კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ბავშვობის მეგობარი დავკარგე



მე და ედიკო ბავშვობიდან ერთად გავიზარდეთ და სკოლაშიც ერთად დავდიოდით. მერე სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარეთ და ამიტომ, ისე ხშირად ვეღარ ვიყავით ხოლმე ერთად, მაგრამ ძმაკაცობა არ შეგვიწყვეტია. ბოლო კურსზე მე უცხოეთში წავედი სასწავლებლად, ედიკო კი თბილისში დარჩა. რომ დავბრუნდი, რა თქმა უნდა, ვინახულე. თბილისური ამბები მომიყვა და თან დამეტრაბახა, გოგონებში მაგარი პოპულარული ვარ, „ნაშები“ ბუზებივით მეხვევიანო. როგორც გაირკვა, სერიოზული შეყვარებული არ ჰყავდა – ჯერ ისეთი არავინ შემხვედრია, რომ ჩემი სიყვარული დაემსახურებინაო. მერე იმაში გამომიტყდა, ერთ გოგოსთან დიდხანს ურთიერთობა არ შემიძლია და მალ-მალე ვიცვლი „ნაშებსო“. ისინი გაგირბიან თუ შენ იშორებ თავიდან-მეთქი. ეგღა მაკლია, გოგო გამექცეს, მე ვიშორებ, ოღონდ, ისე ტექნიკურად, რომ უსიამოვნებები არ შემხვედრიაო. ბოლოს შემპირდა, მაგარ გოგოებს გაგაცნობ, „გაგულავება“ შენც არ გაწყენსო. მე ვუთხარი, თუ დახმარება დამჭირდა, მოგმართავ-მეთქი. მერე ისე მოხდა, მთელი თვის განმავლობაში ედიკო არ მინახავს. ამასობაში, რამდენიმე ახალგაზრდულ წვეულებაზე მომიწია წასვლა და გავიცანი ძალიან კარგი გოგო. ჩვენ ერთმანეთი მოგვეწონა და ყოველდღე ვხვდებოდით კიდეც. ერთად არაჩვეულებრივად ვგრძნობდით თავს, ყველგან ერთად დავდიოდით. ერთხელ კი ქუჩაში ედიკო შეგვხვდა. ია რომ დაინახა ჩემთან ერთად, არც კი მომესალმა, გაბრაზებულმა მკითხა, შენ ამ გოგოსთან რა გინდაო. მე გავბრაზდი და უხეშად ვუპასუხე, ეს „გოგო“ კი არა, იაა, ჩემი შეყვარებული და, ძალიან გთხოვ, ცოტა ტონი და სიტყვები დახვეწე-მეთქი. ედიკომ ირონიულად გაიცინა და მკითხა, – შეყვარებული თუ „ნაშაო“? მე დასარტყმელად გავიწიე, მან კი პირდაპირ მომახალა: რა იყო, რას ბობოქრობ, ამას იმიტომ გეუბნები, რომ შარშან ჩემი „ნაშა“ იყოო. მერე კი იას მიუბრუნდა და ენის მოჩლექით უთხრა: ასე ალ ალის, ლამაზო? იამ ტირილი დაიწყო. ედიკომ დამცინავად შეხედა და ის იყო, რაღაც საძაგლობა უნდა ეთქვა, რომ, არ ვაცალე და მუშტი პირდაპირ ყბაში ვთხლიშე. ედიკო ასფალტზე გაიშოტა, ტუჩიდან სისხლი სდიოდა. რის ვაი-ვაგლახით წამოდგა და დამემუქრა: არც ამას შეგარჩენ და არც იმას გაპატიებ, ჩემს „ნაშებთან“ რომ დაძვრებიო.

მე იას ხელი ჩავკიდე და იქაურობას გავეცალეთ. მერე პარკში შევედით, სკამზე დავსხედით და იას ვთხოვე, აეხსნა, რა ხდებოდა.

მან მითხრა, შარშან ჯერ ჩემს დაქალზე იყო გადაკიდებული, მერე ჩემზე, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი, არც მის ზარებს ვპასუხობდი და, ძალიან რომ შემაწუხა, ჩემი ბიძაშვილები მივუგზავნე, რომ ჩამომეშორებინა. ახლა კი შურს იძიებს ჩემზე და ასე იმიტომ მოიქცა. ასეთ ნაძირალას შენ საიდან იცნობო. მეც ვუთხარი, საიდანაც ვიცნობდი.

