კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დააწესა შვილთან მორიგეობა დიმიტრი შაშკინის მამამ და როგორ გადაურჩა ის დახვრეტას

განათლების და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის მამა, ნიკოლოზ შაშკინი, თბილისის იმ თაობის კოლორიტია, რომელსაც კარგად ახსოვს ის, რითიც ეს ქალაქი 50-იან წლებში ცხოვრობდა. პროფესიონალ წყალბურთელს და მოცურავეს ძალიან დიდი სპორტული წარმატებებიც ჰქონდა, თუმცა ყველაზე დიდ გამოცდებს მაინც საკუთარ ქალაქში აბარებდა – დიდი სამეგობრო, მტკვარზე დაწყებული მეგობრობა, მათთვის გახსნილი ახალი ხიდები და დიღმის ბაღები, სადაც ონავრობის უფლება ყველა თბილისელ ბიჭს ჰქონდა...



ნიკოლოზ შაშკინი: ერთი წლის ვიყავი, როცა ამ ქალაქში ჩამოვედი. უმანში დავიბადე, მამაჩემი სამხედრო პირი იყო, როცა სამამულო ომი დაიწყო, ჩვენ ევაკუაციაში მოვხვდით, ჯერ მოზდოკში ვიყავით მე და დედაჩემი, შემდეგ თბილისში ჩამოვედით ეშელონით. ჩვენ რომ იქ დავრჩენილიყავით და გერმანელებს ტყვედ ჩავვარდნოდით, როგორც ოფიცრის ოჯახის წევრებს, მეც და დედასაც აუცილებლად დაგვხვრეტდნენ. მამაჩემი ომის დამთავრებამდე ორი კვირით ადრე დაიღუპა. ჩემი ერთადერთი მარჩენალი დედა იყო, ჩვენ საბურთალოზე დავსახლდით, ვცხოვრობდით ისე, როგორც ყველა – გაჭირვების მიუხედავად მაინც ბევრი რამ გვიხაროდა. ამ ქალაქმა ობოლი ბიჭი კარგად მიმიღო, ამიტომაც მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება თბილისთან. უმანი ჩემთვის მხოლოდ იმ ადგილად დარჩა, სადაც დავიბადე, სხვა ყველაფერი საქართველოსთან მაკავშირებს. ჩემი შვილი – დიმა, უკვე დიდი იყო, როცა უმანში ჩავედი. მინდოდა, შვილს ის ადგილი ენახა, სადაც მამამ მზის სინათლე იხილა. დედის მონაყოლით ვიცანი ის სახლი, სადაც დავიბადე, ძალიან ცუდი განცდა გამიჩნდა – უკვე აღარც დედა იყო ცოცხალი და მეც იქ აღარაფერი დამრჩენოდა. თბილისში ჩვენი ბავშვობა სხვანაირი იყო. სათამაშოები ძალიან ჭირდა, ამიტომაც ჩვენ თვითონ ვიგონებდით თამაშებს – გრძელი ვირი, ჩიკორი და ლახტი ყველაზე გავრცელებული თამაშები იყო. ბურთი რომ არ გვქონდა, პატარა ტომრებში ლობიოს და ბამბას ვყრიდით და ამ ბურთებით მიდიოდა კენწლაობა. დიღმის ტერიტორიაზე ხეხილის ბაღები იყო. ავიღებდით ხოლმე ბორბლის კამერას, გავცურავდით მტკვრით ბაღებამდე, შევძვრებოდით შიგნით, ხილს ვჭამდით და თან სხვებისთვისაც ვიპარავდით (იცინის). ჩვენი სახლი მტკვართან ახლოს იყო, ამიტომაც მთელ დღეებს მეგობრებთან ერთად მტკვარზე ვატარებდი. ცურვაში ვეჯიბრებოდით ბიჭები ერთმანეთს, გვიხაროდა ახალი ხიდების გახსნა – ჩვენ პირველები ვხტებოდით იმ ხიდებიდან მტკვარში და ასე ვხსნიდით ახალ ხიდს, მტკვარზე დაიწყო ჩემი სპორტული კარიერა – 10 წლის ვიყავი, როცა მწვრთნელმა ლევ კრილოვმა შემამჩნია, დამიძახა და აუზზე დამპატიჟა. ახლანდელ „ლაგუნა ვერესთან“ ერთი პატარა „ბასეინი“ იყო, იქ მიმიყვანეს. ერთ თვეში გუნდშიც ამიყვანეს და „ზბორებზე“ წავედით. 16 წლის ვიყავი, როცა წყალბურთელთა გუნდ „ქარიშხალაში“ დავიწყე თამაში. ეს თბილისში მეორე გუნდი იყო. 17 წლისამ მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადაში გავიმარჯვე. ოქროს მედალი მოვიპოვე პროფკავშირების ჩემპიონატში, სადაც ძალიან ძლიერი გუნდები მონაწილეობდნენ. მე ვთამაშობდი მცველის პოზიციაზე, ცენტრიდან ბურთის მოპოვება ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია, არც ერთ ბურთს არ ვკარგავდი ცენტრში. ჩვენი გუნდი ძალიან ძლიერი წყალბურთელებით იყო დაკომპლექტებული, ერთხელ საქართველოს პირველობაზე თბილისის „დინამოს“ შევხვდით. ანგარიშით – ხუთით ოთხი დავამარცხეთ მოწინააღმდეგე, მაგრამ ეს პიროსის გამარჯვება აღმოჩნდა ჩვენთვის – „ქარიშხალა“ დაშალეს, წყალბურთელების ნაწილი ჯარში გაუშვეს, ნაწილი კი, „დინამოში“ გადაიყვანეს. მე გადავედი მოსკოვში, „ბურევესტნიკში“ მიმიწვიეს, რომელიც იმ პერიოდისთვის საბჭოთა კავშირის მეორე გუნდი იყო. პარალელურად, დავიწყე სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მაგრამ, მოსკოვში დიდხანს დარჩენა არ მომიწია. გადმოვედი თბილისში და „ლოკომოტივში“ დავიწყე თამაში.

