კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ებრძოდა ერთმანეთს ტახტის რამდენიმე მაძიებელი სამად გაყოფილ საქართველოში



საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ძნელბედობის პერიოდი მონღოლების ბატონობის ჟამია. ამ დროს მონღოლთა მიერ დასმული ორი მეფე მართავდა ქვეყანას: დავით ულუ და დავით ნარინი. ნარინი საუკეთესო თვისებებით იყო შემკული და მეფისათვის შესაფერისი აღზრდაც ჰქონდა მიღებული. იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა, წინააღმდეგობა გაეწია მონღოლებისთვის და ჩამოეყალიბებინა ანტიმონღოლური კოალიცია. მონღოლებმაც სამჯერ სცადეს მისი მოკვლა, მაგრამ სამივე მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ჩვენი რესპონდენტი, ისტორიკოსი, პროფესორი მიხეილ ბახტაძე გვიამბობს:



– დავით ნარინი, ანუ დავით მეექვსე, იყო რუსუდანის ძე, თამარ მეფის შვილიშვილი. მამამისი გახლდათ არზრუმის ამირას შვილი – ყიასედინი, რომელმაც, როდესაც რუსუდანი შეირთო ცოლად, გაქრისტიანდა და დიმიტრი დაირქვა. მოგვიანებით იგი საქართველოდან გააგდეს, ვინაიდან, ის ჯალალ ედ-დინის მხარეს გადავიდა და თბილისში შემოუძღვა მას. ამის მიუხედავად, დავით ნარინი და მისი და – თამარი, იზრდებოდნენ საქართველოს სამეფო კარზე და იწოდებოდნენ რუსუდანის ძედ და ასულად.

დავით ნარინი მცირეწლოვანი იყო, როდესაც საქართველოს მონღოლები შემოესივნენ და ის დედასთან ერთად დასავლეთ საქართველოში გადავიდა. ამის შემდეგ დაიდო ზავი ქართველებსა და მონღოლებს შორის. ზავის ერთ-ერთი პირობა იყო, რომ ამიერიდან საქართველოს მეფეს მონღოლთა ყაენი დაამტკიცებდა. ამიტომ რუსუდან მეფემ გადაწყვიტა, თავის სიცოცხლეშივე გაეშვა თავისი ძე ყარაყურუმში, მონღოლთა კარზე, რათა მას მიეღო მეფობა.

– ის ტახტის კანონიერი მემკვიდრე იყო თუ რუსუდანის ძმისშვილს, დავით ლაშას ძეს ეკუთვნოდა ტახტი?

– საქართველოს ტახტის კანონიერი მემკვიდრე იყო დავით რუსუდანის ძე. დავით ლაშას ძეს ქართული კანონით არ ეკუთვნოდა ტახტი, ვინაიდან ის იყო უკანონო შვილი, მისი მშობლები არ იმყოფებოდნენ ქორწინებაში და არ იყვნენ ჯვარდაწერილნი. დავით ლაშას ძეს ტახტი არასოდეს ეღირსებოდა, რომ არა მონღოლები. უკანონო შვილები საქართველოს მეფეებს ჰყავდათ, მაგრამ მათ არასდროს ჰქონიათ ტახტზე ასვლის არავითარი უფლება.

– მაშ, როგორ მოხდა საქართველოში უკანონო უფლისწულის გამეფება?

– როდესაც დავით რუსუდანის ძე მიდის ყარაყურუმში, ის ორი წლით იკარგება. მისი ასავალ-დასავლის შესახებ საქართველოში არაფერია ცნობილი. მოგვიანებით, რუსუდან მეფის გარდაცვალების შემდეგაც კი, მის შვილზე კვლავ არაფერი იციან საქართველოში, ის ცოცხალიც აღარ ჰგონიათ. და, აი, ამ დროს ახსენდებათ დავით ლაშას ძე. ქართველები მოძებნიან ლაშას ძეს, მასაც ჩაიყვანენ ყარაყურუმში და იქ აღმოჩნდება, რომ მისი მამიდაშვილი ცოცხალი და საღ-სალამათია და თავის მხლებლებთან ერთად იმყოფება მონღოლთა საყაენოში. აი, მაშინ იწყება კამათი, თუ ვის ეკუთვნის საქართველოს ტახტი. მონღოლთა კანონმდებლობით, უკანონო შვილის ცნება არ არსებობს, მათთვის შვილი – შვილია. ამიტომ, ყარაყურუმიდან ორივე დავითი მეფის წოდებით დაბრუნდა. დავით რუსუდანის ძეს უწოდეს – ნარინი, ანუ უმცროსი, დავით ლაშას ძეს – ულუ, ანუ უფროსი. რა თქმა უნდა, მონღოლებს რომ ნდომოდათ, მშვენივრად გაარკვევდნენ, ვის ეკუთვნოდა სინამდვილეში ტახტი, მაგრამ მათ აწყობდათ, რომ საქართველოში ყოფილიყო ორი მეფე, ორი დაპირისპირებული კანდიდატურა. ეს არის იშვიათი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში. საყაენოში ერთმანეთთან დაპირისპირებული ბიძაშვილ-მამიდაშვილი ჩამოდის საქართველოში და მშვიდად და წყნარად იწყებენ ქვეყნის მართვას ერთად. ჟამთააღმწერელი წერს, საბუთები მაქვს ნანახი, სადაც დოკუმენტს ორივე მეფე აწერს ხელსო. მონეტებიც ორივე მეფის სახელზე იჭრებოდა. ჟამთააღმწერლის დახასიათებით, დავით ნარინი იყო მაღალი, ლამაზი, წარმოსადეგი ადამიანი, კარგი მოუბარი, შესანიშნავი მეომარი, მონადირე, ყოველმხრივ შემკული პიროვნება ფიზიკურადაც და სულიერადაც. სხვათა შორის, იგივე ავტორი დავით ულუს აღწერისას ამბობს, რომ ის ძალიან დიდი იყო ტანად, ცოტა ტლანქი, საუბარიც უჭირდა და, განათლებული და სამეფოდ აღზრდილიც არ იყო დავით ნარინისგან განსხვავებით, მან სხვა ცხოვრება გაიარა – გამეფებამდე ის გაგზავნილი იყო რუმის სასულთნოში, სადაც ტყვეობაში იმყოფებოდა.