ედიკოს იმავე საღამოს შევხვდი და მიიღო, რაც დაიმსახურა. ასე დავკარგე ბავშვობის მეგობარი, რაზეც, სიმართლე გითხრათ, მაინც გული მწყდება, მაგრამ არის რაღაც, რასაც ვერავის ვაპატიებ, თუნდაც ღვიძლი ძმა იყოს.

მე და ია კი დღესაც ერთად ვართ.

რეზო, 24 წლის.

ქმარმა ყველაზე მძიმე წუთებში მიმატოვა

ჩემი ისტორია მინდა, გიამბოთ. ძალიან გთხოვთ, დამიბეჭდეთ ეს წერილი, იქნებ ჩემმა ყოფილმა ქმარმა და დედამთილმა წაიკითხონ და მიხვდნენ, რომ უსამართლოდ მომექცნენ. მაინტერესებს, ღმერთს რა პასუხს გასცემენ, განსაკუთრებით – ჩემი დედამთილი, რომელიც ვითომ ეკლესიურად ცხოვრობს, სინამდვილეში კი ნამდვილი ფარისეველია. არ განიკითხოო, – სახარება გვეუბნება და მე დღეს ვარღვევ ამ სწავლებას, რადგან განვიკითხავ ქმარსაც და დედამთილსაც და ვიცი, რომ ამით ცოდვას ჩავდივარ, მაგრამ ისეთ სასოწარკვეთილებაში ვარ, ალბათ, ღმერთი მომიტევებს და აღარ დამსჯის. უკვე ისეთი დასჯილი ვარ, ამის იქით მხოლოდ სიკვდილიღაა უარესი სასჯელი (ან, იქნებ, შვებაც).

გავთხოვდი სიყვარულით. დათო რომ გავიცანი, ნარკომანი იყო, მაგრამ იმდენი დადებითი თვისება ჰქონდა, ისეთი დახვეწილი იყო ურთიერთობისას, განსაკუთრებით, როცა „წამალი“ არ ჰქონდა გაკეთებული, ისე გამოირჩეოდა ყველასგან ინტელექტით, ჯენტლმენობით, რომ მაშინვე შემიყვარდა, მით უმეტეს, გარეგნობითაც ძალიან მამაკაცური იყო. მეც არ ვიყავი უშნო და უწიგნური და დათომ გაცნობიდან რამდენიმე საათის შემდეგ მითხრა, რამდენი ხანია, შენნაირ გოგოს ვეძებდი და ძლივს ვიპოვეო. მაშინ „კაიფში“ არ იყო და არც ვიცოდი, თუ იკეთებდა. ეს მერე გავიგე, მეოთხე თუ მეხუთე პაემნის შემდეგ. თვითონ მითხრა, ძალიან მიყვარხარ და ვერ მოგატყუებ. ნარკომანი ვარ და ჯობია, ახლა დავშორდეთ ერთმანეთს, ჩემ გამო რატომ უნდა გაიუბედურო თავიო. მაგრამ, მე უკვე ისე მიყვარდა, ნარკომანი კი არა, ღმერთო, დაიფარე და, კაცის მკვლელიც რომ ყოფილიყო, ალბათ, მაინც არ მივატოვებდი. ასეც ვუთხარი. მერე ვთხოვე, თუ მართლა გიყვარვარ, ყველაფერი დამიჯერე და მაგ საზიზღრობას გადაგაგდებინებ-მეთქი. გაეცინა – ეგეთი რამ ჯერ არ მომხდარაო. მე ვუპასუხე, ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცი, შენზე უარესად „ჩაშვებულ“ ნარკომანებს დაუნებებიათ თავი. მთავარია, თვითონ უნდა მოინდომო. მე მჯერა, რომ შენ ამას შეძლებ-მეთქი. მოკლედ, დამთანხმდა. ეს პირობა რომ მომცა, იმ დღეს გადავწყვიტეთ, დავქორწინებულიყავით. დათო მეუბნებოდა, შენი მშობლები არ მოგცემენ ნებას, ჩემისთანა ბიჭს გაჰყვე ცოლად და მართლებიც იქნებიანო. მაგრამ, მე მშობლების აზრი აღარ მაინტერესებდა. გადავწყვიტე, რომ უნდა გადამერჩინა კაცი, რომელიც სიცოცხლეს მერჩივნა.

