როგორ დაიჭირა ფრანგულმა პოლიციამ ფრანსუა მიტერანის ვაჟი და რატომ ვერ შეაგროვა საფრანგეთის პრეზიდენტის ცოლმა შვილის გამოსახსნელად გირაოს თანხა
დემოკრატიას არც რეცეპტი აქვს და მისი დიაგნოზის დასმაც ერთობ რთულია, ამიტომაც ვერც იმას ვიტყვით დაზუსტებით, როდის გაიფურჩქნება ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ყლორტებისგან ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფო. მანამდე კი, ერთი შეხედვითაც აშკარაა, რომ ქართული დემოკრატია უცნაური ჯიშისაა: მმართველ გუნდს პარლამენტში აგერ უკვე მეორე მოწვევაა, საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს და გვარწმუნებს, რომ ეს დემოკრატიის ნიშანია (თუმცა დემოკრატიაზე ჭიპმოჭრილ ქვეყნებში ასეთი რამ გამორიცხულია); გამოსვლები და პროტესტი ქართულ სინამდვილეში დემოკრატიის დასუსტებად მიიჩნევა, თუმცა დასავლეთში მოქალაქეები ქვას ქვაზე არ ტოვებენ, თუ სახელმწიფომ მათი უფლებების ოდნავ შელახვაც კი მოინდომა (ამის ყველაზე ცინცხალი მაგალითი საფრანგეთია). რატომ განსხვავდება დემოკრატიის ქართული გაგება მისი დასავლური ანალოგისგან?
– ამ მეტად რთულ და საჭირბოროტო საკითხს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე განგვიმარტავს.
– რით ხსნით, ბატონო სოსო, რომ ის, რაც დასავლეთისთვის დემოკრატიის გამოვლენად მიიჩნევა, ჩვენთან დემოკრატიის დასუსტების მცდელობად ინათლება?
– საერთოდ, დემოკრატია პროცესია და არა ერთჯერადი აქტი. მეტიც, ჯერ მსოფლიოში არ არსებობს გაწერილი მოდელი, თუ რა კომპონენტებს უნდა შეიცავდეს დემოკრატია და რას ნიშნავს დემოკრატიული სახელმწიფო. მაგალითად, შეიძლება თუ არა, იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ისეთი „შრომის კოდექსია“, როგორიც ჩვენთანაა? რომელიც თავის დროზე პარლამენტმა მიიღო ბიზნესმენების გულის მოსაგებად, რადგან მათ მოითხოვეს, თუ გინდათ, რომ ბიზნესი იყოს, ვისაც გვინდა, იმას გავაგდებთ, ფეხმძიმე ქალს შეღავათს არ გავუწევთ, არ ავანაზღაურებთ დეკრეტულ შვებულებას და ასე შემდეგ, სასამართლო კი ვერაფერს შეცვლისო. არის ეს დემოკრატია?! ამაზე არ არსებობს ერთგვაროვანი პასუხი. ამერიკის კონსტიტუცია მიიჩნევა დემოკრატიის, მართლაც, შუქურად, არადა, ყველას, ვინც იმ კონსტიტუციას წერდა, მონები ჰყავდა. მეორე მხრივ, ისმის კითხვაც, უქმნის თუ არა დემოკრატია საფრთხეს სახელმწიფოს? მაგალითად, დემოკრატიად მიიჩნევა ის, რომ ევროპის კარი ღიაა და თავის დროზე, ისევე, როგორც ახლა, იმდენი ადამიანი ჩავიდა იქ აზიიდან და აფრიკიდან, ლამის ადგილობრივ მოსახლეობას გაუტოლდნენ. სხვათა შორის, დემოკრატიის შედეგია ისიც, რომ ერთი კვირის წინათ მერკელმა ისტორიული განცხადება გააკეთა, რომელსაც არც ერთმა ჟურნალისტმა არ მიაქცია ყურადღება.
– როგორც ჩანს, არც მე მიმიქცევია, თორემ მივხვდებოდი. რომელ განცხადებას გულისხმობთ?