– მაშინ სპორტსმენები თქვენ თაობაში ძალიან პოპულარები იყავით, ალბათ, საინტერესო ცხოვრებაც გქონდათ.

– სპორტსმენებს მართლაც ძალიან საინტერესო ცხოვრება გვქონდა. დავდიოდით „ზბორებზე“, შეჯიბრებებზე, საერთაშორისო ტურნირებში ვიღებდით მონაწილეობას. მოვიარე იუგოსლავია, პოლონეთი, იტალია, უნგრეთი. გარდა წყალბურთისა, მე ვცურავდი კიდეც. ვიყავი სპორტის ოსტატი ცურვაში, ქართულ გუნდს ამ მხრივ ძალიან უჭირდა, 1 500-მეტრიან დისტანციაზე ვერავინ გამოჰყავდათ. 1964 წელს, ბრაზილიის მსოფლიო თამაშების წინ, მე დეპეშით გამომიძახეს ვილნიუსიდან მოსკოვში, რომ ჩვენი გუნდისთვის ჩასათვლელი ქულები ამეღო. ბრაზილიაში ვერ წავედი, რადგან ოფიციალურად წყალბურთელი ვიყავი და სპორტის სხვა სახეობაში ვერ მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ მოცურავეთა გუნდს ძალიან დავეხმარე. მოცურავეები ძალიან საჭირო ხალხიც ვიყავით, მტკვარზე ბევრი ადამიანი მყავს დახრჩობას გადარჩენილი. მეც არაერთხელ მინახავს მტკვრის ფსკერი. მსოფლიოს სხვადასხვა ზღვაშიც მიცურავია და ოკეანეშიც. ერთი ამბავი მახსენდება, ვიეტნამში წავიყვანეთ თანამშრომლები ბათუმის ბამბუკის ფაბრიკიდან. ვიეტნამი ბამბუკის ავეჯის წარმოებით იყო სახელგანთქმული, მაგრამ ჩვენ საბჭოთა მწარმოებლებს ვერ შეგვხვდნენ კარგად. დაგვიმალეს ყველაფერი, არ უნდოდათ, მათი ფაბრიკა გვენახა. ხან რა მოიმიზეზეს, ხან – რა, გვითხრეს მდინარე ადიდდა და ვერ გადაგიყვანთო, კი ვამბობდი, კარგი მოცურავე ვარ და გადავცურავ-მეთქი, მაგრამ ამანაც არ გაჭრა (იცინის).

