კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ მოისროლა ნაგავში გოგი ცაბაძის მუსიკის ნოტები გიორგი შენგელაიას ფილმისთვის „ვერის უბნის მელოდიები“

თბილისში კიდევ ერთი მაგარი კაცი ცხოვრობდა, თავისი თაობის ადამიანებში გამორჩეულად მაგარი, ისეთი, მასთან საუბარი რომ არ მოგბეზრდებოდა – რომ გეღიღინებოდა, არასდროს გიღალატებდა და მეგობრისთვის სულს და გულს არ დაინდობდა. „კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა, იქ ილოცე“... გოგი ცაბაძეს ყველგან ელოცებოდა, მაგრამ იმ ავბედით დღეს ლოცვა ვერ მოასწრო. ის სამოცდაორი წლის ასაკში, გორში, სცენაზე გულის შეტევით გარდაიცვალა. მისი ბოლო სიმღერა „პაწაწინა სამოთხე“ იყო, რომელიც, მახსოვს, ისეთი საოცარი განცდით შეასრულა, თითქოს ცხოვრების დასასრულს გრძნობდა.

კახა ცაბაძე (გოგი ცაბაძის უმცროსი შვილი): ამბობენ, ბავშვობა ყველაზე ბედნიერი ხანაა და სულ მაინტერესებდა, რა იყო აქ ასეთი ბედნიერი. ახლა ვხვდები, ამ გადმოსახედიდან, როცა ორმოცდაათს გადავცდი, რაც ყოფილა. სულ გენატრება, ზოგჯერ გესიზმრება და გინდა, რომ ისევ იქ იყო. ამდენი ადამიანი გეხვია თავს – ბებია, ბაბუა, მშობლები, ახლობლები. ერთ დღესაც მოიხედე და გვერდით აღარ გყავს. ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვიყავი, იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახშიც და მთელ სანათესაოში, ყველაზე პატარა ვიყავი. ჩვენი სწავლა-განათლებით ძირითადად დედა იყო დაკავებული. მამაჩემს ეს ნაკლებად აინტერესებდა. იცოდა, რომ დედაჩემი ყველაფერს უმაღლეს დონეზე გააკეთებდა. თვითონ ისე ცხოვრობდა, რომ გაჩვენებდა – აი, ასე უნდა იცხოვროო. ყველა ბიჭისთვის მამა მისაბაძია და ჩემთვისაც მისაბაძი იყო. ჩემი სტუდენტობის დროს სამედიცინო ინსტიტუტში მოხვედრა ბევრს ნიშნავდა. წლების განმავლობაში აბარებდნენ, თავს იკლავდნენ იქ მოხვედრისთვის. მახსოვს, გამოცდების ციებ-ცხელების დრო იყო. პირდაპირ ეთერში გამოვარდა ვიღაც და თქვა: სულ ექიმების შვილები რატომ ეწყობიანო. ეს გონებაში ჩამრჩა, რადგან მუსიკოსი მინდოდა გამოვსულიყავი და ამ ფრაზამ დამაფიქრა. ჩვენს ოჯახში სულ კომპოზიტორები, მომღერლები, პოეტები იკრიბებოდნენ და ჩვეულებრივი ამბავი მეგონა, ამ გზას რომ გავყოლოდი.

ბავშვობაში როიალის ქვეშ შევძვრებოდი და მამაჩემი რომ უკრავდა, კედლებზე ვხატავდი, განსაკუთრებით მაშინ, „ორერა“ რომ მოდიოდა ჩვენთან. მე და ჩემს ძმას ერთი ოთახი გვქონდა გამოყოფილი, სადაც ფეხბურთს, ჰოკეის და კალათბურთს ვთამაშობდით.

– საიდან დაიწყო ბატონი გოგის მუსიკისადმი სწრაფვა, ვინ იქონია მასზე გავლენა?

