გულშეუტოკებლები
ანუ რამდენ წამში დახარჯავს საკრებულოს დეპუტატი 28 ლარს?
რაკი დედაქალაქის საკრებულოში, მართალია, კინკილა, მაგრამ მაინც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უფრო მრავლად ბრძანდებიან, სხდომებიც შედარებით ცოცხალი და დინამიკურია. მეორე მხრივ, ისიცაა, რომ საკრებულოს სხდომებს საერთო მაუწყებლები მაინცდამაინც არ სწყალობენ (რა თქმა უნდა, გაშუქების თვალსაზრისით). თუმცა, მაგალითად, გასულ კვირას საკრებულოში გამართული სიტყვიერი პაექრობით თვით ისინიც კი დაინტერესდნენ. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ საერთო მაუწყებლებს სიტყვაც არ დასცდენიათ, როდესაც აგვისტოს ბოლოს დევნილები და გარე მოვაჭრეები (ერთნი ჩასახლების ადგილებიდან უკანონო გამოსახლებას, მეორენი კი გარე ვაჭრობის აკრძალვით ლუკმა-პურის დაკარგვას უჩიოდნენ) საკრებულოს შენობაში არც კი შეუშვეს (სანიტარული დღეაო), გასულ კვირას კი ვრცელი სიუჟეტები მოამზადეს, სავარაუდოა, რომ ამ გაშუქებას პოლიტიკური მიზანი უნდა ჰქონოდა. უნდა ჰქონოდა და ჰქონდა კიდეც, კერძოდ, საკრებულოს „ნაცმოძრაობის“ წევრებმა „რესპუბლიკელი“ თინა ხიდაშელი არაკვალიფიციურობასა და დევნილების მოტყუებაში დაადანაშაულეს. რამდენიმე დღის წინათ ქ-ნმა ხიდაშელმა განაცხადა, რომ დევნილთა სამინისტრომ დევნილთათვის 28-ლარიანი დახმარების გაცემის წესი გააუქმა. ხოლო, რაკი 28-ლარიანი შემწეობის გაცემა აგერ უკვე ერთი წელია, ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, საკრებულოელმა ბ-ნმა იონათამაშვილმა (რომლის აქტიურობას კოჭებშივე ეტყობა, რომ ბევრს მიაღწევს) ოპოზიციონერ კოლეგას ფრიად თავდაჯერებით უპასუხა: „ეს იყო ყოვლად უპასუხისმგებლო, არაკვალიფიციური იურისტის განცხადება, რომელიც გარკვეულ რისკებს შეიცავდა. ხიდაშელს უნდა სცოდნოდა, რომ 28-ლარიან დახმარებას დევნილთათვის უკვე ერთი წელია, ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს, დევნილთა სამინისტრო კი მხოლოდ დევნილთა სიას ადგენს.“
მოგვიანებით ქ-ნმა ხიდაშელმა განმარტა, რომ განცხადება მხოლოდ მინისტრ სუბელიანის ბრძანებაზე გააკეთა, რომელიც დევნილთათვის 28-ლარიანი დახმარების გაცემის წესის გაუქმებას ეხება.
ბ-ნ იონათამაშვილს კოლეგა „ნაცმოძრაობის“ წევრებიც შეეშველნენ, სხვათა შორის, მეტად გულისამაჩუყებელი მოტივებით: ქ-ნი ხიდაშელის განცხადებამ შეაშფოთა დევნილთა ისედაც შეშფოთებული გულები (იმის შიშით, ვაითუ მართლაც ვკარგავთ 28-ლარიან დახმარებასო). აქედან გამომდინარე კი, კეთდება სამწუხარო დასკვნებიც: ჯერ ერთი, ის, რომ საკრებულოს უმრავლესობას გულიც არ შესტოკებია, როდესაც დევნილებს მასობრივად და, როგორც ევროსაბჭომ დაადგინა, უკანონოდ ასახლებდნენ და, რაც მთავარია, არც ახლა უტოკავს, როდესაც 28 ლარს დახმარებას უწოდებს.