როგორ შეიქმნა ცხრასანტიმეტრიანი თოჯინა და რატომ შერჩა ეს სახელი ერთ-ერთ ექსპონატს ლეილა ციბახაშვილის კოლექციიდან
ლეილა ციბახაშვილის კოლექციაში ერთი ნიშნით გაერთიანებული სხვადასხვა დანიშნულების ნაკეთობებია თავმოყრილი – ყოველი მათგანი ეთნოგრაფიულ სტილშია შესრულებული. თუ როდის, რატომ და როგორ დაიწყო ამ კოლექციის შექმნა ქალბატონმა ლეილამ, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ქალბატონო ლეილა, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი კოლექციის მფლობელი ბრძანდებით. როდის და როგორ დაიწყეთ მასზე მუშაობა?
– ეს ყველაფერი დაახლოებით 20-25 წლის წინათ დაიწყო, მაშინ, როდესაც ჩემი გოგონა პატარა იყო და მთხოვა, მისთვის დამემზადებინა თოჯინა, უფრო სწორად, რბილი სათამაშო, რომელიც მასთან ერთად დაიძინებდა. სწორედ მაშინ შევქმენი პირველი თოჯინა და მუშაობის პროცესი ძალიან მომეწონა.
– გამოდის, თვითნასწავლი მეთოჯინე ბრძანდებით. არ გაგიჭირდათ?
– ბავშვობიდან მეხერხება ყველანაირი ხელსაქმე, რაღაც ახლის შექმნა და, ამდენად, არც თოჯინის გაკეთება გამჭირვებია. პირიქით, ჩემი დებიუტით იმდენად კმაყოფილი დავრჩი, რომ, ცოტა არ იყოს, გავთამამდი კიდეც და მალე მეორე თოჯინაც შევკერე. პირველი თოჯინა თუ ბავშვური იყო, წინსაფრით, მეორე უკვე ეროვნული ტანსაცმლით შევმოსე. ასე შეიქმნა ჩემი პირველი ეთნოგრაფიულ სამოსში გამოწყობილი თოჯინა. შემდეგ ამ გატაცებამ სისტემატური სახე მიიღო, თანდათან ხელიც დამეხვეწა.
– იმდენად, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, უკვე არაერთი გამოფენის მონაწილე გახდით.
– თუ პირველი თოჯინები ადვილად შევქმენი, მერე, ცოტა არ იყოს, გამიჭირდა. რასაც ჩავიფიქრებდი, იმას მაშინვე თუ ვერ გავაკეთებდი, ჩანაფიქრს აუცილებლად მომდევნო თოჯინაში ვახორციელებდი. ამგვარად გამიმრავლდა თოჯინები და, შემოთავაზებებმაც არ დააყოვნა.
ამდენი ნამუშევარი რომ გაქვს, მონაწილეობას რატომ არ იღებ გამოფენებშიო და მეც სიამოვნებით დავთანხმდი ამ შემოთავაზებას.
– სად გამოფინეთ თქვენი ეთნოგრაფიული თოჯინები?
– „არტ გენის“ ფესტივალი რომ მოვიარეთ, შემდეგ ხალხური შემოქმედების მუზეუმში იყო ჩემი ნამუშევრები გამოფენილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი მთელი თვე გვმასპინძლობდა, ასევე, საპატრიარქოში...
მინდა გითხრათ, რომ დამთვალიერებელთა რეაქციები ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს, რომ კიდევ ბევრი ახალი თოჯინა შევქმნა. თუ თავდაპირველად ეროვნულ სამოსში გამოწყობილი თოჯინების შექმნა მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ჰობი იყო, მოგვიანებით, როცა ვნახე, რომ დამთვალიერებლების რეაქციები პოზიტიური, აღტაცებული და შეძახილებით აღსავსე იყო, მივხვდი, უფრო აქტიურად უნდა მომეკიდა ამ საქმიანობისთვის ხელი და ასეც მოვიქეცი – უფრო თამამად და გაბედულად დავიწყე მუშაობა და გაჩერებას არ ვაპირებ.
