. მაგრამ, იმას კი ვიტყვი, ჩემზე ძალიან იმოქმედა იმ მოსაზრებამ, რომ ადამიანს ერთი შანსი აუცილებლად უნდა მისცე, მით უმეტეს, საყვარელ ადამიანს. სამწუხაროდ, არიან ისეთებიც, რომლებიც ასეთ შანსს ძალიან ცუდად იყენებენ. დაუსჯელობის სინდრომი უჩნდებათ და იმაზე გაცილებით უარესად იქცევიან, ვიდრე მანამდე იქცეოდნენ.
– კონკრეტულ შემთხვევაში, მეუღლეზეა ლაპარაკი?
– დიახ. ჩემს მეუღლეზე, მაგრამ ჩვენი შემთხვევა გამონაკლისი არ არის. ჩვენ გარშემო ასეთი რამ ძალიან ხშირია. ქალები ვაძლევთ შანსს, კაცები კი ამით ბოროტად სარგებლობენ. რამდენჯერ დამისველებია ბალიში ცრემლებით და რისთვის? ვის რა დავაკელი ამდენი ნერვიულობით? მხოლოდ საკუთარ თავს ვავნე. ქმარს რა, მისთვის ყველაფერი სულერთია. დახუჭავ ერთხელ თვალს, დახუჭავ მეორედ და... მესამედ შეიძლება ვეღარც გაახილო. არავის სჭირდება შენი დიდსულოვნება და მიმტევებლობა.
– ანუ, მამაკაცს შანსი არ უნდა მისცე?
– მე უკვე ვფიქრობ, რომ არა. თუმცა, ალბათ, მამაკაცსაც გააჩნია. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რამეს ვკარნახობ. გადაწყვეტილება ყველამ თავად უნდა მიიღოს, რომ მერე შედეგზეც თვითონ იყოს პასუხისმგებელი. საშინელებაა, როცა ვიღაცას რაღაცას აბრალებ და ფიქრობ, რადგან იმას დაუჯერე, იმიტომ დაგენგრა ცხოვრება. თუმცა, რაღაც მომენტში, ეს ცოტათი შვებისმომგვრელიც შეიძლება იყოს.
იმდენჯერ მინახავს სიზმარში, როგორ მიდიოდა ქმარი ჩემგან, რომ ამისგან სერიოზული სტრესი მივიღე. იმ პერიოდში უკვე ვიცოდი, რომ ვიღაც ჰყავდა. პრინციპში, გულის სიღრმეში, თავიდანვე ვიყავი იმისთვის მზად, რომ მიღალატებდა.
– ეს რას ნიშნავს?
– ხუთი წელია, ერთად ვართ და თავიდანვე ვამჩნევდი მის ისეთ თვისებებს, რაც ადრე თუ გვიან ღალატამდე მივიდოდა. დაქორწინებამდე სამი წელი ვიცნობდით და ვხვდებოდით ერთმანეთს. გულახდილად გეტყვით, დაქორწინება პირველმა მე შევთავაზე.
– ერთად ცხოვრობდით და ურთიერთობის ოფიციალურ ჩარჩოში მოქცევის ინიციატორი თქვენ იყავით?
– არა, არა. ერთად არ ვცხოვრობდით და არც ფიზიკური სიახლოვე გვქონდა. მხოლოდ ვხვდებოდით ერთმანეთს და ვეჭვობ, ჩემ გარდა, მას იმ პერიოდშიც ჰყავდა ვიღაც სხვა ფიზიკური სიახლოვისთვის. მე მაშინ ამას არ ჩავუღრმავდი. პირიქით, თვალის დახუჭვა ვამჯობინე. გადავწყვიტე, რომ დაქორწინების შემდეგ ყველაფერი შეიცვლებოდა.
– რა შეიცვლებოდა?
– ჩემი რჩეული შეიცვლებოდა. ეს ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო. გამართლებასაც კი ვუძებნიდი მის უპასუხისმგებლობას. მე რომ ბევრი რამის უფლებას არ ვაძლევდი, ხვდებით, ალბათ, რასაც ვგულისხმობ, იმიტომაც იხედება სხვისკენ-მეთქი. რომელი ნორმალური ქალი გაამართლებს შეყვარებულს ამ ფორმით. უკვე დანიშნულები ვიყავით, რომ მისი რომანების შესახებ რეალური ინფორმაცია მომივიდა. ამასაც არ მივაქციე ყურადღება.
– რატომ არ მიაქციეთ ყურადღება? დარწმუნებული იყავით მის სიყვარულში?
