კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ უქმნის კომფორტს და სიმშვიდეს სოფო გელოვანს და რამდენი მამაკაცი ანებივრებს მას

აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში და ყოველთვის დიდ წარმატებებს აღწევდა. ახლახან მან, მეუღლის დაჟინებული თხოვნით, „ჯეოსტარში“ მონაწილეობა გადაწყვიტა და საოცრად კარგი ხმითა და არაჩვეულებრივი მუსიკალური ნიჭით, უკვე მოასწრო მაყურებლის მოხიბვლა.

სოფო გელოვანი: ბავშვობიდან ვმღერი, ბევრი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ვარ. 15 წლის ასაკში გავხდი „უტრენაია ზვეზდას“ გამარჯვებული. შემდეგ ერევანში კონკურსზე ავიღე პირველი ადგილი, პეტერბურგში ავიღე გრან-პრი, შემდეგ ვმონაწილეობდი „სლავიანსკი ბაზარზე“ და ლაურეატი გავხდი. მოლდოვაში ვიყავი კონკურსზე და იქაც გრან-პრი ავიღე. ბოლო ოთხი წელი ვცხოვრობდი სანკტ-პეტერბურგში და ომის შემდეგ ჩამოვედი საქართველოში, წელიწად-ნახევარია, აქ ვცხოვრობ.

– რას საქმიანობდი სანკტ-პეტერბურგში?

– ჩემი მეუღლე გინეკოლოგია და იქ სწავლობდა ასპირანტურაში. როდესაც დავქორწინდით, ერთად გადავწყვიტეთ გამგზავრება. თავიდან, როგორც მომღერალი, ვერაფერს ვაკეთებდი, ერთ დღეს გამოცხადდა რომანსების კონკურსი. ძალიან მიყვარს რომანსები და გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო. გრან-პრი ავიღე და ამის შემდეგ მოვაწერე კონტრაქტს ხელი. ეს ხდებოდა 2006 წელს, 2007 წელს კი ვმონაწილეობდი ძალიან ცნობილ საერთაშორისო კონკურსში – „რომანსიადა“, რომელიც გაიმართა მოსკოვში, სვეტებიან დარბაზში. ძალიან მძიმე, დაძაბულ სიტუაციაში პირველი ადგილი ავიღე. ბოლო ოთხი წელი, ფაქტობრივად, სულ რუსულ რომანსებზე ვმუშაობდი. ძალიან ბევრი გეგმა, კონტრაქტი მქონდა, მაგრამ რუსეთ-საქართველოს ომის დროს, აღარ შეიძლებოდა იქ გაჩერება და მე და ჩემი მეუღლე საქართველოში წამოვედით. მოსკოვთან შედარებით, სანკტ-პეტერბურგი უფრო თბილი ქალაქია, უფრო მეტი ინტელიგენცია ცხოვრობს, სიმშვიდეა, არ არის გიჟური რიტმი. მქონდა კონცერტები, ძალიან ხშირი იყო სალონური, დახურული საღამოები. ქართველებთან მქონდა ძალიან ხშირი ურთიერთობა, მათთან შეხვედრა, ძალიან საინტერესო ხალხია. ერთი პერიოდი ქართულ ეკლესიაშიც ვგალობდი, მოკლედ, ძალიან საინტერესო ცხოვრება მქონდა. მოსკოვშიც მიწევდა გამოსვლები, ფინეთშიც ვიყავი გასვლითი კონცერტით, მაგრამ ჩემი საქმიანობის ძირითადი ადგილი სანკტ-პეტერბურგი იყო. პირველი სოლო კონცერტი გამიკეთეს ესტრადის თეატრში. ვიმღერე რუსული რომანსები. „თბილისო“ და „სულიკო“ მთხოვეს და ისიც შევასრულე. მე რომ იქ არ წავსულიყავი, ამდენ რამეს ვერ ვისწავლიდი. შემოქმედებითად ძალიან გავიზარდე.

– როდესაც ახალდაქორწინებული წყვილი მარტო ჩადის სხვა ქვეყანაში, ეს, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ გარკვეული სიძნელეებიც ექმნებათ.

– შევქმენით ოჯახი და მაშინვე დამოუკიდებლად წავედით უცხო ქვეყანაში. როდესაც პრობლემებს ერთად ხვდები, ერთად უმკლავდები, ეს ურთიერთობას უფრო საინტერესოს და მყარს ხდის.

