კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაიღუპა 37 წლის დიმიტრი ამილახვარი და რატომ უწოდა მას გენერალმა დე გოლმა „საფრანგეთის ღირსება“

საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული – სენ-სირის სამხედრო სასწავლებლის 1954-1956 წლების გამოშვებას, საფრანგეთის გმირის უკვდავსაყოფად დიმიტრი ამილახვრის სახელი ეწოდა.

ამილახვართა საგვარეულოს წარმომადგენელი – დიმიტრი ამილახვარი საფრანგეთის ისტორიაში გმირის სახელით შევიდა. დე გოლმა მას საფრანგეთის ღირსება უწოდა. თუ როგორ მოხვდა ის საფრანგეთში, რისთვის აირჩია მომავალი პროფესია და რომელ ცნობილ ქართველებთან ერთად სწავლობდა იგი თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ. ჩვენი რესპონდენტია ისტორიკოსი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე.

– დიმიტრი ამილახვარი ამილახვართა ძველისძველი და განთქმული საგვარეულოს წარმომადგენელი იყო. პაპამისი – ივანე რუსეთის არმიის ცნობილი გენერალი გახლდათ. ეს საგვარეულო ქალაქ გორში სახლობდა, რადგან წლების განმავლობაში ამილახვრები შიდა ქართლის სადროშოს სარდლები იყვნენ. შიდა ქართლის ცენტრი კი, მოგეხსენებათ, გორი იყო.

– რა ვიცით პირადად დიმიტრი ამილახვრის ოჯახის წევრებზე?

– დიმიტრის მშობლები – გიორგი ამილახვარი და ნინო ერისთავი 1905 წელს საქართველოში რევოლუციური ტერორის გაძლიერების გამო, ჩრდილოეთ კავკასიაში გადასახლდნენ. ისინი თერგის ოლქის სოფელ ბოზორკინოში დამკვიდრდნენ (დღევანდელი ჩერმენი, ჩრდილოეთ ოსეთი). 1906 წლის 31 ოქტომბერს დაიბადა დიმიტრი ამილახვარი, რომელსაც დაბადების ადგილის მიხედვით, ზედმეტსახელად „ბაზორკა“ შეარქვეს. თავდაპირველად, მისი ბიოგრაფია არაფრით გამოირჩეოდა, მაგრამ მოგვიანებით, ამილახვრის წინაპრების საბრძოლო ჟინმა და თავდადებამ, იგი საფრანგეთის ეროვნულ გმირად აქცია... ფრანგმა პოეტმა მორის როსტანმა დიმიტრი ამილახვარი ასეთი სიტყვებით უკვდავყო: „უგრძესად იქცა, უმოკლესი სიცოცხლე შენი, თავადიშვილო, შორეული საქართველოდან!“

– როგორ წარიმართა დიმიტრი ამილახვარის ბიოგრაფია საფრანგეთში მოხვედრამდე?

– დიმიტრის მამა – გიორგი, 1918-1921 წლებში საქართველოში დაბრუნდა. ამ პერიოდში, დიმიტრი ამილახვარმა სწავლა დაიწყო თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. მასთან ერთად გიმნაზიაში სწავლობდნენ ილიკო სუხიშვილი და სერგო ზაქარიაძე.

– რა ხდება საქართველოს გასაბჭოების შემდეგ?

– 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, არისტოკრატიული გვარის წარმომადგენლებზე განსაკუთრებული დევნა დაიწყო და ამილახვრის ოჯახმაც ემიგრირება გადაწყვიტა. 1921 წელს ამილახვრები სტამბულს გაემგზავრნენ. აქ, მცირე ხნით, დიმიტირი ბრიტანულ სკოლაში სწავლობდა. ერთი წლის შემდეგ, ოჯახმა თურქეთი დატოვა და პარიზს გადასახლდა, სადაც იმდროინდელი ქართველი ემიგრაციის დიდმა ნაწილმა მოიყარა თავი.

