ვინ დატოვა მიწაში შვიდი სართულის სიღრმეზე ვანიკო თარხნიშვილი და რატომ ლოცავს ის დღემდე ზანგ ბომჟ რეპერს
„ჩვენი ოფისის“ მსახიობ ვანიკო თარხნიშვილს თავგადასავლები და გამოუვალ, კურიოზულ თუ სასაცილო სიტუაციებში მოხვედრა არა მარტო სერიალში, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც ხშირად უწევს. ის ძალიან მხიარული, ემოციური და ხალისიანი ადამიანია. ამიტომ თავს გადახდენილ ისტორიებსაც ემოციურად და ხალისიანად იხსენებს.
ვანიკო თარხნიშვილი: არ მსიამოვნებს გამოუვალ სიტუაციებში ჩავარდნა, მაგრამ, თუ აღმოვჩნდი, მაშინ იუმორს ვიშველიებ ხოლმე და თავს ასე ვიძვრენ შექმნილი უხერხული სიტუაციიდან.
– ვანიკო, შენზე ამბობენ, ძალიან ფათერაკიანი ბავშვი იყო და სულ ხეებზე დაძვრებოდაო. დედამიწაზე ადგილს ვერ პოულობდი?
– მართალია, ძალიან ცელქი და მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, ფათერაკებიც არ მაკლდა. რა ვიცი, რა მინდოდა, მაგრამ სულ ხეებზე კი დავძვრებოდი. ერთხელ ხეზე ავძვერი და მეორე სართულზე ვიჭყიტებოდი მეზობლის ფანჯარაში. მულტფილმი გადიოდა ტელევიზორში და ისე გავერთე ყურებაში, რომ ფეხი დამიცდა და მოვადინე ზღართანი. დაბლა ბიჭები კარტს თამაშობდნენ მანქანის „კაპოტზე“. ხის ტოტმა რომ დაიწყო მტვრევა, მივხვდი, კარგი დღე არ მელოდა, მაგრამ რაღას ვიზამდი? ჩამოვვარდი და დავასკდი იმ მანქანის „კაპოტზე“ გაშლილ კარტს ჯოკერივით. (იცინის). მადლობა ღმერთს, სერიოზულად არ დავშავებულვარ. ისე, რაც მე ხიდან ჩამოვვარდნილვარ... ერთი სიტყვით, ხან ხეზე ვძვრებოდი, ხან სახურავზე ვიჯექი, ხან სად და ხან სად. ახლაც მიკვირს ჩემი თავის. დიდი „მაუგლი“ ბავშვი ვიყავი. ჩემს სახლს დაბლა სარდაფი ჰქონდა, ეგრეთ წოდებული „ბომბაუბეჟიშჩე“, ნაგვით იყო ამოვსებული და იქაც კი ჩასული ვარ ბოლომდე.
– კი მაგრამ, იქ რაღას ეძებდი?
– რა ვიცი, რა მინდოდა იმ ნაგავში. იდეაში განძს ვეძებდი ალბათ, მაგრამ ვირთხების, დამტვრეული ველოსიპედების, ყუთების და ბოთლების მეტს რას ვიპოვიდი იქ? სულ შატალოებზე დავდიოდი, მაგარი გაქექილი ბავშვი ვიყავი, მაგრამ მასწავლებლებში ცუდი რეპუტაცია არ მქონდა. რას ვიზამთ, ყველა ბავშვი ცელქი და ცუღლუტია.
– ის თუ გახსოვს, როდის დათვერი პირველად მაგრად და რამდენი წლის იყავი, დედამიწამ რომ აჩქარებულად დაიწყო ტრიალი?
– როგორ არ მახსოვს. სულ პირველად ჩემმა უფროსმა ძმამ ლუდი გამასინჯა და ძალიან მომეწონა. დღესაც ვაფანატებ ლუდზე, მაგრამ ვერ ვსვამ, შრატი მაქვს გაკეთებული – სიმთვრალეში გავიქაჩე და დანით გამჩხაპნეს. მაინც შრატი გამიკეთეს, თავი რომ დაეზღვიათ. მოკლედ, ლუდის პირველ დალევას ალიაქოთი არ მოჰყოლია, ჩემთვის დავბოდიალობდი შეზარხოშებული 11 წლის ყმაწვილი. ერთხელ ბევრი შამპანური დავლიეთ ძმაკაცებმა. აი, მაშინ გავიგე რაც არის სიმთვრალე და მას მერე ხშირადაც ვსვამ. არც „პახმელია“ მაქვს ცუდი, უფრო მეტიც, „პახმელია“ მაგრად მიყვარს. თქვენ გეცინებათ და, სიმთვრალიდან რომ გამოვდივარ, ახალგაღვიძებულზე, მუშაობა მიადვილდება. რეპეტიციაზე ამ დროს მაგრად ვიხსნები. ისე, ჩემთან თუ გინდათ ჯიგრული ურთიერთობა, ცოტა უნდა ჩამასხათ სასმელი პირში და ნახავთ, როგორ გავიხსნები და მოვულხენ (იცინის).
