30 თებერვალი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹30–42(512)
კომუნისტურმა სასამართლომ იობი და მისი მრევლის ოცი წევრი საბრალდებო სკამზე დასვა და ანტისახელმწიფოებრივი გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. იობს, როგორც შეთქმულების ორგანიზატორს, დახვრეტა მიუსაჯეს, დანარჩენებს კი – სხვადასხვა ვადით პატიმრობები. მთელი ეს პროცესი ფართოდ გაშუქდა პრესაში. 13 წლის პეტრე დიდად კმაყოფილი იყო საკუთარი ნამოქმედარით, ცალკე ოთახში განმარტოებული, ხმამაღლა კითხულობდა სასამართლო პროცესის საბოლოო ანგარიშს, რომელიც გაზეთ „კომუნისტის“ მოწინავე წერილში იყო გამოქვეყნებული და ეწერა: „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა სასამართლომ განიხილა ოცდაერთკაციანი, ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფების სისხლის სამართლის საქმე, დამნაშავედ ცნო ჯგუფის ყველა წევრი და მათ ხანგრძლივი ვადით პატიმრობები მიუსაჯა. ხოლო, დაჯგუფების ლიდერს, ყოფილ დიაკვან იობს კი, რომელსაც ანალოგიური დანაშაულისთვის წარსულში 15 წელი აქვს გატარებული, სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯა. იობი და მისი ჯგუფი ფართო იატაკქვეშა რელიგიურ-პროპაგანდისტულ მუშაობას ეწეოდნენ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მიზნით და ხალხის მიერ კანონიერად არჩეული ხელისუფლების განადგურების მოწოდებებით გამოდიოდნენ“.
პეტრემ რომ „კომუნისტის“ კითხვა დაასრულა, გაზეთი გვერდზე გადადო, თვითკმაყოფილი ადამიანის პათოლოგიური ღიმილი აღებეჭდა სახეზე, ჭერს ახედა და ღმერთის მისამართით სარკასტულად თქვა:
– აბა, სად ხარ, ღმერთო, სად, რატომ არ შველი შენს ერთგულ მსახურს? მან ხომ შენი რწმენის გამო თხუთმეტი წელი ციხეში გაატარა, ახლა კი თავს გწირავს, შენ კი სიამოვნებით იღებ ამ მსხვერპლს. იცი, რატომ არ შველი? იმიტომ რომ, არ არსებობ, არ არსებობდი და არც არასოდეს იარსებებ! შენზე არსებული ამბები გამოგონილი ზღაპრებია, ადამიანების გასაბრუებლადაა დაწერილი და არაფერი შეგიძლია. არ არსებობ და იმიტომ. ფუი, შენ! – პეტრემ ჭერისკენ ააფურთხა, ჩაიხითხითა და გაკვეთილების მომზადებას შეუდგა.
იმ დროს, როდესაც პეტრე ღმერთს გმობდა, ბადრაგმა სიკვდილმისჯილთა საკნიდან იობი გამოიყვანა, ის დასახვრეტად წაიყვანა და, სანამ მას სიცოცხლეს წაართმევდნენ, ის მაინც პეტრეს სულის გადარჩენისთვის ლოცულობდა გულმხურვალედ. ხოლო სულის ამოსვლის წინ, სანამ ჯალათის მიერ გასროლილი ტყვია კეფას გაუხვრეტდა, თქვა: „ღმერთო, შეუნდე ეს ცოდვა შენს მონას პეტრეს და სწორ გზაზე მოაქციე!“
ყოვლად უდანაშაულო იობის დახვრეტამ 13 წლის პეტრეს გულში იოტისოდენა სიბრალულიც კი ვერ გამოიწვია და მცირედადაც არ შეუწუხებია სინდისს – მან ისეთივე სიამოვნებით წაიკითხა გაზეთ „კომუნისტის“ მომდევნო ნომერში დაბეჭდილი ცნობა იობის სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოყვანის შესახებ, კვლავ ჭერს ახედა და თქვა:
„შენი ამბავი რომ ვიცი, ღმერთო, წმიდა იობს, ალბათ, შენთან გააქანებდი. ახლა, ალბათ, ცის მოაჯირზე ხართ გადმომდგარები და ჩემს უმსგავსო საქციელს აკვირდებით. ფუი შენ, კიდევ ერთხელ ფუი და სამარადისოდ! სანამ ვიცოცხლებ, შენს არარსებულ სახელს ადამიანების ტვინიდან ამოვშლი“! – და პეტრე კმაყოფილი სახით შეუდგა მეცადინეობას.
იობის განადგურებით კმაყოფილმა პატარა მონსტრმა ახლა მურიანებისთვის სამაგიეროს გადახდაზე დაიწყო ფიქრი და მათი დასაღუპავი გეგმის შედგენას შეუდგა. პეტრეს ჩანაფიქრის მიხედვით, ბესო და მისი სამი ვაჟი ვერის ხევში, იმ ადგილიდან უნდა გადაჩეხილიყვნენ კლდეებზე და საშინელი სიკვდილით დაესრულებინათ ცხოვრება, სადაც ისინი პავლემ სიკვდილისგან იხსნა და, საიდანაც, პეტრეს აზრით, დაიწყო მისი უბედურება. პეტრე დარწმუნებული იყო, რომ მურიანები მის ყველა სურვილს შეასრულებდნენ. ამიტომ, პავლეს სულის მოხსენიების საბაბით, პეტრეს მურიანები იმ საბედისწერო ლოდთან უნდა მიეყვანა და ბანგიანი ღვინით გამასპინძლებოდა, ხოლო როდესაც მათ ჩაეძინებოდათ, ისინი პეტრეს სათითაოდ უნდა ჩაეყარა უფსკრულში. საამისოდ პეტრემ საგანგებოდ შეიძინა ბანგიცა და წითელი ღვინოც, ერთმანეთში აურია და მურიანებისკენ გაემართა, რომ ბოროტი განზრახვა აესრულებინა, მაგრამ, არაფერი გამოუვიდა, რადგან შეიტყო, რომ მურიანები ერთი კვირის წინ გაურკვეველი მიმართულებით გამგზავრებულიყვნენ თბილისიდან.
