როდის სჭირდება ხშირი მორწყვა სალმიან აგავას და როგორი მზე ვნებს ცისუსს
ზოგიერთი მცენარე დაბალ ტემპერატურას რთულად ეგუება. ზამთარში მათთვის განსაკუთრებული მოვლაა საჭირო. „ფლორა ინტერნაციონალის“ ბიოლოგიის მეცნიერი მუშაკი, ბატონი ამირან ბიწაძე აგვიხსნის, როგორ მოვამზადოთ სალმიანი აგავა და ცისუსი ზამთრის სეზონისთვის და სად შეიძლება მათი დადგმა.
– ბატონო ამირან, როგორი მცენარეა სალმიანი აგავა?
– ის მარადმწვანე უტოტო ბუჩქია, რომელიც ცოცხლობს ათეული წელი. მართალია, ნელა იზრდება, მაგრამ საკმაოდ მაღალია. მისი ფორმა ძალიან ორიგინალური და ორნამენტულია. ის განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულსა და შემოდგომაზე, როდესაც ოდნავ ფერს იცვლის. სალმიანი აგავა ოთახის მცენარეა, ამიტომ ძირითადად ბინაში იზრდება.
– როგორ პირობებს ეგუება ეს მცენარე?
– ყინვის საშუალოდ ამტანია, ნიადაგის მიმართ ძალიან მომთხოვნი არ არის და სინათლის მოყვარული მცენარეა.
– რა სიხშირით სჭირდება ამ მცენარეს მორწყვა?
– ზაფხულში მაღალ ტემპერატურაზე, მცენარე დღეში ოთხჯერ უნდა მორწყათ, ხოლო ზამთრის პირობებში აგავა თითქმის არ ირწყვება. ახლა უკვე შეამცირეთ წყლის რაოდენობა და ნელ-ნელა შეაგუეთ ზამთრის პირობებს.
– ზამთარში როგორი პირობები უნდა შევუქმნათ სალმიან აგავას?
– ამ მცენარის სამშობლო მექსიკაა, სადაც ტემპერატურა 40-45 გრადუსს აღწევს, ამიტომ საქართველოს პირობებს ზამთარში რთულად ეგუება. ჩვენთან ზამთარი არცთუ ისე თბილია, ამას, შეიძლება, დაემატოს ყინვა. მცენარე რომ არ გაგიფუჭდეთ, ამიტომ უმჯობესია, ზამთრის სეზონზე სათბურში დადგათ.
– თუ სათბურის საშუალება არ გვაქვს, როგორ მოვუაროთ ამ შემთხვევაში აგავას?
– ასეთ დროს, მცენარე დადგით ნათელ ოთახში და ეცადეთ, ნორმალური ტემპერატურა შეინარჩუნოთ ბინაში. ეს მცენარე ცოტაოდენ ყინვას გაუძლებს, მაგრამ თუ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე იქნება, ასეთ დროს შეიძლება გაგიფუჭდეთ.
– რით მრავლდება სალმიანი აგავა და თუ შეიძლება საქართველოს პირობებში მისი აყვავილება?
– ეს მცენარე მრავლდება როგორც თესლით, ასევე ამონაყარითაც. სალმიანი აგავა ყვავის მხოლოდ ეზოს პირობებში და ორანჟერეებში, სადაც ტროპიკული გარემოა. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 70-80 წელიწადია და ძირითადად ყვავილობს ხანდაზმულ ასაკში.
– რომელი მავნებლები ემტერება სალმიან აგავას?
– ამ მხრივ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან ამ მცენარეს პარაზიტი მწერები არ ემტერება. მავნებელი არასდროს მიეკარება სალმიანი აგავას ფოთლებს.
– როგორ ნიადაგში გვირჩევთ ამ მცენარის ჩარგვას?
– ის ეგუება თითქმის ყველა სახის ნიადაგს. უპრეტენზიო მცენარეა, მაგრამ თუ გსურთ, რომ თქვენმა მცენარემ კიდევ უფრო კარგად გაიხაროს და მალე გაიზარდოს, სასურველია, რომ ნიადაგის ნაზავი შემდეგნაირი იყოს: თითო წილი – ტორფი, ნაკელი და ფოთლის მიწა, სამი წილი ჩვეულებრივი მიწა და ორი წილი ქვიშა.
– როგორც ვიცი, გარდა იმისა, რომ სალმიანი აგავა ძალიან ლამაზია, მას სხვა სასარგებლო დანიშნულებაც აქვს...
– დიახ, ამ მცენარეს იყენებენ სასმელების დასამზადებლად, რომელსაც ტეკილა ჰქვია. ამ სასმელს ძირითადად აგავას ფოთლებისგან ხდიან და ცოტაოდენ ფესვებსაც უმატებენ. თავის სამშობლოში ამ მცენარეს ჰექტრობით ტერიტორია უკავია. მას სწორედ ამ ფუნქციისთვის იყენებენ და ტეკილას ამზადებენ. სალმიან აგავას იყენებენ ასევე მედიცინაშიც. თუმცა, ძირითადად მაინც სასმელს ამზადებენ მისგან.
– რას გვეტყვით ცისუსის შესახებ?
– ცისუსი ძალიან ლამაზი მცენარეა. ის შეგიძლიათ საყრდენს ააყოლოთ ბინაში და საკმაოდ მაღალი გაიზრდება, ასევე თუ გსურთ, შეგიძლიათ უსაყრდენოდაც გაზარდოთ და ქოთნიდან ჩამოშვების საშუალება მისცეთ. მისი ზრდასრული ფოთლები ხასხასა მწვანე ფერისაა და პრიალებს. ეს მცენარე საკმაოდ უპრეტენზიო გასაზრდელია და ეგუება თითქმის ყველანაირ პირობებს.
– როგორ სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფოთ ცისუსი?
– ცისუსის ფოთლები შეიძლება, მზეზე დაიწვას, ამიტომ შუადღის მწველ მზეს უნდა მოარიდოთ. მას სჭირდება სინათლე და სასურველი იქნება, თუ კარგ განათებაზე ამყოფებთ. ზამთარში ამ მცენარისთვის მისაღებია 12 გრადუსი, ხოლო სხვა სეზონებზე გაზარდეთ ოთახის ნორმალურ ტემპერატურაზე – 18-24 გრადუსზე. მისთვის სასურველი ადგილი გრილი ოთახია.
– რაც შეეხება მორწყვას?
– რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით მეტი წყალი სჭირდება ცისუსს. ზაფხულში და გაზაფხულზე მცენარეს აქტიური ზრდის პერიოდი აქვს, ამიტომ ამ დროს რეგულარულად უნდა მორწყათ და ნიადაგი ხშირად შეუმოწმოთ. ზამთარში კი, თუ ტემპერატურა დაბალია, შედარებით იშვიათად დაასხით წყალი. ზრდის პერიოდში მცენარის ნიადაგი თვეში ერთხელ ბალანსირებული თხევადი სასუქით გაანოყიერეთ. ამ სეზონზე კი ეს უკვე აღარაა საჭირო.
– შესაძლებელია ცისუსის გასხვლა?
– მას შეიძლება წამოეზარდოს ყლორტები, მათი მოჭრა წელიწადის ნებისმიერ სეზონზეა შესაძლებელი, ხოლო მთლიანად გაკრეჭვა სასურველია გაზაფხულზე.