– მის სიყვარულში დარწმუნებული ვიყავი თუ არა, ამაზე არ დავფიქრებულვარ. ალბათ, ძალიან ქარაფშუტა გგონივართ, მაგრამ ძალიან ვიყავი შეყვარებული, თანაც ქორწინებაზე რომ დამთანხმდა, ეჭვი არ შემეპარა, რომ მასაც ვუყვარდი.
– და, არ ყვარებიხართ?
– უკვე ეჭვი მეპარება, რომ ჩემს ქმარს საერთოდ შეუძლია სიყვარული. უფრო სწორად, სხვისი სიყვარული, თორემ საკუთარი თავი რომ უზომოდ უყვარს, ამაში ეჭვი არ მეპარება. სწორედ ამ ეგოისტური სიყვარულიდან გამომდინარე, არ მტოვებს და არ მიდის ჩემგან, თორემ ჩემი სიყვარული კი არ აბრკოლებს. ახლა უკვე სხვანაირად მახსენდება ის ყველაფერი, რაც ჩვენს ქორწინებამდე იყო. მე მას მაშინ შანსი მივეცი.
– შეუცნობლად თუ შეგნებულად?
– პრინციპში, შეგნებულად. როცა რაღაცას აშკარად ხედავ და გრძნობ კიდეც, რომ გატყუებენ, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობ, არ შეიმჩნიო, ხომ ნიშნავს იმას, რომ შეგნებულად ხუჭავ თვალს?! მართალია, ჩემი შეყვარებულისგან საქორწინო ბეჭედიც მივიღე და თაიგულიც, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, ვიღაც გოგოსთან ერთად ბარში გასართობად ევლო. საერთო ნაცნობები იმდენი აღმოგვაჩნდა, რამდენიც გინდათ და მაშინვე მითხრეს, რა ხდებოდა.
– რეაქცია როგორი გქონდათ?
– ახლა უკვე ვიცი, რომ ძალიან არასწორი. თუმცა, მაშინ ვფიქრობდი, რომ კარგად მოვიქეცი. „არ შევიმჩნიე“ და ამით მას შანსი მივეცი, კიდევ ბევრჯერ მოვეტყუებინე, ოღონდ უკვე ქმრის როლში მყოფს. როცა ღალატი ადამიანს ხასიათში აქვს, მისთვის შანსის მიცემას არანაირი აზრი არა აქვს. ამით მას ვერც გამოასწორებ და ვერც მის სინდისზე იმოქმედებ. გამორიცხულია. თუ ვინმეს ჩემსავით სჯერა, რომ მამაკაცს ოჯახი ცვლის, ძალიან ცდება. ქმრის უღელში შებმულიც ისევე შეეცდება, „გაძვრეს“, როგორც ამას მანამდე აკეთებდა. სიყვარულმა დამაბრმავა, თორემ რა უნდოდა მაგის მიხვედრას.
– ესე იგი, სიყვარული ბრმაა...
– რა თქმა უნდა, ქალები მაინც ჯიუტად არ ვხედავთ იმას, რისი დანახვაც არ გვინდა, თორემ ჩვენზე უკეთ ვინ იცის, რას წარმოადგენს ის ადამიანი, ვის გვერდზეც ვცხოვრობთ. რად გვინდა სხვისი მითითება. ყველა ქალი გრძნობს, როცა ატყუებენ. თუ, რა თქმა უნდა, ძალიან სულელი არ არის.
– მაშინ, რატომ აძლევდით საშუალებას, მოეტყუებინეთ?
– რომ გითხრათ, სიყვარული იყო ამის მიზეზით-მეთქი, იტყვით, რომ მეც ძალიან სულელი ვარ... ალბათ, კატეგორიული და სერიოზული საუბარი უნდა მქონოდა მასთან მაშინვე, როცა კი პირველად „დავიჭირე“ ტყუილზე.
– ეს ყველაფერი დაქორწინებამდე ხდებოდა?
– დიახ. მისი ტყუილის დამადასტურებელი აშკარა ფაქტები უკვე ქორწინებამდე მქონდა. არ შემხვდებოდა და მეტყოდა, სამსახურში ძალიან ბევრი საქმე მქონდა და გვიანობამდე შემოვრჩიო. მერე გავიგებდი, რომ იმ დღეს სამსახურიდან ჩვეულებრივზე ადრე წასულა.
– ანუ, ამოწმებდით?