„როცა იქნება, ხომ მოვიხელთებ“, – ჩაილაპარაკა იმედგაცრუებულმა პეტრემ, ბანგშერეული ღვინო კი მანწანწალა ლოთს აჩუქა და სკოლა-ინტერნატში დაბრუნდა. ლოთმა ათასი მადლობა გადაუხადა პეტრეს. შემდეგ ღვინით სავსე ბოთლი მტკვრის პირას ჩაიტანა, მოიყუდა, რამდენიმე ყლუპი დალია და რომ დაეძინა, მდინარეში ჩავარდა და დაიხრჩო. ამგვარად, გამიზნულმა ბოროტებამ მაინც მიაღწია მიზანს და უდანაშაულო მაწანწალა ლოთი შეიწირა.
რაც დრო გადიოდა, შინაგანად პეტრე მით უფრო სასტიკი და დაუნდობელი ხდებოდა, გარეგნულად კი სანდომიანი, ზრდილობიანი და ჭკვიანი ახალგაზრდის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რასაც მისი ტანადობა და პირმშვენიერობაც ერთვოდა. სკოლა-ინტერნატი მან 17 წლის ასაკში წარჩინებით დაამთავრა, თავადური გვარი – დადიანი შეიცვალა, რომ კარიერის გაკეთებაში ხელი არ შეშლოდა, გლეხური გვარი გორსალია აირჩია და მოსკოვში გაემგზავრა უშიშროების სკოლაში გამოცდების ჩასაბარებლად.
პეტრემ ყველა გამოცდა „ფრიადზე“ ჩააბარა და ჯერ უშიშროების სკოლა დაამთავრა წარჩინებით, შემდეგ „კაგებეს“ აკადემიის სრული კურსი, წითელი დიპლომი აიღო და, მიუხედავად იმისა, რომ როგორც წარჩინებულ კურსდამთავრებულს, უშიშროების ცენტრალურ აპარატში შეეძლო დარჩენა, თბილისში მუშაობა მოითხოვა და რვაწლიანი განშორების შემდეგ, საქართველოს დედაქალაქში დაბრუნდა.
25 წლის პეტრე გორსალია ლეიტენანტის ჩინს ატარებდა, როდესაც საქართველოს „კაგებეს“ ეგრეთ წოდებული რელიგიური განყოფილების რიგით ოპერმუშაკად დაინიშნა და სულ რაღაც შვიდ წელიწადში ისე გულმოდგინედ და ნაყოფიერად იმუშავა, რომ სამი რიგგარეშე ჩინი მიიღო და განყოფილების უფროსობას მიაღწია. პეტრემ, რომელსაც, თავისი კვალიფიკაციიდან გამომდინარე, უშიშროების ნებისმიერ სტრუქტურულ ქვედანაყოფში შეეძლო მუშაობა, შეგნებულად აირჩია რელიგიური განყოფილება, რადგან ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლის პირობა ჰქონდა მიცემული საკუთარი თავისთვის და ამ განყოფილებაში მუშაობა ფიცის შესრულების საუკეთესო საშუალებად მიაჩნდა. მის ყველა მოქმედებაში პროფესიონალი მოთამაშის აზარტისა და მოჭადრაკე გროსმაისტერის ბრძნული კომბინაციების ნაზავი იყო ჩადებული, რაც საბოლოო წარმატებას განაპირობებდა. პეტრე ყოველთვის პირადად გეგმავდა ყველა დიდსა თუ პატარა, მნიშვნელოვან თუ ნაკლებად მნიშვნელოვან ოპერაციას და, სანამ ყველა დეტალს ბოლომდე არ გაიაზრებდა, მანამ არ იწყებდა მოქმედებას. პეტრე გორსალია აგენტთა უმრავლესობასთანაც პირადად მუშაობდა და სანამ ბოლომდე არ შეამოწმებდა მათ პროფესიულ განსწავლულობას, მანამდე არ ანებებდა მათ თავს. ხოლო, როდესაც დარწმუნდებოდა, რომ აგენტი დავალების შესასრულებლად ასი პროცენტით იყო მზად, მწველ მზერას მიაპყრობდა და მშრალად ეტყოდა: „წადით, დაისვენეთ და დანიშნულ დროზე მუშაობას შეუდექით!“
ანალოგიური გულმოდგინებითა და თანმიმდევრობით იმუშავა პეტრე გორსალიამ აგენტ „მაგდასთან“, რაც ექვსი თვე გაგრძელდა. მომავალი ოპერაციის ყველა დეტალი მრავალგზის, ძალზედ საფუძვლიანად იქნა დამუშავებული. პეტრეს, რომელსაც ხელმძღვანელობისგან ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ხერხემალში გატეხა ჰქონდა დავალებული, პირადი მიზნებიც ამოძრავებდა და ამ ოპერაციის მომზადება-შესრულებას გაასმაგებული ენერგიით შეუდგა.