– ის თუ არის მართალი, რომ ამბობენ, შეყვარებული ვანიკო თავის სატრფოს ორიგინალური საქციელით აოცებსო?
– ასეთი რამეები მჩვევია. საცოლესთან ნაჩხუბარი ვიყავი. ერთ დღესაც, დავთვერი. ვიფიქრე, რა გავაკეთო ახლა, რომ შევურიგდე-მეთქი, და მოვიფიქრე: ჩემი ქუჩიდან მოვიპარე ტრაფარეტი, რომელზეც ეწერა ქუჩის სახელი და ნომერი. მოპარვის პროცესში პატრული დამადგა თავზე. მკითხა, რას აკეთებო. მეც ავუხსენი. დაიჯერებთ? არ დამსაჯეს. ეტყობა, იფიქრეს, შაყირობს, აბა, რად უნდა ტრაფარეტიო. მოკლედ, ჩამოვხსენი, წავიღე, იმ ჩემი შეყვარებულის სახლთან გავაკარი და ქვევით მივაწერე: „ჩემს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული“.
– მერე, მოვიდა გაზაფხული შენს ქუჩაზეც?
– კი კაცო, სულ არ მოდის, წელიწადში ოთხივე დროს, „კრუგლოსუტოჩნო“?! (იცინის) აი, ასე დავიყენე გაზაფხული მთელი წელი ჩემს ქუჩაზე შეყვარებული ქალის გამო.
– ისე, შენს მეგობრებს თუ დავუჯერებთ, ძალიან ურჩი მგზავრი ხარ, მით უმეტეს, თვითმფრინავში. და მაინც, რას სჩადიხარ ასეთს, იქნებ ჩვენც მოგვიყვე?
– ერთხელ თვითმფრინავით ვმგზავრობდი. ლონდონიდან მოვფრინავდი. ბორტგამცილებელმა გამოაცხადა, შეიკარით ღვედებიო. არადა, კარგა ხანი, ტუალეტში შესვლა მინდოდა და თავს ვიკავებდი, ახლა კიდევ ღვედის მოჭერა მინდოდა მუცელზე?! ვითმინე, ვითმინე და ბოლოს მივხვდი, ვეღარ ვითმენ. დავაპირებ წამოდგომას, მომვარდება სტიუარდესა და მკაცრად მეუბნება, დაჯექი და შეიკარი ღვედიო – არ მაძლევს ტუალეტში გასვლის უფლებას. ჩემს ჯიბრზეც არ დამთავრდა ეს ტურბულენტური ზონა. ისე ჯანჯღარებს თვითმფრინავი, სულ გადავირიე. ხალხი პანიკაშია, არ ჩავცვივდეთ და არ დავიხოცოთო, მე კიდევ, პანიკაში ვარ – არ ჩავისველო შარვალში (იცინის). ბოლოს ვიყვირე, ცუდად ვარ, კარი მაინც გამიღეთ, გადავხტები-მეთქი. რაღას იზამდნენ? გამონაკლისის სახით გამიშვეს ასე ჯაყჯაყ-ჯაყჯაყში ტუალეტში. სხვათა შორის, უცხოეთში ჩასული ბევრჯერ დავიკარგე. ბრიტანეთში ისეთი ქუჩებია, რომ არ დაიკარგო, ის იქნება სირცხვილი, თორემ, გზის გაკვლევას ვინღა ჩივის? ლონდონში ყოფნის დროს, გარეუბანში, მილიონერების უბანში ვცხოვრობდი. თეატრიდან ვიყავი გასტროლებზე. ის უბანი ცენტრიდან შორს იყო. ღამით წავედი, „ვიგულავე“ მაგრად. არადა, დილის 9 საათზე სასტუმროს კარებთან უნდა დავხვდე ავტობუსს, რომელსაც თეატრში მივყავართ. იმ დღეს სპექტაკლი გვქონდა. მოკლედ, მაგრად „ვიგულავე“, მთელი ენერგია დავხარჯე, მერე ქუჩებში ვიბოდიალე და დილის 7 საათზე რომ გაიხსნა მეტრო, ვიფიქრე, ამით წავალ და მივასწრებ-მეთქი. ამოვედი მეტროდან და ვხედავ, რამდენიმე ქუჩა გადის. ვიცი, ერთ-ერთი ქუჩის ბოლოს არის ის მილიონერთა უბანი, სადაც ჩემი სასტუმრო დგას, არადა, ეს ქუჩები ერთმანეთს ისე ჰგავს, რას გაარკვევ, რომლის გზას უნდა დაადგე? უბნის სახელი „ბარმსი“ იყო თუ „ბამრსი“ ზუსტად არ მახსოვდა. გამვლელებს რომ ვეკითხებოდი, ვერ ხვდებოდნენ. არადა აქ რომ მკითხოს უცხოელმა „სოლოლაქი“ სად არისო, „სოლოლაკის“ ნაცვლად, ხომ მივხვდები? იქ ვერ მიხვდნენ. პოლიციელს, მშენებელს, ბავშვს, ქალს – ვერავის ვერ გავაგებინე, სად მინდოდა