რით „დაემუქრა“ თეა თუთბერიძე ახალდაბადებული შვილის მამას და რატომ არ უმღერებს ის შვილს
თამუნა სამადაშვილი
სულ ახლახან „თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელი თეა თუთბერიძე დედა გახდა. ბავშვი კლინიკა „ჰერაში” დაიბადა, მისი მამა ცნობილი დიჯეი გუგა ჟღენტია, რომელიც თეა თუთბერიძემ „ფეისბუქით“ გაიცნო. მათი ურთიერთობის შესახებ ჩვენს ჟურნალში რამდენიმე თვის წინაც დაიწერა. თეამ და გუგამ არც მაშინ დამალეს, რომ მათ ერთმანეთთან მხოლოდ ბავშვი აკავშირებდათ, სამომავლოდ კი ორივეს საკუთარი გეგმები ჰქონდა და ურთიერთობა სკანდალებისა და ვალდებულებების დაკისრების გარეშე დაასრულეს, თუმცა, ამჯერად ისინი ერთად არიან ჩვენი სტუმრები და პატარა გეგასთან დაკავშირებულ ემოციებზე საუბრობენ.
თეა თუთბერიძე: გეგა „ჰერაში” დაიბადა, 50 სანტიმეტრი და 3 კილო და 400 გრამი. მარტო, ჩემი ფეხით მივედი „ჰერაში”, მანქანა ეზოში გავაჩერე, ავედი და ექიმს ვთხოვე, დღეს უნდა მამშობიაროთ-მეთქი. ექიმი იმ დროს საერთოდ არ მელოდა, რამდენიმე ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ, ისე მოხდა, რომ მათზე ადრე საკეისრო კვეთის ოპერაცია მე გამიკეთეს. ორსულობის ბოლო თვეს წოლითი რეჟიმი მქონდა, რადგან ნაადრევი მშობიარობის საფრთხე არსებობდა. ძალიან დავიღალე, ერთი სული მქონდა, ბავშვი მალე დაბადებულიყო. ჩემი ხასიათის ადამიანისთვის ერთი თვე წოლითი რეჟიმი იოლი ასატანი არაა, ამიტომაც ვერ გავძელი ექიმის მიერ დათქმულ 2 ნოემბრამდე და სამშობიაროში უფრო ადრე მივედი.
– ჩუმად რატომ წახვედი სამშობიარო სახლში?
– თავიდანვე მქონდა გადაწყვეტილი, რომ არც ერთი მეგობრისთვის არ მეთქვა და, როცა ბავშვი გაჩნდებოდა, მერე შემეტყობინებინა ყველასთვის. ბევრი ახლობლის მშობიარობას დავსწრებივარ, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ნერვიულობენ ხოლმე მშობიარის ახლობლები. მე არ მიყვარს ემოციების გამოხატვა და ამიტომაც ვარჩიე, რომ ეს ემოციები ბავშვის დაბადების შემდეგ ყოფილიყო. როგორც კი გეგა გაჩნდა, ავიღე ტელეფონი და დავიწყე „ესემესების“ გაგზავნა – თვითონ შევატყობინე ყველას და ეს უფრო სასიამოვნო სიურპრიზი იყო.
– პირველი „ესემესი“ ვის გაუგზავნე, ალბათ, ბავშვის მამას?
– ვაპირებდი, მაგრამ, არ გამომივიდა (იცინის). მე ოპერაციაზე ვიყავი, როცა ჩემს ტელეფონზე დაურეკავს გუგას მამიდას, ხათუნას, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია. მისთვის უთქვამთ, რომ ოპერაციას მიკეთებდნენ. ბავშვი პირველად მამამ და ხათუნამ ნახეს, მათ „ესემესის“ გაგზავნა აღარ დასჭირდათ.
– სახელი შენ თვითონ შეურჩიე თუ მამასაც შეუთანხმდი?
