ვეტერინარის რჩევები
კითხვა: მაინტერესებს რა ღირს კოკერსპანიელის გაკრეჭვა? როგორც მითხრეს, არცთუ ისე იაფი ღირს.
პასუხი: კოკერსპანიელის გაკრეჭვა 30-50 ლარი ღირს, მაგრამ თუ თავად შეეცდებით მის გაკრეჭვას და მაკრატელს 4 საათი ხელიდან არ გაუშვებთ, დღის ბოლოს ხელზე გაჩენილი კოჟრები აუცილებლად მიგახვედრებთ, რომ ეს ძალიან რთული და შრომატევადი საქმეა. ამიტომ ნამდვილად ღირს 30-50 ლარი. რაღაც ნაწილი შეიძლება, მანქანით გაიკრიჭოს, მაგრამ არის ადგილები, რომლის მანქანით გაკრეჭვა არ შეიძლება და ხელით უნდა დამუშავდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბეწვი ფუჭდება, იხვევა და ხარისხი იკარგება.
კითხვა: როდიდან არის რეკომენდებული ლეკვისთვის პირველი ვაქცინის გაკეთება?
პასუხი: აცრები 45 დღიდან უნდა დაიწყოს, რადგან 45-ე დღეს ლეკვის იმუნიტეტი ნულია. ყველა ვაქცინას თავისი ანოტაცია აქვს. არის ორნაირი ამერიკული ვაქცინა, რომელიც ჩვენთან კარგად მუშაობს. ერთ შემთხვევაში 4-ჯერ უნდა აიცრას ორკვირიანი შუალედით, ხოლო მეორის გამოყენებისას, 3-ჯერ სამკვირიანი შუალედით. ეს არის ერთი კურსი, რომლითაც ლეკვი იცრება. ამის შემდეგ ძაღლი 11 თვეში ერთხელ უნდა აიცრას. თუ ლეკვს გაკეთებული აქვს კომპლექსური აცრები, მაშინ დაავადებებს იოლ ფორმებში გადაიტანს. ცოფზე სამი თვიდანაც შეიძლება ვაქცინის გაკეთება. თუ ცოფზე აცრილია ძაღლი მისი ნაკბენი საშიში აღარ არის და 100 პროცენტით დაცულია.
კითხვა: ჩემს ძაღლს თვალიდან ცრემლი სდის. თუ შეიძლება მითხარით, რა არის ამის მიზეზი?
პასუხი: ცრემლის დენა ძირითადად არასწორი კვების ბრალია. ძაღლის საკვები სამ კატეგორიად იყოფა, სუპერპრემიუმი, პრემიუმკლასი და ეკონომკლასი. უნდა ითქვას, რომ ეკონომკლასის საკვებით ძაღლის კვება დანაშაულია. ის აღიზიანებს ნაღვლის ბუშტსა და ღვიძლს, რაც ცრემლდენის მიზეზია. როცა ხედავთ, რომ ძაღლს თვალიდან ცრემლი სდის, ის სასწრაფოდ მისახედია. ყურადღება მიაქციეთ ძაღლის განავალს, რომელიც უნდა იყოს შეკრული, ყავისფერი და არ უნდა ჰქონდეს ზედმეტად ცუდი სუნი. თუ მძაფრ სუნს იგრძნობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ საკვები არ შეიცავს ხორცს. ამ დროს ურიგო არ იქნება, თუ თქვენს ძაღლს ვეტერინარს უჩვენებთ, რომელიც შესაბამის მკურნალობას დაუნიშნავს.
კითხვა: ძალიან მინდა ფრანგული ბულდოგის შეძენა. მაინტერესებს, რა უნდა ვიცოდე, ანუ, რა სისუსტეები აქვთ ამ ჯიშის ძაღლებს?
პასუხი: ფრანგულ ბულდოგს ცხვირი აქვს სუსტი. ცხელ ამინდში მათთვის ბევრი სირბილი არ შეიძლება. ამ ჯიშის ბულდოგს ნესტოებში გამავალი ცხვირის დანამატი ღრუები, მოკლე აქვს და შეიძლება, სითბური დარტყმა მიიღოს. ასევე, არ არის მიზანშეწონილი ძალიან ცივ ამინდში მათი გარეთ ყოფნა. ის მოკლებეწვიანია და ზამთარში ხშირად ნახავთ კომბინეზონით შემოსილს. ფრანგულ ბულდოგებს, ინგლისურთან შედარებით, იმდენად დაუმოკლეს ისედაც მოკლე ცხვირი, რომ ზედ ხელს ვერ დაადებ. იმის გამო, რომ ძაღლი დიდთავიანია და ასეთი ცხვირით კარგად ვეღარ სუნთქავს, ორგანოები ისე არ ვითარდება, როგორც უნდა განვითარებულიყო. ამიტომ, დედალ ბულდოგებს მშობიარობა უჭირთ და ხშირად საკეისროს გაკეთება ხდება საჭირო. ეს გახლავთ თანამედროვე სელექციის უარყოფითი მხარე, რომელსაც დღესდღეობით ებრძვიან.