– ჩვენს მეზობლად, გოგოლის ქუჩაზე ერთი ხანშიშესული ქალი ცხოვრობდა და ის იტყოდა ხოლმე – გოგიმ რა იცის სიმღერა. აი, გაბო რომ გიტარას აიღებდა და დაიწყებდა, სიმღერა ის იყოო. ბაბუა სიმღერასაც წერდა და ლექსებსაც. თან, არაჩვეულებრივად მღეროდა. სამწუხაროდ, მხოლოდ ლექსები შემოგვრჩა. რეპრესირებულთა შორის მოხვდა. ამიტომ, არც დედის მხრიდან და არც მამის მხრიდან ბაბუა არ მახსოვს. რაც შეეხება მამას მუსიკისადმი სწრაფვას, დაკვრა ცამეტი წლისას დაუწყია. ძალიან უნდოდა ფეხბურთელობა და სულ ამბობდა: ფეხი რომ არ მტკენოდა, აუცილებლად ფეხბურთელი გავხდებოდიო. ბიჭებთან ერთად ტრამვაის შეხტომია, სადღაც ჩავარდნია ფეხი და იღრძო. ერთხელ ჰკითხეს, რა გინდა საჩუქრადო და უთქვამს, პიანინო მიყიდეთო. ყველა გაოცდა. ბებია კი ამბობდა, სულ ისეთ რაღაცეებს ღიღინებდა, გაგონილი რომ არ მქონდა, მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, რომ სიმღერების წერას დაიწყებდაო. მამაჩემის ორივე ძმა ფრონტზე დაიღუპა, და ოცდაოთხი წლის გარდაიცვალა. ბაბუაჩემი, როგორც უკვე აღვნიშნე, რეპრესირებულთა სიაში მოხვდა. ბებიას მუშაობა აეკრძალა, როგორც „ერის მოღალატის“ ცოლს. დარჩა მარტო მამა. ამიტომ, ბებიას უნდოდა, რომ ექიმი გამოსულიყო და ჩააბარა კიდეც სამედიცინოზე. პირველ კურსზე, პრაქტიკებზე რომ დაიწყო სიარული, მორგში წაიყვანეს. მერე იხსენებდა: შევედი თუ არა, მივხვდი, რომ ჩემი საქმე არ იყოო. ბებიაჩემი ცხოვრების ბოლომდე ვერ მიხვდა, რა პროფესიის იყო მამა. დილას დაუკრავდა, იმღერებდა, წავიდოდა, მოვიდოდა, ისევ დაუკრავდა... მერე კონსერვატორიაში ჩააბარა. ბებია მაინც სულ ამბობდა: ჩემთვის რომ დაეჯერებინა, დღეს კარგი ექიმი იქნებოდაო. პირველი მისი სიმღერა იყო „მარი“. ეს სიმღერა ცნობილი არ არის. ეთერ ჭელიძის რეპერტუარში, მის ჩანაწერებში დარჩა.

– მამათქვენი ოქროსუბნელი იყო. თბილისის ყველაზე პოპულარულ უბანში, ურთიერთობებიც ძალიან დალაგებული და სამაგალითო იყო. ყველას თავისი ადგილი ჰქონდა და რაც მთავარია, ურთიერთპატივისცემა იცოდნენ. რა შეგიძლიათ, გაიხსენოთ?

– უბანში ერთი მალაკანი ცხოვრობდა – კარო, უბნის ერთ-ერთი ყოჩი. მამა იხსენებდა: ნოტებს პერანგის ქვეშ ამოვიდებდი ხოლმე. ერთხელ კარომ ისე, უბრალოდ, ხელი მომარტყა.

– მანდ რა გიდევს?

– ნოტები-მეთქი.

– რა, მუსიკაზე დადიხარ?

– კი-მეთქი, – ვუპასუხე. იქვე, ქუჩაზე, ვიღაცასთან ოჯახში შემიყვანა, სადაც ინსტრუმენტი იყო და მითხრა.

– აბა, დაუკარი.

„ბლატნოი“ სიმღერები დავუკარი და ვიმღერე.

– ახლა ის დაუკარი, რასაც მუსიკალურში გასწავლიან.

დავუკარი. მერე ვუთხარი, სიმღერებსაც ვწერ-მეთქი. გაგიჟდა. გარეთ რომ გამოვედით, ბიჭებს უთხრა: ვინც დღეიდან ამ ბიჭს უბატონოდ ხმას გასცემს, ჩემთან ექნება საქმეო. ალბათ, კაროს სიტყვებმაც ითამაშა გარკვეული როლი იმაში, რომ დღეს გოგი ცაბაძე არსებობს, როგორც ქართული საესტრადო სიმღერების კომპოზიტორი. იმ პერიოდში საზოგადოების, ბიჭების აზრი უბანში მნიშვნელოვანი იყო.