– ბავშვის სახელი მე თვითონ შევარჩიე, ვხვდებოდი, რომ გუგას სხვა სახელის დარქმევა უნდოდა ბავშვისთვის, თუმცა ეს არ უთქვამს. მაგრამ, მე გეგა ვარჩიე მომწონს ეს სახელი, არ მინდოდა სტანდარტული და ძალიან გავრცელებული სახელის დარქმევა.
– გეგა ჟღენტია თუ თუთბერიძე?
– ჟღენტი, ამ გვარით გამოვიყვანეთ გეგა სამშობიაროდან, თუმცა, არც ამაზე მქონია გართულება. მე არ მაქვს პრობლემები გეგას მამასთან, ნამდვილად არ დავუშლი შვილთან ურთიერთობას, პირიქით, მამის ნათესავებთანაც ექნება ურთიერთობა და თავის და-ძმასთანაც, თუ ამას თვითონ მოისურვებენ. მე მზად ვარ იმისთვის, რომ მარტოხელა დედის ცხოვრება ვიტვირთო, ოჯახის შექმნა არ შედიოდა ჩემს გეგმებში, ბავშვს ძიძას ავუყვან, ბავშვის მამას – ვერა (იცინის).
– როცა ბავშვი დაინახე, პირველი განცდა როგორი გქონდა?
– ჩვეულებრივი. თავიდან გული გამისკდა და ვიფიქრე: რას ჰგავს-მეთქი, მაგრამ მერე ყველამ ის მითხრა, რომ გეგა ლამაზი ბავშვია. მერე იმაზე დაიწყო მსჯელობა, ვის ჰგავს ბავშვი. როგორც მითხრეს, ფერი ჟღენტების აქვს, თვითონ გუგა შავგვრემანია, მაგრამ, სამაგიეროდ, მამის ნათესავები ჰყავს ქერა და ღია ფერის. საბოლოოდ დაასკვნეს, რომ ბავშვი ჰგავს ჟღენტებს, თუმცა, ვფიქრობ, გეგას ჩემიც ბევრი აქვს. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა ბავშვი მე დამემსგავსებოდა თუ მამას, არც იმაზე მიფიქრია ბევრი, გოგო მეყოლებოდა თუ ბიჭი, ჩემთვის მთავარია, გეგა ჯანმრთელი და კარგი ბიჭი გაიზარდოს. როცა მას ვუყურებ, ვხვდები, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე (იცინის).
– შენმა მშობლებმა ნახეს ბავშვი?
– ჯერ არ უნახავთ, ვერ მოახერხეს ჩამოსვლა. სამაგიეროდ, გეგას სანახავად მოვიდნენ ჩემი და, ძმა, რძალი. საჩუქრებიც საკმაოდ ბევრი მიიღო – ამაზე ჩემმა მეგობრებმა იზრუნეს, მამამაც აიღო რაღაც ვალდებულებები, თუმცა, მე არაფერი დამივალებია მისთვის.
– მარტოს არ გიჭირს ბავშვის გაზრდა?
– ჯერჯერობით არ მიჭირს, ვერ ვიტყვი, რომ ეს ის პროცესია, რომელიც არ მომწონს. ოპერაციის მეორე დღესვე წამოვდექი ფეხზე და ბავშვი ჩემთან შემოვიყვანე პალატაში. მარტოს მისი დაბანა გამიჭირდა, თორემ უკვე საფენებსაც მშვენივრად ვუცვლი და საჭმელსაც ვაჭმევ, გეგა ხელოვნურ კვებაზეა, საკმაოდ ბევრს ჭამს. ცოტა ხანს მარტოს მომიწევს მისი მოვლა, მერე სხვა სახლში გადავალთ. ახლა ახლობლების ოჯახში ვართ, ბინის დაგირავება მინდოდა, მაგრამ ჩემი მდგომარეობის გამო ბინის მოძებნა ვერ მოვახერხე. ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში უნდა გადავწყვიტო, მერე კი ბავშვს ძიძას ავუყვან, მაგრამ, ჯერ ვერ შევარჩიე ისეთი ძიძა, როგორსაც ვეძებ. ძიძა მარტო საფენს არ უნდა უცვლიდეს ბავშვს ან საჭმელს არ უნდა აჭმევდეს, ბავშვს თავისი გრაფიკი უნდა ჰქონდეს ძილის, გასეირნების, მუსიკის მოსმენისა და წაკითხვის, ჯერ გეგა სულ რამდენიმე დღის არის, მაგრამ უკვე ზღაპრებს ვუკითხავ. გეგამ პირველი წიგნი უკვე მიიღო საჩუქრად.
