როგორ შეიცვლება ნარკომანებისთვის ყველაზე საშიში მუხლი კანონში და რა შეზღუდვები დაწესდება მათთვის
საქართველოში ნარკოპოლიტიკის ძირეულ შეცვლაზე საუბარი ორი წლის წინათ დაიწყო. სწორედ მაშინ შეიქმნა ახალი კანონპროექტი, რომელსაც ავტორი, პარლამენტის წევრი გიგი წერეთელი რევოლუციურს უწოდებს. თუმცა, ამ კანონპროექტის მიღება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. დიდი აჟიოტაჟის გამო კანონპროექტი რამდენჯერმე შეიცვალა და დღესაც დისკუსიის აქტიური თემაა. აზრთა სხვადასხვაობაა ექსპერტებს შორისაც, ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ კანონი, რომლის შექმნის მიზანიც გაეროს კონვენციებთან შესაბამისობაში მოყვანა იყო, უკეთესობისკენ არ იცვლება. ამაზე საკუთარი არგუმენტები აქვთ კანონპროექტის ავტორს და კანონმდებლებს. დღეს მოქმედი კანონის განსაკუთრებულ სიმკაცრეზე უკვე აღარავინ დავობს – ფაქტია ისიც, რომ ხანდახან ნარკოტიკების მომხმარებელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულზე მკაცრადაც ისჯება და ჩვეულებრივ ნარკომანსა და ნარკოტიკებით მოვაჭრეს თანაბარი სასჯელი ელით. ახალი კანონით, ალბათ, სწორედ ეს ხარვეზები უნდა გამოსწორდეს და დაზუსტდეს ნარკოტიკების დოზები, განისაზღვროს, თუ რა რაოდენობა შეიძლება ჩაითვალოს მცირე, საშუალო და დიდ ოდენობად. თუ აქამდე ერთი დოზა ჰეროინი და 10 აბი სუბოტექსი ერთ რანგში გადიოდა, ახალი კანონით, ასე ვეღარ მოხდება. ახალ პროექტში გათვალისწინებულია ნარკოტიკების შემცველი ნივთიერებების ოთხი ნუსხა, რაც მომავალში კიდევ შეიძლება, შეიცვალოს. დაკავებულისთვის სასჯელი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი სიის შემადგენელი ნარკოტიკი აღმოაჩნდება მას და რა ოდენობით.
სისხლის სამართლის კოდექსში ნარკომანებისთვის ყველაზე საშიში 260-ე მუხლია, რომელიც უვადო პატიმრობასაც კი ითვალისწინებს. ეს მუხლი სამ ნაწილად იყოფა და ყველაზე დაბალი სასჯელი თერთმეტი წლით განისაზღვრება. ახალი კანონის მიღების შემდეგ, ეს მუხლი, სავარაუდოდ, ხუთ ნაწილად დაიყოფა. უვადო პატიმრობა კვლავ ძალაში დარჩება, მაგრამ განსაზღვრული იქნება კონკრეტულად, რა ოდენობისთვის აგებს პასუხს დამნაშავე. აქედან გამომდინარე, მუხლის სანქცია თერთმეტის ნაცვლად, ხუთი წლიდან აითვლება. მუხლს თან ახლავს შენიშვნა „პირი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ ნარკოტიკს ნებაყოფლობით ჩააბარებს“.
პროექტთან დაკავშირებით, რომელზეც მუშაობა გრძელდება, საზოგადოებაში კვლავ ბევრი შეკითხვა არსებობს. როგორ გაიმიჯნება ერთმანეთისგან ნარკომომხმარებელი და დამნაშავე? ვისთვის დაწესდება ფულადი ჯარიმები? კვლავ თითქმის ერთნაირი იქნება თუ არა სასჯელი მომხმარებლისა და რეალიზატორის მიმართ? პროექტის სამუშაო ვერსიის მიხედვით, ვინც პირადი მოხმარებისთვის მცირე ოდენობით ნარკოტიკს დაამზადებს, შეიძენს, შეინახავს – 300 ლარის ოდენობის ჯარიმას გადაიხდის. განმეორების შემთხვევაში ექვსასი ლარია. თუმცა, თუ ერთი წლის განმავლობაში იგივე ქმედებას ორჯერ ჩაიდენს, ჯარიმა უკვე 2 000 ლარს აღწევს. ახალი კანონით, იმუშავებს სპეციალური მუხლი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის. ფსიქოაქტიური ნივთიერებების პოპულარიზაციისთვის ფიზიკური პირი – 500, ხოლო იურდიული პირი – 50 000 ლარით ჯარიმდება. ნარკომანებისთვის სამუდამოდ სრულდება კარიერა საჯარო და არა მხოლოდ საჯარო სამსახურში. მათ ეკრძალებათ ძალიან ბევრი პროფესიული საქმიანობის შესრულება.
