ვისთან ერთად გეგმავს ახალი წლის შეხვედრას თიკა ალავიძე და რატომ არ იქნება მის გვერდით საყვარელი მეუღლე
ცნობილი ქართველი კალთბურთელი ზაზა ფაჩულია ოჯახთან ერთად საზაფხულო არდადეგების შემდეგ ამერიკაში დაბრუნდა და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ზაზა კალათბურთის ახალი სეზონისთვის მზადებაშია, ხოლო თიკა სხვადასხვა საქმით არის დაკავებული. ახლო მომავალში კი, საბალეტო სკოლის გახსნას გეგმავს.
თიკა ალავიძე: საქართველოდან რომ დავბრუნდით, თავიდან გაგვიხარდა, მაგრამ, მერე უცბად მივხვდით, რომ ხალხი, რომელიც თბილისში დავტოვეთ, ძალიან დაგვაკლდა. მთელი ორთვე-ნახევარი მეგობრების გარემოცვაში ვიყავით და უცებ აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ძალიან გვიყვარს, ჩვენს გვერდით აღარ არიან და გული დაგვწყდა. დათუჩაც ხან ვის ეძებდა, ხან – ვის, იძახდა სახელებს, ვინც საქართველოში გაიცნო. ახლა ისევ შევეჩვიეთ ყველაფერს და ჩვენს ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდით. თბილისში რომ ჩამოვედით, პირველი ერთი თვე საერთოდ არც გამხსენებია ამერიკა, მეორე თვეში მენატრებოდა, ბოლოს კი უკვე მართლა ძალიან მინდოდა აქეთ წამოსვლა. მოკლედ, ემიგრანტული ცხოვრებით ვცხოვრობთ: როცა ამერიკაში ვართ, საქართველო გვენატრება, საქართველოში კი – ამერიკა.
– საქართველოში სამი წელი არ იყავი ნამყოფი. შენი პირველი რეაქცია როგორი იყო როცა ჩამოხვედი?
– საქართველოში რომ ჩამოვედი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სხვაგან ჩავედი. ამდენი წლის შემდეგ მართლა ძალიან გალამაზებული და დასუფთავებული დამხვდა თბილისი. ძალიან ბედნიერი ვიყავი. თბილისს ტურისტივით ვათვალიერებდი. პირველი, რაც თვალში მომხვდა, ეკლესიებია, რაც აქ, ამერიკაში ძალიან მაკლია. კი არის ეკლესიები, მაგრამ, ზოგი ბაფტისტურია, ზოგი კათოლიკური და ასე შემდეგ. თბილისში კი ამდენი ეკლესია რომ მომხვდა თვალში, ძალიან გამიხარდა და ბედნიერი ვიყავი.
– შენ და ზაზამ ჯვარი თბილისში დაიწერეთ და ღვთის წინაშე უკვე კანონიერი ცოლ-ქმარი ხართ.
– ჯვრის დაწერა ამერიკაშიც შეგვეძლო, მაგრამ, საქართველოში ვარჩიეთ. თან, საბას მონათვლაც მანდ გვინდოდა. დათუჩა რომ მოვნათლეთ, ადრე სკოლის შენობა იყო, რომელშიც ახლა ქართული ეკლესია მდებარეობს. ამიტომ გვინდოდა საბა საქართველოში, მამადავითის ეკლესიაში მოგვენათლა. ასეც მოვიქეცით და ჯვარიც მამადავითზე დავიწერეთ. იმის გამო, რომ ორგანიზების დრო არ გვქონდა, ჯვრისწერა ძალიან ვიწრო წრეში აღვნიშნეთ, სადაც, რეალურად, მეჯვარეები და რამდენიმე ახლო მეგობარი იყვნენ. ჩემთვის ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო და გულმოდგინედ მოვემზადე. მინდოდა, მეგრძნო, რომ ეს ჩემთვის განსაკუთრებული მომენტი იყო.
– ვისი კაბა გეცვა?
– კაბა ამერიკაში შევიძინე, მაგრამ, რომელიმე ცნობილი დიზაინერის არ ყოფილა, ჩვეულებრივი კაბა იყო.
– როგორც ვიცი, ახლა ზაზა ვარჯიშობს. ალბათ, სეზონიც მალე გაიხსნება...
– ამხანაგური თამაშები ჰქონდათ, მაგრამ ოფიციალური სეზონი ზეგ დაიწყება (ინტერვიუ ჩაწერილია 25 ოქტომბერს, – ავტორი). იმედია, მათთვის წარმატებული სეზონი იქნება, თან, მწვრთნელი შეუცვალეს და უფრო კარგი განწყობით არიან.
– ბოლო წლები შეჩვეული ხარ NBA-ს თამაშებზე დასწრებას, რაც ერთგვარი ზეიმია მაყურებლისთვის. თბილისში ყოფნის დროსაც ზაზას ყველა თამაშს დაესწარი. როგორ შეადარებ ერთმანეთს?
