„ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან“
საბანკო მადა
არცთუ ისე დიდი ხნის წინათ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ კერძო ბანკებს დაუცაცხანა და, მომხმარებლის უფლებების დაცვის მოტივით, კომუნალური გადასახადების გადახდისას საკომისიოს აღების ფაქტი დაუწუნა. ამ დაცაცხანებამ უმალ მხოლოდ „ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელობაზე იმოქმედა (სწორედ ამ უმალობამ გვაფიქრებინა, რომ, შესაძლოა, ცაცხანი წინასწარაც ყოფილიყო დაგეგმილი, „ლიბერთი ბანკის“ კეთილი გულის დასანახვებლად). ბ-ნმა გურგენიძემ არ დაახანა და მომხმარებლებს უმალ შესთავაზა, რომ, მისადმი დაქვემდებარებული ბანკის 25 ფილიალში ყოველგვარი საკომისიოს გარეშე შეეძლოთ კომუნალური გადასახადების დაფარვა (და მერე რა, რომ იმ ფილიალებამდე მისასვლელად მომხმარებლებს მგზავრობის ფულიც სჭირდებათ). სავარაუდოდ, ამ ნოვაციის მიზანი ისიც უნდა ყოფილიყო, რომ ამომრჩევლის მეხსიერებას ბ-ნი მელიქიშვილისა და ბ-ნი გურგენიძის ხალხზე მზრუნველის იმიჯი შემორჩენოდა.
ჩვენ, ცხადია, არაფერი ვიცით, ვინ შერჩება თუ ვერ გადაურჩება ამომრჩევლის მეხსიერებას, სამაგიეროდ, მიმდინარე თვეს ბანკში მისულმა მომხმარებელმა აღმოაჩინა, რომ ბანკებს საკომისიო (გარდა „ლიბერთი ბანკის“ ზემონახსენები 25 ფილიალისა) გადასახადი 50 თეთრიდან ერთ ლარამდე გაუზრდიათ (აშკარაა, უმადობას არ უჩივიან!). რაკი ამის გამო ჯერჯერობით ბ-ნ მელიქიშვილს განგაშის ზარები არ დაურისხებია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენი პოლიტელიტის ლოგიკა ლენინისგან მთლად შორსაც ვერ წასულა, ანუ, „ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან!“