– ბატონო გიგი, საპარლამენტო კომიტეტებში კვლავ დაიწყო ნარკომანიასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა. რატომ გაჭიანურდა ასე დიდხანს ამ კანონის მიღება?
– ამ კანონპროექტის განხილვა არ შეწყვეტილა. ჩვენ ვმუშაობთ პროკურატურასთან და იუსტიციის სამინისტროსთან ერთად. ამ თემასთან დაკავშირებით მუდმივად იმართება დისკუსიები, კულუარული მუშაობა. ამ სესიაზე საკომიტეტო მოსმენებიც განახლდება და კანონპროექტი უფრო დაზუსტებული სახით, ალბათ, საგაზაფხულო სესიისთვის იქნება მზად. ეს კანონი დაარეგულირებს ბევრ საკითხს, შეიქმნება ნარკომანიასთან, როგორც დაავადებასთან, ასევე დანაშაულთან, ბრძოლის უფრო ეფექტური ბერკეტები. ჩვენ ვფიქრობთ, ნარკოპოლიტიკის გამოსწორების მიზნით, კანონის სიმკაცრე იყო აუცილებელი და ეს ასეც დარჩება. დღეს მოქმედ კანონს ბევრი ოპონენტი ჰყავს. ჩვენც მიგვაჩნდა, რომ ბევრი რამ იყო შესაცვლელი და სწორედ ამიტომ დავიწყეთ ახალ პროექტზე მუშაობა.
– ამ კანონპროექტის არსებული სახით მიღების შემთხვევაში, ნარკომომხმარებლებს დამნაშავის სტატუსი მოეხსნებათ?
– ეს ძალიან რთული საკითხია. მომხმარებლის და დამნაშავის სტატუსს განსაზღვრავს კანონი. გარკვეულ ზღვრამდე ადამიანს მიენიჭება მომხმარებლის სტატუსი, იმ ზღვრის შემდეგ კი, იქნება დამნაშავე და დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ცალკე ვიმსჯელებთ იმ მუხლებზე, რომლებსაც კანონის მიღების შემთხვევაში უკუძალა ექნება. თუმცა, ნურავინ დაიმედდება იმით, რომ კანონის მიღების შემდეგ, ნარკომანები გათავისუფლდებიან უკვე დაკისრებული პასუხისმგებლობისგან. მთავარია, როგორი დათქმები იქნება კანონში, რაზეც მომავალში ვიმსჯელებთ. წინასწარ ამაზე საუბარი არ შემიძლია. ამ კანონში არის მექანიზმები, რომელიც უფრო სამართლიანად მიანიჭებს სტატუსს ნარკოტიკის მომხმარებელს.
– როგორი ტარიფებით დაწესდება ჯარიმები ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის? ნებისმიერ შემთხვევაში, გაათავისუფლებს ნარკომანს ფულადი ჯარიმა?
– რა თქმა უნდა, არა. პროექტის იდეა, სწორედ ისაა, რომ ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში, დასჯის მექანიზმი მხოლოდ პატიმრობა არ არის, ჩვენი მიზანია, მეტი პრევენცია და პატიმრობის ალტერნატიული ადმინისტრაციული სასჯელები. ჯარიმის ოდენობა დამოკიდებული იქნება ნარკოტიკის სახეობაზე და ოდენობაზე. პროექტით, ჯარიმა შეიძლება იყოს 2 000 ლარიც და ადმინისტრაციული პატიმრობაც, რომელიც ქართული კანონმდებლობით სამ თვესაც მოიცავს. ვფიქრობთ, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის შემოღებაზეც. ჩვენი მიზანია, კანონით განვსაზღვროთ მექანიზმი, რომლითაც ჯარიმის თანხა მოხმარდება ნარკომანების მკურნალობას და რეაბილიტაციას. თუ ეს კანონი არსებული ფორმით დამტკიცდება, ნარკოტიკის მოხმარებისთვის დაჯარიმებულ ადამიანს, ექნება არჩევნის საშუალება – ის ჯარიმის თანხას ან შეიტანს ბიუჯეტში, ან მოიხმარს მკურნალობისთვის. მკურნალობის სტანდარტები შეიქმნება სპეციალისტების მიერ. ჩვენ ვგეგმავთ შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნას. თუ ნარკოტიკების მომხმარებელი უარს განაცხადებს მკურნალობაზე, ის დაჯარიმდება ბიუჯეტის სასარგებლოდ, ან დაკავდება ადმინისტრაციული პატიმრობით.