– ალბათ, თქვენი მშობლების გაცნობის, შეუღლების, თანაცხოვრების ისტორიაც საინტერესო უნდა იყოს. მოგვიყევით.

– მამა დედაზე ექვსი წლით უფროსი იყო. დედა პროფესიით ექიმი გახლდათ, მაგრამ მამაჩემს რომ გაჰყვა, მუშაობას თავი დაანება. თავიდანვე იცოდა, რამხელა საქმეს აკეთებდა, რომ ნებისმიერ მის სამსახურს გოგის მოვლა აჯობებდა. ამ დროს მამა უკვე პოპულარული ბიჭი იყო. კონცერტმაისტერი იყო და, მომღერლებთან, მსახიობებთან ერთად დადიოდა გასტროლებზე. მაშინდელი აფიშაც მაქვს შენახული. სხვათა შორის, მამაჩემის სიმღერების პირველი შემსრულებელი მერი შილდელი იყო. რაც შეეხება ჩემი მშობლების გაცნობას, ერთმანეთი დედაჩემის მეგობრის ოჯახში გაიცნეს. ერთ დღესაც მამამ სამედიცინო ინსტიტუტში მიაკითხა. დედა სათვალეს ატარებდა, ახლომხედველი იყო. სანამ სათვალე ამოვიღე, გოგოები მისცვივდნენო, – იხსენებდა. აღმოჩნდა, რომ თამრიკოსთან იყო მისული. ერთი რომანსი მიუძღვნა დედას ქორწილში. ეს ნოტებიც შენახული მაქვს. ზედ აწერია: „ჩემი ცხოვრების თანამგზავრს – თამრის“. დედაჩემის მხრიდან მამას მზრუნველობა არასდროს მოჰკლებია. სულ ვამბობ, თუკი თბილისში ქუჩას, სკოლას ან სხვა რაიმე დაწესებულებას შეიძლება, გოგი ცაბაძის სახელი ერქვას, ეს, თამრიკოსა და გოგი ცაბაძის სახელობის უნდა იყოს-მეთქი. რასაც მამა აკეთებდა, ორმოცდაათი პროცენტი თამრიკოს შემოქმედება იყო. დედა მისი პირველი შემფასებელი გახლდათ. თუ რაღაც ისე არ გამოვიდოდა, პირველად დედას უნდა ეთქვა, კარგიაო და მერე მოჰყვებოდნენ გარჩევას. ერთხელ დედა სამზარეულოში რაღაცას აკეთებდა. მამამ დაუკრა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ... გაუკვირდა, რატომ არ გამოდის თამრიკო სამზარეულოდანო. მერე მივიდა და უთხრა: არ მოგეწონა, რომ არ გამოხვედიო. მთელი სამი დღე ებოდიშებოდა – მომეწონა, მომეწონაო. ბავშვივით უხაროდა ყველაფერი და ბავშვივით სწყინდა.

– ყველა სიმღერას, ალბათ, თავისებურად საინტერესო ისტორია აქვს. როგორ წერდა გოგი ცაბაძე სიმღერებს?

– მაშინ ასე იყო, ანსამბლი აკეთებდა ახალ პროგრამას, ჯერ თბილისში ატარებდნენ კონცერტებს, მერე რაიონებში გადიოდნენ. ისე არ ხდებოდა, როგორც დღეს, უცებ რომ დაწერენ რაღაცას და მაშინვე ტელევიზიით უშვებენ. ერთხელაც მე და დედა სახლში რაღაცას ვაკეთებთ. მოვიდა ბუბა და მორისის დიდი ლექსი მოუტანა. მერე შეამოკლეს. „მეფაიტონე“ იმ პერიოდში მართლა გამორჩეული სიმღერა იყო. პირველად რომ დაუკრა, მე და დედამ გაოცებული თვალებით შევხედეთ ერთმანეთს და ოთახში შევვარდით. ზუსტად ასეთივე რეაქცია ჰქონდა მსმენელს, როცა „გოფილექტის“ ბაღში საზაფხულო სცენაზე ბუბამ ეს სიმღერა იმღერა. ბუბა ყვებოდა: მოვრჩი სიმღერას და სცენიდან გავედი. გავვოცდი, ტაშს არავინ უკრავს – ვიფიქრე, ყველაფერი დამთავრდა. სიმღერა არ მოეწონათ. ამ დროს ტაშმა მთელი ძალით იგრიალა, ათჯერ გამამეორებინესო.