მომავალი ოპერაციის მთავარი შემსრულებელი, 19 წლის გოგონა, რომელსაც პეტრემ „მაგდა“ დაარქვა და მოგონილ ლეგენდაშიც იგივე სახელი დაუტოვა, მილიციიდან გამოითხოვა და „კაგებეს“ ერთ-ერთ კონსპირაციულ აგარაკზე განათავსა თბილისის მახლობლად. 19 წლის გოგონას ნამდვილი სახელი მეგი იყო და მილიციას ის ორი ადამიანის მკვლელობისთვის ჰყავდა დაკავებული. ქართველი ეროვნების სოჭელი მეგი ქალაქ სოჭის ქართულ უბანში, პლასტუნკაზე იყო გაზრდილი და მშობლებთან უთანხმოების გამო სახლიდან იყო გაქცეული. მეგი თავის ორ კოლეგასთან – 21 წლის ვიქტორთან და 23 წლის არკადისთან ერთად, სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობდა და ქურდობითა და ძარცვით იყო დაკავებული. ერთ-ერთი ასეთი ვოიაჟის დროს, ახალგაზრდა ბოროტმოქმედთა ტრიო თბილისს ეწვია და რამდენიმე წვრილმანი ქურდობის შემდეგ, როდესაც ხუთასიოდე მანეთი იშოვეს, დროის გასატარებლად ფუნიკულიორზე მდებარე რესტორანს მიაშურეს. ახალგაზრდებმა კარგად მოილხინეს შეზარხოშებულებმა დატოვეს იქაურობა და საცალფეხო გზით, ტყე-ტყე დაეშვნენ ქვევით. მაგრამ, ორასიოდე მეტრიც არ ჰქონდათ გავლილი, რომ ვიქტორმა და არკადიმ მეგის გაუპატიურება მოინდომეს, ტყის სიღრმეში ძალით შეათრიეს და დაეტაკნენ. მეგი ქალწული იყო და თავის ამ „სტატუსთან“ განშორებას ჯერჯერობით არ აპირებდა, მით უმეტეს, ასეთ ვითარებაში და, თანაც – თავის კოლეგებთან. ამიტომ, ვიქტორსა და არკადის აქტიური წინააღმდეგობა გაუწია, ორლესული ბებუთი იშიშვლა, რომელსაც ძილის დროსაც კი არ იშორებდა და მოძალადეებს ორ-ორჯერ გაუყარა გულში. არკადი და ვიქტორი ფუნიკულიორის ტყეში, ადგილზევე გარდაიცვალნენ, მეგი კი იქაურობას სირბილით გაეცალა. თუმცა, დასისხლიანებული, ტანსაცმელშემოხეული გოგონა პატრულმა ქუჩაში დააკავა, მილიციაში წიყვანა და ერთსაათიანი დაკითხვის შემდეგ მეგიმ აღიარებითი ჩვენება დაწერა. იგი მილიციის ქალაქის სამმართველოში გადაიყვანეს და ცალკე საკანში მოათავსეს, სადაც მას დილით პეტრე გორსალია ეწვია და უთხრა:
– მე „კაგებეს“ პოდპოლკოვნიკი გახლავართ და აქ თქვენს გადმოსაბირებლად მოვედი. ერთი ოპერაცია მაქვს დაგეგმილი, მის მთავარ შემსრულებელს აგერ უკვე ერთი თვეა, ველოდები და როგორც იქნა, გამოჩნდით.
– მე მელოდებოდით? – გულწრფელად გაუკვირდა მეგის.
– თქვენ, სხვას... – სახელს მნიშვნელობა არ აქვს, აქ მთავარი პარამეტრებია და თქვენ ორივეს აკმაყოფილებთ, – მშვიდად მიუგო გოგონას პეტრემ.
– რა პარამეტრები? ვერაფერს ვხვდები.
– პარამეტრი ორად-ორია: თქვენ ხართ 18-დან 23 წლამდე გოგონა და ჩადენილი გაქვთ მკვლელობა. ერთი სიტყვით, ჩემ მიერ დაგეგმილი ოპერაციის მთავარ როლს, ვფიქრობ, კარგად მოერგებით, რა თქმა უნდა, ჩვენი დახმარებით და აქ იმიტომ გეახელით, რომ ამ როლის შესრულებაზე დაგითანხმოთ.
– უარი რომ ვთქვა?
– მაშინ იმ აზრთან შეგუება მოგიწევთ, რომ სულ რაღაც სამიოდე თვეში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სიკვდილით დაგსჯიან.
– გეშლებათ, ამხანაგო უფროსო, – ჩაეცინა მეგის, – საბჭოთა სისხლის სამართლის კოდექსი კარგად ვიცი და იქ წერია, რომ ქალებს არ ხვრეტენ. მით უმეტეს, რომ მე თავს ვიცავდი და ის გარეწრები აუცილებელი მოგერიების დროს დავხოცე. ამიტომ, მაქსიმუმი, რაც შეიძლება, მომისაჯონ, 15 წელია, ეს კი სიკვდილს არ ნიშნავს. ხოლო, თუ გამიმართლა, შეიძლება, 10, ან, სულაც, 8 წელიც კი მომისაჯონ. ერთი სიტყვით, არცთუ ისეთ უიმედო მდგომარეობაში ვიმყოფები, – გოგონამ თვალი ჩაუკრა პეტრეს და უფილტრო „პრიმა“ გააბოლა.