– სანკტ-პეტერბურგიდან თუ ადევნებდი თვალს წინა „ჯეოსტარს“?

– იმდენად ვიყავი ჩემს საქმეებზე გადართული, დიდად არ ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ, როდესაც თბილისში ჩამოვედი, ვუყურე ბოლო „ჯეოსტარს“, ძალიან მომეწონა. თუმცა, მასში მონაწილეობა მეუღლემ გადამაწყვეტინა. ჩემმა მეუღლემ მითხრა, შენი ასე უმოქმედოდ ყოფნა არ შეიძლებაო. ამას, მგონი, ჩემზე მეტად განიცდიდა. ამიტომ მომკიდა ხელი და წამიყვანა ქასთინგზე. „ჯეოსტარი“ ძალიან საინტერესო კონკურსია, მრავალფეროვან ჟანრში მიწევს მუშაობა.

– მიუხედავად იმისა, რომ ბევრ კონკურსში გაქვს მონაწილეობა მიღებული, ალბათ, ქართველი მაყურებლის წინაშე გამოსვლისას მაინც ნერვიულობ.

– კონკურსებში მონაწილეობის გამოცდილება მაქვს, მაგრამ საქართველოში არასდროს მიმიღია კონკურსში მონაწილეობა. ქართველი მსმენელი არ მიცნობს. ამიტომ, მათ წინაშე გამოსვლა, ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა. ქართველი მსმენელი უფრო კრიტიკული და გემოვნებიანია. ეს პროექტი დამეხმარება, რომ ჩემი შესაძლებლობები გამოვამჟღავნო, კარგად გავაცნო თავი ქართველ მსმენელს და თავი შევაყვარო. ვისაც მოსწონს ჩემი სიმღერა, ოდნავ მაინც ვანიჭებ სიამოვნებას, მადლობელი ვიქნები, თუ დამიმესიჯებს.

– როგორც მივხვდი, შენს მეუღლეს ძალიან უყვარს, როდესაც მღერი?

– კი, გიჟდება. ჩემი მეუღლე ნოდარ ლანდია პროფესიით გინეკოლოგია, ისევე, როგორც მის მამას, ბაბუას მასაც ძალიან უყვარს თავისი პროფესია, მაგრამ გიჟდება სიმღერაზე. დღემდე მეუბნება, ჩვენ სანკტ-პეტერბურგში რომ არ წავსულიყავით, ვერ დავრწმუნდებოდი შენს ნიჭიერებაში. იქ მარტომ მიაღწიე ყველაფერსო. მე იქ მომიწია მუშაობა არაჩვეულებრივ პიანისტთან და კონცერტმაისტერ მიხეილ აპწეგმანთან, მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ჩემს მეუღლესაც ჰქონდა მასთან ურთიერთობა და ჩემზე სულ ეუბნებოდა, უნდა გააგრძელოს სიმღერა, არ უნდა გაჩერდეს, სიმღერა მისთვის ყველაფერიაო. ანუ, მეუღლე იქ დარწმუნდა ჩემს შესაძლებლობებში და ძალიან კარგია, რომ წავედით. ის ჩემი დიდი გულშემატკივარია. თვითონ არ მღერის, მაგრამ მე რომ სცენაზე ვდგავარ, ამით დიდ სიამოვნებას იღებს. რუსეთშიც, თუ ოპერაცია არ ჰქონდა და ეცალა, ყოველთვის ცდილობდა, ჩემს გამოსვლას დასწრებოდა. რაც მთავარია, ის ჩემი პირველი შემფასებელია. ყოველთვის ვეკითხები, მოეწონა თუ არა. შეიძლება, რაღაც ნოტს ვერ მიხვდეს, მაგრამ ემოციას ყოველთვის ხვდება და მეუბნება – ისეთი ემოცია არ იყო, როგორც შენ იციო.

– მოგვიყევი, როგორ გაიცანი შენი მეუღლე, როდის შექმენით ოჯახი?

– ჩემი მეუღლე გავიცანი მეგობართან, სრულიად შემთხვევით. მერე კიდევ სხვაგან შევხვდით და ნელ-ნელა ჩვენი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა. ძალიან თავმდაბალი ადამიანია, მასში სწორედ ეს თავმდაბლობა, თავშეკავებულობა და სიმშვიდე მომეწონა. ამ თვისებებმა მომხიბლა ყველაზე მეტად.