– მერკელმა თქვა, კრახი განიცადა ჩვენმა ცდამ მულტიკულტურული საზოგადოების შექმნისაო. ამას ჰქონდა აფეთქებული ბომბის ეფექტი. ამ არცთუ უსაფუძვლო განცხადებაში დევს შემდეგი აზრი: მიგრანტებმა ისარგებლეს დემოკრატიით, მაგრამ მათი გაევროპელება ვერ მოხერხდა.
– დიდი შოკია დასავლეთისთვის, რომ იქ ტერორისტულ აქტებს სჩადიან ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ დასავლეთში?
– თანაც ადრე ტერორისტები მიიჩნეოდნენ მარგინალურ და უპატრონო თემად, ახლა კი ირკვევა, რომ ისინი სორბონა და კემბრიჯდამთავრებულები არიან. აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა: ვისთვის არის დემოკრატია? მაგალითად, ძველ რომში რომის მოქალაქე თითქმის დემოკრატიული უფლებებით სარგებლობდა, მაგრამ ამავე დროს მათ ჰყავდათ გლადიატორები და მონები. ასე რომ, დღეს ძალიან რთული ვინეგრეტია. დასავლეთი ყველას, ვისაც კი ოდნავ რეფორმების გამტარებლად დაინახავს, დემოკრატს უწოდებს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მიუნჰენში, გასვლით სხდომაზე ბზეჟინსკიმ, რომელიც პროფესიით და მოწოდებით ანტირუსია, ყველა გააოცა თავის განცხადებით, როდესაც მედვედევს მიმართა, თქვენით აღფრთოვანებულია ამერიკა და ბედნიერი ვარ, რომ რუსეთის ახალგაზრდა პრეზიდენტი რეფორმატორიაო.
– გასაგებია, დასავლეთი მედვედევს უბრალოდ „აგიჟებს“?
– სხვა საკითხია, „აგიჟებენ“ თუ უბრალოდ უნდათ, რომ ამბიციები გაუჩნდეს, რომ პუტინს დაუპირისპირდეს, მაგრამ, ფაქტია, იმავდროულად, მხარს უჭერენ მედვედევის მოდერნიზაციის იდეას.
– გამოდის, რომ ჩვენ დემოკრატების მონები ვართ?
– რატომ? შემოვიდა ტერმინები: ახალგაზრდა დემოკრატია, გარდამავალი დემოკრატია, თუმცა არავის უთქვამს, რამდენ ხანს შეიძლება, გაგრძელდეს ეს რეფორმები. ამ მხრივ, ყველაზე დამაჯერებელი პასუხი აქვს ესპანეთის მეფე ხუან-კარლოსს. წიგნ „ხელმწიფეში“, რომელიც მასზე დაწერა ერთ-ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა, შეკითხვას, როგორ მოახერხეთ, რომ ორ-ნახევარ-სამ წელიწადში ფრანკოს ტოტალიტარული სახელმწიფო დემოკრატიულად აქციეთ, მოგეხსენებათ, მიიჩნევა, რომ დემოკრატიას წლები სჭირდება, რადგან ნამდვილი დემოკრატია პენსიაზე გასული დემოკრატიააო, ხუან-კარლოსი პასუხობს: პოლიტიკური რეფორმების აუცილებლობის საფუძველი მე ფრანკომ დამიტოვაო. ხუან-კარლოსმა იგულისხმა საშუალო ფენა და ამით თქვა, რომ სახელმწიფოში, სადაც არ არის საშუალო ფენა, დემოკრატია ყოველთვის იქნება დაუსრულებელი რეფორმების სერიალი. აქედან გამომდინარე, სანამ ჩვენთან არ შეიქმნება საშუალო ფენა, სანამ არის საზოგადოების პოლარიზაცია, სანამ საზოგადოება დაყოფილია 100 000-ლარიანი „ჯიპების“ პატრონებად და სამარშრუტო ტაქსებზე ეკონომიის გამწევებად, სანამ საზოგადოების ნაწილი რესტორნებში ვერ ეტევა, ნაწილი კი ნაგვის ბუნკერებში იქექება, დემოკრატია რეფორმების დაუსრულებელი სერიალი იქნება. გარდა საშუალო ფენისა, დემოკრატიას ახასიათებს კანონის უზენაესობა. ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე კაცს არ კლავს ან არ იპარავს, იმიტომ რომ დასჯის შიში აქვს. გაიარეთ და ნახეთ, როგორ მოძრაობენ ქუჩებში ფეხით მოსიარულეები?! წუთში ერთხელ წინ გადაგირბენენ. ესეც დემოკრატიის დეფიციტზე მეტყველებს. ისევ დასავლეთს რომ დავუბრუნდეთ: აქვს თუ არა საზღვარი დემოკრატიას და ტოლერანტობას? თუ ევროპაში ჩასული მიგრანტი ნარკოტიკებს ავრცელებს ან ტერორისტულ აქტებს აწყობს, მას კანონები იცავს. იმიტომ რომ ევროპელები ამბობენ, ჩვენ დემოკრატიული საზოგადოება ვართო. ამიტომაც ვუწოდებ მე მერკელის აღიარებას ისტორიულს. ღია კარის პოლიტიკამ, რომელსაც ევროპა უკვე 40 წელია, ატარებს, გამოიწვია ის, რომ ევროპა კარგავს თავის იდენტურობას და ეს დემოკრატიის უარყოფითი ნიშანია.
– მაგრამ ამერიკა არ კარგავს არანაირ იდენტურობას?
– არ კარგავს იმიტომ, რომ თვითონ ამერიკის იდენტურობაც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამერიკაში ერთ დიდ ქვაბში მოიხარშა ოცი ერი მაინც და მიიღეს ერთი ამერიკელი ერი. თუმცა იქაც გაჩნდა ბზარი, როდესაც 11 სექტემბრის ტერაქტში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს ორი თეთრკანიანი ამერიკელი – პროტესტანტები, რომლებმაც ისლამი მიიღეს. ამ შემთხვევაში ისლამური რელიგია აღმოჩნდა გაცილებით ძლიერი, ვიდრე ქრისტიანული. ტყუილად ხომ არ ამბობენ, რომ ისლამური რელიგია არის სახელმწიფოს შემქმნელი ერთადერთი რელიგია მსოფლიოში. შორს არ წავიდეთ, გვერდზე გადავდოთ პოლიტკორექტულობა და თვალი გავუსწოროთ რეალობას: ჯავახელ სომხებს ყველანაირი სამოქალაქო უფლებები აქვთ, მაგრამ ევროპა, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, „გვაწვება“, რომ მათ უნდა ჰქონდეთ რეგიონული ენა და საქმე ნელ-ნელა მიდის კლასიკური სეპარატიზმისკენ. ნახეთ, როგორი წრე იკვრება? ისინი პრინციპულად არ სწავლობენ ქართულს, შესაბამისად, ქართული არ იციან, შედეგი კი არის ის, რომ სახელმწიფო დაწესებულებებში ვერ მსახურობენ, სომხური ლობი კი მაშინვე განგაშს ტეხს, ნახეთ: საქართველოში რა ცოტანი არიან სომხები სახელმწიფო თანამდებობებზეო. მართლაც ცოტანი არიან, მაგრამ, თუ ქართული არ ისწავლეს, როგორ იქნებიან?! სხვათა შორის, მერკელმა თავისი აღიარებისთანავე განაცხადა, გერმანიაში მცხოვრებლებისთვის აუცილებელი იქნება გერმანული ენის ცოდნაო. გერმანია ძლიერი სახელმწიფოა და მერკელს შეუძლია, ეს აღიაროს, ჩვენ კი, მოდი, ვთქვათ: განვიცადეთ კრახი სამცხე-ჯავახეთის ქართული სახელმწიფოს ნაწილად ქცევაში?
– აბა, რა ვქენით?!
– ჩვენმა განათლების მინისტრმა სომხეთში ყოფნისას განაცხადა, რომ რუსული აგრესიის დროს ჯავახელმა სომხებმა თანადგომა გამოგვიცხადესო და იცით, რა ამბავი ატყდა ერევანში?! ჯავახელ სომხებს აბრალებენ, რომ ანტირუსული პოზიცია ჰქონდათ და ომში ქართველების მხარეს იბრძოდნენო.