პეტრე გორსალიამ მშვიდად, ბოლომდე მოუსმინა მეგის და მიუგო:
– არც სისხლის სამართლის კოდექსი გცოდნიათ კარგად და თქვენს მდგომარეობაზეც გადამეტებული წარმოდგენა გაქვთ.
– რას გულისხმობთ?
– იმას ვგულისხმობ, მეგი, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ერთი პრიმა მუხლია, რომლის მიხედვითაც ქალსაც ხვრეტენ, თუკი მან ორი ან რამდენიმე პირი განსაკუთრებული სისასტიკით დახოცა. თქვენ ორი ადამიანი მოკალით, ხოლო განსაკუთრებული სისასტიკის სტატუსის მიღებაში ჩვენ დაგეხმარებით, – პეტრემ მეგის ვიქტორისა და არკადის პროზექტურაში გადაღებული სურათები უჩვენა, რომლებსაც სხეულებზე ოცდაათ-ოცდაათი ჭრილობა ჰქონდათ მიყენებული და საშინლად დაჩეხილები იყვნენ.
– კი მაგრამ, მე ხომ მათ მხოლოდ ორ-ორჯერ დავარტყი დანა?! – აღმოხდა მეგის.
– ჩვენ კი, ეს ციფრები თხუთმეტ-თხუთმეტჯერ გავზარდეთ, – მშვიდად განუმარტა მეგის პეტრე გორსალიამ, – ნუ გავიწყდებათ, რომ საქმე „კაგებესთან“ გაქვთ და თქვენ წინაშე უშიშროების პოდპოლკოვნიკი დგას. ამიტომ, ილუზიებს მოეშვით, რეალობას დაუბრუნდით და მიპასუხეთ: თანახმა ხართ თუ არა, რომ ჩვენთან ითანამშრომლოთ და ჩვენ მიერ დაგეგმილ ოპერაციებში მიიღოთ მონაწილეობა?
– რა უნდა გავაკეთო და სანაცვლოდ რას მივიღებ? – დაინტერესდა მეგი.
– თუ ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც დაგეგმილია, მაშინ ცოცხალი დარჩებით, ცოცხალ ადამიანს კი, ბევრი შანსი შეიძლება მიეცეს და გამორიცხული არაფერია, მათ შორის თავისუფლებაც.
– კარგი, თანახმა ვარ, რომ თქვენ მიერ დაგეგმილ ოპერაციაში მონაწილეობა მივიღო და აქედან გამიყვანეთ.
– ამ საქმეში მარტო თანხმობა არ კმარა, თქვენ აბსოლუტურად ზუსტად უნდა შეასრულოთ ყველაფერი, რასაც დაგავალებთ. მანამდე კი, საკმაოდ ტევადი პროგრამა უნდა აითვისოთ, რომ თქვენს როლს მოერგოთ და თუ ოპერაციას ჩააგდებთ, პირობას გაძლევთ, ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, რომ სიკვდილი სანატრელი გაგიხდებათ.
– დარდი ნუ გაქვთ, პოდპოლკოვნიკო. ნიჭიერი გოგო ვარ, სიახლეებს კარგად ვითვისებ და განსაკუთრებით კარგად კი სიბილწეებს ვეუფლები. თქვენ მიერ შემოთავაზებული როლი კი, ვგრძნობ, რომ მთლად სუფთა არ უნდა იყოს, თანაც ჯერ თავი არ მომბეზრებია და, გარწმუნებთ, რომ ყველაფერს „ხუთიანზე“ შევასრულებ. ამიტომ, შეგიძლიათ, მენდოთ, – დააიმედა მეგიმ პეტრე გორსალია.
პოდპოლკოვნიკმა იმავე დღეს გაიყვანა მეგი მილიციის სამმართველოდან და საიდუმლო ოპერაციისთვის მოსამზადებელი ექვსთვიანი კურსის გასავლელად კონსპირაციულ აგარაკზე დააბინავა.
მეგი მართლაც ძალიან ნიჭიერი მოსწავლე აღმოჩნდა და ექვსთვიანი მომზადების კურსი ბრწყინვალედ გაიარა. მან კარგად მოირგო როლი და შეცდენილ, ფეხმძიმე ქალიშვილს ისე რეალურად ასახიერებდა, რომ უკეთესს ვერც ინატრებდა კაცი. გორსალიამ მეგი ერთ-ერთ თანამშრომელს დააფეხმძიმებინა და გოგონა რომ დედათა მონასტერს მიადგა, ოთხი თვის ორსული იყო და 20 წელი წინა დღეს შეუსრულდა.
გულწასული მეგი ტყეში ფიჩხის შესაგროვებლად გამოსულმა მონაზვნებმა უთენია იპოვეს, მონასტერში შეიყვანეს, მოასულიერეს და ყველაფერი დედა მარინეს მოახსენეს. მონასტრის ახალგაზრდა წინამძღვარმა მონაზვნები ოთახიდან დაითხოვა. მეგის საწოლზე ჩამოჯდა, გოგონას შუბლზე ხელი გადაუსვა და ჰკითხა:
– რა გქვია, შვილო?