მამათქვენისა და მორის ფოცხიშვილის მეგობრობა გამორჩეული იყო. ეს ადამიანები ერთმანეთთან ძმებივით იყვნენ. ალბათ, ამიტომაც დასრულდა მათი მეგობრობა ასე უცნაურად.

– საერთოდ, ეს ადამიანები სხვანაირი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ტელეფონში საუბრის დროს მორისი რომ არ ეხსენებინა, ისედაც მიხვდებოდით, მას რომ ელაპარაკებოდა. იმდენი სულიერი საერთო ჰქონდათ და მაინც გასაოცრად მოკრძალებული დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ. ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ და ვფიქრობ, როგორ უნდა იცხოვრო ადამიანმა, ვხვდები, სწორედ ისე, როგორც მათ იცხოვრეს. რეზო ლაღიძე ბოლო დროს ავადმყოფობდა და სიარული უჭირდა. ერთხელ სოხუმში, ქუჩაში ვზივართ მე და მამა სკამზე, ვხედავთ, რეზო მოდის. ცაბო, როგორ დარჩი ასეთი კეთილიო, უთხრა და გვერდით ჩაგვიარა. თვითონ რეზო იყო სიკეთის განსახიერება. მამა, თავისი ვაჟკაცური ბუნების მიუხედავად, პატარა ბავშვივით იყო. ნებისმიერ რამეზე დაგეთანხმებოდა, დაგიჯერებდა. ვერ იგებდა, რა არის ტყუილი, არ ესმოდა, საერთოდ რა ფენომენი იყო ის ცხოვრებაში. იცით, როგორი ადამიანი იყო? თვალებში უყურებდი და გამზადებულიც რომ გქონოდა ტყუილი, ვერ ეტყოდი, არ მოგინდებოდა. თანამდებობა არ ჰქონდა, მაგრამ სულ ვიღაცეების საქმეებზე დარბოდა. ზოგს ბინის მიღება უნდოდა, ზოგს მანქანის გამოყვანა. ბოლოს, ასეთი საქმეებისთვის დღეც კი დააწესა.

– ამ ადამიანის შემოქმედება პირადად ჩემთვის იმით იყო გასაოცარი, რომ სიმღერებს საშუალო დონეზე კი არა – ძალიან კარგად წერდა – მელოდიურს და შინაარსიანს. სხვა საქმეა, როგორ არგებდა მათ ტექსტს. კიდევ უფრო ის მაკვირვებს, რომ „ვერის უბნის მელოდიები“ გიორგი შენგელაიამ მის მელოდიებზე ააწყო. დღეს რომ ვფიქრობ, სხვა კომპოზიტორის მუსიკაზე, სხვა მსახიობებისა და მომღერლების მონაწილეობით, ისეთი მაგარი არ იქნებოდა, როგორიც არის. როგორ გახსენდებათ მათი მუშაობა ამ ფილმზე?

– გიორგი შენგელაია რომ „ვერის უბნის მელოდიებზე“ მუშაობდა, იმ პერიოდში მამას ბათუმში მოუწია წასვლა საქმეებზე. იქაც შეკვეთა ჰქონდა. იქიდან მატარებლით ვიღაცას გამოატანა ნოტები. ფოლგის ქაღალდში გახვეული იყო ჩაი, ცოტა ფული და ზემოდან გადახვეული ნოტები. დედამ ჩაი აიღო, ფული მე და ჩემმა ძმამ გავიყავით, ნოტები კი დავჭმუჭნეთ და სადღაც გადავაგდეთ. არ დავაკვირდით, რა იყო. იქიდან რეკავს, – მიიღეთ ჩაიო. კი მივიღეთო, – უთხრა დედამ. ჰოდა, სამ საათზე გიორგი შენგელაია მოვა და ნოტები გაატანეთო. დედა ის ქალი არ იყო გოგისთვის, ეს ამბავი ეთქვა და უთხრა, – კი, რომ მოვა, მივცემთო. იმაზე წამსვლელიც იყო, თვითონ დაეწერა, ოღონდ, გოგის რამე არ სწყენოდა. სწრაფად დავტრიალდით, მოვძებნეთ, დედაჩემმა დააუთოვა და თბილ-თბილი ნოტები მივართვით გიორგის.

