დღის რეჟიმი, თავისუფალი დრო და ხალისიანი განწყობა
ჩვენი ორგანიზმი ცოცხლობს ბიორითმებთან შეთანხმებით. გვსურს ეს თუ არა, ძილს, ჭამასა და ფიტნესზე სიარულს გარკვეული დრო უნდა დავუთმოთ – ასე ყოველთვის შესანიშნავ ფორმაში ვიქნებით. დროთა განმავლობაში კი იმასაც მივხვდებით, რომ რეჟიმის დაცვით უამრავი დრო გამოგვითავისუფლდება და ყოველთვის ყველაფერს მოვასწრებთ.
მაშ, ასე: დიდ ფურცელზე დიდი ასოებით გადაწერეთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული დღის რეჟიმი. შეასრულეთ მასში მითითებული ყოველი ნიუანსი და, დარწმუნებული იყავით, სასურველ შედეგს ძალიან მალე იგრძნობთ.
დილის 6-დან 9 საათამდე (იმის მიხედვით, რომელ საათზე გიწევთ ადგომა: მიიღეთ შხაპი და ისაუზმეთ ნახშირწყლებით მდიდარი საკვებით (რადგან ნახშირწყლები გადაიქცევა ენერგიად და არ „ჩალაგდება“ ცხიმებად). არ დაივიწყოთ სახის კანი: წაისვით დამატენიანებელი კრემი, რომლის შემადგენლობაში იქნება ვიტამინები და მზისგან დამცავი.
10 საათი ეს არის გონებრივი აქტივობის პიკი. ამიტომ, თამამად დანიშნეთ საქმიანი შეხვედრა.
12-14 საათი: ისადილეთ. წამოწექით 15 წუთით, შემდეგ კი ფეხით გაისეირნეთ. დღის ამ მონაკვეთში ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან საქმეებსა და შეხვედრებს – ეს ის დროა, როცა ტვინის უჯრედების მუშაობაც შენელებულია და კანიც დაღლილად გამოიყურება.
14-18 საათი: მოდუნებამ გაიარა. თქვენ კვლავ შეგიძლიათ შეასრულოთ რთული სამუშაო და გადაწყვიტოთ პრობლემები სამსახურში.
დღის იმ მონაკვეთში უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და უჯრედები მიიღებენ ჟანგბადის მაქსიმალურ რაოდენობას. 18 საათისთვის ტრენაჟორებზე წავარჯიშებაც არ გაწყენდათ.
18-21 საათი: ამ საათებში ხდება ღვიძლის გააქტიურება და, შედეგად, ორგანიზმი წიდებისგან იწმინდება. იმისთვის, რომ დეტოქსიკაცია უკეთ წარიმართოს, მიიღეთ აბაზანა და მსუბუქად ივახშმეთ.
კარგი დროა კრეატიული სამუშაოსთვისაც.
21-23 საათი: სრული და სასიამოვნო განტვირთვის დროა: წაიკითხეთ თქვენი საყვარელი წიგნი ან უყურეთ მსუბუქი ჟანრის ფილმს.
ღამით ეპიდერმისის უჯრედების დაყოფა უფრო სწრაფად მიმდინარეობს. ამიტომ, არ დაგივიწყეთ სახის კანი: გაიწმინდეთ ტონიკით ან ლოსიონით და წაისვით ღამის მკვებავი.
მტკიცე „არა“ უთხარით ალკოჰოლს, ნიკოტინსა და გვიან ვახშამს. დაგვერწმუნეთ, მშვიდადაც დაიძინებთ და სიმსუბუქის შეგრძნებაც გექნებათ.
23-24 საათი: ძილი ნებისა! მშვიდ და კეთილ სიზმრებს გისურვებთ!