ცხოვრების როგორ წესს ირჩევს გიორგი ვარდოსანიძე და რატომ ტკბება ის სარკის წინ საკუთარი სხეულით
სერიალმა „გოგონა გარეუბნიდან“ გასვლის დღიდან მიიპყრო მაყურებლის ყურადღება და უკვე მეორე სეზონია დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალს. მისი ერთ-ერთი პერსონაჟი, ლევან ხომერიკი, ისევე, როგორც სერიალში, რეალურ ცხოვრებაშიც საკმაოდ უწყინარია და არც იუმორის გრძნობა ღალატობს. ლევანი, იგივე გიორგი ვარდოსანიძე, მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობია, უყვარს საქმე, რომელსაც ემსახურება და ბედნიერია, რომ გარემოცვაში ჰყავს ადამიანები, რომლებთან ურთიერთობით დიდ სიამოვნებას იღებს. როგორ ცხოვრობს ის და ცხოვრების რომელ სტილს ანიჭებს უპირატესობას ამას, უკვე, ინტერვიუდან შეიტყობთ.
გიორგი ვარდოსანიძე: საკმაოდ აქტიურად ვცხოვრობ, ფაქტობრივად, სულ დაკავებული ვარ. ვოცნებობ თავისუფალ დღეებზე, მაგრამ, როცა ეს თავისუფალი დღეები მაქვს, მაშინ უკვე ოცნებას არათავისუფალ დღეებზე ვიწყებ. სულ გადარბენაზე ვარ, რის გამოც მეგობრებს ძირითადად „სკაიპის“ ან „ფეისბუქის“ საშუალებით ვეკონტაქტები. მწერენ – სად დაიკარგე, არაკაცი ხარ, მეზიზღები, აღარ გელაპარაკებიო, მაგრამ, არ ვიცი, რა ვქნა, რა გავაკეთო... ალბათ, სტატუსად უნდა დავიწერო: „სულ გადარბენაზე ვარ.“ ან გადაღება მაქვს, ან რეპეტიცია თეატრში, საღამოს, კიდევ, შეიძლება, მოვახერხო მათთან შეხვედრა.
– კარგი არ არის, მერე, ასეთი დაკავებული რომ ხარ? ბევრი მსახიობი ამაზე ოცნებობს.
– ღმერთის წყალობით, ასეთ რეჟიმში მიწევს ცხოვრება.
– ასეთ ენერგიულ და აქტიურ ადამიანს თუ შეგიძლია პასიურ ადამიანთან მეგობრობა?
– მე ყველანაირ ადამიანთან შემიძლია ვიმეგობრო. ეს სიმართლეა და ლოზუნგის სახით არ ვამბობ. ყველანაირი მეგობარი მყავს: პასიური, აქტიური, არა იუმორის მქონე, მოჭარბებული იუმორით და ასე შემდეგ. ჩემთვის მთავარია, ადამიანი შინაგანად იყოს სუფთა, დანარჩენს კი მნიშვნელობა არ აქვს. პასიურია? იმდენს ვილაპარაკებ, რომ ავავსებ. თუ აქტიურია, მე გავჩუმდები და ის ამავსებს. ბალანსი ყოველთვის არის.
– აღნიშნე, რომ შენთვის მთავარია, ადამიანი შინაგანად იყოს სუფთა. მაინტერესებს, იოლია შენთვის ადამიანის ამოცნობა?