– მაგდა, დედაო, – მიუგო მეგიმ მონასტრის წინამძღოლს და მისუსტებული ხმით დაამატა, – მაპატიეთ, მაგრამ თქვენი სახელი არ ვიცი.
– მე დედა მარინე ვარ. ახლა კი შენი ამბავი მომიყევი, შვილო, რა შეგემთხვა და აქ რამ მოგიყვანა, თუ, რა თქმა უნდა, საამისო ძალები გაქვს. თუ არადა, ჯერ ისაუზმე, დაისვენე და შენი ამბავი შემდეგ მიამბე.
საკუთარი ისტორიის მოყოლის სცენა მეგის და პეტრე გორსალიას ათასგზის ისე ოსტატურად ჰქონდათ დამუშავებული და გოგონა ისე ბრწყინვალედ ასრულებდა მას, რომ პოდპოლკოვნიკი აღფრთოვანებული იყო. პეტრე რომ მეგის უყურებდა, გულში ფიქრობდა: „რომ არ ვიცოდე, რა ნაძირალა დგას ჩემ წინ, ეს გოგონა ტანჯული წმიდანი მეგონებოდა და ფეხებს დავუკოცნიდი. მდაა. ნამდვილად ნიჭიერი სუბიექტია. ტყუილად ამბობენ, ნიჭიერება სიკეთეაო. ნიჭიერება არც ერთია და არც მეორე. ნიჭიერება ნიჭიერებაა და, როგორც სასიკეთოდ, ასევე, ბოროტებისთვის შეიძლება გამოიყენო. მე კი ამ ნაძირალას ჩემი მიზნებისთვის ვიყენებ, მთავარია, სასურველი შედეგი მივიღო, სხვებმა კი არკვიონ ეს ბოროტებაა თუ სიკეთე“.
წინასწარ დამუშავებული სცენების გარდა, პოდპოლკოვნიკი პეტრე გორსალია მეგის ფიზიკურ მდგომარეობას და მის გარეგნობასაც დიდ ყურადღებას აქცევდა. აშიმშილებდა და ნახევრად არაჰიგიენურ მდგომარეობაში ამყოფებდა, რომ გარეგნულადაც ტანჯულს დამსგავსებოდა. ამიტომ, მეგი რომ დედათა მონასტერს მიადგა, ის სამი დღის მშიერი და დაუბანელი იყო, მრავალკილომეტრიანი ტყიანი გზა მთებში ფეხით ჰქონდა გავლილი და გულიც სრულიად ბუნებრივად წაუვიდა. მის ცუდად ყოფნაში ვერავინ შეიტანდა ეჭვს და, ექიმებს რომ გაესინჯათ, ისინიც დაადასტურებდნენ ამას. გოგონას შემხედვარე არც დედა მარინეს შეპარვია ეჭვი და სწორედ ამიტომ მისცა მას თავისუფალი არჩევნის ნება. მეგიმ კი გაუღიმა მონასტრის წინამძღოლს და უთხრა:
– ჯერ ჩემს ამბავს მოგიყვებით, დედაო და შემდეგ, თქვენი ნებართვით, ცოტას შევჭამ. სამი დღეა, ლუკმაც არ ჩამიდევს პირში და სიარულმაც ძალიან დამაუძლურა.
– მაშინ, ჯერ ისაუზმე.
– ჯერ ჩემს ამბავს მოგიყვებით. ასე მირჩევნია, ცოტა გულზეც მომეშვება.
– კეთილი, შვილო, გისმენ, – დედა მარინემ მეგის შუბლზე გადაუსვა ხელი და მოსასმენად მოემზადა.
მეგის ღიმილი გაუქრა სახეზე, მძიმედ ამოიოხრა და დედა მარინეს უთხრა:
– ცოდვილი ვარ, დედაო, უდიდესი ცოდვილი და აქ იმიტომ მოვედი, რომ ღმერთს პატიება შევთხოვო, ცოდვები მოვინანიო და, კიდევ იმიტომ, – მეგიმ მუცელზე დაიხედა, ამოიხვნეშა და განაგრძო: რომ ჩემი მრუშობის ნაყოფი მშვიდობიანად მოვავლინო ქვეყნად და ღვთის მონად აღვზარდო, მეც უფალს ვემსახურო და ქვეყნიურ ამაოებას მოვშორდე. ფეხმძიმედ ვარ, დედაო, მეოთხე თვეს ვასრულებ სულ მალე და სახლიდან გამოვიქეცი, რომ ასეთ დღეში არავის ვენახე. ისეთი მშობლები მყავს, სულერთია, მომკლავდნენ და არც მათი ცოდვაში ჩაგდება მინდოდა და არც ჩემი შვილის დაღუპვა. ასე რომ მდომოდა, აბორტს გავიკეთებდი, როგორც ამას მალხაზი მთავაზობდა, მაგრამ, არ ვქენი. მე კი ვარ მოსაკლავი, მაგრამ ჩემს შვილს, ამ უმანკო და ყოვლად უდანაშაულო არსებას რას ვერჩი, მან რატომ უნდა აგოს პასუხი თავისი მშობლების უზნეობის გამო? სწორედ ამიტომ მოვედი თქვენთან და, იმედი მაქვს, ხელს არ მკრავთ და შემიფარებთ.