1247 წელს იწყება ორმეფობა საქართველოში და გრძელდება 12 წელიწადს. სანამ დავით ნარინი არ აჯანყდა და არ გადავიდა დასავლეთ საქართველოში.

– რა იყო დავით ნარინის აჯანყების მიზეზი?

– მან ვერ გაუძლო მონღოლებთან ურთიერთობას, ეტყობა, თავსაც დამცირებულად გრძნობდა, რადგან მონღოლთა დანიშნული იყო და მათ უნდა დამორჩილებოდა. ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი მობეზრდა და აჯანყდა, თუმცა, არაფერი არ გამოუვიდა. ამის შემდეგ მას მეტი გზა არ დარჩენოდა და, თბილისიდან რამდენიმე მომხრესთან ერთად გაიქცა. ერთ-ერთი მათ შორის იყო ბეგა სურამელი. გზად იგი სუმბატ ორბელს ჩაუვარდა ხელთ. ორბელი ქართველი ფეოდალი გახდლდათ, რომელიც მონღოლების მხარეს იყო. ნარინმა მას სთხოვა, გამიშვიო და, ქრთამად დედამისის დანატოვარი ძვირფასი ქვა შესთავაზა. ძალიან საინტერესოა, რა ქვა იყო ასეთი, რომ მის სანაცვლოდ დავით ნარინმა თავისუფლება იყიდა. ის ქუთაისში დამკვიდრდა. ამის შემდეგ, საქართველო, ფაქტობრივად, ორად გაიყო: აღმოსავლეთში დაჯდა დავით ულუ, დასავლეში – დავით ნარინი. ამ უკანასკნელს მომავალში არანაირი მცდელობა აღარ ჰქონია აღმოსავლეთ საქართველოში გადმოსვლისა. თუმცა მონღოლები მაინც არ ასვენებდნენ. როგორც ჩანს, ნარინი მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზატორი იყო საქართველოსა და კავკასიაში. ყველა, ვინც მონღოლებს ებრძოდა, მას უკავშირდებოდა. თვითონ დავით ნარინი უკავშირდება ხან ეგვიპტის სულთანს, ხან ტრაპიზონის სამეფოს, რომ მონღოლთა წინააღმდეგ რაღაც კოალიცია შეექმნათ. თუკი აღმოსავლეთ საქართველოში, ვინმე მონღოლებს აუჯანყდებოდა, ყველა გარბოდა და თავს დასავლეთ საქართველოს აფარებდა. ერთი პერიოდი დავით ულუც იქ გაიქცა. შედეგად, აღმოჩნდა, რომ ქუთაისში ერთდროულად ორი მეფე იჯდა, თბილისში კი – არც ერთი. ამ დროისთვის ასეთი საინტერესო ფაქტი მოხდა: დასავლეთ საქართველოს ფეოდალების ერთმა ნაწილმა და მათ შორის ცნობილმა რაჭის ერისთავმა კახაბერ კახაბერისძემ, მოინდომეს დავით ნარინის ჩამოგდება და ულუს გამეფება. დავით ულუს ცოლად ჰყავდა კახაბერ კახაბერისძის ასული გვანცა (მომავალში დემეტრე მეორის დედა). დავით ნარინი გადაარჩინა ოდიშის მთავარმა ბედან დადიანმა, ცოტნე დადიანის ბიძაშვილმა. ეს უკანასკნელი ამ მხარეში ძალიან გავლენიანი კაცი იყო. მან ნარინს დაუჭირა მხარი.

– როგორც ცნობილია, დავით ნარინის მოკვლა რამდენჯერმე სცადეს.