– ადრე მიმაჩნდა და ხმამაღლა ვამბობდი, რომ ძალიან ადვილად შემეძლო ადამიანის ცნობა, რაშიც, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ვცდებოდი. ასაკმა მოიტანა და, მეც ცოტა ფრთხილი გავხდი ამ მხრივ. ადრე უცებ დამეგობრება ვიცოდი, ძალიან ახლო ადამიანად ვაქცევდი, ილუზიას ვიქმნიდი და მერე აღმოვაჩენდი, რომ ის ისეთი სულაც არ ყოფილა, როგორიც მეგონა. ამის გამო კი, გული მწყდებოდა. მართალია, დღეს შედარებით ფრთხილი ვარ, მაგრამ, მაინც მალე ვიძენ მეგობრებს, რაც, ალბათ, ჩემი კომუნიკაბელურობის ბრალია. მალე ვხსნი იუმორს და, თვითონ ვუყვარდები ადამიანს თუ მე ვაყვარებ თავს, არ ვიცი, მაგრამ, ეს ადვილად გამომდის. სუფთა ადამიანის პოვნა ძალიან მიხარია და, თუ ის აღმოვაჩინე, ხელს ჩავავლებ და უცებ ჩემიანი ხდება.
– ბევრი მეგობარი გყავს?
– დიდი მადლობა უფალს, რომ ძალიან, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. ვინატრებდი კიდევ ათი ამდენი მყავდეს, რადგან ცხოვრებაში ამაზე დიდი საჩუქარი არაფერია. მყავს ბავშვობის მეგობრები, რომლებთან ერთადაც 4 წლიდან მოვდივარ. მთელი ცხოვრება ერთმანეთს ვებღაუჭებით და ვერანაირმა „საცერმა“ ვერ გაგვცრა. მყავს უნივერსიტეტის უახლოესი მეგობრები, უბნის, სკოლის, საქმის, თეატრის, გადაღების და ასე შემდეგ. პატარა ქალაქში ვცხოვრობთ და ყველგან ჩემი წრე მყავს.
– შენი ნდობა ადვილია?
– მიმაჩნია, რომ ჩემი მეგობრები ძალიან მენდობიან, ყოველთვის აქვთ ჩემი იმედი და ვცდილობ, ეს იმედი არასდროს გავუცრუო. ყოველთვის ვცდილობ, სანდო ადამიანის იმიჯი მქონდეს და შინაგანადაც ასეთი ვიყო.
– სერიალმა „გოგონა გარეუბნიდან“ მეორე სეზონი გახსნა. სიტუაცია საკმაოდ „ჩაიქოქა“ და გახურდა.
– მეორე სეზონის პირველი სერია რომ ვნახე, მე თვითონაც მომეწონა. დარწმუნებული ვარ, უფრო და უფრო უკეთესი იქნება. სცენარისტების წყალობით, ძალიან ბევრი კარგი სიურპრიზი ელის მაყურებელს – ჩახლართული და ბოლოს კარგად დასრულებული ისტორიები. იმედი მაქვს, მაყურებელს მეორე სეზონი პირველზე მეტად მოეწონება.
– სერიალში მოვლენები ისე ვითარდება, რომ მალე ქორწილიც გექნება. რეალურად თუ შეგიძლია, ისეთ გოგონას დაუკავშირო ბედი, რომელიც ქორწილში შვიდმეტრიანი შლეიფით მოინდომებს ყოფნას, მდელოზე გაშლილ სუფრას და ასე შემდეგ?
– რატომაც არა, თუ ადამიანს ასე უნდა... წესით, ამბობენ, რომ ცოლი ერთხელ მოგყავს და, ეს თუ მართლა ერთხელ ხდება, მაშინ იმას გავაკეთებ, რაც მას სურს, თუმცა, ცოტა მეც უნდა დამიჯეროს, რადგან ჩემი ქორწილიც იქნება მასთან ერთად. გაშლილ მდელოზე კი არა, თუ უნდა, კლდის თავზე იყოს. ქორწილი ისეთი რაღაცაა, ყველა ოცნება უნდა აიხდინო. კარგია, თუ ამაში შესაძლებლობაც ხელს გიწყობს.
– მახსოვს, პირველად რომ ჩაგწერე, თქვი, შეყვარებული ვარო. ამჟამად რა ხდება შენს ცხოვრებაში?