– ამერიკაში თამაში ამერიკის ჰიმნით იწყება, რასაც უკვე შეჩვეული ვარ. თბილისში საქართველოს ჰიმნი რომ გაჟღერდა, სულ სხვა გრძნობა მქონდა. აქ, მაგალითად, ზაზა მოედანზე თუ აღარ დგას, ყურადღებას ვადუნებ და აღარ ვაქტიურობ. საქართველოში კი ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაინც ორმაგად ვგულშემატკივრობდი ნაკრებს. ძალიან განვიცადე, როცა ზაზამ ტრავმა მიიღო და, შეიძლებოდა, დარჩენილი გადამწყვეტი თამაშები ნაკრებთან ერთად ვეღარ ეთამაშა. საქართველოსა და პოლონეთში ვერ გადაწყვიტეს, მიეცათ ზაზასთვის თამაშის უფლება თუ არა. ბოლოს ამერიკაში თავის ექიმს გადაუგზავნა სურათი და ჰკითხა, ერთი პროცენტი მაინც თუ ჰქონდა შანსი, რომ ეთამაშა. ეს იმდენად სარისკო იყო, რომ, რაღაც მომენტში, შეიძლება, თავისი კარიერა გვერდზე დარჩენოდა. ექიმმა არჩევანი ზაზას მიანდო, რადგან ბოლო პასუხი მისი გადასაწყვეტი იყო. მიუხედავად ამისა, ზაზამ გარისკა და თამაში არჩია, რადგან ნაკრებს გადამწყვეტ მომენტში ვერ მიატოვებდა.
– ჯვრისწერას რომ აღნიშნავდით, ზაზამ მაშინ გაიგო, რომ საქართველოს ნაკრები ევროპაზე მოხვდა?
– ბატონმა ბესო ლიპარტელიანმა რომ დაურეკა, უცებ სახე შეეცვალა და ფერი დაკარგა. ძალიან ვინერვიულე, რადგან ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ბოლოს გვითხრა, მე მგონი, ევროპაზე გავედითო. კოტე ტუღუშმა და გიორგი ცინცაძემ – კარგი, რას „კაიფობო“. ბავშვებს ვფიცავარ, მართლა ევროპაზე გავედითო. ამის მერე წამოხტდნენ და იყო მთელი ამბავი, ჯვრისწერა არავის აღარ გვახსოვდა.
– ვიცი, რომ ძალიან გინდოდა საბალეტო სკოლის გახსნა, რომელიც მზადების პროცესში იყო.
– ჯერჯერობით, ბავშვების გამო, საბალეტო სკოლის გახსნას ვერ მოვაბი თავი, მაგრამ, ისევ გეგმაში რჩება. თან, ძალიან ბევრი მსურველია და უნდათ, რომ გავაკეთოთ. ამიტომ, სამომავლოდ აუცილებლად გავაკეთებ.
– რამდენი წლის არიან ბავშვები?
– 2 და 1 წლის.
– მესამეს ხომ არ გეგმავთ ახლო მომავალში?
– სავარაუდოდ, მომდევნო სამი წელი – არა. მე ძალიან მინდა გოგო, ზაზას კი – ისევ ბიჭი. მართალია, ამბობს, მნიშვნელობა აღარ აქვს, რომელი დაიბადებაო, მაგრამ, მე ხომ ვიცი, რომ გულის სიღრმეში მაინც ბიჭი ურჩევნია. ეს იმიტომ, რომ ჯერ არ იცის, რა საყვარელია გოგო მამისთვის, ეს საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი.
– დღის განმავლობაში რით ხარ დაკავებული?
– ძირითადად, ბავშვები დამყავს პარკში. ასევე, დავდივარ სავარჯიშოდ – მყავს პირადი მწვრთნელი, რომელიც მავარჯიშებს. არ მინდა, ფორმიდან ამოვვარდე და წყალში გადავყარო, რაც ამდენი წელი მივარჯიშია. მერე ვხვდები მეგობრებს; თუ თამაშია, თამაშზე მივდივარ.
– რაში გავარჯიშებს პირადი მწვრთნელი?
– ძირითადად ტრენაჟორებზე ვვარჯიშობ. იოგაზე და „ზუმბაზეც“ დავდივარ – ეს ყველაფერი ერთ კომპლექსშია მოქცეული.
– „ზუმბა“ რა არის?
– ლათინური ცეკვები და ფიტნესი ერთად. ძალიან საინტერესოა და მომწონს.
– დიასახლისობას რაც შეეხება, ართმევ თავს?
– ძალიან მეხალისება, ზაზა რომ მოდის სახლში და კერძს ვახვედრებ. ბოლო დროს ძალიან მოსწონს ჩემი მომზადებული საჭმელი, თუმცა, ვერ ვიტყვი, თავიდანვე გიჟდებოდა-მეთქი. განსაკუთრებულად მოსწონს, საუზმეს რომ ვუკეთებ. სადილს რაც შეეხება, ყველაფრის მომზადება არ შემიძლია, ხშირად ინტერნეტიდან ვიწერ რეცეპტებს, ან, იმას ვაკეთებ, რაც მომინდება. სხვათა შორის, კარგი რაღაცეები გამომდის. ეტყობა, მოსწონთ, ხომ არ მომატყუებენ.