– აბა, ვის მხარეს უნდა ებრძოლათ, რა უცნაურია?
– უცნაურია, მაგრამ ფაქტია. ისიც უცნაურია, რომ ჯავახელი სომხების სათვისტომოს ხელმძღვანელი სომხეთის პარლამენტის წევრია, შირაქ ტოროსიანი, რომელიც პერსონა ნონ-გრატადაა გამოცხადებული საქართველოში თავისი ანატიქართული განცხადებების გამო. ბუშისა და კონდოლიზა რაისის პოლიტიკაც ერაყში ხომ დემოკრატიული მიზნით კეთდებოდა?! არადა, რეალურად, რაც იმ დიქტატორმა დახოცა, იმაზე ათჯერ და ოცჯერ მეტი ადამიანი დაიხოცა ამ ოპერაციის დროს და ბოლოც არ უჩანს. ავიღოთ პაკისტანი, რომელიც დღეს მთელი მსოფლიოს თავის ტკივილია და, დღეს თუ ევროპა და ამერიკა რუსეთთან ფლირტის გაბმას ცდილობს, ამის ერთ-ერთი რეალური მიზეზი პაკისტანია. კონდოლიზა რაისმა თავი მოიკლა, კინაღამ სახის ფერი დაკარგა და გაწითლდა, სანამ მუშარაფი არ მოიშორა თავიდან, დიქტატორიაო! მაგრამ ის დიქტატორი ისლამურ რადიკალიზმს, ასე თუ ისე, ებრძოდა. კონდოლიზა რაისმა თავისი გაიტანა, აიძულა მუშარაფი, გადამდგარიყო და დღეს პაკისტანში სრული ქაოსია. არადა პაკისტანს აქვს ატომური ბომბი: ისლამისტებმა უკვე ორჯერ სცადეს იმ ობიექტის აღება და არავინ იცის, არის თუ არა დღეს საიმედოდ დაცული პაკისტანის ბირთვული იარაღი. რა სჯობდა: დიქტატორი მუშარაფი თუ დღევანდელი ქაოსი? მით უმეტეს, რომ დემოკრატია პაკისტანში მაინც არ არის?! ასე რომ, თუ საზოგადოება თვითონ არ არის მზად დემოკრატიისთვის, თუ იქ არ არის ცივილიზებული საშუალო ფენა, გარედან რჩევებითა და დახმარებებით დემოკრატია არ შენდება. უკვე დამტკიცდა, რომ გარედან დემოკრატიის შეტანა შეუძლებელია და ასეთი ცდა ყველგან კრახით დამთავრდა.
ვერც რუსეთში და ვერც საქართველოში დემოკრატიას გარედან ვერავინ შეიტანს. იმაზეც არის ლაპარაკი, შეიძლება თუ არა, რომ ღატაკ ქვეყანაში იყოს დემოკრატია.
– ვერ ძოვენ ერთად სიღარიბე და დემოკრატიაო.
– თითქოს ვერა, მაგრამ, აბა, ვნახოთ ინდოეთი. ინდოეთისნაირი ღატაკი ქვეყანა, 60-მდე ქვეყანაში ვარ ნამყოფი, არ მინახავს, მაგრამ იქ დემოკრატიაა, იცვლება ხელისუფლებები, არჩევნები არ ყალბდება. განდის მთელი ოჯახი ამოწყვიტეს, მაგრამ შემდეგმა პრეზიდენტმა შეზღუდა დემოკრატიული უფლებები?! რა თქმა უნდა, არა. თუმცა ჩერჩილი თავის მემუარებში წერს: მხოლოდ ნამდვილ დემოკრატს შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, ანტიდემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღებაო.