– ესე იგი, გარდა იმისა, რომ ამ თოჯინებს ქმნით, შემდეგ მათი სამოსის შეკერვით, მორთულობითა და სახის კონტურების დაქარგვითაც თქვენვე ხართ დაკავებული?
– რა თქმა უნდა, ეს თოჯინები თავიდან ბოლომდე ჩემი შექმნილია.
წინასწარ არ ვიცი, როგორი გამოვა თითოეული მათგანი, მაგრამ, ის კი ვიცი, სადაური იქნება – მეგრელი, აფხაზი, კახელი, რაჭველი, თუ ხევსური ან სხვა კუთხის წარმომადგენელი. ერთი სული მაქვს, ჩემი მუშაობის საბოლოო შედეგი ვნახო, ამისთვის, შემიძლია გათენებიდან-დაღამებამდე ვიმუშაო. რაც შეეხება ჩაცმულობას, მე მეკუთვნის ამ თოჯინების ტანისამოსიც, ფეხსაცმელიც, ის კი არა, მათი ქამარ-ხანჯალიც ჩემი ხელითაა შექმნილი.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი თოჯინები ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან არის დამზადებული. ყოველი მათგანი ნატურალური ქსოვილებისგანაა შექმნილი: ჩოხები ნატურალური საჩოხე მასალისგან იკერება, კაბებიც აბსოლუტურად ყველა აბრეშუმის ან შალის ქსოვილისგანაა შექმნილი, ფეხსაცმელებიც ნატურალური ტყავისგანაა. თვითონ თოჯინები კი ბამბითაა გამოტენილი – სპეციალური „შტირის“ საშუალებით ვტენი ხოლმე. თუ კარგად არ გამოვტენე, მათი ფეხზე დაყენება გაჭირდება. ამ თოჯინებს თეთრეულიც ნაციონალური აცვიათ. აი, ამ თეთრეულს „შეიდიში“ ჰქვია, რომელსაც ხვანჯარი იჭერს.
რაც შეეხება ტანსაცმელზე შესრულებულ ნაქარგებს, როდესაც დავიწყე ამ ტანისამოსის გაფორმება, მაშინ პირველად გამოვიყენე ბისერი. ამან ჩემს შესაძლებლობებს ახალი მიმართულება მისცა, ჩემს კოლექციას კი, ახალი სტილი შესძინა.
– ანუ?
– ანუ, ჯერ შეიქმნა რამდენიმე ქამარი ქართული ორნამენტებით. იმისთვის, რომ კარგად გამეწაფა ხელი, სპეციალურ კურსებზე დავდიოდი, უფრო სწორად, თუ გახსოვთ, პრეზიდენტმა დასაქმება-გადამზადების პროგრამა რომ აამოქმედა, სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში მოვხვდი თოიძეში ამ სპეციალობაზე. თუ რა შევისწავლე, ამ კოლექციის დათვალიერებისას ნათლად წარმოჩინდება, ანუ, თოჯინების ჩაცმულობაც და ცალკეული აქსესუარებიც ეთნოგრაფიული ელემენტებითაა გაფორმებული. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ლამაზი მასწავლებელი მყავდა – ქალბატონი მზია ბულიღლიშვილი.
– გაჩუქება თუ შეგიძლიათ?
– ხანდახან ჩემს ნომერს მოიძიებენ და შეკვეთას მაძლევენ ხოლმე. თავდაპირველად რამდენიმე თოჯინა გავყიდე, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ძალიან მტკივნეული პროცესია ჩემთვის. თუ შეკვეთით ვამზადებ თოჯინას და წინასწარ ვიცი, რომ ის ჩემი არ იქნება, ისეთი მძაფრი განცდები აღარ მაქვს ხოლმე. ამას წინათ მაგალითად, ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი წყვილი „გავამგზავრე“ ამერიკაში. სხვა შემთხვევაში ძალიან მიჭირს გასხვისება.