მისვლა. მგონი, გიჟი ვეგონე, ამ დილაადრიან რა კითხვა-პასუხი აუტყდაო. დავხედე საათს, 8 საათია. არადა, 9 საათზე გაჭიმული რომ არ ვიდგე სასტუმროსთან, მომკლავენ. ვიფიქრე, ახლა თვითონ ვუშველი ჩემს თავს-მეთქი. დავადექი ერთ ქუჩას, გავიარე ბოლომდე, მივხვდი, არ მივდივარ სწორად, უკან დავბრუნდი მეტროსთან. დავადექი მეორე ქუჩას, გავიარე ბოლომდე, მივხვდი, ისევ შევცდი და უკან წამოვედი, მოვედი მეტროსთან... ასე ვიბოდიალე კარგა ხანს. ბოლოს, ერთი ზანგი რეპერი დავინახე, ბომჟივით ეცვა. მივვარდი და ვუთხარი, გადამარჩინე, კაცი არ ხარ, მითხარი სად არის ეს უბანი-მეთქი. ეგრევე არ მითხრა?! წამიყვანა, ავტობუსში ჩამსვა და გამაფრთხილა, ამა და ამ ადგილას ჩამოდიო. როგორც იქნა, მივაგენი სასტუმროს. დღესაც იმ ბომჟ რეპერს ვლოცავ. მაგრამ, საათს რომ დავხედე, უკვე ცხრის ნახევარი იყო. შევვარდი, ვიბანავე და ეგრევე წაგვიყვანეს თეატრში. უძილომ, გაუბედურებულმა ვითამაშე, გონზე არ ვიყავი. ყველაფერი რომ მორჩა და რეკვიზიტების ალაგება დაიწყეს, ჩამოვჯექი. ჩამძინებია. გავიღვიძე და კაციშვილი არ არის. არადა, შვიდი სართულით დაბლა ვარ, მიწაში. ვეცი კარს, ვეჯაჯგურები, აპა... ვერ ვაღებ. გავგიჟდი. შვიდი სართულით ზემოთ რას გააგებინებ? ჩემს ბედზე, რაღაც დარჩენიათ და შემთხვევით ჩამოვიდნენ. კარი რომ გაიღო, ისე გავვარდი, ვეღარ მეწეოდნენ (იცინის).
– სანადიროდ ან სათევზაოდ თუ ყოფილხარ და ამასთან დაკავშირებით თუ გაქვს სასაცილო ამბავი გასახსენებელი?
– მე და ჩემი ძმაკაცი წავედით კახეთში მწყერზე სანადიროდ. წარმოიდგინეთ, ორი თბილისელი წაგვიყვანეს ორმა დევივით კახელმა ტყუპმა ძმებმა სანადიროდ. „ვილისით“ წავედით. კახელებმა გვკითხეს, ტენტი გადავაფაროთ მანქანასო? ჩვენ ვუთხარით, ტენტი რად გვინდაო და... გზაში ისეთ წვიმაში მოვყევით, მტრისას. ისე წვიმდა, გეგონებოდათ, ვედრიდან ასხამენო, აღარაფერი ჩანდა ირგვლივ – ეს არაფერი. ხომ აივსო მანქანა წყლით, მე და ჩემი თბილისელი ძმაკაცი ხომ გავილუმპეთ და თოფის ლულები წყლით აგვევსო, ის კახელი ძმები კიდევ, ჯიგიტებივით ისხდნენ და ვითომც არაფერი... მოკლედ, მივედით ადგილამდე როგორც იქნა. გადმოვედით გალუმპულები მანქანიდან და პირველივე გასროლაზე, ისეთები ჩავიდინეთ, მიხვდნენ, ჩვენ ნადირობის არაფერი გაგვეგებოდა. იფიქრეს, აქ ამათ ერთმანეთი არ დახოცონო, ჩამოგვართვეს მაგარი თოფები და დაგვირიგეს, დაჟანგული, გაუბედურებული, ცალლულა გაფუჭებული თოფები. გვითხრეს, თქვენ ამით ინადირეთო და წინ გაგვიშვეს. ძაღლიც გვყავდა წაყვანილი, მაგრამ, ვერ გავიგე, ბებერი იყო თუ გაუწვრთნელი. ჩვენ ვპოულობდით დახოცილ მწყერს და იმ ძაღლს ხელით მივათრევდით ნანადირევთან, ვაყნოსინებდით და ვეუბნებოდით, ეს არის მწყერიო (იცინის). მაშინ მაგრად მეშლებოდა ნერვები, მაგრამ ახლა რომ მახსენდება, მაგრად ვხალისობ და არასდროს დამავიწყდება ის ნადირობა, წვიმა, „ვილისი“ და ბებერი ძაღლი.
– მოკალი მწყერი?
– მოვკალი არა, ისა... რისი მომკვლელი ვიყავი? იმ კახელი ძმების ხარჯზე ვიქეიფეთ მერე. ისე, მაგარი გემრიელია მწყრის ხორცი, მით უმეტეს, როცა მასზე ნადირობის თანამონაწილე შენც ხარ.
ნონა დათეშიძე