– როგორ წარიმართა დიმიტრი ამილახვრის ცხოვრება საფრანგეთში?

– 1924 წელს დიმიტრი სენ-სირის პრესტიჟულ სამხედრო სკოლაში შეიყვანეს, რომელიც მან წარმატებით დაამთავრა 1926 წელს. თანამედროვეთა გადმოცემით, სამხედრო სასწავლებელი, დიმიტრის იმიტომ აურჩევია, რომ მხედართმთავარი გამოსულიყო და საქართველოს ბოლშევიკებისგან გამოხსნაში მიეღო მონაწილეობა. მართალია, ეს მისია მან, ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ვერ განახორციელა, მაგრამ მეორე სამშობლოს, საფრანგეთის ეროვნული გმირი კი გახდა.

1926 წელს დიმიტრი უმცროსი ლეიტენანტის ჩინით, საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში ჩაირიცხა. ეს ლეგიონი, საფრანგეთის გამორჩეულ სამხედრო ნაწილს შეადგენდა მაშინაც და დღესაც. იქ ჩარიცხულმა მეომარმა უმკაცრესი სამხედრო წვრთნა უნდა გაიაროს. ამ ლეგიონს ევალებოდა სამხედრო ოპერაციების განხორციელება. 1932 წელს ის სამხრეთ მაროკოში უმძიმეს საველე პირობებში იბრძვის. დიმიტრიმ თავი გამოიჩინა საოცარი ამტანობით, გამჭრიახობითა და სიმამაცით. იყო უშიშარი, როგორც ძველი მემატიანე იტყოდა: „ვითარცა უხორცო“. ამილახვრის მხედართმთავრული ნიჭი მაშინვე შეუნიშნავს საფრანგეთის ჯარების მთავარსარდალს მაროკოში, გენერალ კატრუს. 1934-1939 წლებში დიმიტრი ამილახვარს ჩააბარეს ქალაქ აგადირის ზემდეგთა სკოლის მეთაურობა, სადაც მას კაპიტნის ჩინი მიანიჭეს. მეოცე საუკუნის 30-იანი წლების მიწურულს დიმიტრი ალჟირის ბრძოლებში მონაწილეობს. ამასობაში, 1939 წელს მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. დიმიტრის მეორე სამშობლო საფრანგეთი, მალე აღმოჩნდა გერმანელებისგან დამარცხებული. საფრანგეთი გერმანელებმა ორ ნაწილად გაყვეს. ჩრდილოეთს, პარიზის ჩათვლით, უშუალოდ გერმანელთა საოკუპაციო რეჟიმი მართავდა, სამხრეთში კი, ქალაქ ვიშში შეიქმნა ფრანგების მარიონეტული რეჟიმი მარშალ პეტენის მეთაურობით. კოლაბორაციონისტმა გენერალმა, ნავთობით მდიდარი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მთელი ჩრდილო აფრიკა, რომელზედაც საფრანგეთი ბატონობდა, გერმანელებს დაუთმო. საფრანგეთის პატრიოტული ძალები, ამ გადაწყვეტილებას არ შეურიგდნენ და გერმანელთა წინააღმდეგ ბრძოლა ამ რეგიონში საფრანგეთის უცხოურ ლეგიონს დააკისრეს. მანამდე, 1940 წელს, გერმანია, მოულოდნელად თავს დაესხა დანიას და ნორვეგიას. ფრანგულ უცხოურ ლეგიონს დაეკისრა ნორვეგიაში ანტიგერმანული პატრიოტული ძალების დახმარება. ამ ოპერაციაში დიმიტრი ამილახვარიც თავდადებით ჩაერთო. გერმანულმა გაწვრთნილმა შენაერთებმა ადვილად დაამარცხეს ნორვეგიის სამხედრო ძალები. მხოლოდ ჩრდილოეთის ქალაქი ნარვიკი იბრძოდა თავდადებით და გერმანელებს არ ნებდებოდა. სწორედ აქ იყო გადმოსროლილი ქართველი ოფიცერი ამილახვარი. რამდენიმეთვიანი უთანასწორო ბრძოლების შემდეგ, ინგლის-საფრანგეთის მთავარსარდლობამ გადაწყვიტა უცხოური ლეგიონისა და სხვა ანტიფაშისტური ძალების ნორვეგიიდან ევაკუაცია. ფრანგი სარდალი მონკლარი იგონებდა, რომ ნარვიკთან ბრძოლაში მხოლოდ „ბაზორკას“ ანუ ამილახვრის ფანტასტიკურმა სიმამაცემ იხსნა ფრანგები სრული განადგურებისგანო. ფრანგი მხედართმთავრები აღფრთოვანებული წერდნენ, რომ დიმიტრი ამილახვარი ფეხზე წამომდგარი, სრულიად აუღელვებლად აკვირდებოდა ბრძოლის მიმდინარეობას. ბრძოლის ყველაზე საშიშ ადგილებში, მისი შავი მოსასხამი ფრიალებდა. სწორედ მაშინ გავრცელებულა ლეგენდა, რომ სანამ „ბაზორკას“ ეს მოსასხამი ექნება, მას ტყვია ვერ მიეკარებაო. მოგვიანებით, ეს თქმულება, თითქოს მართლაც ახდა, რადგან, როდესაც დიმიტრიმ მოსასხამი დაკარგა, სწორედ მაშინ განგმირა იგი მტრის ტყვიამ.

