„შეიკარი ღვედი“ – ჯარიმებისთვის
ანუ ჯინიანები
ოფიციალური მოტივით, მძღოლების სიცოცხლის გადასარჩენად, არაოფიციალური ხმებით კი, ბიუჯეტის შესავსებად, უკვე ამა წლის პირველი დეკემბრიდან საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში უსაფრთხოების ღვედების გამოყენება სავალდებულო ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ურჩ მძღოლებს 40-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ. მეორე მხრივ, ავტომანქანების მინების დამუქებაც იკრძალება – 10 ნოემბრიდან მხოლოდ 40-პროცენტიანი დამუქება გახდება ნებადართული (ვითომ, ოდენ იმის ამოსაცნობად, უკეთიათ თუ არა მძღოლსა და მის გვერდით მჯდომს ღვედები?!). ინიციატივის ავტორები ცვლილებების საფუძვლიანობის დასტურად დასავლურ გამოცდილებას ასახელებენ და იმასაც დასძენენ, თუ ღვედები სავალდებულო არ არის, მაშ, რატომ არის ისინი უცხოური წარმოების ყველა ავტომანქანაზეო. ბუნებრივია, ლოგიკა მეტად დამაჯერებელია, თუმცა, მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ღვედების წარმოშობის ისტორია სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. როგორც ირკვევა, გასული საუკუნის 50-იან წლებამდე ავტომანქანებში არანაირი ღვედები არ არსებობდა, ვიდრე 60-იანი წლების ბოლოს ვინმე რალფ ნეიდერს წიგნი არ დაუწერია („დაუცველი ნებისმიერ სიჩქარეზე“), რის შემდეგაც იმდროინდელ საზოგადოებას თავისი ყურადღება ავტომობილების უსაფრთხოებისთვის მიუპყრია, აშშ-ის კონგრესს კი შესაბამისი კანონიც გამოუცია, რომელიც ავტომწარმოებლებს ახალი ავტომანქანების უსაფრთხოების ქამრებითა და სხვა სტანდარტული მოწყობილობებით აღჭურვას ავალებდა. დასავლელმა მკვლევრებმა არ დაიზარეს და მთელი ამ ხნის განმავლობაში უსაფრთხოების ღვედების ეფექტიანობას საფუძვლიანად დააკვირდნენ. დააკვირდნენ და გაარკვიეს, რომ მძღოლები ღვედების შემოღებისა და საგზაო პირობების გაუმჯობესების პასუხად უფრო სწრაფად და ნაკლები სიფრთხილით მოძრაობენ, ამიტომაც, უსაფრთხოების ღვედების შემოღების შედეგად ავარიების რაოდენობა გაიზარდა. მეოერ მხრივ, მართალია, მძღოლებს, რომლებიც ღვედებს ატარებენ, გადარჩენის მეტი შანსი აქვთ, მაგრამ, სამაგიეროდ, მათი ავტოკატასტროფაში მოხვედრის ალბათობაც წინანდელზე მაღალია. რაც მთავარია, დადგინდა, რომ უსაფრთხოების ღვედების შემოღებამ დააზარალა ფეხით მოსიარულეები: გაიზარდა ავტოკატასტროფებისას მათი სიკვდილიანობის რიცხვი. შედეგად, კვლევებმა დაადგინა, რომ, ჯერ ერთი, ერთ ავარიაზე მგზავრთა სიკვდილიანობის შემთხვევები შემცირდა, ოღონდ, იმატა ავარიების რაოდენობამ; მეორეც, მძღოლების სიკვდილიანობის ოდნავ შემცირებას ფეხით მოსიარულეთა სიკვდილიანობის გაზრდა მოჰყვა.
სავარაუდოა, რომ ცვლილებების ჩვენებური ავტორები ამ მონაცემებს არ იცნობენ, ან, იცნობენ და, უბრალოდ, ფეხით მოსიარულეების ჯინი აქვთ?!