– „იავნანასაც“ უმღერი?
– არა და არც ვაპირებ, არ მომწონს, როცა, აქვს თუ არა სმენა დედას, მაინც უმღერის შვილს. მე ასეთი დედების კატეგორიას არ მივეკუთვნები. როდესაც სიმღერის ნიჭი არ გაქვს, არაა აუცილებელი, ბავშვს უმღერო, ჩემი აზრით, ამას ჯობია, კარგი კლასიკური მუსიკა მოვასმენინო. ბავშვზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს, თუ რა ვითარებაში იზრდება ის. ჩხუბსა და ყვირილში არ იზრდებიან ისეთი ბავშვები, როგორებიც უნდა იყვნენ. მე არ ვიქნები მკაცრი დედა, არ მიმაჩნია სწორად სიმკაცრე ბავშვთან ურთიერთობაში. მე არ ჩავერევი ჩემი შვილის პირად ცხოვრებაში, ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტი იქნება, ისევე, როგორც მე ვწყვეტდი ყველაფერს ჩემს ცხოვრებაში. ერთადერთი, რაშიც მე აქტიური ვიქნები, გეგასთვის კარგ განათლებაზე ზრუნვა იქნება. მინდა, უფრო სერიოზული პროფესია აირჩიოს, ვიდრე მამამისს აქვს, თუმცა, თუ ამ გზას აირჩევს, ესეც მისი გადასაწყვეტი იქნება.
– ისეთი ხმაურიანი ცხოვრებისთვის გაიმეტებ, როგორიც შენ თავად გაქვს?
– მე თვითონ არადროს მქონია სურვილი, სკანდალური იმიჯი მქონოდა. მაგრამ, რაღაცნაირად, ხდება ხოლმე ასე. მე მინდა, რომ გეგა იყოს ჩემსავით აქტიური, იმას კი, ხმაურიანი იქნება თუ არა მისი ცხოვრება, თვითონ გადაწყვეტს.
– გეგას მონათვლას აპირებ?
– კი, მაგრამ, მაინცდამაინც მეორმოცე დღეს მისი მონათვლა არ მიმაჩნია აუცილებლობად. ნათლიობის იმდენი კანდიდატი და მსურველია, ავარჩევთ როგორმე. ისეთს არავის შემოუთავაზებია ნათლიობა, რომ ჩემთვის მიუღებელი ადამიანი იყოს. ნათლობის ცერემონიალს პომპეზურად არ ვაპირებ, არ მიყვარს ასეთი რაღაცეები.
– როგორ შეცვალა დედობამ შენი ცხოვრება, შენი დამოკიდებულებები?
– ჩემი დამოკიდებულებები ნამდვილად არ შეცვლილა, დედობამ შეცვალა მხოლოდ ჩემი ცხოვრების სტილი – ძალიან დიდი ხანია, ერთი დღეც არ დავრჩენილვარ სახლში, ახლა კი მთელი თვე საწოლში გავატარე. ახლაც რაღაც პერიოდი კიდევ მომიწევს სახლში ყოფნა, მერე კი გავალ სამსახურში. ახლა ეს მე და გეგას განსაკუთრებით გვჭირდება.