– სწორად მოიქეცი, შვილო, აქ რომ მოხვედი. რა თქმა უნდა, შეგიფარებთ და ყოველ მხრივადაც დაგეხმარებით, მაგრამ, სახლში რომ არ მიხვალ, ძებნას დაგიწყებენ, ინერვიულებენ და რა იცი, რა უბედურება დაემართებათ შენს მშობლებს? ამიტომ, ვინმეს პირით მაინც უნდა შეგეთვალა მათთვის, რომ სახლიდან მიდიოდი და არ ენერვიულათ, – უთხრა მეგის დედა მარინემ.
მეგის თვალები აეცრემლა და მონასტრის წინამძღოლს მიუგო:
– დედ-მამას ტელეფონით ვესაუბრე და ვუთხარი, ფეხმძიმედ ვარ-მეთქი, იმათ კი ერთხმად მითხრეს, არ მოეთრიო, თორემ მუცელს გამოგფატრავთო.
– მუცელს გამოგფატრავთო? – გაიმეორა დედა მარინემ, – დედ-მამამ ასე გითხრა?
– ჰო, ასე მითხრეს, – ქვითინით თქვა ლოგინზე წამომჯდარმა მეგიმ და თავი კალთაში ჩარგო.
– დამშვიდდი, შვილო, ნუ ტირი, წამხდარ საქმეს ტირილით ვერ უშველი. არა უშავს, უფალი მოწყალეა და ყველას აუხელს თვალს, – იმეორებდა დედა მარინე, თან თმაზე ეალერსებოდა აქვითინებულ გოგონას, – მალხაზმა რა გითხრა? ბაშვის მამა, ალბათ, ის არის, ხომ?
– დიახ, დედაო, მალხაზია ბავშვის მამა და, როგორც უკვე გითხარით, მან აბორტის გაკეთება და ბავშვის მოცილება შემომთავაზა, – თქვა მეგიმ, შეხტა, მუცელზე ორივე ხელი აიფარა, თითქოს ვინმეს დარტყმისგან იცავსო თავს და დაამატა, – შემომთავაზა კი არა და მიბრძანა და დამემუქრა, წიხლს ჩაგაზელ და მაგ ბუშს გარეთ გამოგაგდებინებო. გვიშველე, დედაო, ყველა ჩვენ წინააღმდეგაა ამხედრებული და იმიტომ გამოვიქეცი, რომ ჩემს პატარას უბედურება ავარიდო.
– ნურაფრის გეშინია, შვილო. მთავარია, ღმერთი იყოს შენკენ და ვერავინ ვერაფერს გავნებთ, ვერც შენ და ვერც შენი მუცლის ნაყოფს. ღმერთი კი შენკენაა, რადგან აქ მოგიყვანა და უფალს მიენდე, – უთხრა მეგის დედა მარინემ და ჰკითხა, – ეგ მალხაზი ვინაა და სად გაიცანი?
– ჩემი ჯგუფელია, დედაო. სამედიცინო ინსტიტუტში ერთად ვსწავლობდით და ისე იქცეოდა, რომ ძალიან შემაყვარა თავი, ცოლად მოყვანას შემპირდა, თანაცხოვრებაზე დამითანხმა და მომატყუა.
– ღმერთს ვერ მოატყუებს, შვილო, ყველას თავისი მოეთხოვება. შენ კი ნურაფერზე ინერვიულებ. ახლა საუზმეს მოგიტანენ და რომ დანაყრდები, გამოიძინე, შემდეგ კვლავ გეწვევი და დავილაპარაკოთ, – უთხრა მეგის დედა მარინემ და წავიდა. საღამოს ისევ დაბრუნდა და, რომ დარწმუნდა, ფეხმძიმე გოგონას მყარად ჰქონდა გადაწყვეტილი დედათა მონასტერში დარჩენა და ფეხის არსად გადგმას არ აპირებდა, უთხრა:
– ამიერიდან შენ ჩვენი ოჯახის წევრი ხარ და შენზე ვიზრუნებთ, ამიტომ ყველაფერი მეუფე გაბრიელს უნდა შევატყობინო და საქმის კურსში ჩავაყენო.
მეუფე გაბრიელმა ფეხმძიმე მეგის დედათა მონასტერში დარჩენის კურთხევა მისცა, პირადად მოისმინა მისი ისტორია და უთხრა:
– კეთილი იყოს შენი ღვთის სახლში მოსვლა, შვილო, უფალმა დაგიფაროს ყოველგვარი განსაცდელისგან. აქ შენ სულიერ დებს, პურსა და თავშესაფარს იპოვი.
დედათა მონასტერში მეგის მოსვლიდან მეორე დღეს რამდენიმე მონაზონი თბილისში ჩამოვიდა, რომ მონასტრისთვის საჭირო ნივთები ეყიდათ. ერთ-ერთი მონაზონი, რომელსაც და ეკატერინე ერქვა, ახლობლების ნახვის საბაბით, სამიოდე საათით დაშორდა დანარჩენებს, სინამდვილეში კი „კაგებეს“ ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაზე პოდპოლკოვნიკ პეტრე გორსალიას შეხვდა, დედათა მონასტერში არსებული სიტუაცია უამბო და არც მეგის ამბავი გამორჩენია. და ეკატერინე გორსალიას პირადი აგენტი იყო და „კაგებეს“ არქივში „ქერუბიმის“ ფსევდონიმით იყო დაფიქსირებული. ის რეგულარულად აწვდიდა გორსალიას ინფორმაციებს მონასტრის ცხოვრების შესახებ და ძვირფას აგენტად ითვლებოდა, თუმცა, წარმოდგენაც არ ჰქონდა იმის შესახებ, რომ ფეხმძიმე მაგდა სინამდვილეში უშიშროების ისეთივე აგენტი იყო, როგორიც თვითონ. გორსალიამ რომ „ქერუბიმი“ გაისტუმრა, სავარძელში მოკალათდა, სიგარეტი გააბოლა და თვითკმაყოფილმა ჩაილაპარაკა: მდაა, მართლა მაგარია ეს ნაბოზარი გოგო და მისი მეშვეობით ჩემი კარიერული წინსვლა კიდევ უფრო დაჩქარდება.