ამ კანონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ნარკოტიკული საშუალებების ნუსხისა და დოზების დაზუსტება თანამედროვე სტანდარტებით და სამართლიანად. არსებობს მათი ნუსხა, მაგრამ ქვეყანას აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება, ესა თუ ის ფსიქოაქტიური ნივთიერება მოაქციოს რომელიმე სიაში. ჩვენ უფრო ახლებურად ვაყალიბებთ ამ მიდგომას. ახალი კანონით, გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება იმას, თუ რა სოციალური რისკის შემცველია ესა თუ ის ფსიქოაქტიური ნივთიერება. ჩვენ გვაქვს კანონით მონიჭებული უფლება, შევიტანოთ ეს ნივთიერებები რომელ სიაშიც გვინდა, გამომდინარე, მათთან დაკავშირებული საფრთხიდან. არ გამოვრიცხავ, რომ დღეს არსებულ ნარკოტიკულ საშუალებათა ნუსხას, დაემატოს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებიც. ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი ადვოკატი, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებისთვის დაკავებულის ინტერესებს იცავდა, ხშირად ატყუებდა ამ ადამიანის ოჯახის წევრებს და ეუბნებოდა, რომ ახლა იცვლება კანონი და სუბოტექსი აღარ ჩაითვლება ნარკოტიკად. ამის საფუძველზე კი თქვენი პატიმარი გათავისუფლდებაო. ბუნებრივია, ასეთი რაღაც არ მოხდება.
– დღეს მოქმედი კანონი ძალიან ბევრ ხარვეზს მოიცავს ნარკოტიკის დოზებთან დაკავშირებით. ახალი კანონით ეს როგორ შეიცვლება? ძველებურად, ერთნაირად დაისჯებიან ნარკოტიკის მომხმარებელი და გამსაღებელი?
– ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია – როგორ მოხდეს გამიჯვნა. ეს უკავშირდება სამართალწარმოებისა და სასამართლო განხილვის საკითხებს. ამ მხრივ, კიდევ ბევრი მსჯელობა გველის და ეს საკითხები უფრო დეტალურად მეორე მოსმენის დროს გაირკვევა. იმისათვის, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურამ აქტიურად ებრძოლოს ნარკოტიკებით ვაჭრობას, მათ სჭირდებათ ინფორმაცია, რაც ყველაზე კარგად, ბუნებრივია, ნარკოტიკების მომხმარებლებმა იციან. თუნდაც, ამიტომ უნდა იყოს კანონი მკაცრი, რომ ნარკომომხმარებლებმა პასუხისმგებლობას იოლად არ აარიდონ თავი. ვფიქრობ, ნარკოტიკების გარკვეულ რაოდენობაზე უფრო დაბალი სანქციები დაწესდება. ამ ეტაპზე სრული მასშტაბით დეკრიმინალიზაცია ვერ მოხდება, მაგრამ წინსვლა აუცილებლად გვექნება. ეს დისკუსიის თემაა. ზოგიერთი ქვეყანა მიიჩნევს, რომ მაგალითად მარიხუანა შეიძლება იყოს უფრო იოლად დეკრიმინალიზებული, რასაც ჩვენთან ბევრი ადამიანი სამართლიანად არ ეთანხმება. ის ნორმები, რაც თუნდაც, 20 წლის წინ იყო, დღეს რეალობას აღარ მიესადაგება. ადრე ითვლებოდა, რომ ჰეროინი საერთოდ არ არსებობდა, მაგრამ დღეს ჰეროინის ან მისი შემცველი – ოპიატების პროდუქტები, ნარკოინდუსტრიის აქტიურობის შედეგად, ბაზარზე სხვადასხვა სახით არის გავრცელებული. სპეციალისტების განსჯის საგანია, რომელი ნარკოტიკული საშუალება მეტ ზიანს აყენებს ადამიანს და საზოგადოებას. შესაძლოა, მარიხუანას მოხმარებამ უფრო მეტი ადამიანი ჩართოს ნარკოტიკის მომხმარებელთა წრეში, რადგან ადამიანი უმეტეს შემთხვევაში ნარკოტიკის მიღებას სწორედ მარიხუანის მოწევით იწყებს. უცხოეთში ადამიანი მარიხუანას ეწევა, კოკაინს ყნოსავს თვეში ერთხელ და ნარკომანი არ ხდება, ჩვენთან, სამწუხაროდ, უფრო ადვილად ავადდებიან ნარკომანიით. თუ ადამიანი ეწევა მარიხუანას, ეწევა მუდმივად და არა თვეში ერთხელ. საბედნიეროდ, ჩვენი საზოგადოების მენტალიტეტი ამ მხრივ უკეთესობისკენ იცვლება. ამაში გარკვეული როლი იმანაც ითამაშა, რომ ჩვენ კანონში უკვე დავაწესეთ ლიმიტები და შეზღუდვები ნარკომანების მიმართ. ნარკომანს სამი წლით ჩამოერთმევა – სატრანსპორტო საშუალებების მართვის, სამედიცინო და ფარმაცევტული, პედაგოგიური და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის, საარჩევნო და იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების უფლება. ახალ კანონში ნარკომანს საადვოკატო საქმიანობაც ეკრძალება. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ნარკომანიასთან ეფექტურ ბრძოლას, რომლის ერთ-ერთი ძლიერი მექანიზმი, მიღების შემდეგ, ახალი კანონიც გახდება.