ჩვენს ოჯახში ჩაის კულტი იყო. მამას ძალიან უყვარდა და სულ ნაირ-ნაირი ჩაი გვქონდა. მისი დაყენების მთელი რიტუალი ჰქონდა. ხან ჩემს ჯემპრს გადააფარებდა, ხან – ჩემი ძმისას და ამაზე იყო ამბები. დედა ოთახიდან გასძახებდა, გოგი მაგ ჯემპრს ხელი არ ახლო... ვერ ერკვეოდა, რომელი გამოსასვლელი იყო და რომელი საშინაო. თბილ ქსოვილს რასაც ნახავდა, ყველაფერს ჩაიდანს ახვევდა.

– თბილისობა გოგი ცაბაძის გარეშე ყველასთვის წარმოუდგენელი გახლდათ და ამ დღესასწაულის ეშხიც, უპირველესად, სწორედ იმ სანახაობაში იყო, რასაც მისნაირი, ნამდვილი თბილისელები უძღვნიდნენ თავიანთ ქალაქს და არა სმა-ჭამასა და ღრეობაში.

– ერთხელ მოვიდა სახლში და დედაჩემს ეუბნება: თამრი, საპატიო თბილისელის წოდებას მანიჭებენ. ნინო და ილიკო სუხიშვილები იცეკვებენ, ანა კალანდაძე ლექსს იტყვის და მე რაღა უნდა გავაკეთოო. შენ იმღერეო, – უთხრა დედამ. შეარჩია „ჩემო თბილის ქალაქო“, რომელსაც უკვე ნანი ბრეგვაძე მღეროდა. მოუწია ამ ერთი დღისთვის ჩაეწერა ეს სიმღერა, თორემ ყველა სიმღერა თავისი შესრულებით შემთხვევით აქვს ჩაწერილი. არასდროს მიდიოდა ჩასაწერად, სხვებს დაჰყვებოდა.

– იმ დღეს, როცა მამათქვენს გორში კონცერტი ჰქონდა და ყველა იქ იყო, მხოლოდ ერთი კაცი აკლდა. ეს იყო მორის ფოცხიშვილი, რომელიც მაშინ იმ მიზეზით არ წავიდა, რომ ავად გახლდათ. სწორედ იმ დღეს მათ სახლში ჩამოვარდა ჭაღი. ბატონმა მორისმა შინაგანად იგრძნო, რომ რაღაც უბედურება მოხდებოდა. ამ დროს ტელეფონის ზარი გაისმის და ეუბნებიან, რომ თხუთმეტი წუთის წინ გოგი ცაბაძე გარდაიცვალა. ამიტომაც ვთქვი წეღან, რომ მათი მეგობრობის დასასრულიც უცნაური იყო-მეთქი.

– მამას რამდენი კონცერტი ჰქონია და არასდროს გადაგვიღია მე და ჩემს ძმას მისთვის სურათი. ერთადაც კი არ გვაქვს გადაღებული, თუ ბავშვობის სურათებს არ ჩავთვლით. მაშინ ვიდეოკამერები ახალი შემოსული იყო და ჩემმა ძმამ თავის მეგობარს გამოართვა. წავიღეთ გორში და ის კულისებიდან უღებდა. მე ცოტა შემაგვიანდა. მობილურები არ იყო, რომ დამერეკა და მეთქვა, გზაში ვარ-მეთქი. კონცერტი მანამ არ დაიწყო, სანამ არ ჩავედი. ვინც შეიძლებოდა, რომ იქ ყოფილიყო, ყველანი ვიყავით. ის საღამო მამას სამოცი წლის იუბილეზე უნდა მოეწყოთ, მაგრამ ორი წელი ვერ მოხერხდა მისი გაკეთება. მამას უნდოდა, ნანი ბრეგვაძეც ყოფილიყო, ბუბაც, „ორერაც“ და ყველას ერთად ვერ მოუყარა თავი. ზუსტად იმ დღეს, ყველა თბილისში იყო და წავიდნენ გორში. ხალხი დარბაზში რომ ვერ ეტეოდა, გარეთ ისხდნენ. მამამ არ იცოდა ბევრი ლაპარაკი, მაგრამ იმ დღეს კონცერტის დასასრულს ყველას ძალიან უცნაურად, თბილად დაემშვიდობა. მისი გარდაცვალება ხალხის თვალწინ არ მომხდარა. ფარდა დაეშვა და... ეს მართლაც საოცრება იყო. ივანე ჯავახიშვილი გარდაიცვალა ასე ლექციის დროს და რამდენიმე თვის წინ – მუხრან მაჭავარიანი. დანარჩენი შემთხვევები არ ვიცი, ასე ლამაზად წასულიყვნენ ამ ქვეყნიდან.