პეტრე გორსალია ფიქრობდა, რომ, თუკი მეუფე გაბრიელსა და დედა მარინეს პროვოკაციაზე წამოაგებდა, ჩირქს მოსცხებდა და ორივეს საბრალდებო სკამზე დასვამდა, ამით ის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას წელში გატეხდა. ეს კი ხელმძღვანელობის დავალების შესრულებას ნიშნავდა, რაც გორსალიას ახალ ჩინებსა და მაღალ თანამდებობებს მოუტანდა. ჩაფიქრებულ ოპერაციას რომ წარმატებით დაასრულებდა, ამაში პოდპოლკოვნიკს ეჭვი არ ეპარებოდა, რადგან მეგის იმედი ჰქონდა, რაშიც კიდევ ერთხელ „ქერუბიმთან“ საუბარში დარწმუნდა.
კონსპირაციულ ბინაში მარტოდ მყოფმა პოდპოლკოვნიკმა ჭერს ახედა და, ისევე, როგორც უპატრონოთა სკოლა-ინტერნატში სწავლისას, ღმერთს სამი თითის კომბინაცია უჩვენა და თქვა: „რაო, კიდევ ერთხელ წააგე ხომ ჩემთან, ჰა, შე არარსებულო, შენა? შენ რომ არსებობდე, ასეთ რამეს დაუშვებდი? მაგრამ, არ არსებობ, არაფერი ძალგიძს და სულ მალე შენი სახელის ნატამალიც კი არ დარჩება. ნახე, რა დღეში ჩავყარო შენი სახელით მოლაპარაკე გაბრიელი და მარინე და როგორი გამოხმაურება მოჰყვება ყოველივე ამას“!..
მორიგი მკრეხელობა რომ დაასრულა, პეტრემ ღრმა ნაფაზი დაარტყა და ჭერში გაუშვა კვამლი.
„ვეჩემ“ დაიზრიალა და გორსალია მიხვდა, რომ მას საქართველოს „კაგებეს“ თავმჯდომერე ურეკავდა, ამიტომ, ჩაახველა, ყურმილს დასწვდა და უპასუხა:
– გისმენთ!
– გამარჯობა, პოდპოლკოვნიკო! როგორაა ოპერაციის საქმე, თუ არ ვცდები, გუშინ უნდა დაწყებულიყო, – კონკრეტულად, მისთვის დამახასიათებელი მოკლე-მოკლე ფრაზებით ჰკითხა „კაგებეს“ შეფმა გორსალიას.
– გაგიმარჯოთ, ამხანაგო გენერალო, ოპერაცია „დანგრეული ტაძარი“ გუშინ დაიწყო, წარმატებით მიმდინარეობს და, იმედია, ჩვენთვის სასურველ შედეგებს მივიღებთ. თუ გნებავთ, დეტალებსაც მოგახსენებთ, – მშვიდად მიუგო გენერალ-პოლკოვნიკს გორსალიამ.
– ერთ საათში გელოდები და ყველაფერი დეტალურად მომახსენე! – მოუჭრა „კაგებეს“ თავმჯდომარემ, რომელიც ოპერაცია „დანგრეული ტაძრის“ წარმატებით დაგვირგვინებაში სისხლხორცეულად იყო დაინტერესებული, რადგან საამისოდ პირდაპირი მითითება ჰქონდა მიღებული მოსკოვიდან, ცენტრის ყველა ბრძანებას კი ქართველი გენერალ-პოლკოვნიკი უდიდესი გულმოდგინებით ასრულებდა და საამისოდ ყველაზე დიდი სისაძაგლის ჩადენასაც კი არ მოერიდებოდა, რაც არაერთხელ ჰქონდა დამტკიცებული თავისი მოსკოველი ხელმძღვანელობისთვის. სწორედ ასეთი ერთგულებისთვის ინარჩუნებდა თავის პოსტს 30 წლის განმავლობაში საქართველოს უშიშროების შეფი მაშინ, როდესაც მისი კოლეგები სხვა რესპუბლიკებში მაქსიმუმ ხუთი წელი თუ ძლებდნენ ამ თანამდებობაზე.
ეკლესიის განადგურების ბრძანება იმიტომ გასცა მოსკოვმა, რომ ქართულ ეკლესიაში მათ ქართული სულის აღორძინების კერა დაინახეს. ასეთი რამ კი საბჭოთა კომუნისტური რეჟიმისთვის, რაც „ველიკორუსულ“ შოვინიზმსა და იმპერიალიზმზე იყო დამყარებული, უდიდეს საშიშროებას წარმოადგენდა მათთვის.
