კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ტრადიციები აქვს თბილისის ათეშქას და რა საინტერესო რიტუალები იმართებოდა ამ ტაძარში

ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძარი ათეშქა ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი საკულტო ნაგებობაა. ირანელები, სანამ ისლამს მიიღებდნენ, ზოროასტრიზმის ანუ ცეცხლთაყვანისმცემლობის მიმდევრები იყვნენ. საქართველოში ხუთი ათეშქა გვქონდა: მცხეთაში, ნეკრესში, ნიქოზში, ქარელის რაიონში და თბილისში. რითაა აღსანიშნავი თბილისის ათეშქა და რა საინტერესო ისტორიებს ინახავს ის, ამ თემაზე ისტორიკოსი, ბატონი ჯაბა სამუშია გვესაუბრება.

– რა ისტორია აქვს ზოროასტრულ ტაძარ ათეშქას და რა იყო მისი მთავარი დანიშნულება?

– ათეშქა არის ცეცხლთაყვანისმცემელთა ანუ მაზდეანების ტაძარი. მისი სახელი მომდინარეობს სპარსული „ათეშ-ქიადე“-დან. მოგეხსენებათ, ეს რელიგია ჯერ აქემენიდების, ხოლო შემდეგ სელევკიდებისა და სასანიდების პერიოდის ირანში იყო გავრცელებული. ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, ქართლის მთავარი ღვთაება, არმაზი, მაზდეანობის მთავარ ღვთაებას – სინათლის შემქმნელ კეთილ ღმერთს აჰურა-მაზდას უნდა განასახიერებდეს. ბერძნულად ამ ღვთაებას „ორმუზდს“ უწოდებენ, აქედან უნდა მომდინარეობდეს სახელი „არმაზი“. მაგრამ, შემდგომმა კვლევამ ამ მოსაზრების სამართლიანობაში ეჭვი შეატანინა მეცნიერებს. ცეცხლთაყვანისმცემლობა საქართველოში ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნიდან უნდა შემოსულიყო აქტიურად, თუმცა, ეს არ გამორიცხავს ამ რელიგიის მიმდევართა მანამდე არსებობას ქართლის სამეფოში. ცეცხლთაყვანისმცემლობის წმინდა გამოვლინებად ითვლებოდა ცეცხლი. საერთოდ, მსოფლიოს სხვადასხვა რელიგიისთვის ცეცხლის გაღმერთება ან თაყვანისცემა უცხო არ არის. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ცეცხლი მართლაც განსხვავებულად ფიგურირებს ადამიანის ცხოვრებაში – ის არის სითბოსა და სინათლის საწყისი. პირველყოფილი ადამიანიც აღმერთებდა ცეცხლს. მოგვიანებით კი, სხვადასხვა ერში კერიის, შუაცეცხლის ფენომენს განსაკუთრებული მისტერია ჰქონდა. მაზდეანობამ განსაკუთრებული ადგილი დაუთმო ცეცხლს და მისი თაყვანისცემა და მოვლა-შენახვა რელიგიური რიტუალის ცენტრალურ მოვლენად აქცია. ზოროასტრიზმი ძველი წელთაღრიცხვის მეშვიდე-მეექვსე საუკუნეში ყალიბდება. ამ რელიგიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მსოფლიო ცივილიზაციაზე. ახალი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში ირანში გაბატონდა სასანიდების დინასტია, რომლის დროსაც ცეცხლთაყვანისმცემლობამ დიდი გასაქანი პოვა. ამ პერიოდში ქართლის სამეფო ირანის გავლენის ქვეშ იმყოფება და მისი გავლენით ცეცხლთაყვანისმცემლური ტაძრები საქართველოშიც მრავლდება.

– თბილისის ათეშქაზე რას გვეტყვით?

– ბუნებრივია, ისე როგორც ქართლის სამეფოს სხვა ქალაქებში, თბილისშიც არსებობდა ცეცხლთაყვანისმცემლური ტაძარი. დღემდე, კლდისუბანში, ფეთხაინის სამრეკლოს მახლობლად, შემორჩენილია ათეშქას კედლები, რომელიც თავისი ფორმით ძალიან ჰგავს იმ ტაძრებს, რომლებიც ირანშია. ეს არის დიდი დარბაზული ნაგებობა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში, ჰქონდა გუმბათი. თბილისის ათეშქას ტაძრიდან მხოლოდ აგურით ამოყვანილი ოთხკუთხა შენობაა შემორჩენილი. ქართლში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგაც ინარჩუნებდა ცეცხლთაყვანისმცემლობა თავის პოზიციას. ბუნებრივია, ეს იყო პოლიტიკასთან დაკავშირებული მომენტი. მეოთხე საუკუნის მიწურულს ქართლი კვლავ მოექცა ირანის გავლენის ქვეშ, რამაც მაზდეანობის კიდევ უფრო გაძლიერება განაპირობა. ეს ვითარება შენარჩუნებულია მეხუთე საუკუნის პირველ ნახევარშიც, ვახტანგ გორგასლის გამეფების დროსაც. მამის გარდაცვალების დროს ვახტანგი მხოლოდ 7 წლის იყო. დედამისი საგდუხტი გაემგზავრა თავის მამასთან – რანის პიტიახშთან ბარზაბოდთან, რომელიც დანიშნული იყო კავკასიის მმართველად და მას შეავედრა შვილიშვილი. ირანელმა დიდმოხელემ ტახტი შეუნარჩუნა შვილიშვილს, მაგრამ, ერთი პირობით – ხელი შეეწყო ქართლში მაზდეანობის გავრცელებისთვის. სამწუხაროდ, ქართველები იძულებულნი გახდნენ, წასულიყვნენ ამ დათმობაზე. მეფის კარზე, ქრისტიანი ეპისკოპოსის გვერდით, თანაბარ უფლებებში იმყოფებოდა ცეცხლთაყვანისმცემელი ქურუმი ბინქარანი. როგორც ფიქრობენ, სწორედ მეხუთე საუკუნეში უნდა იყოს თბილისის ათეშქა შექმნილი. თბილისში ირანელი მოხელე ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნის შუა ხანებიდან ზის. შესაბამისად, აქ იყო ირანული გარნიზონიც. ასე რომ, უკვე ამ დროს თბილისში ათეშქას არსებობა ჩვეულებრივი ამბავია. მეექვსე საუკუნეშიც ქართლში საკმაოდ მძლავრად დომინირებს სასანიდური ირანი. ამ დროსაც, თბილისში ცეცხლთაყვანისმცემელი მოსახლეობის სოლიდური რაოდენობა უნდა ცხოვრობდეს. მოგვიანებით ცეცხლთაყვანისმცემლობა ისლამმა შეცვალა და თბილისშიც თავისი დანიშნულება თანდათან ამოწურა ათეშქამ. არსებობს ცნობა, რომ ათეშქას ადგილას მეჩეთი მდგარა. მართალია მას მოგვიანებით აგებულად მიიჩნევენ, მაგრამ, არ არის გამორიცხული, მეთვრამეტე საუკუნეში არსებული მეჩეთი განეახლებინა ოსმალებს.

– როგორი რიტუალები იმართებოდა ათეშქაში და რა ტრადიციები ჰქონდა მას?

– ათეშქაში შემაღლებულ ადგილას იდგა ლარნაკი, რომელზეც ჩაუქრობლად ენთო ცეცხლი. მას ემსახურებოდნენ ქურუმები, რომლებსაც ცეცხლისთვის ყურადღების მიქცევა ევალებოდათ. დღემდე ირანსა და ინდოეთში რამდენიმე ათასი მიმდევარი ჰყავს ამ რელიგიას. მათი ქურუმები პირბადეებით დგანან წმინდა ცეცხლთან. საერთოდ, ეს რელიგია ითვალისწინებდა უამრავ ისეთ ტრადიციას, რომლებიც ქართლში ვერ დამკვიდრდა, მიუხედავად ირანელთა ძალდატანებისა. მაგალითად, დასაფლავების წესი. ცნობილია, რომ მეექვსე საუკუნის 20-იან წლებში ქართლის მოსახლეობა აჯანყდა იმის გამო, რომ ირანელებმა მოინდომეს დასაფლავების ცეცხლთაყვანისმცემლური წესების შემოღება – მიცვალებულის დაუსაფლავებლად დატოვება. მათი რწმენით მიწა ასევე, ითვლებოდა ღვთაებრივ საწყისად, ამიტომაც, მიცვალებულის მიწაში დასაფლავება იკრძალებოდა. მაზდეანებს მოწყობილი ჰქონდათ სპეციალური სასაფლაოები – კოშკები ანუ – დაკმები, რომელთა დამრეც კედელზე დებდნენ მიცვალებულს და, როდესაც ის გაიხრწნებოდა, ძვლებს სპეციალურად გაკეთებულ ორმოში ყრიდნენ. საბოლოოდ, ქართველობამ არ მიიღო ცეცხლთაყვანისმცემლობა, მაგრამ, რამდენიმე რიტუალი თუ ტერმინი დღემდე შემოგვრჩა. მაგალითად, ჭიაკოკონობა ცეცხლით განწმედის და ეშმაკების განდევნის უძველესი ტრადიციაა. მაზდეანობაში უფროს ქურუმს „დასტური“ ჰქვია, რაც დღემდე შემონახულია აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, როგორც ხატობისას რიტუალის ერთ-ერთი შემსრულებელი პირის სახელი.


скачать dle 11.3