არ იტყოდა, თუ ცუდად იყო. დედაჩემი ერთს რომ შეხედავდა, ატყობდა, რომ წნევა ჰქონდა. ინფარქტი ჰქონდა გადატანილი, რაღაც პერიოდი იწვა. მაინც ბოლომდე ეწეოდა, ქეიფი და მეგობრები უყვარდა. ერთი კარდიოლოგი მეგობარი ჰყავდა, – გივი კალანდარიშვილი, რომელიც მის ჯანმრთელობას აკონტროლებდა. ერთხელ უთხრა: ახლა მოწიე სიგარეტი და მე კარდიოგრამას გადაგიღებო. ახლა ერთად დავლიოთ სადილზე ერთი ბოთლი და მერე ისე გადაგიღებო. აინტერესებდა როგორ მოქმედებდა მასზე ეს ყველაფერი. მერე უთხრა: მოდი, ახლა დაუკარი და იმღერეო. ყველაზე ცუდი კარდიოგრამა დაკვრის მერე ჰქონდა, იმდენ ემოციას დებდა. უპირველესად, სიმღერა აუკრძალა, მერე სიგარეტი და მერე დალევა. ვერც ერთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინა.

– თქვენს დაოჯახებას როგორ შეხვდა?

– ჩემს მომავალ მეუღლეს – ნინოს იცნობდა, იქიდან გამომდინარე, რომ კლასელები ვიყავით. ოჯახები იცნობდნენ ერთმანეთს, დედები მეგობრობდნენ, მაგრამ მაინც ყველაფერი ოფიციალურად მოხდა – დანიშვნით და ქორწილით. ნინო რომ შემოვიდა ჩვენს ოჯახში, უთხრა: ესენი არ მეძახიან მამას და შენ მაინც დამიძახეო. ვითომ არ ჰქონდა იუმორი, მაგრამ დღესაც მისი მეგობრები რომ მხვდებიან, ისეთ რაღაცეებს ყვებიან, მამაჩემისგან წარმოუდგენლად რომ მეჩვენება. რეზო ლაღიძე ცაბოს ეძახდა. ერთმანეთში ძალიან შეხუმრებულები იყვნენ და ერთხელ ეუბნება: შენ ნამდვილად ცაბოევი ხარ, ოსი. ქართული არაფერი გცხიაო.

ერთხელ ბიძინა კვერნაძე მოვიდა ჩვენთან, ცოტა შეზარხოშებული იყო. მამაჩემს ეუბნება, 110 მანეთი დამიბრუნეო. მამაჩემი მიხვდა, რომ ლაზღანდარობდა, მაგრამ დედაჩემს გაუკვირდა, ნეტავ, რა ფული ესესხაო. ბოლოს აღმოჩნდა, რომ მცხეთაში, რესტორანში მამას სიმღერა – „მანანები“ მოუსმენია და თერთმეტჯერ შეუკვეთავს. თითო ჯერზე ათი მანეთი მიუცია. მერე ჩვენთან მოვიდა და მამას ეუბნება: ეს რა სიმღერა დაწერე, რომ ვერა და ვერ გავძეხი მისი მოსმენით. მოკლედ, არ ვიცი, ჩემი 110 მანეთი გმართებსო.


скачать dle 11.3