თქვი „დიახ“!..
ცნობილია, რომ ბედნიერები ხშირად ერთი და იგივე ადამიანები არიან. რატომ? – მათ ბედნიერების რეცეპტს მიაგნეს თუ რაიმე საიდუმლოს ფლობენ? არც ერთი და არც მეორე. უბრალოდ, მათ გული გაუხსნეს ბედნიერებას და მიიღეს ისეთი, როგორიც იყო, ანუ, ყოველგვარი პრეტენზიის, კირკიტისა და წუწუნის გარეშე.
ფსიქოლოგები გვირჩევენ, გადაწყვიტეთ, იყოთ ბედნიერი და აუცილებლად იქნებით კიდეც. ალბათ, სკეპტიკურად გეღიმებათ, მაგრამ იქნებ ღირს, ერთხელ მაინც დაუჯეროთ კომპეტენტურ აზრს. აბა, სცადეთ და გამოუცხადეთ მზაობა ბედნიერებას და ის მოვა თქვენთან.
1. დაუმატეთ, თქვენს ყოველდღიურობას ექსტრიმი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კლდეებზე იცოცოთ. უბრალოდ, მეტისმეტად სერიოზული ნუ იქნებით. ეს ძალიან მოსაწყენია. ერთი ულუფა ადრენალინი ბედნიერებას დიდი ნაბიჯით მიგაახლოვებთ.
2. გაიცანით კარგი ადამიანები. ბევრი კარგი ნაცნობი თქვენს ყოველდღიურობას გაახალისებს და გააფერადებს. სულიერად ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა ბედნიერების მომგვრელი კომფორტია.
3. შოკოლადი! – რა თქმა უნდა, შოკოლადი. კილოგრამებს ითვლით და გეშინიათ, რომ წონაში მოიმატებთ. არ იცით, რომ ბედნიერი ადამიანები სწრაფად „წვავენ“ კალორიებს? ამიტომ, ნუ იტყვით უარს სიამოვნებაზე. ასეთი პატარ-პატარა სიამოვნებებისგან კოწიწდება ბედნიერება. ერთი პატარა, გემრიელი ფილა შოკოლადი, ნაყინის ერთი ბურთულა და... რამდენი სიამოვნებაა!
4. გაუმარჯოს სიზარმაცეს! – ოღონდ ყოველთვის არა. ნუ შეგეშინდებათ, ზოგჯერ წაზარმაცების, ეს ისეთივე აუცილებელია, როგორც თავდაუზოგავი შრომა. ზოგჯერ ნუ დაალაგებთ სახლს და გაისეირნეთ. ნუ მოამზადებთ კერძს, ბუტერბროდებით დაკმაყოფილდით, სამაგიეროდ, უყურეთ სასიამოვნო ფილმს... მთავარია, იცოდეთ, როდის არ დაინგრევა ქვეყანა თქვენი „წაზარმაცებით“, რომ მერე სინდისმა არ შეგაწუხოთ. უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას, ის ყოველთვის ზუსტად გეტყვით, რა გჭირდებათ.