– ერთხელ მივხვდი, რომ მომატყუა, უფრო სწორად, როცა სხვისი დახმარებით გავიგე, რომ მომატყუა, მერე უკვე ვცდილობდი, გადამემოწმებინა მისი სიტყვები. მაგალითად, ერთხელ მითხრა, შაბათ-კვირას მეგობარი უნდა წავიყვანო რაიონში, ბებია-ბაბუა ჰყავს ჩამოსაყვანიო. იმ დღეებში რესტორნებში წასვლა გვქონდა გადაწყვეტილი, რომ რომელიმე ჩვენი ქორწილისთვის შეგვერჩია. ისე შეწუხებულმა თქვა, რა ვქნა, უარი ვეღარ ვუთხარიო, რომ ეჭვი არ გამჩენია. რამდენიმე დღის შემდეგ კი ის მეგობარი სრულიად შემთხვევით შემხვდა და მითხრა, შენს საქმროს გადაეცი, რომ ცუდად იქცევა, ტელეფონს მაინც უპასუხოს. ასეთი მოუცლელი როგორ არის, ჯერ ხომ არ მოუყვანია ცოლიო. ისე ვინერვიულე, კინაღამ მოვკვდი.
– მაგრამ მას მაინც არაფერი უთხარით...
– არა. არ ვუთხარი. კიდევ შევეცადე, გულთან ახლოს არ მიმეტანა ეს ამბავი. მიზეზს არ ჩავეძიე, რის გამოც მომატყუა.
– იმიტომ, რომ მიზეზი ისედაც იცოდით.
– დიახ. ვიცოდი. ოღონდ, საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი, რომ ამ მიზეზს სქესი ჰქონდა და სახელიც ერქვა. ისევ იმ იმედით, რომ დავქორწინდებოდით და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა.
– არავისთვის გითქვამთ თქვენი განცდების შესახებ?
– ერთადერთი ადამიანი, ვისაც ჩემი ეჭვების შესახებ გავუმხილე, ჩემი თანამშრომელი იყო. მასთან განსაკუთრებული მეგობრობა არ მაკავშირებდა, მაგრამ ზოგჯერ გულის მოოხება უბრალო ნაცნობთან უფრო გიადვილდება. თქვენ არ გქონიათ ასეთი შემთხვევა?! მოვუყევი ზოგადად და მითხრა, რომ ჯობდა, ამ ყველაფრისთვის ნაკლებად მიმექცია ყურადღება. ცოლად ხომ შენ მიყავხარ, რა განერვიულებსო. მეც მაშინ ამის მოსმენა მინდოდა და თავი დავიმშვიდე. თუმცა, შინაგანად მაინც დაძაბული ვიყავი.
– რატომ თავად მას არ დაელაპარაკეთ? გეკითხათ მიზეზი, რატომ ცდილობდა თქვენს მოტყუებას. მნიშვნელოვანი იყო თუ არა მისთვის ის ქალი.
– ამ ყველაფერს სჭირდებოდა გამბედაობა, რომელიც მე არც ახლა მაქვს და არც მაშინ მქონდა. გავჩუმდი, გავჩერდი და დავქორწინდით.
– მართლა გქონდათ იმედი, რომ დაქორწინების შემდეგ თქვენი მეუღლე აღარ გიღალატებდათ და ტყუილსაც არ გეტყოდათ?
– ძალიან მინდოდა ამის დაჯერება და მჯეროდა. ვფიქრობდი, რომ ოჯახური სითბო, სიმყუდროვე და ჩემი სიყვარული მას აქეთ-იქით წანწალის სურვილს გაუქრობდა. მამაკაცები ხომ აფასებენ კომფორტს და სიმყუდროვეს. ფიზიკური სიახლოვეც რომ გვექნება, სხვასთან რატომ წავა-მეთქი, ვფიქრობდი. ამიტომ ბევრი არ მიყოყმანია, ისე დავხუჭე თვალი მის ნაკლზე. მაგრამ ჩემმა ქმარმა, ეტყობა, გადაწყვიტა, რომ ყველაფრის უფლება ჰქონდა. ჩემ მიერ მიცემული შანსი მან ისე გამოიყენა, როგორც თავად აწყობდა. ჩემი სახით მომვლელი იშოვა, გართობაზე კი ერთი წუთითაც არ უთქვამს უარი. ან რატომ იტყოდა, როცა მე მას ამ ყველაფრის უფლებას ვაძლევდი. არავინ იცვლება, ხალხო, მით უმეტეს, უკეთესობისკენ. კაცს რაც მეტს აპატიებ, მით მეტად უვარდება თავში. თუ ის პასუხისმგებლობით თავიდანვე არ მოეკიდა ქორწინებით დაკისრებულ მოვალეობას, მერე არაფრის იმედი აღარ უნდა გქონდეს. გამორიცხულია, ერთ დღეს სინდისმა შეაწუხოს და საკუთარ თავს უთხრას, ამას რას ვაკეთებ, ასე როგორ შეიძლებაო. მე ასეთ მამაკაცს არ ვიცნობ.