საფრანგეთში დემოკრატია იყო, მაგრამ დე გოლი, საფრანგეთის სიმბოლო, თავისი ბუნებით იყო დიქტატორი, უკარება, ცივი, თავნება, ვერ იტანდა შეკამათებას. ის ახერხებდა ამ ორი ასპექტის ერთმანეთთან შეთავსებას. მართალია, საფრანგეთში იმ დროს დემოკრატიული წყობა იყო, მაგრამ დე გოლის მმართველობაში მოიძებნება რამდენიმე, ცოტა არ იყოს, დიქტატორული გადაწყვეტილება. ერთი სიტყვით, საშუალო ფენისა და კანონმორჩილების გარდა, დემოკრატიის აუცილებელი მოთხოვნაა ძლიერი პროფკავშირები. გეკითხებით, როგორც ჟურნალისტს, არის ჩვენთან პროფკავშირები საიმედო ჩანასახოვან მდგომარეობაში?
– პროფკავშირები ვერანაირ საიმედო მდგომარეობაში ვერ იქნება იმ მარტივი მიზეზით, რომ ადამიანებს არ აქვთ სურვილი, დაიცვან თავიანთი უფლებები. რა უნდა ქნას ასეთ პირობებში პროფკავშირებმა?
– ცხონებულ ჯაბა იოსელიანს აქვს ბრწყინვალე ნოველა. სხვათა შორის, ჯაბას გარდაცვალების შემდეგ დაიბეჭდა ჟურნალ „ნოვოე ვრემიაში“ და ჰქვია „გრაჟდანინ ჯაბა“. ჯაბა წერს, რომ ციხეში გაიცნო ადამიანი, რომელსაც ყველა ჩაგრავდა და ამიტომაც პატრონობდა. სადაც კი გადავიდოდა, ყველგან თან გადაჰყავდა. შემდეგ ის კაცი დაეკარგა და რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ შეხვდა სხვა ციხეში. ის კაცი ისევ სხვის წინდებს რეცხავდა, ოღონდ თავისი ნებით და ჯაბა წერს, თუ ადამიანს თვითონ არ უნდა, რომ თავისუფალი იყოს, მისი გათავისუფლება შეუძლებელიაო. აი, ეს არის. თუ თვითონ არ ხარ მზად დემოკრატიისთვის, თუ არ გიჩნდება პროტესტის გრძნობა, როდესაც შენს უფლებებს ლახავენ, პროფკავშირები ვერაფერს დაიცავს. საფრანგეთში მილიონ კაცამდე გამოიყვანეს პროფკავშირებმა. შეხედეთ, რა ხდება საბერძნეთში, ბრიტანეთში. მაგალითად, იაპონიაში, იმისდა მიუხედავად კარგად ცხოვრობენ თუ ცუდად, ყოველ ზაფხულს მილიონობით იაპონელი გადის საპროტესტო გამოსვლაზე. ამას ჰქვია „გაზაფხულის მარშები“. პროფილაქტიკისთვის გამოდიან, მთავრობას აგრძნობინებენ, ჩვენ აქ ვართ და ჭკუით იყავითო. ხედავთ, რა რთული თემაა დემოკრატია, ყველაფერს მოვედეთ. სხვათა შორის, დემოკრატია ოჯახიდან იწყება. დავიწყოთ იმით, არის ქართული ოჯახი დემოკრატიული? ქართველი ქმარი მუდმივ „ლომკაშია“, ცოლს, ახალგაზრდასა და ლამაზს, უფროსმა რამე არ უთხრას და ამიტომ ურჩევნია, სახლში ეჯდეს. თავის მხრივ, ცოლებიც, ქსენია დიასახლისები, ოღონდ ბეჭდები მიუტანე, თუმცა სად გაიკეთებს იმ ბეჭდებს? – მეტი არაფერი უნდათ. თუ მანქანაზეც დასვი და მესამე თაობის მობილურიც უყიდე, სიამოვნებისგან კრუტუნს დაიწყებენ.
– ყველა ქართველი ქალი ასეთი არ არის!
– მაგრამ ასეთებიც ხომ არიან?! ამერიკაში კი ასეთები უკვე აღარ არიან. ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი, გნებავთ, მშობლების დიქტატისგანაც კი. რატომ მუშაობენ დასავლეთში მილიარდერების შვილებიც კი? იმიტომ რომ თვითონ უნდათ, რომ თავი ირჩინონ. არ უნდათ მშობლების ფულით ცხოვრება, იმიტომ რომ დამოუკიდებლები არიან.
– დასავლეთის სახელმწიფოები პიროვნებების სახელმწიფოებია.
– იქ ადამიანი არის პიროვნება, რომელიც არავის დიქტატს არ ითმენს. ჩვენთან კი, როდესაც ადამიანი მშობლების დიქტატს იტანს, ის სახელმწიფოს მოსთხოვს რამეს?! აქედან გამომდინარე, ძალიან ძნელი სათქმელია, რა არის დემოკრატია. ალბათ, ეს უფრო ურთიერთობის ნორმაა, საზოგადოების თამაშის წესია. დემოკრატია არის ის, რომ პოლიციელი მეც და პრეზიდენტის შვილსაც ერთნაირად დაგვსჯის. დემოკრატია იყო, როდესაც შობის წინა დღეს დააპატიმრეს ფრანსუა მიტერანის შვილი, მას ბრალად ედებოდა იარაღით ვაჭრობა. სასამართლომ გირაოდ ძალიან დიდი თანხა დააწესა და მიტერანის, პრეზიდენტის, ცოლი მთელი დღის განმავლობაში დარბოდა ნათესავ-მეგობრებში, რომ როგორმე თანხა შეეგროვებინა. იმ დღეს ვერ შეაგროვა და პრეზიდენტის შვილმა შობის ღამე საპატიმროში გაატარა. აი, რა არის დემოკრატია.
– ტონი ბლერის არასრულწლოვანმა შვილმა ლუდი დალია და პოლიციამ დაიჭირა.
– იქ სკანდალები ხდება ამის გამო. ჩვენთან მუდმივად ლაპარაკობენ იმაზე, რომ სასამართლო არ არის თავისუფალიო და ამასთან დაკავშირებით ერთ ისტორიას გიამბობთ. როდესაც სტალინი მოკვდა, ხრუშჩოვი და ბულგანინი ბრიტანეთში ჩავიდნენ. იმ პერიოდში კი იქ სკანდალი მოხდა: ბადროს ტყორცნაში მსოფლიოს ჩემპიონი იყო რუსი ქალი ნინა პონომარიოვა. მართალია, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მაგრამ პროფესიით ძროხის მწველავი იყო. ამ პონომარიოვამ ლონდონის ერთ-ერთი მაღაზიიდან შლაპა მოიპარა. ეგონა, არავინ უყურებდა, დაიხურა თავზე და წამოვიდა, რა იცოდა საბჭოთა მწველავმა, თუ კამერები უღებდა. დააპატიმრეს და ატყდა სკანდალი. საბჭოთა საელჩომ გადაიხადა ჯარიმის თანხა და ბოლოს გამოუშვეს. როდესაც ხრუშჩოვისა და ბულგანინის ვიზიტი დამთავრდა, პრემიერ-მინისტრმა მაკ მილანმა თემთა პალატას მოახსენა შედეგები. თემთა პალატის ერთ-ერთმა წევრმა ჰკითხა, თქვენი აზრით, რა განსხვავებაა ჩვენსა და საბჭოთა სისტემებს შორისო. მაკ მილანმა უპასუხა, ხომ გახსოვთ პონომარიოვას სკანდალი. სასამართლო სხდომის წინა დღეს ხრუშჩოვთან მქონდა მოლაპარაკება. მან მითხრა, ჩვენ ხომ უკვე ძმები ვართ, დაურეკე მოსამართლეს, გამოუშვას პონომარიოვაო. თემთა პალატაში ისეთი ხარხარი ატყდა, რომ სპიკერმა ხალხი ვერ გააჩუმა. სასაცილოდ არ ეყოთ, პრემიერმა დაურეკოს მოსამართლესო. როდესაც ჩვენთან ოპოზიციის რომელიმე ლიდერი იტყვის, ესა და ეს ადამიანი პოლიტიკური მოტივით დაიჭირესო და მთელი საქართველო ახარხარდება, რა სისულელეს ამბობსო, აი, მაშინ გვექნება ნამდვილი დემოკრატია. მაგრამ მე ჯერჯერობით ახარხარებულს ვერავის ვხედავ.