იმას აღარ მოგიყვებით, რა ბრძოლა გადავიტანე მშობლებთან, გეტყვით მხოლოდ, რომ მე და დათომ ჯვარი დავიწერეთ, ხელი მოვაწერეთ და საქორწინო მოგზაურობაში წავედით. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი დედამთილი დიდი ზარ-ზეიმით არ შემხვედრია. არ სჯეროდა, რომ მისი შვილი მართლა მიყვარდა და იმიტომ წავედი ასეთ რისკზე. ხელის მოწერის დღეს თავის ქმარს უთხრა (ისე, რომ მეც გამეგონა): ძალიანაც ნუ დაგვაყვედრიან თავს (მე და ჩემი მშობლები გვიგულისხმა), ესაც რომ დათოსნაირი არ იყოს, ცოლად რატომ გაჰყვებოდაო. ჩემმა მამამთილმა ძლივს გააჩუმა, – სირცხვილია, ხალხი გაიგონებს. თანაც, ამ ბავშვს არაფერი ეტყობა სამაგისო. იქნებ, მართლა უყვარს, იქნებ მართლა ეშველოს ჩვენს შვილს და გონს მოეგოსო. ამ სიტყვების გაგონების შემდეგ კიდევ უფრო მტკიცედ გადავწყვიტე გულში, რომ ქმარი ამ ჭაობიდან ამომეყვანა.

თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა დამიჯდა ეს ბრძოლა. მართალია, დათო თითქმის ყველაფერს მიჯერებდა, მაგრამ ხანდახან ისე უჭირდა, ისეთ დღეში ვარდებოდა, თავის მოკვლა მინდოდა.

ერთხელ, გულახდილი საუბრის დროს წამოვაცდენინე, ვინ გააკეთებინა პირველად ეს საზიზღრობა. მისი ბავშვობის მეგობარი აღმოჩნდა. ის ბიჭი ღარიბი ოჯახიდან იყო, დათოს შეძლებული მშობლები ჰყავდა და გამიზნულად ჩაითრია, რომ მუდმივი შემოსავლის წყარო ჰქონოდა. შვიდჯერ შემომთავაზა და ცდუნებას გავუძელი, მერვედ კი ისეთ სიტუაციაში შემომაპარა, დავეთანხმე, – საშინელ დეპრესიაში ვიყავი რაღაც ამბის გამო და ვიფიქრე, ამ ერთხელ თუ გავიკეთებ, არაფერი მოხდება-მეთქი და დავეთანხმე. „ამ ერთხელს“ კი მერე მრავალი „ერთხელ“ მოჰყვა და ასე ჩავეშვიო, – მითხრა ქმარმა.