– სამჯერ ჰქონდათ მონღოლებს მცდელობა, რომ დავით ნარინი მოეკლათ. კახაბერ კახაბერისძემ სამჯერ სცადა მონღოლების გადაყვანა დასავლეთ საქართველოში. ერთხელ გადავიდნენ კიდეც და აბანოში შეცვივდნენ, სადაც დავით ნარინი იმყოფებოდა. მან გაასწრო, თორემ აუცილებლად მოკლავდნენ. როგორც ჩანს, დავით ნარინი მიმტევებელიც იყო. ხომ აშკარად მოწინააღმდეგეა მისი კახაბერ კახაბერისძე, მაგრამ, აპატია ერთხელ, მეორედ... მესამედ კი უკვე საკმაოდ მძიმე სასჯელი გამოუტანა: კახაბერ კახაბერისძეს ჯერ ხელი მოჰკვეთეს, შემდეგ – ფეხი, მერე თვალები დასთხარეს და საბოლოოდ სიკვდილით დასაჯეს. მისი შთამომავლობა კი საერთოდ გააძევეს საქართველოდან.

– დასავლეთ საქართველოში გადასვლას რატომ არ ლამობდნენ მონღოლები?

– ისინი ხომ მომთაბარე ხალხი იყო, რომელთაც თავისი ჯოგები ჰყავდათ, დასავლეთ საქართველოში კი საძოვრები ნაკლებად იყო და ამ მხრივ ეს მხარე მათთვის ნაკლებად საინტერესო გახლდათ. გარდა ამისა, იქ გადასვლა საკმაოდ დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მცდელობაც არ ჰქონიათ მონღოლებს იქ მოხვედრისა, ერთადერთი, კახაბერ კახაბერისძის შემთხვევაში დაუშვეს გამონაკლისი და მაშინაც პატარა საექსპედიციო ჯგუფი გაგზავნეს.

1289 წელს, როდესაც დემეტრე მეორეს სიკვდილით დასჯიან მონღოლები, აღმოსავლეთ საქართველოს ტახტი ცარიელი რჩება. ამ დროს მონღოლები საინტერესო გადაწყვეტილებას იღებენ: ისინი თავის მოწინააღმდეგე დავით ნარინს სთხოვენ, ერთი შვილი მისცეს მათ თბილისში გასამეფებლად. მათ შორის შუამავლის როლს ასრულებს ყუთლუ ბუღა, დემეტრეს აღმზრდელის ვაჟი, რომელმაც ძალიან ცუდი როლი შეასრულა დემეტრე თავდადებულის დასჯაში. მისმა შუამავლობამ გაჭრა და თბილისში მეფედ დაჯდა ნარინის ძე, ვახტანგ მეორე.

– რატომ დასთანხმდა დავით ნარინი მონღოლების შემოთავაზებას?

– ნარინს ჰყავდა სამი ძე: ვახტანგი, მიქელი და კონსტანტინე. წესით, ვახტანგს დასავლეთ საქართველო-ქუთაისის ტახტი ეკუთვნოდა და, ამავე დროს, თუკი იგი თბილისშიც გამეფდებოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ერთიანობა ისევ აღდგებოდა.

– მონღოლებისთვის მისაღები იყო საქართველოს გაერთიანება?

– რატომაც არა, თუ ეს საქართველო მონღოლთა ვასალი იქნებოდა?! მონღოლები დასავლეთ საქართველოში ვერც ხარკს იღებდნენ, ჯარიც ვერ გამოჰყავდათ... თუკი აღდგებოდა საქართველოს ერთიანობა და თბილისში მყოფი მეფე იქნებოდა მათი ვასალი, მონღოლები დასავლეთ საქართველოსაც ისევე დაადებდნენ ხარკს, როგორც აღმოსავლეთს. ამას გარდა, სხვა კანდიდატურა მეფისა მონღოლებს არც ჰყავდათ. ამ დროს, დემეტრე მეორის ვაჟი მცირეწლოვანია. მართალია, საქართველოს ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც 7 წლის ყრმაც გაუმეფებიათ, მაგრამ აქ სხვა ვითარება სუფევდა, აქ მეფეს რეალურად უნდა გაეტარებინა ძალაუფლება, იმიტომ, რომ მონღოლებს სჭირდებოდათ ქართველთა ჯარი. ამიტომაც მივიდნენ ისინი წინადადებით ნარინთან, თორემ, კარგად მოეხსენებოდათ, რომ დავით ნარინი იგივე დარჩა, რაც იყო, მაგრამ, სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ.

– გამეფდა ვახტანგ მეორე თბილისში?

– ვახტანგ მეორე გადმოვიდა თბილისში, თუმცა, მოხდა ისე, რომ ის მამაზე ადრე გარდაიცვალა. ერთი წლის შემდეგ მიიცვალა უკვე საკმაოდ ასაკოვანი დავით ნარინიც. ნარინის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში მრავალმეფიანობის ხანა დაიწყო. ფაქტობრივად, სამად გაყოფილ საქართველოში რამდენიმე მეფე იბრძოდა ძალაუფლებისთვის, საბოლოოდ კი ამ ყველაფერს ბოლო მოუღო გიორგი ბრწყინვალემ.



ეკა სალაღაია


скачать dle 11.3