– ახლაც შეყვარებული ვარ. უკვე მეშვიდე თვე დაიწყო, რაც ერთად ვართ და თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობთ. ღმერთმა ქნას, სულ ასე ვიყოთ.
– ქუჩაში, ალბათ, ბევრი ადამიანი გცნობს.
– დიახ, მცნობენ. ზაფხულში გონიოში ვიყავი დასასვენებლად, თმა გადავიპარსე, მიუხედავად ამისა მაინც მცნობდნენ და, მეც ამაყად დავდიოდი. თბილისში რომ ჩამოვედი, უცნობები მიყურებდნენ, რომლებსაც თან ვეცნობოდი, თან – არა. ვიფიქრე, ხალხი გადამეჩვია-მეთქი, მაგრამ, დაიწყო თუ არა პირველი სეზონის გამეორება, მეორე დღიდან ქუჩაში ისევ ყველა მიღიმის და ყველა მესალმება.
– ალბათ, ეს საკმაოდ სასიამოვნო შეგრძნებაა.
– ძალიან. ეს მართლაც ყველაზე დიდი სიამოვნებაა, რადგან, ხვდები, რომ ტყუილად არ წვალობ. თუნდაც ერთი ადამიანის გაღიმებულ სახეს რომ დაინახავ შენკენ მომართულს, ეს ყველაზე დიდი ჯილდოა მსახიობისთვის.
– ცხოვრებაში რას არ გააკეთებ არასდროს?
– მე და ჩემი ბავშვობის მეგობრები, ათასში ერთხელ, მაგრამ მაინც ვთამაშობთ ერთ კარგ თამაშს: კითხვაზე – რას არ გააკეთებდი ცხოვრებაში 10 მილიონ დოლარად? – პასუხად გროვდება ჩვენ მიერ ჩამოწერილი ძალიან დიდი სია. რას გავაკეთებდი, ეს ადვილი სათქმელია, მაგრამ, რას არ გავაკეთებდი – ცოტა ძნელი მოსაფიქრებელი.
– ჩამონათვალში რა შედის?
– ბანალური ფრაზებია, მაგრამ, არ ვუღალატებდი მეგობარს, არ შევარცხვენდი ოჯახს, არ გავყიდდი სხეულს. ცხოვრებაში არის რაღაცეები, რაშიც რამდენიც არ უნდა გადაგიხადონ, ის ფასი მაინც არ ღირს. ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ, ძალიან ბევრი რამ არის, რასაც არ გავაკეთებ არანაირ თანხად და არანაირი პირობით.
– გინანია?
– როგორც ყველა ადამიანს, მეც ბევრჯერ მინანია, თუმცა, დროზე თუ მოინანიებ და ბოდიშის მოხდა თუ არ გრცხვენია, მგონი, გაგიგებენ. მთავარია, გულწრფელად ინანო, თუნდაც გულში. შეცდომა ყველას მოსდის.
– შენი ცხოვრების სტილია, გარშემო მყოფებისთვის ყოველთვის დადებითი განწყობის შექმნა?
– დიახ, ძალიან ბევრს ვცდილობ, ყველა სიტუაციაში კარგი განწყობა შევიტანო. ძალიან მეზიზღება დიალოგის დროს პაუზა. ამიტომ, ამ შემთხვევაში უაზრო ხუმრობას ვიწყებ, უაზრო დებილობების კეთებას. მირჩევნია, თუნდაც მე დამცინონ, მაგრამ, გაიცინონ. ყველაზე კარგი ხომ ღიმილია. ამიტომ, ვცდილობ, ყველა გავაღიმო, ისინიც კი, რომლებსაც იუმორის გრძნობა ნაკლებად აქვთ.
– ახერხებ?
– 100-დან 99 შემთხვევაში – კი. ჩემი მეგობრები ამას რომ წაიკითხავენ, გაეცინებათ. „გაგივარდას“ პრინციპი მაქვს: 99-ს ვიხუმრებ და მეასე „გავარდება“, მანამდე ყველა მეხვეწება, გაჩუმდიო.