– არიან მამაკაცები, რომლებიც გულწრფელად ნანობენ ღალატს და ამის მერე ცდილობენ, ის შანსი გაამართლონ, რომელსაც მას მეუღლე აძლევს პატიებით.
– ვიცი. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ღალატი მამაკაცს ხასიათში კი არა აქვს, რაღაც ხდება და სიტუაციიდან გამომდინარე ღალატობს. ასეთ მამაკაცს მართლა უნდა მისცე შანსი. ის მეორედ აღარ ეცდება, გიღალატოს. ჩემი ქმარი სხვა „ფენომენია“. ის ისე ცხოვრობს, როგორც მისთვის არის ხელსაყრელი. მე მართლა არ ვიცი ისეთი შემთხვევა, რომ ცოლს კაცი შეეცვალოს და „გადაეკეთებინოს“ თავის ყაიდაზე. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ასეც ხდებოდეს. ყოჩაღ ასეთ ცოლს! ძალიან მაგარი უნდა იყო, რომ კაცს ბოლომდე „მოუგრიხო“ კისერი.
– კისრის „მოგრეხას“ რას ეძახით?
– იმას, რომ კაცს ექნება შიში თუ რიდი, არ გააკეთოს ის, რაც მას ცოლის კეთილგანწყობას და ოჯახს დააკარგვინებს. ჩემს მეუღლეს რომ ამის შიში არა აქვს, ამაში მარტო მე ვარ დამნაშავე.
– თქვენ ხომ თქვით, როცა კაცს ხასიათში აქვს ღალატი, იმას ვერანაირი კონტროლი თუ ზეწოლა ვერ უშველისო.
– ხასიათს მართლაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ, ჩემი ქმრის შემთხვევაში, მე არ ვიცი, იმოქმედებდა, თუ არა მასზე ზეწოლა. ნამდვილად არ ვიცი, უღირს რამედ ოჯახი და ცოლი თუ – არა. ჯერჯერობით, არ უგრძნია, რომ ჩემი მოთმინების ფიალა ნელ-ნელა ივსება. ჯერ ისევ ვითმენ. არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე: ამოვხეთქო, რაც ამ წლების განმავლობაში დამიგროვდა და დავამთავრო ყველაფერი, თუ შევინარჩუნო ქმარი იმ იმედით, რომ რაღაც ეტაპზე, ეს ყველაფერი მოსწყინდება.
– თქვენი საუბრიდან ვხვდები, რომ გიყვართ ქმარი, მიუხედავად იმისა, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობთ.
– ასეა. თავს ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მიყვარს. იმას ვერ ვიტყვი, რომ ოჯახზე არ ზრუნავს, ფული არ მოაქვს ან ცუდი მამაა, მაგრამ პარალელურ რეჟიმში, იმასაც ახერხებს, რომ მეორე ცხოვრება ჰქონდეს, უკვე ოჯახის გარეთ.
– ფიქრობთ, რომ საყვარელი ჰყავს?
– საყვარელი, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, შეიძლება, არც ჰყავდეს, იმიტომ რომ მაშინ, ისიც ჩემსავით უნდა ატყუოს. უფრო სავარაუდოა, რომ „საყვარლუშკები“ ჰყავს – რამდენიმე „გამრთობი“ რელაქსაციისთვის. აი, ასე იყენებს ის ჩემ მიერ მიცემულ შანსს.
– თქვენ ის არც დაგიყენებიათ არჩევანის წინაშე. რა შანსზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?
– როგორ დავაყენო? მეშინია, კარი რომ გაიჯახუნოს და სულ წავიდეს? მე არ ვარ მზად ამისთვის და ალბათ, ვერც ვიქნები. ადამიანის ნაკლზე თვალს იმ მიზნით ხუჭავენ, რომ ბედნიერები იყვნენ, მე რა მომიტანა ჩემი ქმრის ნაკლოვანებებზე თვალის დახუჭვამ, არ ვიცი. ურთიერთობა მაშინ უნდა დამემთავრებინა, როცა პირველად მომატყუა. ახლა ალბათ, ძალიან გვიანია. ერთი სიტყვით, არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო. რა იქნება ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უკეთესი. მგონი, უკვე ჩიხში ვარ. ვშიშობ, რადგან ერთხელ დავხუჭე თვალი და შევეგუე, ასეთ მამაკაცს, ბოლომდე ასე იქნება. თავი მეც უნდა მოვიტყუო, რომ როდისმე მის ტყუილებს ბოლო მოეღება. ჯერჯერობით, სხვა რეალურ გამოსავალს ვერ ვხედავ, მაგრამ უკვე ძალიან მტკივა და მაწუხებს ეს მდგომარეობა.