– დარწმუნებული ვარ, ცეკვა ძალიან გენატრება.
– ძალიან და, ერთი სული მაქვს, 5 ნოემბერი როდის მოვა. ნიუ-იორკში „სუხიშვილები“ ჩამოდიან და მეც მივდივარ. ჩემებს რომ ვნახავ, ძალიან ბედნიერი ვარ, უკვე დღეებს ვითვლი.
– ჯვრისწერასა და ნათლობაზე ალბათ ძალიან ბევრი იცეკვე.
– ნათლობა უფრო ფართო წრეში აღვნიშნეთ, სადაც „სუხიშვილებიც“ იყვნენ. ერთად ძალიან ბევრი ვიცეკვეთ. წყნეთში ნიანიუმ თავისი ქორწინების იუბილე აღნიშნა, რომელსაც ბევრი სტუმარი ესწრებოდა. „სუხიშვილებს“ „ლაზური“ უნდა ეცეკვათ. მოულოდნელად ხელი მომკიდეს, სცენაზე ამაგდეს და ჩემი პარტია მე მაცეკვეს. ასე რომ, სამი წლის შემდეგ რეპეტიციის გარეშე ვიცეკვე. ხალხი ძალიან მამხნევებდა. ისეთი ბედნიერი ვიყავი, მეგონა ცეკვისთვის საერთოდ არ მქონდა თავი დანებებული. მერე „არტ-გენსაც“ დავესწარით მე და ზაზა, მასაც ძალიან უყვარს ქართული ცეკვები.
– ზაზაც ააცეკვე?
– ზაზას პლასტიკისა და რიტმის საოცარი შეგრძნება აქვს და ძალიან კარგად ცეკვავს. მიუხედავად იმისა, რომ ამსიმაღლეა, მოუქნელი ნამდვილად არ არის. აქ რეპეტიციებს გავდიოდით და ჯვრისწერაზე უკვე სერიოზული დუეტი გვქონდა.
– ზაზას ქართული ტრადიციული ცეკვები რომ ასწავლე, გასაგებია, მაგრამ, მან თუ გასწავლა კალათბურთის თამაში?
– ზაზა არ მასწავლის კალათბურთის თამაშს. ერთი-ორჯერ ვარჯიშზე წამიყვანა და ბურთი ვისროლე, მაგრამ, არაფერი გამოვიდა ჩემგან. მართალია, კალათბურთის თამაში ვერ ვისწავლე, სამაგიეროდ, ბავშვებს აქტიურად ვასწავლი. რაღაც მოძრაობებს – ყველაფერს, რაც მახსოვს, რაზეც ზაზა ძალიან დაგვცინის. მეუბნება, კალათბურთს, გირჩევნია, ბავშვებს ცეკვა ასწავლოო.
– მართალია, ჯერ ოქტომბრის მიწურულია, მაგრამ, ალბათ, შობისთვის უკვე ემზადებით.
– 25 დეკემბერს შობას არ აღვნიშნავთ, ჩვენ ახალი წლისთვის ვემზადებით. თან, 30 დეკემბერს ჩემი დაბადების დღეა. უკვე სამი წელია, დაბადების დღეს ზაზას გარეშე აღვნიშნავ, რადგან ამ დროს სულ გასვლითი თამაშები აქვს. ასე რომ, უკვე მეოთხე წელია, მის გარეშე ვიქნები. სულ მეხვეწება, მასთან ერთად წავიდე, მაგრამ, მაშინ, ახალ წელსაც არ უნდა ვიყო სახლში და ბავშვებს ვერ დავტოვებ. ისიც ეყოფათ, ახალ წელს მამის გარეშე რომ ხვდებიან და, დედაც რომ არ ჰყავდეთ გვერდით, მეცოდებიან. ამიტომ, გადავწყვიტე, დაბადების დღე და ახალი წელი მათთან ერთად გავატარო.
– სტუმრად არ ელოდებით მშობლებს?
– დედაჩემი ორი წელი აქ ხვდებოდა ახალ წელს, ახლა კი გამომიცხადა, მომენატრა ქართული ახალი წელიო და წავიდა.
– მახსოვს, მას ძალიან ეშინოდა თვითმფრინავით მგზავრობის და, თანახმა იყო, ამერიკამდე ფეხით ჩამოსულიყო, ოღონდ თვითმფრინავით არა.
– უკვე იმდენჯერ ჩამოვიდა და წავიდა, რომ შევაჩვიე და უკვე ფრენის შიშიც გაუქრა. ეს შიში გვარში გვაქვს – თვითმფრინავში რომ ავდივარ, მეც დამამშვიდებელ წამალს ვსვამ. ერთადერთხელ ვერ ვიგრძენი ფრენის შიში, როცა ბავშვები ამსტერდამიდან ამერიკაში წავიყვანეთ. ისე ცუდად მოიქცნენ, არაფერი აღარ მახსოვდა. ერთი სული მქონდა, როდის დაჯდებოდა თვითმფრინავი. მთელი გზა ხელში აყვანილი დაგვყავდა აქეთ-იქით.