– თქვენს კოლექციაში ცალკე მიმართულება უჭირავს ეროვნულ სამოსს...
– არ ვიცი, რატომ დავიწყე ამ ჩოხების კერვა, გული მკარნახობს ხოლმე. როგორ შეიქმნა პირველი ჩოხა, აღარც მახსოვს. ქისები, მაგალითად, პირველად ჩემი გოგონას ქორწილის წინა დღეებში შევქმენი. სულ განვიცდიდი, ცხვირსახოცი სად უნდა ჩაიდოს, ან მობილური-მეთქი და მივხვდი, რომ საჭირო იყო რაღაც ისეთის შექმნა, სადაც ამ ნივთებს მოათავსებდა. ასე შევკერე პირველი ქისა. საქორწინო ქისის შექმნის შემდეგ კი, ეროვნული ორნამენტებით გაფორმებული ქისები შევკერე და მათაც ჩემს კოლექციაში დავუდე ბინა. მინდა გითხრათ, რომ ამ ქისებს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც აქტიურად ვიყენებ და, სხვათა შორის, ამის გამო გამვლელთა ყურადღებას ვიქცევ ხოლმე.
– თქვენი თოჯინები ძირითადად ერთი ზომისაა, გარდა ერთისა – ეს „კნეინა“ ასეთი მინიატურული რატომაა?
– ძალიან ხშირად ვიღებ მონაწილეობას საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის გამოფენებში. ერთ დღეს მოსამზადებელი პერიოდი იყო, ერთ-ერთმა პედაგოგმა ნამუშევრები შემიქო და მითხრა, თუ შეძლებთ 40-50 მინიატურული თოჯინის შექმნას, რაღაც ქალაქი უნდა გავაკეთო მაკეტის სახით და, მინდა, მასში პულტის საშუალებით 9 სანტიმეტრი სიგრძის თოჯინებმა იმოძრაონო. სწორედ ამ „ქალაქისთვის“ გავაკეთე ეს ქალბატონი. თუმცა, ამის შემდეგ ის ბატონი აღარ დამკავშირებია. თქვენ „კნეინა“ უწოდეთ, ჩვენ კი ოჯახში მას „ცხრასანტიმეტრიან“ თოჯინას ვეძახით. მინდა გითხრათ, რომ ყველაზე რთული იყო ამ თოჯინის შეკერვა, ფაქტობრივად, ხელში იკარგება.
გუშინ ჩემი და მეკითხებოდა, ნეტავი, რაიმე საქმე თუ არის, რომელიც ამაზე ძალიან გიყვარსო? მე ვუპასუხე, რომ სხვა საქმე რომ არ მქონდეს, სიამოვნებით დავჯდები და მხოლოდ ამ კოლექციის გამრავალფეროვნებით ვიქნები დაკავებული-მეთქი. თუ თოჯინას ვქმნი, ხანდახან ჭამაც მავიწყდება. ერთი პატარა დეტალიც რომ არ მომეწონოს, შემიძლია, ასჯერ დავარღვიო, სანამ სასურველ შედეგს არ მივიღებ. ხანდახან ჩემი ქალიშვილები მეუბნებიან, გეტყობა, შენ ნევროზი არ გაქვს, თორემ, ამდენი საათი როგორ ზიხარ და მუშაობო. მათ არანაირი სურვილი არ აქვთ, შეისწავლონ ეს საქმე.
– თითო თოჯინას რამდენ ხანში ქმნით?
– თუ მხოლოდ რამდენიმე საათს დავიძინებ დღე-ღამის განმავლობაში, სამი-ოთხი დღე მჭირდება თითო თოჯინის შესაქმნელად.
– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?
– არ ვიცი, რას ნიშნავს... როდესაც ამ კოლექციას ვუმზერ, გულში რაღაც სითბოს ვგრძნობ. ხანდახან ჩემი გოგონები ერთმანეთს სიცილით ეუბნებიან ხოლმე, დედას, მგონი, ეს თოჯინები უფრო უყვარს, ვიდრე ჩვენო.