– როგორ ფიქრობ, წარმატებული ადამიანი ხარ?
– დიახ. მყავს ძალიან ერთგული და კარგი მეგობრები, ძალიან კარგი მშობლები, რომლებსაც ვუყვარვარ და ჩემთვის ყველაფერს აკეთებენ; მაქვს საქმე, რომელიც მიყვარს. მაქვს ბევრი ინტერესი. ამიტომ, მიმაჩნია, რომ წარმატებული და ბედნიერი ადამიანი ვარ.
– რეალურ ცხოვრებაში ხშირად გიწევს თამაში?
– ხშირად არა, მაგრამ, მაინც მიწევს. არის სასარგებლო და არასასარგებლო ტყუილი. ხანდახან უნდა მოიტყუო, რომ ადამიანს გული არ ატკინო, ხანდახან ღირს თამაში. ჩემთვის ყველა სიცრუე გამართლებულია, თუ მასში ბოროტება არ დევს. თუ იმისთვის ცრუობ, რომ კეთილი მიზანი გაქვს, ჩემთვის ეს მისაღებია.
– შენი მოტყუება ადვილია?
– ჩემთვის ავტორიტეტული ადამიანები მეუბნებიან, რომ ძალიან მიმნდობი ვარ და, ამიტომაც, ხშირად ადვილად ვტყუვდები. ისე, ბოლო დროს წინასწარ ვგრძნობ, რომ კონკრეტულმა ადამიანმა შეიძლება, ჩიხში შემიყვანოს.
– ვინმეს ისე თუ მოუტყუებიხარ, რომ დეპრესიაში ჩავარდნილიყავი?
– სიტყვა „დეპრესია“ ჩემთვის ცოტა ნერვების მომშლელია. ცხოვრებაში ერთხელ მქონდა დეპრესიის მაგვარი რაღაც, მხოლოდ ერთი კვირა, თანაც, ბოლო ორი დღე გამოვდიოდი – ეს უფრო პახმელია-დეპრესია იყო. მეზიზღება დეპრესია, რადგან მას ყოველთვის ღიმილი ჯობია. ბევრი რამეა, რაც მოგცელავს და დაგაგდებს, მაგრამ, უფრო მეტია, რაც ხელს მოგკიდებს და წამოგაყენებს.
– მამაკაცების უმეტესობა შინიდან გასვლის წინ სარკეში საერთოდ არ იხედება. შენ თუ უთმობ საკუთარი თავის ფორმაში მოყვანას გარკვეულ დროს?
– მეგობრები „ნარცისს“ მეძახიან, თუმცა, გულწრფელად გეტყვით, ასეთი არ ვარ. მაგრამ, სახლიდან გამოსვლის წინ, შემოხეული ნასკი რომ მეკეთოს თავზე, ცხადია, მოვწესრიგდები და ისე გამოვალ. ბავშვობიდან „მარიაჟი“ ვიყავი და დღემდე შემომრჩა ეს თვისება, ვერ ვიშლი. თეატრში გრიმს რომ გავიკეთებდი, მერე სარკის წინ მაისურს ავიწევდი და მუცელზე „კუბიკებს“ ვითვლიდი და ეს ყოველ ხუთ წუთში ერთხელ გრძელდებოდა. ასე რომ, სარკეში ჩახედვა ძალიან მიყვარს, მასთან მეგობრული დამოკიდებულება მაქვს.
– სპორტთანაც მეგობრობ?
– ძალიან. ყოველთვის ვვარჯიშობდი. ტრენაჟორებზე თუ ვერ ვახერხებ ვარჯიშს, სახლში აზიდვებს მაინც ვაკეთებ, ფორმაში რომ ვიყო. მით უმეტეს ახლა აქტიური ვარჯიში აუცილებელიც არის ჩემთვის, რადგან ცოტა ხნის წინ სიგარეტს დავანებე თავი და ოთხი კილოგრამი მოვიმატე.