რა გგონიათ, რა გავაკეთე? მოვძებნე ის ბიჭი, მივაკითხე სახლში და მშობლების თანდასწრებით ვუთხარი, თუ არ გინდათ, რომ თქვენი შვილი დავაჭერინო ნარკოტიკებით „ბარიგობისთვის“ და წესიერი ბიჭების ამ საქმეში ჩათრევისთვის, ჩემს ქმარს ახლოს არ გაეკაროს და არც ტელეფონით დაურეკოთ, თორემ მთელ ოჯახს სიკვდილს მოგანატრებთ-მეთქი. დედამისმა რაღაც მუქარის მაგვარი წამოიწიკვინა, მაგრამ მე მაგრად დავუხვდი, რაღაც ფაქტები ჩამოვუთვალე (მისი შვილის „კაიკაცობის“) და ვუთხარი, ეს ყველაფერი დაწერილი მაქვს ფურცელზე და ჩემს ახლობელ იურისტს ჩავაბარე. როგორც კი რაიმე მცდელობა იქნება თქვენი მხრიდან ჩემი ქმრის მიმართ, ან სხვისი ხელით დააპირებთ სამაგიეროს გადახდას, ის იურისტი მაშინვე საქმეს აღძრავს. თქვენ კი მასთან ერთად ჩაჯდებით ციხეში სამუდამო პატიმრობით „ბარიგობაში“ ხელის შეწყობისა და გასაყიდი ნარკოტიკების სახლში შენახვის გამო-მეთქი. ეს ისე ვუთხარი, შესაშინებლად. სინამდვილეში არც ვიცოდი, მართლა ასე იყო თუ არა. მაგრამ, ხომ გაგიგიათ, ქურდს ქუდი ეწვისო. ეტყობა, ჩემი ბრალდება მიზანს მოხვდა, თუ უბრალოდ, მიხვდნენ, რომ ჩემთან მუქარა არ გაუვიდოდათ, თავიანთი ნაძირალა შვილი რამდენიმე დღეში, როგორც გავიგე, ამერიკაში წაუყვანიათ ბიძასთან. ეს ნაგავი რომ მოვიშორე, დანარჩენებიც ჩამოვიარე და ასე ნელ-ნელა ჩამოვაშორე დათოს ყველა „წამლის ძმაკაცი“. მაგრამ, კლინიკაში ორჯერ მაინც მოუწია დაწოლა. მე დღედაღამ იქ ვეჯექი, რომ ვინმეს რამე არ შემოეწოდებინა. ამის შემდეგ ბიშკეკშიც მყავდა, მერე გერმანიაშიც ვიყავი (მამაჩემი და მამამთილი გვაფინანსებდნენ). მოკლედ, ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, მივაღწიე მიზანს და დათომ წამალი საბოლოოდ გადააგდო. მაგრამ, სულ იმის შიში მქონდა, რაღაც მომენტში სულმა არ წასძლიოს-მეთქი. დათო შვილზე ოცნებობდა, მაგრამ შეგნებულად არ ვაჩენდი, მეშინოდა, დეფექტური ბავშვი არ გაგვიჩნდეს-მეთქი. ერთ დღესაც, დათო მეუბნება, ახლა ხომ ყველაფერი უკან დარჩა, შვილზე აღარ უნდა ვიფიქროთო? მე ვუთხარი, ექიმმა მითხრა, კიდევ ერთი წელი ახლოსაც არ უნდა გაეკარო წამალს, რომ შენი სისხლი მთლიანად გასუფთავდეს და მხოლოდ მერე გვაქვს შვილის გაჩენის უფლება-მეთქი. ექიმიც გაფრთხილებული მყავდა, რომ თუ დათო რამეს ჰკითხავდა, ასე ეთქვა. დათომ მაინც გადამამოწმა, და იგივე პასუხი რომ, მიიღო, მითხრა, ისედაც აღარაფერს ვაპირებდი, მაგრამ ახლა იმ საშინელების სახელსაც აღარ ვახსენებო.

