კანონმორჩილები – ქვევით!
ამოღება კოორდინირებულად
მართალია, ნათქვამია, თევზი თავიდან ყროლდებაო, თუმცა, რაკი ქართულ დემოკრატიას თავისებურად განსაკუთრებული ხიბლი აქვს, როგორც ჩანს, გადაწყდა, რომ კანონმორჩილება ქვემოდან დაინერგოს (თანაც ისეთი კანონების მორჩილება, რომლებსაც იქ, ზემოთ, თავისი საჭიროებისამებრ მიიღებენ). ჰოდა, რაკი გადაწყდა, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის შესახებ კანონში ცვლილებებიც შევიდა (რომლებიც, სავარაუდოდ, მომავალი წლის იანვრიდან ამოქმედდება), რის მიხედვითაც, სრულიად საქართველოსგან დარჩენილ ტერიტორიაზე კომუნალური გადასახადების ამოღების ახალი მექანიზმი ამოქმედდება. მექანიზმის არსი კი შემდეგნაირია: საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც, თუნდაც, ერთი კომუნალური გადასახადი მაინც ექნება გადასახდელი, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. ცვლილებების მოტივი, ვფიქრობ, მარტივია: დასუფთავებისა და წყლის გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში, შესაბამის სამსახურებს მომსახურების შეწყვეტის საშუალება არ ჰქონდათ, ამიტომაც ხერხი არჩიეს და ურჩ გადამხდელებს, რომლებიც დასუფთავებისა და წყლის გადასახადს არად აგდებდნენ (ყოველ შემთხვევაში, აქამომდე დაბალი ღობე ეგონათ), შუქსაც გაუთიშავენ და ელექტროენერგიასაც. ამ დიადი მიზნის მიღწევა, რომელსაც მეტად დამაჯერებელი და მქუხარე სახელწოდება აქვს: კომუნალური გადასახადების კოორდინირებული ამოღება, ადმინისტრირების სამსახურს დაეკისრება, რომელსაც უახლოეს მომავალში შექმნის ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია. ხოლო, რათა მიზანს ეფექტურად და უახლოეს მომავალში მიაღწიონ, კომუნალური მომსახურების კომპანიები ვალდებულნი არიან, რომ კომისიას ყველა მომხმარებლის შესახებ 2011 წლის იანვრამდე მიაწოდონ ინფორმაცია, რათა მომხმარებელთა ერთიანი ბანკი შეიქმნას.
სახელმწიფოს ლოგიკა მარტივია: თუ სრიალი გიყვარს, ციგის თრევაც მოგიწევსო, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, მაგალითად, ბუნებრივი აირის მომწოდებელი კომპანია, მიუხედავად იმისა, რომ კანონით ეკრძალება, მაინც მომხმარებლებს ავალდებულებს გაზის მრიცხველების შეძენას; წყალმომარაგების კომპანია უსამართლოდ დათვლილი ტარიფით გვახდევინებს წყლის გადასახადს, „თელასმა“ კი აბონენტს ტარიფშივე დაუწესა საკუთარი ინვესტიციების ხარჯი, გამოდის, რომ, ამ ჩვენი მარეგულირებელი კომისიის ლოგიკით, ყველაზე დაბალი ღობე მომხმარებელია და მათზე ფეხის შეწმენდა მადლ საქმედ მიაჩნიათ.