მოერიდე, „გადარჩები”
თუ საკუთარი თავისთვის სიკეთე გინდათ და არც იმის სურვილი გაქვთ, პრობლემები მოიმრავლოთ, შეეცადეთ, თქვენს გვერდით არ აღმოჩნდეს მამაკაცი, რომელიც ყველაფერს თავდაყირა დააყენებს. არ მოგცემთ მშვიდად ცხოვრების საშუალებას და საბოლოოდ, იმედგაცრუებულსაც დაგტოვებთ.
1. „დონ ჟუანი” – ისინი ისევ არსებობენ. დინოზავრებივით არ გადაშენებულან. უფრო მეტიც, წარმატებით შეძლეს ტრანსფორმაცია და ახალ გარემოსთან ადაპტირება. შეუიარაღებელი თვალით, შეიძლება ვერც ამოიცნოთ. არაჩვეულებრივი მეგობარია. ხალისიანი, სიცოცხლით და იუმორით სავსე. აუცილებლად გეტყვით ასეთ ფრაზას: „შენ საუკეთესო ქალი ხარ, მათ შორის, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ.” თუ კარგად დააკვირდებით, შეძლებთ მის ამოცნობას. მზერა „გაყიდის.” ის თითქმის ყველა ქალს ერთნაირი ვნებით უყურებს.
2. „ცუდი ბიჭი” – მაჩოა ან განებივრებული ეგოისტი. მას უყვარს საკუთარ თავზე ბევრი ლაპარაკი, მბრძანებლობა და თავის გამოჩენა. გულცივია და არაფრისმთქმელი მზერა აქვს. უემოციოა და ზუსტად იცის, როგორ მოახდინოს გავლენა ადამიანებზე, მათ შორის, ქალებზეც. წამში დაგიმტკიცებთ, რომ მისი თმის ერთ ღერადაც არ ღირხართ.
3. „წამებული” – სულ წუწუნებს და მუდმივად შეწუხებულია. ვერც თვითონ მოისვენებს და არც თქვენ დაგასვენებთ. საკუთართან ერთად, გლობალური პრობლემებიც აწუხებს. მოსწონს, როცა ვინმეს ეცოდება. ის ამ დროს ბედნიერია და განაგრძობს ტანჯულის როლის თამაშს. თუ შეგიძლიათ, სულ ეფეროთ და შეიბრალოთ, კი, ბატონო! მაშინ, გაუძელით ან გაიქეცით.
4. „დარდიმანდი” პატარა წინააღმდეგობაზეც უკანმოუხედავად გაიქცევა. პასუხისმგებლობა კარის ზღურბლამდეც არ მიჰყვება. საკმარისია, მისგან რამე მოითხოვოთ, რომ უკანმოუხედავად გაიქცევა. ის არასოდეს, არაფრისთვის არ არის მზად. რა ქნას, თუკი ჯერაც ვერ გაიზარდა.