როცა იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე მუშაობა დავიწყე შინაგან საქმეთა სამინისტროში. თავიდან რიგითი ინსპექტორი ვიყავი სისხლის სამართლის სამძებროში. ნარკომანიის ხაზით ვმუშაობდი, მერე მკვლელობებზე გადამიყვანეს. მუშაობის დაწყებიდან 2 წელიწადში წარმატებული საბჭოთა მილიციელის წოდება მომანიჭეს, ოპერაცია, რომელიც ჩემი ხელმძღვანელობით ჩატარდა მთელ ქვეყანაში გახმაურდა – 70 კილოგრამი მარიხუანა ამოვიღე ლოტკინზე. ძალიან მიყვარდა ჩემი პროფესია, ვიცოდი, რომ ვაკეთებდი საქმეს, რომელიც საზოგადოებისთვის საჭირო და სასიკეთო იყო. ამაში სპორტული წარსულიც მეხმარებოდა – ფიზიკურად გამძლე და ძლიერი ვიყავი. არ მიჭირდა ოპერაციებზე სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, რისი გამოცდილებაც სპორტში მქონდა მიღებული. ეს თვისება ძალიან სჭირდება მილიციელს. ამას ისიც ემატებოდა, რომ ნაცნობების დიდი წრე მყავდა. 30 წელი გავატარე პროკურატურაში. იმდენად აქტიური და აზარტული ადამიანი ვიყავი, რომ წლების შემდეგ, როცა ცოტა უფრო რუტინულ საქმეზე გადავედი, თავიდან ძალიან გამიჭირდა, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობა ძალიან საინტერესო იყო. წლების შემდეგ სასამართლოს მდივნადაც ვმუშაობდი, მაგრამ პენსიაზე გავედი თუ არა, სამსახურიც დავტოვე.

– თქვენი კოლეგა იყო თქვენი მეუღლეც, ოჯახში პროფესიული კონკურენცია არ გქონდათ?

– ჩვენ ორივე ლეიტენანტები ვიყავით, როცა ერთმანეთი გავიცანით. ჩემი მეუღლე საინფორმაციო ცენტრში მუშაობდა, მანქანის გატაცებების სამსახურში. სხვადასხვა პროფილი გვქონდა და „ნაკოლებს“ ვერ მომცემდა (იცინის). ჩემი ქმრობა იოლი არ იყო, მაგრამ მეც რომ იგივე სისტემაში ვიყავი, არ გვიჭირდა ერთმანეთის გაგება. ჩემი ცოლი თელაველია, კახური ხასიათი აქვს, დიმაც დედას ჰგავს ხასიათით, ცოტა ჯიუტია. სულ ვეუბნები ჩემს ცოლს: ეტყობა, კახეთის ჰაერი მოქმედებს ასე ძალიან-მეთქი.

– შვილი ბევრ პრობლემას გიქმნიდათ წარსულში, მის გამო სკოლაში ხომ არ გიბარებდნენ ხოლმე?