გუგა ჟღენტი: ჩემზე კი ამბობენ, რომ მხოლოდ ბავშვებს ვაკეთებ, მაგრამ, არც ასეა საქმე, გეგა ჩემი მესამე შვილია და, შესაბამისად, მამობის განცდა უკვე კარგად ნაცნობია ჩემთვის, მილოცვებსაც უხვად ვიღებ. სამწუხაროდ, სამივე შვილი ჩემ გარეშე იზრდება, მაგრამ, რას ვიზამ? მე თვითონაც უმამოდ ვარ გაზრდილი და ვიცი, რასაც ნიშნავს ეს ბავშვისთვის, მაგრამ, ცოლის გაგონება ნამდვილად აღარ მინდა. უკვე სამი ცოლი მყავდა და საკმარისია. სამწუხაროდ, ვერც ერთი ჩემი ცოლი ვერ შეეჩვია ჩემი ცხოვრების სტილს, ხან თურქეთში მიწევს ყოფნა, ხან უკრაინაში, რაც ქალებისთვის ძნელი ასატანია. ახლაც კრაკოვში მივდივარ სამუშაოდ, ერთ-ერთ ცნობილ კლუბში უნდა დავიწყო მუშაობა დიჯეიდ. ამას აიტანს ვინმე? სამწუხაროდ, არც შემხვდა ისეთი ძლიერი ადამიანი, რომ ჩემთვის კისერი მოეღრიცა. მეორე მეუღლე, ანა ჯაკობია, დიდხანს მებრძოლა, რომ ოჯახურ ცხოვრებას შევჩვეოდი, სიმართლე გითხრათ, ეს მეც მინდოდა, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც არ გამოგვივიდა. პასუხისმგებლობას ნამდვილად არ გავურბივარ არც ერთ შვილზე. თეას არანაირი ვალდებულება არ დაუკისრებია ჩემთვის და არც ცუდად არ მოქცეულა ჩემთან, მაგრამ, მე, როგორც შევძლებ, ამ ბავშვის გვერდით ვიქნები. ვიცი, რომ ის დაჩაგრული იქნება, რადგან გვერდით მამა არ ეყოლება, მაგრამ, როგორც შევძლებ, ისე დავუდგები გვერდით.
– შენი და თეას ურთიერთობასაც არ აქვს პერსპექტივა?
– არა და ეს თავიდანვე ვიცოდით ორივემ. მე და თეა ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები ვართ ცხოვრების წესით, მენტალიტეტით... ჩვენ დაგეგმილი არც არაფერი გვქონია, არც სიყვარული არსებობდა ჩვენ შორის. ჩვენი ურთიერთობა საკმაოდ ცუდად დაიწყო – თეას „ფეისბუქზე“ მივწერე, რატომ ლაპარაკობ პატრიარქზე ასე-მეთქი. ამ თემაზე ბევრჯერ გვიკამათია, მაგრამ თეას ძალიან ჯიუტი ხასიათი აქვს და აზრს მას ვერ შეაცვლევინებ. როდესაც თეამ მითხრა, რომ ფეხმძიმედ იყო და ჩემგან ბავშვს ელოდა, ვუთხარი: ცოტა ხანს მოიცადე, ამოიწუროს ეს თემა, დაავიწყდეს ხალხს ის სკანდალი, რაც პატრიარქთან დაკავშირებით იყო, რომ ეს ბავშვზე არ აისახოს-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა. იმედი მაქვს, როცა გეგა სკოლაში წავა, ეს ყველაფერი დავიწყებული იქნება. მე არ ვუსურვებ ბავშვს, რომ მასაც ისეთი ხმაურიანი ცხოვრება ჰქონდეს, როგორიც თეას ჰქონდა. არც მე მაქვს მშვიდი და აწყობილი ცხოვრება, მაგრამ, მაინც მირჩევნია, მე დამემსგავსოს, თუნდაც ცოლების სიმრავლით (იცინის). გარეგნულად ხომ მგავს და მგავს, ამაზე შევთანხმდით კიდეც მე და თეა, „დამემუქრა“: ბავშვი შენ რომ დაგემსგავსოს, შენთან გამოვუშვებო. მე კი ვეუბნები: ფაქტია, რომ შენ არ გგავს და, საერთოდაც, ღმერთმა დაიფაროს, შენ დაგემსგავსოს-მეთქი (იცინის).