საყურადღებოა, რომ ნარვიკის დაცვისას გამოჩენილი გმირობისთვის, დიმიტრი ამილახვარი ნორვეგიის უმაღლესი ჯილდოთი – „საომარი ჯვრის“ ორდენით დაჯილდოვდა. ეს პატივი მხოლოდ 66 ფრანგ მეომარს ერგო.

– კიდევ სად ისახელა დიმიტრი ამილახვარმა თავი?

– ნორვეგიიდან ევაკუაციის შემდეგ, დიმიტრი ლონდონში აღმოჩნდა. აქ იგი საფრანგეთის წინააღმდეგობის სულისჩამდგმელს გენერალ დე გოლს შეხვდა და ეგრეთ წოდებულ თავისუფალ ფრანგულ ჯარში გაერთიანდა, რომელიც შემდგომ პეტენის მოღალატე მთავრობის ჯარებს შეებრძოლა სენეგალში. 1940 წელს, მცირე ხნით, დიმიტრის ჩრდილოპოლარული წრეც კი გადაუკვეთავს სამხედრო მიზნებისთვის. მაგრამ, მალე ის ისევ აფრიკაში დააბრუნეს და „ბაზორკა“ ერითრეაში (აღმოსავლეთ აფრიკა) გააგზავნეს გერმანიის მოკავშირე – იტალიის ჯარებთან საბრძოლველად. ამ დროს მას გამონაკლისის სახით, მიანიჭეს ლეიტენანტ-კოლონელის (პოლკოვნიკის) ჩინი და უცხოური ლეგიონის მე-13 ბრიგადის მეთაურად დანიშნეს.

ამილახვარს ამ პერიოდში პარიზში მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ქალ-ვაჟი, – თამარი და ოთარი ელოდნენ.

– ვინ იყო დიმიტრი ამილახვრის მეუღლე?

– დიმიტრი ამილახვრის მეუღლე გახლდათ ირინე დადიანი. იგი აშკარად გრძნობდა საფრანგეთის საოკუპაციო რეჟიმის მტრულ და მკაცრ დამოკიდებულებას, მაგრამ არისტოკრატი ქართველი ქალი მოთმინებით ელოდა, მეუღლის დაბრუნებას და ომის დასრულებას.

ტრაგიკული გამოდგა ირინე დადიანის ცხოვრება. 1944 წლის დეკემბერში დიმიტრი ამილახვრის ხსენების დღეს ის ქალაქ ტურში მიიწვიეს. მოყინეულ გზაზე მანქანა გადაბრუნდა და ირინე დასთან ერთად დაიღუპა. მცირეწლოვანი ოთარი და თამარი კი გადარჩნენ. ისინი „საფრანგეთის შვილებად“ გამოცხადდნენ და მათი აღზრდა საფრანგეთის მთავრობამ იკისრა.