– არ იყო დიმა ცელქი, არც პრობლემებს გვიქმნიდა. როცა მთელი კლასი შატალოზე მიდიოდა, არც თვითონ რჩებოდა სკოლაში, მაგრამ არ მახსოვს, მის გამო რაიმე პრობლემა შეგვქმნოდა. ხანდახან ჩხუბობდა კიდეც, მაგრამ თავის ამბებს თვითონ აგვარებდა. კლასში ლიდერი იყო, ავტორიტეტი ჰქონდა. ერთხელ ჩემი მეუღლე დაიბარეს სკოლაში, დამრიგებელმა უთხრა: კარგი მოსწავლეა, ძალიან გთხოვთ უთხარით, კომკავშირში შევიდეს, რომ სხვებს მაგალითი აჩვენოსო. სახლში რომ დაველაპარაკეთ გვითხრა: ეგ მეორედ აღარ მითხრათო. დიმა ისეთი ბიჭი იყო, თავის პირად საქმეებში მშობლებს არ გვრევდა. ერთხელ მკითხა აზრი, როცა ცოლის მოყვანა დააპირა. მე ვუთხარი: ინსტიტუტი დაამთავრე, მუშაობა დაიწყე და მერე წინ აღარაფერი დაგიდგება-მეთქი, დამიჯერა და რაღაც პერიოდის შემდეგ ძალიან კარგ გოგოზე დაქორწინდა კიდეც.

– როგორ შეეგუეთ შვილი მშობლების გზას რომ არ გაჰყვა?

– თავიდან ერთი წელი მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. მე არც მინდოდა, რომ პოლიციელი გამხდარიყო და ჩვენს გზას გაჰყოლოდა. არ მემეტებოდა ასეთი რთული საქმისთვის. მერჩივნა, საერთაშორისო ორგანიზაციაში ემუშავა. დიმამ თავისი გზა თვითონ აირჩია, არც ახლაა შეჭიდებული იოლ საქმეს, მაგრამ ამის გარეშე ცხოვრება საინტერესო არ არის. ახლა მასაც ბევრი სანერვიულო აქვს, ჩვენც და, მისი ოჯახის წევრებსაც. როცა არაობიექტურად აკრიტიკებენ, ძალიან განვიცდი, მარტო მას კი არა, ხანდახან მეც გადმომწვდებიან ხოლმე. მე ხომ ვიცი, რამდენს შრომობს, რამდენს ფიქრობს. შვილს ხშირად დღეები ვერ ვნახულობ, სულ სამსახურშია, სახლში ღამის პირველ საათზე რომ მოვა, აბა, რაღას ვნახავ? ერთი კვირა დღეა, როცა მისი ნახვა შემიძლია. ერთი დასვენების დღე აქვს და მინდა, მართლა დაისვენოს. მორიგეობა გვაქვს, ხან თვითონ მოდის კვირაობით ჩვენთან, ხან ჩვენ ვესტუმრებით ხოლმე. ერთი ტრადიციაც შემოგვრჩა, რომელსაც არ ვარღვევთ – ახალ წელს, სადაც არ უნდა ვიყოთ, ერთად უნდა შევხვდეთ.

– ყურადღებიანია მინისტრი მშობლებთან?

– კი, ამაზე საყვედურს ვერ ვეტყვი. არ ავიწყდება არც ჩემი და არც დედამისის დაბადების დღე. როცა უცხოეთში მიდის, იქაც არ ვავიწყდებით – ხან რა ჩამოაქვს, ჩვენთვის და ხან – რა. უკვე წლებია, რაც სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციულ თეფშებს ვაგროვებ. ახლა ეს ტრადიცია ჩემმა შვილებმა გააგრძელეს. ისე გაიზარდა ჩემი კოლექცია, შვილებს ვუთხარი: გეყოფათ, თორემ, სახლში თავისუფალი კედელი აღარ დამრჩა-მეთქი.

– სპორტული გატაცებებით დაგემსგავსათ შვილი?

– უყვარს სპორტი, ცხოვრების ჯანსაღი წესი. თვითონაც კარგად ცურავს, მაგრამ ერთმანეთს რომ შევეჯიბროთ, მე კიდევ მოვუგებ. სამაგიეროდ, მან ბევრ საკითხში მაჯობა, რაც ძალიან მიხარია (იცინის).


скачать dle 11.3