მოკლედ, დავუბრუნე ქმარი ჯანსაღ ყოფას და ვცხოვრობდით ბედნიერად. ამასობაში სამი წელი გავიდა. მამაჩემმა დათო კარგ სამსახურშიც მოაწყო და უკვე შვილზეც დავიწყეთ ფიქრი. რამდენიმე თვის შემდეგ დავფეხმძიმდი და მომავლის გეგმებს ვაწყობდით, რომ ავარიაში მოვყევი, ორივე ფეხი რამდენიმე ადგილას გადამიტყდა და დავკოჭლდი – ყავარჯნების გარეშე სიარული აღარ შემეძლო, ყოველ შემთხვევაში, როგორც ექიმმა მითხრა, ერთი წელი ამ მდგომარეობაში უნდა ვყოფილიყავი, მერე კი, რამდენიმე ოპერაციის შედეგად, უყავარჯნოდ სიარულსაც შევძლებდი. მაგრამ ეს საერთოდ არ მაღელვებდა, სიცოცხლე აღარ მინდოდა, რადგან მუცელი მომეშალა და ექიმებმა მითხრეს, შვილი აღარ გეყოლებაო. ეს ისეთი შოკი იყო, ფეხები ვიღას ახსოვდა. მაგრამ, თურმე სულ ეს არ იყო. მართალია, თავიდან დათო თავს მევლებოდა, მაგრამ მერე, როცა ჩემს სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, ვგრძნობდი, რომ ისიც და მისი მშობლებიც (განსაკუთრებით – დედამთილი) რაღაცნაირად გაცივდნენ ჩემ მიმართ. ერთ დღეს კი დედამისმა გამომიცხადა, შენ და დათო ერთმანეთს უნდა დაშორდეთო. რაღაც ცუდის წინათგრძნობა კი მქონდა, მაგრამ ასეთ საშინელებას მაინც ვერ წარმოვიდგენდი. რამდენიმე წუთს, მგონი, გონებაც დავკარგე. მერე ძალა მოვიკრიბე და ვკითხე, დათოს მაგივრად თქვენ რატომ ლაპარაკობთ-მეთქი. მას ეცოდები და ვერ გეუბნება. სიმართლე გითხრა, ვერც ვამტყუნებ. ჩემი შვილი წარმატებული და ქალაქში ცნობილი კაცია, ქალები მის გამო ვენებს იჭრიან და უშვილო და ხეიბარი ცოლი რატომ უნდა ჰყავდეს, ან, სად გამოჩნდეს მასთან ერთადო. იმწუთას ის ვიფიქრე, ნეტავ დავღუპულიყავი იმ ავარიაში-მეთქი. ჩემს დედამთილს კი ვუთხარი, დათომ თვითონ მითხრას ეს ყველაფერი და დღესვე წავალ აქედან-მეთქი. საღამოს დედამისმა დათო ჩემს ოთახში შემოიყვანა და უთხრა, ჩემი ნათქვამი არ დაიჯერა ქალბატონმა, მაინცდამაინც შენგან უნდა ამ სიტყვების გაგონება და მოახსენე, რასაც ფიქრობო. დათო დაიბნა. მე მხოლოდ ერთი კითხვა დავუსვი – აღარ გიყვარვარ-მეთქი? ვერაფერი მიპასუხა, ჯერ თავი ჩაღუნა, მერე კი უხმოდ გავიდა ოთახიდან. დედაჩემს იმავე საღამოს დავურეკე და ჩემმა მშობლებმა მაშინვე სახლში წამიყვანეს. იქ ერთი წუთითაც აღარ შემეძლო გაჩერება, ისეთი უცხო გახდა ჩემთვის იქაურობა.

სამი თვის შემდეგ მე და დათო ერთმანეთს გავეყარეთ. მისმა შეფმა რომ გაიგო, რაც მოხდა, დაიბარა თავისთან ვაჟბატონი და უთხრა, შენი ცოლისა და სიმამრის წყალობით გახდი ის, რაც დღეს ხარ, მაგრამ, სამწუხაროდ, კაცობა ადამიანს შიგნით უნდა ჰქონდეს, გულში. არაკაცი ყოფილხარ, არაკაცები ნამდვილად არ მჭირდება, შენნაირ სპეციალისტს კი დღეში ათს ვიშოვიო, – და გაუთავისუფლებია სამსახურიდან. ახლა მამაჩემს აბრალებენ – შური იძია და თავის ძმაკაცს გააგდებინაო. ჯერ ერთი, მართლა არ უქნია ეს მამაჩემს, მაგრამ, რომც ექნა, გასამტყუნარი იქნებოდა?!

თათა, 28 წლის.



საცოლის დაქალი შემიყვარდა

ასეთი რამ, მეგონა, მხოლოდ წიგნებში ან ფილმებში ხდებოდა, მაგრამ მე თვითონ გავები ისეთ მახეში, რომელსაც თავი ვეღარ დავაღწიე და ახლა საშინელ მდგომარეობაში ვარ ჩავარდნილი. ყველაფერს შეულამაზებლად გიამბობთ და თქვენ განსაჯეთ, სწორად მოვიქეცი თუ არა.