– კვლავ დიმიტრის დავუბრუნდეთ.

– 1941 წელს, აპრილში, „ბაზორკამ“ გმირობის ახალი ფურცელი შემატა უცხოური ლეგიონის საბრძოლო ისტორიას. ის მოულოდნელად შეიჭრა ერითრეის ქალაქ მასაუაში. მან ამ ქალაქის ნავსადგურში ხელთ იგდო ესკადრონის ნაღმოსანი, ათასობით ტყვე და თვით ერითრეის ფლოტის უფროსი, იტალიელი ადმირალი. აქედან, ამილახვარი სირიაში გაემართა და დამასკოს აღებაში მიიღო მონაწილეობა.

1942 წელს დიმიტრი ლიბიაში ებრძვის ვიშის კოლაბორაციონისტებს და გერმანელებს. აქ მან პირველად გამოიყენა ტანკსაწინააღმდეგო ბრძოლის ახალი სისტემა ბირ-ჰაკეიმთან გადამწყვეტი შერკინების დროს. ამ სისტემის წყალობით, ქართველმა ოფიცერმა მტრის ორი ათეული ტანკი გამოიყვანა მწყობრიდან. გერმანულ ნაწილებს სარდლობდა „უდაბნოს მელად“ წოდებული გამოცდილი გენერალი – რომმელი. მან, მაღალი შეფასება მისცა მოსისხლე მტრის ამილახვრის სამხედრო დამსახურებას. ბირ-ჰაკეიმში გამოჩენილი გმირობისთვის დიმიტრი ამილახვარი „გათავისუფლების ჯვრით“ პირადად გენერალმა დე გოლმა დააჯილდოვა. ვიშის მთავრობამ კი, მას დაუსწრებლად სიკვდილი მიუსაჯა.

– კიდევ რა არის ცნობილი დიმიტრი ამილახვრის შესახებ?

– ცნობილია, მისი ფრაზა: ემიგრანტებისთვის, საფრანგეთისთვის მადლობის გადახდის ერთადერთი საშუალება არსებობს – ეს არის სიკვდილი ბრძოლის ველზე. ეს ავისმომასწავებელი სიტყვები მას, სამწუხაროდ, მალე აუხდა.

1942 წლის მეორე ნახევარში დიმიტრი ამილახვარი ეგვიპტეში ელ ალ ამეინთან გამართულ ცხარე ბრძოლაში იღებს მონაწილეობას. ამ დროს ფრანგები, ინგლისელი მთავარსარდლის – მონტგომერის დაქვემდებარებაში იბრძოდნენ. სწორედ მისი ბრძანების შესასრულებლად გაუძღვა ამილახვარი თავის ჯარისკაცებს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბორცვის ასაღებად. მან ეს დავალებაც პირნათლად შეასრულა. თუმცა, აღარ ჰქონდა ის შავი მოსასხამი, რომელსაც განუყრელად თან ატარებდა.

24 ოქტომბერს გერმანელების დამხმარე არტილერიის ცეცხლის ქვეშ მოყვა გმირი ქართველი მეომარი. ეს ბრძოლა, მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. 37 წლის დიმიტრი ამილახვარი გმირულად დაიღუპა. ისე რომ, სიცოცხლის ბოლო წუთამდე ფრანგი მეომრებისთვის ცოცხალი მაგალითი იყო. თავდაპირველად, ამილახვარი იქვე, საჰარის უდაბნოში დაკრძალეს, მოგვიანებით კი, ელ ალ ამეინის ფრანგულ სამხედრო სასაფლაოზე, დიდი პატივით გადაასვენეს. გენერალმა დე გოლმა დიმიტრი ამილახვარს „საფრანგეთის ღირსება“ უწოდა.


скачать dle 11.3