– შეყვარებულობის პერიოდი ყველას ძალიან სასიამოვნოდ ახსენდება.

– ფაქტობრივად, ჩვენ სამი წელი ვიყავით შეყვარებულები, მაგრამ აქედან 2 წელი ცალ-ცალკე მოგვიწია ყოფნა, ის პეტერბურგში იყო, მე – თბილისში. იყო ერთი ამბავი, მესიჯები... სასწაულებს აკეთებდა. ერთხელ მახსოვს, კარი გავაღე და მოულოდნელად დამადგა თავზე, საერთოდ, რომ არ ველოდი. უყვარს სიურპრიზები, ერთხელ ახალ წელს თოვლის ბაბუა მოვიდა და პეტერბურგიდან გამოგზავნილი საჩუქრები მომიტანა. საერთოდ ვერ ვგრძნობდი, რომ ის ჩემ გვერდით არ იყო. მერე უკვე ვეღარ გაძლო, მორჩა, ასე აღარ შეიძლებაო, ჩამოვიდა და წავედით პეტერბურგში. მე ეს ადამიანი იმდენად მიყვარს და იმ პერიოდში საერთოდ ვგიჟდებოდი მასზე, რომ ყველგან გავყვებოდი. მაშინ ასპირანტურაში სწავლობდა, ვერ წამოვიდოდა და მეც არ შევუშალე ხელი, გავყევი. მისთვის სიურპრიზი ჩემი სიმღერაა. როცა სადმე ვართ, სულ მთხოვს, რომ ვიმღერო.

– ბავშვი თბილისში გეყოლა?

– რუსეთიდან დიდი მუცლით ჩამოვედი და დავით ლანდია თბილისში დაიბადა. ახლა წლინახევრისაა, ჩვეულებრივი, ყურადღებიანი დედა ვარ. მაგრამ, რაც „ჯეოსტარი“ დაიწყო, გადავაბარე ბებიებს, ხან დედაჩემთან არის, ხან – ჩემს დედამთილთან. ძალიან მიწყობენ ხელს. ყველაფერს მიკეთებენ. როცა ჩემს მეუღლეს ოპერაცია არ აქვს, თვითონ იტოვებს ბავშვს, რომ ხელი შემიწყოს. გარშემო მყავს ისეთი ხალხი, სიმშვიდეს და კომფორტს რომ მიქმნიან.

– ბავშვი ღიღინებს თუ ლანცეტისკენ იყურება?

– მამას არ უნდა, რომ გინეკოლოგი გამოვიდეს, უფრო მომღერლობა უნდა, მე – პირიქით. ბავშვი სიმღერაზე გიჟდება, ტელევიზორში რომ მხედავს, ბოლო ხმაზე კივის – დედუციო.

– როდესაც რუსეთიდან ჩამოხვედი და სულ სხვა, წყნარ რიტმში ჩაები, ალბათ, ძალიან გაგიჭირდა შეგუება.

– ბავშვი მეყოლა, დედა გავხდი. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. მაგრამ, როდესაც სულიერი საზრდო გაკლია, ვერაფერს აკეთებ. იქ სულ გაწერილი მქონდა გრაფიკი, აქ კი არაფერს ვაკეთებდი და ჩემი მეუღლე მიხვდა, ამის ატანა აღარ შეიძლებოდა. ხასიათზეც შემემჩნა, ისეთი სახით დავდიოდი. ჩემი ძმა და მეუღლე დამცინოდნენ, თევზი წყალში უნდა შეუშვაო. ახლა, რაც „ჯეოსტარში“ ვარ, მეუბნებიან, ტალღებს ეთამაშები და გვინდა, უფრო ღრმად შეხვიდეო. მეუღლე და ძმა ძალიან მგულშემატკივრობენ და დიდ სტიმულს მაძლევენ. ყოველთვის განებივრებული ვიყავი მამაკაცების მხრიდან. პედაგოგიც ისეთი შემხვდა, დიდ პატივს მცემდა. მამაც განსაკუთრებულად მანებივრებდა. ახლა ჩემი მეუღლე და ძმაც მანებივრებენ. ჩემი მამამთილი განსაკუთრებული ადამიანია. მოკლედ, მამაკაცების გარემოცვაში ვარ და დიდ სტიმულს მაძლევენ.


скачать dle 11.3