– „უბრატ ეტიხ ბოროდატიხ ნაციონალისტოვ, პოპოვ-ნეგოდიაევ!“ – უთქვამს საკავშირო „კაგებეს“ მინისტრისთვის პოლიტბიუროს ერთ-ერთ საგანგებო სხდომაზე უკიდურესად აღშფოთებულ ცეკას მდივანს, რომელსაც მთელი საბჭოური იდეოლოგია ებარა და ქართული ეკლესიის აღორძინებაში სწორად ხედავდა კომუნიზმისა და რუსულ-საბჭოთა იმპერიალიზმის მესაფლავეს.
საკავშირო „კაგებეს“ თავმჯდომარემ კი პოლიტბიუროს საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ თავის ქართველ ხელქვეითს დაურეკა, ქართული ეკლესიის წელში გატეხვის კონკრეტული დავალება მისცა და მისი წარმატებით განხორციელების დიდი იმედი გამოთქვა. ამ „დიდი იმედის“ განხორციელება კი გენერალ-პოლკოვნიკმა პოდპოლკოვნიკ პეტრე გორსალიას მიანდო და ასე დაიბადა ჯოჯოხეთური სპეცოპერაცია „დანგრეული ტაძარი“, რომელიც თავიდან ბოლომდე გორსალიამ მოიფიქრა. მან სამსახურებრივ მიზნებს პირადი მიზნები დაამთხვია და ოპერაციის სახელწოდებაც საგანგებოდ შეარჩია, რადგან ღმერთს ებრძოდა, მისი სახელის სამუდამოდ ამოშლა უნდოდა ადამიანების სულიდან და გონებიდან და ტაძრის დანგრევა ამ მიზნის საუკეთესო განხორციელებად მიაჩნდა.
მეუფე გაბრიელი და დედა მარინე კი, უშიშროების ყურადღების ცენტრში იმიტომ მოექცნენ და „კაგებეს“ ფარული, შავი სიის პირველ ათეულში იმიტომ ეწერნენ, რომ ორივე ქართული ენის, ისტორიისა და სულიერების აღორძინებაზე ქადაგებდა, მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურული მემკვიდრეობის თავგამოდებული დამცველები იყვნენ და ამ ყველაფერს მათი სულიერი შეურყვნელობა და ზნეობრივი სისპეტაკეც თან ერთვოდა. ასეთი ადამიანები კი ყოველთვის საშიშნი არიან ტოტალიტარული სახელმწიფოსთვის და მთავარი იერიშის მათზე მიტანა ამიტომაც გადაწყვიტა პეტრე გორსალიამ.
გორსალია გეგმავდა, რომ სხვა ბრალდებებთან ერთად, ახალგაზრდა ეპისკოპოსსა და მონაზონს ქურდობაშიც ამხელდა. ამის იმედი კი იმიტომ ჰქონდა პოდპოლკოვნიკს, რომ მეუფე გაბრიელმა თავისი ეპარქიის ერთ-ერთი ძველი ტაძრიდან უძველესი და უძვირფასესი ქართული ხატები და ტაძრისთვის შეწირული ძვირფასეულობა გაიტანა და საიმედოდ, მხოლოდ მისთვის ცნობილ ადგილზე გადამალა. ეს კი იმიტომ გააკეთა მეუფემ, რომ საქართველოს კომუნისტურ მმართველობას ამ ძვირფასეულობისა და სიწმიდეების მოსკოვისთვის გადაცემა უნდოდა. ოფიციალური მიზეზით, ვითომდა ქართული კულტურის უფრო ფართო პოპულარიზაცია იყო განზრახული და ქართული საგანძურის მოსკოვში გადატანა ამას ხელს შეუწყობდა. გაბრიელმა კი მშვენივრად იცოდა, რომ თუ განძს მოსკოვში წაიღებდნენ, მას უკან აღარავინ დააბრუნებდა და ეს სიწმიდეები სწორედ ამიტომ გადამალა სასწრაფოდ. გაბრიელის ეს ქმედება იყო მოთმინების ფიალის ბოლო წვეთი, რამაც მოსკოველი პარტიული ბონზები უკიდურესად აღაშფოთა და კრემლმა „კაგებეს“ დაუყოვნებლივ მოქმედების დაწყება უბრძანა, ამ სისაძაგლის შემსრულებლად ქართველები საგანგებოდ შეარჩია, რადგან, როგორც ამას ორასწლიანი რუსულ-ქართული ურთიერთობები ცხადყოფდა, ქართველებს ყოველთვის ქართველებისავე მეშვეობით ებრძოდნენ „ველიკორუსი“ იმპერიალისტები და ყოველთვის იმარჯვებდნენ.
– „ეტიხ გრუზინოვ ნადო ნაპრავლიატ დრუგ ნა დრუგა ი პუსტ სოჟრუტ, უნიჩტოჟატ სამიხ სებია ი კოგდა იხ ნე სტანეტ, ნა იხ ბოგადატნოი ზემლე ბუდემ ობეტატ მი. ეხ, ხოროშა გრუზია ბეზ გრუზინ“! – ასე ფიქრობდა რუსი ცეკას მდივანი-იდეოლოგი, რომელმაც „კაგებეს“ ქართული მართლმადიდებლობის განადგურების სანქცია გასცა და მის ამ მოკლე და ლაკონურ წინადადებებში იყო მოქცეული „ველიკორუსების“ მთელი ანტიქართული პოლიტიკა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში