კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ ვერაგულ გეგმას არ ეწერა საქართველოში განხორციელება და რომელი იდეების ერთგულნი იყვნენ ივანე ჯაბადარი, დავით კეზელი და შიო დავითაშვილი

მეცხრამეტე საუკუნის 60-იანი წლების დამდეგიდან საქართველოში დაიწყო ეროვნული მოძრაობის ახალი ეტაპი. ამ მოძრაობის წინამძღოლი იყო ილია ჭავჭავაძე. ილიამ შეიმუშავა ეროვნული მოძრაობის პროგრამა და სიცოცხლის ბოლომდე შეუპოვრად იბრძოდა მისი რეალიზებისთვის. სამწუხაროდ, ეროვნულ მოძრაობას ჰყავდა დაუძინებელი მტრებიც და ისინი ისტორიაში შევიდნენ როგორც ანტიგმირები. სწორედ ამ ანტიგმირების სამარცხვინო მოღვაწეობაზე გვესაუბრება ჩვენი რესპონდენტი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ გურული.

– რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობისთანავე, მეცხრამეტე საუკუნის დამდეგიდან, საქართველოში დაიწყო ანტირუსული ეროვნული მოძრაობა. ამ მოძრაობამ გაიარა რამდენიმე ეტაპი: 1802 წლის კახეთის პოლიტიკური გამოსვლა; 1804 წლის აჯანყება ქართლის მთიანეთში; 1812 წლის კახეთის აჯანყება.1819-1820 წლების იმერეთის აჯანყება; 1832 წლის შეთქმულება. რუსეთის საიმპერატორო კარმა მოახერხა ამ ანტირუსული აჯანყებების ჩახშობა და პრაქტიკულად, დროულად გაანეიტრალა 1932 წლის შეთქმულებაც. რუსეთის საიმპერატორო კარი ვარაუდობდა, რომ ამ ფონზე ნელ-ნელა დაიწყებოდა საქართველოს რუსეთის იმპერიის განუყოფელ ნაწილად გადაქცევის პროცესი, ქართველთა ასიმილაცია და საქართველოში რუსული მოქალაქეობის დამკვიდრება. საბედნიეროდ, ამ ვერაგულ გეგმას განხორციელება არ ეწერა.

– რამ შეუშალა ხელი რუსეთის საიმპერატორო კარის გეგმის რეალიზებას?

– ეს ვერაგული გეგმა არ ჩაუშლია ქართველთა აჯანყებას, ან შეთქმულებას. გადაჭრით უნდა ითქვას, რომ ის ჩაშალა ერთმა კაცმა – ილია ჭავჭავაძემ. როცა ილიამ მოღვაწეობა დაიწყო, მას პრაქტიკულად თანამოაზრე და თანამებრძოლი არ ჰყოლია. საქართველო იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, ილიას მიერ წამოყენებული იდეები მაშინ ყველას განუხორციელებლად და რაც მთავარია, საშიშად ეჩვენებოდა. ილიამ შეუძლებელი შეძლო. მან დაარწმუნა ადამიანები, რომ მის მიერ წამოყენებული სამოქმედო პროგრამა რეალური იყო. ასე დაიწყო დიდი ეროვნული მოძრაობა, რომლის გმირები ილია ჭავჭავაძესთან ერთად იყვნენ იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე და სხვები.

– მაინც რას მოიცავდა ილიას ეროვნული პროგრამა?

– ილია ჭავჭავაძის ეროვნული პროგრამა მოიცავდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროს. თუმცა, მასში უპირველეს და უმთავრეს ამოცანად წარმოდგენილი იყო ქართული ეროვნული ცნობიერების გაძლიერება. ქართულმა ეროვნულმა ცნობიერებამ ძლიერი დარტყმა განიცადა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის, ანუ ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობის გამო. საქართველო მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში უკვე დაშლილი იყო სამეფო-სამთავროებად, რაც თავისთავად, უარყოფითად მოქმედებდა ეროვნულ ცნობიერებაზე. მაგრამ, ამ უმძიმეს პერიოდშიც კი, ეროვნული ცნობიერება ემყარებოდა: პირველი – ენის ერთობას, ქართული ენა საერთო იყო ყველა სამეფო სამთავროში; მეორე – ეკლესიურ ერთობას, ყველა ქართველს ერთი ჰქონდა დედაეკლესია; მესამე – კულტურულ ერთობას, ქართული კულტურა ძნელბედობის მიუხედავად მაინც განაგრძობდა არსებობას. რუსეთის საიმპერატორო კარმა სწორედ ამ სამი ფენომენის მოსპობა დაისახა მიზნად: განათლების სისტემიდან განიდევნა ქართული ენა, გაუქმდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, იდევნებოდა ქართული კულტურა. თუ რუსები ქართული ეროვნული ცნობიერების დაკნინებას მოახერხებდნენ, მაშინ ქართველთა ასიმილაციაც აღარ იქნებოდა ძნელი. ილიამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადა ყველას, ვინც კი ქართული ეროვნული ცნობიერების დაკნინებას ცდილობდა. თავად კი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქართველისთვის მომავლის რწმენა დაებრუნებინა. ილია ქართველის ეროვნული ცნობიერების გაძლიერებისთვის შესანიშნავად იყენებდა: ჩვენ დიდ ისტორიულ წარსულს, დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლის ისტორიას, ქართულ მწერლობას და საერთოდ, ქართულ კულტურას.

– ნუთუ, რუსეთში გულხელდაკრეფილნი უყურებდნენ ყოველივე ამას?

– ცხადია, არა. ამჯერად, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ არა იმდენად ილიას წინააღმდეგ რუსების ბრძოლაზე, არამედ, იმ ქართველთა საძრახის საქციელზე, რომლებიც თავგადაკლულნი ებრძოდნენ ილია ჭავჭავაძეს და ნებსით თუ უნებლიეთ, რუსების საქმეს აკეთებდნენ. ისინი ისტორიაში ანტიგმირების სახელით შევიდნენ.

– ვინ იყვნენ ეს ადამიანები?

– ილიას ჭავჭავაძის წინააღმდეგ მებრძოლი ანტიგმირები იყვნენ: ივანე ჯაბადარი, დავით კეზელი, შიო დავითაშვილი, ფილიპე მახარაძე და სხვები. ივანე ჯაბადარი დიდხანს მოღვაწეობდა რუსეთში. იყო რუსული ნაროდნიკულ-სოციალისტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. რუსეთში ძალზე პოპულარული რევოლუციონერის სახელით სარგებლობდა. როგორც ყველა სოციალისტი, იგიც დაავადებული გახლათ კოსმოპოლიტიზმის სენით. არ სწამდა არავითარი ეროვნული და იყო პირწავარდნილი ათეისტი. ივანე ჯაბადარი, რომ რუსეთში დარჩენილიყო, იგი საქართველოს ისტორიაში ანტიგმირად არ შევიდოდა. სამწუხაროდ, თავისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდი მან საქართველოში დაჰყო და როგორც სოციალისტმა, მიზნად დაისახა ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლა. 1889 წელს პეტერბურგში გამომავალ ჟურნალ „სევერნი ვესტნიკში“ ივანე ჯაბადარმა გამოაქვეყნა „წერილები საქართველოს შესახებ“. ეს წერილები იმდენად ანტიქართული, ცილისმწამებლური და აღმაშფოთებელი იყო, რომ ივანე ჯაბადარმა თავისი ვინაობა ვერ გაუმხილა მკითხველს და წერილები გამოაქვეყნა ფსევდონიმით „ნ.დ.“ თუმცა, საქართველოში იმთავითვე ყველა მიხვდა, თუ ვინ იდგა ამ ფსევდონიმის უკან.

– მაინც რას სწერდა ივანე ჯაბადარი?

– ივანე ჯაბადარს ცხოვრებისა და ბრძოლის საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა. ამიტომ, მისი წერილები ძალზე ეშმაკურად არის გააზრებული. ავტორი საქმეს ისე წარმოაჩენს, თითქოს სურს, პასუხი გასცეს კითხვას: ქართველმა ერმა უკვე ამოწურა თავისი ფიზიკური და სულიერი შესაძლებლობანი, თუ მას კიდევ შესწევს უნარი ფეხი აუწყოს თანამედროვე ცხოვრებას? თავისთავად, 1889 წელს ამ კითხვის დასმა მკრეხელობა იყო. ეს ის პერიოდია, როდესაც ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ, ილია ჭავჭავაძის წინამძღოლობით, მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვა ეროვნული პროგრამის რეალიზაციის გზაზე: შეიქმნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება; დაარსდა თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების სათავადაზნაურო, საადგილმამულო ბანკები; დიდ აღმავლობას განიცდიდა ქართული პრესა და ქართული ჟურნალისტიკა; აღორძინდა ქართული თეატრი; არნახული აღმავლობა განიცადა ქართულმა მწერლობამ. ყოველივე ეს, იმის მომასწავებელი იყო, რომ საქართველო არასდროს გადაიქცეოდა რუსეთის იმპერიის გუბერნიად, საქართველოში ვერასდროს დამკვიდრდებოდა რუსული მოქალაქეობა. მის მიერვე დასმულ კითხვას რომ პასუხობდა, ივანე ჯაბადარი მიმოიხილავდა საქართველოს ისტორიის ამა თუ იმ პერიოდს, ქართული მწერლობის ცალკეულ წარმომადგენლებს. კოსმოპოლიტიზმის სენით შეპყრობილ ქართველს საქართველოს ისტორიიდან მხოლოდ ისეთი მაგალითები მოჰყავდა, რომლითაც ცდილობდა, ქართველი ერი წარმოეჩინა ველურ ხალხად. ყოველი ასეთი მაგალითის გარჩევის შემდეგ, ივანე ჯაბადარი ცდილობდა, შეექმნა წარმოდგენა, რომ ქართველ ერს არასდროს ჰქონია დიდი ისტორიული წარსული და არასდროს ყოფილა ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი. აქედან დასკვნა: ესე იგი ქართველებს არ ჰქონდათ უფლება ეამაყათ თავისი დიდი ისტორიული წარსულით. სწორედ ამის მიღწევა უნდოდა ივანე ჯაბადარს. როგორც ვხედავთ, ილია ჭავჭავაძე იღვწოდა, მის თანადროულ ქართველობაში მომავლის რწმენა ჩაენერგა დიდი ისტორიული წარსულის პოპულარიზაციით, ივანე ჯაბადარი კი ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ ქართველებს არავითარი ისტორიული წარსული არ ჰქონიათ და ჩამორჩენილი და ველური ხალხია.