მყავდა შეყვარებული, რომელსაც ნახევარი წელი ვხვდებოდი. ცოტა ჭირვეული და უხასიათო კი იყო, მაგრამ მიყვარდა და ვიტანდი მის პრეტენზიებს. არ მინდა, ახლა ჭორაობასავით გამომივიდეს, მაგრამ, ცოტა არ იყოს, მღლიდა მისი მარადიული უკმაყოფილება. სულ თვალებში შევყურებდი და ვცდილობდი, მესიამოვნებინა, ირმასგან ერთ ღიმილსაც ვერ ვიმსახურებდი. რაც არ უნდა გამეკეთებინა, ყველაფერზე ცხვირს იბზუებდა. კარგ ხასიათზე, მხიარულ განწყობაზე თითქმის არ მინახავს, ძირითადად მოღუშული და წარბაწეული იყო. ალბათ, იფიქრებთ, ასეთი გოგო რამ შეგაყვარაო. რა ვიცი, მაინც მიყვარდა და სულ ვცდილობდი, მისი გული მომეგო. იმედი მქონდა, ბოლოს მაინც დააფასებდა ჩემს მცდელობასაც და სიყვარულსაც. სხვათა შორის, ერთხელ მითხრა, მეც მიყვარხარ, მაგრამ ასეთი ხასიათი მაქვს და რა ვქნაო. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, გადავწყვიტეთ, დავქორწინებულიყავით. ჩემი მშობლები შორიდან იცნობდნენ ირმას. არ ვიცი, ალბათ, იცოდნენ, მისი უხასიათობის შესახებ და ამიტომ დიდი ოვაციებით არ შეხვედრიან ჩვენს გადაწყვეტილებას. დედაჩემმა მხოლოდ ის მითხრა, შენ თუ გიყვარს და დარწმუნებული ხარ, რომ მასთან ერთად ბედნიერი იქნები, ჩვენ ხმას არ ამოვიღებთო. ერთი სიტყვით, დავიწყეთ საქორწილო მზადება. ირმამ თავისი ერთ-ერთი დაქალი გამაცნო, რომელიც მისი მეჯვარე უნდა ყოფილიყო. მანამდე ტასო ერთხელ თუ ორჯერ მყავდა ნანახი. პრაქტიკულად, არ ვიცნობდი. რაღაც საორგანიზაციო საქმეებზე მე, ტასოს და ჩემს მომავალ მეჯვარეს, შოთიკოს ერთად მოგვიწია სიარული და ერთ დღესაც, აღმოვაჩინე, რომ სწორედ ტასო იყო ის გოგო, „ოცნების ქალს“ რომ უძახიან. თავიდან თავს არ ვუტყდებოდი, მერე კი მივხვდი, რომ უგონოდ შემიყვარდა ეს მხიარული, სათნო და ხალისიანი გოგო. სინდისი მქენჯნიდა, ვცდილობდი, დამერწმუნებინა თავი, რომ ეს მხოლოდ მეჩვენებოდა, მაგრამ, როცა მასა და ირმას შორის ვავლებდი პარალელს, ვგრძნობდი, როგორ თანდათან ვშორდებოდი ჩემს საცოლეს სულიერად. მანამდე ხომ ვიყავი დარწმუნებული, რომ ირმა მიყვარდა. ახლა ერთმანეთს რომ ვადარებდი ტასოსადმი სიყვარულსა და ირმასადმი გრძნობას, ვხვდებოდი, რომ ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ახლა მეწვია. თან, ვგრძნობდი, არც ტასო იყო ჩემდამი გულგრილად, მაგრამ არ იმჩნევდა. მერე ისე მოხდა, რომ მე და ირმამ რაღაც წვრილმანზე სერიოზულად ვიჩხუბეთ და, ჩემი დასჯის მიზნით, გამომიცხადა, აღარ გამოგყვები ცოლად, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდაო. გამოგიტყდებით და, გულში გამიხარდა კიდეც. ის კი არა, მეშინოდა, არ გადაიფიქროს და არ შემირიგდეს-მეთქი. ერთი სიტყვით, კარს მომდგარი ქორწილი ჩავშალეთ და ერთმანეთს სამუდამოდ დავემშვიდობეთ, რაღაც პერიოდი რომ გავიდა, ტასოს დავურეკე და სიყვარულში გამოვუტყდი, მაგრამ მან ახლოსაც არ გამიკარა, კარგადაც გამომლანძღა – ბიჭები ყველანი ერთნაირები ხართ. შენთვის შეიძლება, ღალატი არაფერს ნიშნავს, მაგრამ მე ჩემს დაქალს არასდროს ვუღალატებო. დარეკვაც ამიკრძალა და შეხვედრაც. მართალია, ასე მომექცა (რაშიც ნამდვილად ვერ გავამტყუნე), მაგრამ ნამდვილად ვიცი, მასაც ვუყვარვარ, რომ იტყვიან, ამას კანით ვგრძნობ. იმედს ვიტოვებ, მოვა დრო, როცა ტასო გადალახავს წინააღმდეგობას საკუთარ თავში და ჩემთან შეხვედრაზე უარს არ იტყვის.

ჯაბა, 27 წლის.


скачать dle 11.3