მწვანე კუთხე
კითხვა: მირჩიეს, რომ კალადიუმი შემოდგომით გადავრგო. თუ სწორია ეს, ან იქნებ, თქვენ მირჩიოთ გადარგვის წესი.
პასუხი: ეს მცენარე ბოლქვიდან ამოდის და შემოდგომაზე იძინებს. ბოლქვები ბნელსა და ტენიან ადგილზე გამოაზამთრეთ, დაახლოებით 16 გრადუსზე. გაზაფხულზე შეძლებთ გადარგვას, მაშინ, როცა ტემპერატურა დაახლოებით 20-22 გრადუსი იქნება. კალადიუმის ჯიშებს შორის ყველაზე იოლი მოსავლელი წითელ-მწვანე კალადიუმია.
კითხვა: როგორი ტენიანობა მოსწონს ორქიდეას?
პასუხი: ორქიდეას მაღალი ტენიანობა უყვარს. ამიტომ, რეგულარულად დადგით სველკენჭებიან ლანგარზე და დანამეთ. მას მოყვავილე მცენარეებისთვის განკუთვნილი სასუქით მორწყვა სჭირდება. ზაფხულში გარეთ გადგით, გრილ კლიმატში, გადახურულ და კარგად განათებულ ადგილას.
კითხვა: ასპარაგუსს ფოთლები გაუყავისფრდა. რისი ბრალია?
პასუხი: ალბათ, მიწა ძალიან გამოაშრეთ. მართალია, ამ მცენარეს ზაფხულში უფრო მეტი ტენი და მორწყვა სჭირდება, მაგრამ ზამთარშიც არ დააკლოთ წყალი. ნიადაგი არ გამოუშროთ. თქვენს სიტუაციაში ეცადეთ, წყალი ცოტა რაოდენობით მიაწოდოთ.
კითხვა: რა ტემპერატურა და სინათლე სჭირდება პატარძალას?
პასუხი: პატარძალას კაშკაშა სინათლე არ მოაკლოთ, მხოლოდ შუადღეს მოარიდეთ მზეს. მას უყვარს სიგრილე, მაგრამ კარგად ძლებს ოთახის ტემპერატურაზე. ზამთარში მინიმუმ 13-14 გრადუსი სჭირდება.
კითხვა: რა ზომის იზრდება ჟასმინი?
პასუხი: ჟასმინის სიმაღლე 2-3 მეტრსაც აღწევს, თუმცა შეგიძლიათ, გასხლათ და ღეროები კარკასს შემოახვიოთ. სასურველია, მცენარე გასხლათ დაყვავილების შემდეგ. დიდი მცენარე საჭიროების შემთხვევაში გადაჭრასაც იტანს. შეგიძლიათ, ის საკიდი კალათიდანაც გადმოუშვათ და ნაკლებ ტერიტორიას დაიკავებს.
კითხვა: როგორ მოვუარო ქრიზანთემას, რომ არ დაავადდეს?
პასუხი: ქრიზანთემა ქოთანში დიდხანს ვერ ცოცხლობს. ამიტომ, მიწის განოყიერება არ სჭირდება. მოაცილეთ გამხმარი ყვავილები. ასე მცენარე არ დაავადდება და მეტ კოკორს გაშლის. კოკრების გასაშლელად მას კაშკაშა სინათლე სჭირდება, ოღონდ არა მწველი მზე.
კითხვა: მონსტერას ფოთლებმა მოიწყინეს, როგორ მოვუარო და გამოუვა თუ არა ახალი ყლორტები?
პასუხი: მონსტერას დიდ, ჯანსაღ ფოთლებს კაშკაშა მზე სჭირდება, ოღონდ ზაფხულში თაკარა მზე არ მოსწონს. სასურველია, ფოთლები რეგულარულად გავწმინდოთ სველი ქსოვილით. თბილ ამინდში ტენიანობის მოსამატებლად დანამეთ. გაზაფხულზე გადაჭერით, რათა ძალიან დიდი არ გაიზარდოს. თან გვერდითა ყლორტებიც ამოუვა.