– ნუთუ, შერჩა ჯაბადარს ეს ცილისწამება?

– არ შერჩა! ილიამ ივანე ჯაბადარის წინააღმდეგ დაწერა ბრწყინვალე პუბლიცისტური წერილების სერია სათაურით: „აი, ისტორია“. მოკლედ რომ ვთქვათ, ილია ჭავჭავაძემ ჯაბადარს დაუმტკიცა, რომ ის საქართველოს ისტორიაში იყო აბსოლუტური უცოდინარი, ხოლო ისტორიის გააზრებისა და შეფასების მისეული მეთოდები მოწინავე ქვეყნებში უკვე კარგა ხანია, დაწუნებული და უარყოფილი იყო.

– რაც შეეხება დავით კეზელისა და შიო დავითაშვილის „საგმირო მოღვაწეობას“, რით გამოიჩინეს მათ თავი?

– ეს ორი ანტიგმირი ივანე ჯაბადართან შედარებით ნაკლებად საშიშნი იყვნენ. თუმცა, ეროვნული საქმისათვის ვნების მიყენება მათაც შეეძლოთ. მოგეხსენებათ, რა დიდ და საჭირბოროტო საკითხს მიეძღვნა ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“. ილია ცდილობდა, როგორმე თავიდან აეცილებინა ქართველი ერის სოციალურ ფენებად დაშლიდან მომდინარე საფრთხე. ანუ, აეცილებინა ის საფრთხე, რომელიც ბატონსა და ყმას შორის ურთიერთობის დაძაბვას მოჰყვებოდა. რუსეთის გეგმები კი საქართველოში ქართველი ერის ორად გახლეჩას და დაპირისპირებას ემყარებოდა. როგორც კი გამოქვეყნდა ილიას „ოთარაანთ ქვრივი”, შიო დავითაშვილმა და დავით კეზელმა დიდი აურზაური ატეხეს. „ოთარაანთ ქვრივი” არარეალურ პერსონაჟად გამოაცხადეს, ხოლო გიორგი ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანად. საერთოდ, ილიას ბრალს სდებდნენ, რომ მის მიერ მოთხრობილ ამბავს არ შეიძლებოდა, საქართველოში ადგილი ჰქონოდა. დასცინოდნენ კიდეც მწერალს, რაღა გვეშველებოდა თითოეულ სოფელში, რომ თითო „ოთარაანთ ქვრივი” ყოფილიყოო. დასცინოდნენ გიორგისაც: ხარები შეეცოდა, მაგრამ კაცი არ შეეცოდა და სასტიკად სცემაო. ოთარაანთ ქვრივი, რომ შვილის საფლავს დააკვდა, ესეც გამოგონილ და არარეალურ ამბად წარმოაჩინეს. ასეთი არაპროფესიული და მიკერძოებული კრიტიკით, შიო დავითაშვილი და დავით კეზელი ფიქრობდნენ, ყურადღება დიდი ეროვნული იდეიდან სხვა რამეზე გადაეტანათ. არადა, დავით კეზელიც და შიო დავითაშვილიც, არც ისე გაუნათლებელი ადამიანები იყვნენ, რომ „ოთარაანთ ქვრივის” მნიშვნელობა ვერ გაეგოთ. მაგრამ, ამ შემთხვევაში, ჩვენ საქმე სხვა მოვლენასთან გვქონდა. ორივე კრიტიკოსი სოციალისტური იდეებით იყვნენ გატაცებული, არ სწამდათ ეროვნული მოძრაობის წარმატებისა და საქართველოს მომავალს სოციალიზმის იდეის გამარჯვებაში ხედავდნენ.

ამრიგად, ივანე ჯაბადარი, დავით კეზელი და შიო დავითაშვილი – სამივენი სოციალისტები გახლდნენ და მოწამლული იყვნენ კოსმოპოლიტიზმის იდეებით. ილია მათთვის მიუღებელი იყო, როგორც ეროვნული მოძრაობის მებაირახტრე.


скачать dle 11.3