მსოფლიოს კულუარებში
პოლიტიკური კალეიდოსკოპი
ანგელა მერკელს გიჟები აწუხებენ
გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელს ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი დასდევდა, ამის შესახებ გერმანული „ბილდი“ იუწყება. გაზეთის ვერსიით, უცნობმა მამაკაცმა, პირადი დაცვის გვერდის ავლით, ორჯერ მოახერხა შეღწევა კანცლერის ქალაქგარეთა რეზიდენციის ტერიტორიაზე ბრანდენბურგში. პირველ ჯერზე მამაკაცმა, რომლის ვინაობა არ ხმაურდება, სახლის კარზე დარეკა, მაშინ როდესაც ანგელა შინ მარტო იყო. მეორედ კი, სახლში მხოლოდ მერკელის მეუღლე იმყოფებოდა. პოლიციის ცნობით, მამაკაცი დაკავებულია, ის 45 წლისაა და პერიოდულად, მკურნალობის კურსს გადის გერმანიის სხვადასხვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. „ბილდის“ ცნობით, თუ როგორ მოახერხა შეშლილმა მამაკაცმა დაცულ ტერიტორიაზე შეღწევა და კარზე ზარის დარეკვა, დღემდე უცნობია პოლიციისთვის.
ფეხსაცმლის მსროლელთა
მორიგი მსხვერპლი ავსტრალიის ექსპრემიერია
ავსტრალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ჯონ ჰოვარდს სატელევიზიო გადაცემა „Q & A-ის“ მსვლელობის დროს, პირდაპირ ეთერში ფეხსაცმელი ესროლეს. სტუდიაში მჯდომ ერთ-ერთ სტუმარს არ მოეწონა ექსპრემიერის პასუხი ავსტრალიელი ჯარისკაცების მონაწილეობაზე ერაყის ომში და სიტყვებით – „ეს შენ მოკლული და ცოცხალი ერაყელებისთვის“, ფეხსაცმელი ესროლა. თუმცა, ჰოვარდმა აიცდინა. საინტერესოა, რომ გადაცემის მსვლელობის დროს, გადაცემის სტუმრების უკან დამონტაჟებულ ეკრანზე, ონლაინ რეჟიმში „ტვიტერის“ მომხმარებელთა შეტყობინებები გადაიცემოდა. ფეხსაცმლის სროლამდე 2 წუთით ადრე, მავანმა ინტერნეტ-მომხმარებელმა ასეთი ტექსტი გადაგზავნა – „იქნებ, ვინმე ღვთისნიერმა ესროლოს ამ ნაძირალას ფეხსაცმელი“.
ბარაკ ობამა გავლენას კარგავს
ცნობილი ამერიკული ინტერნეტ-ჟურნალის „ასქმენის“ 2010 წლის ვერსიით, ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე გავლენიან ადამიანად, ცნობილი სატირიკოსი და ტელეწამყვანი – ჯონ სტიუარტი დასახელდა, ხოლო პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სამარცხვინო 21-ე ადგილი დაიკავა ყოველწლიურ რეიტინგში. სტიუარტის და ობამას გარდა, ამერიკის ყველაზე გავლენიანთა რიცხვში: ბილ გეითსი (მე-2 ადგილი), მარკ ცუკერბერგი (მე-3) და მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო (მე-9) მოხვდნენ. თუმცა, რა აკავშირებს მაურინიოს ამერიკასთან და რატომ უსწრებს იგი ობამას, ჟურნალის მკითხველისთვის უცნობია.
ჩილეს პრეზიდენტს ბოდიშის მოხდა მოუწია
ჩილეს პრეზიდენტმა სებასტიან პინიერამ საჯაროდ მოიხადა ბოდიში ფრაზის „გერმანია უპირველეს ყოვლისა“ გამოყენების გამო, რომელიც ნაცისტური იდეოლოგიის ნაწილად ითვლება. ეს ფრაზა ჩილელმა ლიდერმა გერმანიის პრეზიდენტის „მადლობის წიგნში“ ჩაწერა და ამით გამოხატა მადლიერება გერმანელი ხალხისადმი ჩილეში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გამოწვეულ სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობისთვის. პინიერას თქმით, მან არ იცოდა, რომ ფრაზა – „გერმანია უპირველეს ყოვლისა“ ნაცისტურ ხასიათს ატარებდა. მას ის ბისმარკის ეპოქის ნაწილად მიიჩნევდა.
82 წლის ჰოსნი მუბარაქი არჩევნებისთვის ემზადება
ეგვიპტის 82 წლის პრეზიდენტი – ჰოსნი მუბარაქი, რომელიც ქვეყნის სათავეში 1981 წლიდან დგას 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. ეგვიპტის ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის ცნობით, სწორედ ჰოსნი მუბარაქი იქნება მათი კანდიდატი მოახლოებულ არჩევნებში. შეგახსენებთ, რომ ამერიკული სპეცსამსახურების ცნობით, მუბარაქი კუჭის კიბოთი არის დაავადებული და შესაძლოა, 2011 წლის არჩევნებამდე ვერც იცოცხლოს, რომლის ჩატარება შემოდგომაზეა ნავარაუდები. მიუხედავად ამისა, ეგვიპტეში აცხადებენ, რომ მუბარაქი სრულიად ჯანმრთელია, ხოლო მისგან უარის შემთხვევაში, პრეზიდენტის სკამზე მის ნაცვლად, მისი შვილი – 46 წლის გამალ მუბარაქი იყრის კენჭს.