კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუმორჩილებელნი 2



გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹30-38(456) ჰამომ პისტოლეტი გადატენა, მცველებს ანიშნა, რომ მომზადებულიყვნენ და ნელი სვლით მომავალ მანქანას მიაჩერდა, მაგრამ ის ნახევრად დაშლილი „მოსკვიჩი” აღმოჩნდა, რომელმაც ჩაიარა და მთაწმინდელი მიხვდა, რომ ცრუ განგაშს ჰქონდა ადგილი. ამასობაში „ბეემვეს” „ჯიპის“ ავზი ბოლომდე აავსეს და ჰამომ პეტიკოს უთხრა:

– საჭეს მე მივუჯდე თუ შენ წაიყვან მანქანას?

– ქეთი.

– რა ქეთი?

– მანქანას ქეთი წაიყვანს. ეს „ჯიპი“ მას ვაჩუქე და ტარებაც ძალიან უყვარს, – უთხრა პეტიკომ სიძეს. შემდეგ ჰამო მანქანაში შეიპატიჟა და ქეთი გააცნო, რომელიც უკანა სავარძელზე იყო მოკალათებული – გაიცანი, ეს ქეთი მიქაძეა.

– ქეთის ვინ არ იცნობს, – გაიღიმა ჰამომ – თანაც, გუშინწინ არ იყო ჩვენთან ნათლობაში?

– არა, – თავი გააქნია პეტიკომ, – გაიცანი ქეთი მიქაძე, როგორც ჩემი მეუღლე.

– მეუღლე?

– დიახ, მეუღლე, დაეთანხმა პეტიკო – მე და ქეთი სულ მალე დავქორწინდებით.

ჰამოსთვის იმდენად მოულოდნელი იყო პეტიკოს სიტყვები, რომ ქეთის ავტომატურად გაუწოდა ხელი და უხმოდ შეათვალიერა. ბოლოს გამოერკვა, ქეთის ჯერ გაუღიმა და გადაკოცნა, შემდეგ პეტიკოც გადაკოცნა და უთხრა:

– მშვენიერი არჩევანია. ქეთი შესანიშნავი გოგონაა და ღმერთმა ბედნიერად გამყოფოთ!

***

რუს ქილერებთან დაკავშირებული სკანდალური ვიდეოკადრების გავრცელებასთანავე, გამოძიების ფედერალურმა სამსახურმა ქილერებისა და მათეს ძებნა ერთდროულად დაიწყეს. მართალია, იმ ჩანაწერში მათეს სახელი ნახსენებიც არ ყოფილა, მაგრამ ფედერალებისთვის ძნელი მისახვედრი არ იყო, თუ საიდან უბერავდა ქარი და ისინი რუსეთის მაყურებლის ინტენსიურ ძებნას შეუდგნენ. თითქმის ორკვირიანმა ძიებამ სასურველი შედეგი ვერ მოიტანა. ამიტომ მაიორმა ჯეკ ლენონმა, რომელსაც ეს საქმე ჰქონდა დავალებული, სხვა ტაქტიკა აირჩია და დახმარებისთვის ნიუ-იორკის ერთ-ერთ „ნათლიას“ დონ კარლო სიენას მიმართა. კარლო სიენა ურყევი რეპუტაციით სარგებლობდა კოლეგებში, თუმცა, ჯეკ ლენონს ის ჰომოსექსუალიზმში ჰყავდა მხილებული, მის მაკომპრომეტირებელ კადრებს ინახავდა და ნიუიორკელ ბოსს დროგამოშვებით ფულსაც „აწერდა“ და ზოგიერთ საჭირო ინფორმაციებსაც „აფქვევინებდა“ კოლეგების შესახებ. სიენას ჭირის დანასავით სძულდა ჯეკ ლენონი, რადგან, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა, მაიორი მას აშანტაჟებდა და ისიც იძულებული ხდებოდა მის ნებას დაჰყოლოდა. მათი მორიგი შეხვედრა ნიუ-იორკში, ბროდვეიზე მდებარე ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში შედგა, რომელიც მაიორს ჰქონდა ნაქირავები. სიენა მძიმედ შევიდა ოთახში, ლენონს თავი დაუკრა, სავარძელში ჩაეშვა და ჰკითხა:

– გისმენ, ლენონ, რისთვის დამიბარე?

– დონ კარლო, – ირონიულად მიმართა მაიორმა, – თქვენი რანგისა და ღირსების ადამიანებს ასეთი მოქცევა არ შეშვენით. თქვენ მე ხელიც არ გამომიწოდეთ. რითი დავიმსახურე თქვენი ასეთი გულისწყრომა?

– ხელს მეგობარს ართმევენ, – მოკლედ მოუჭრა სიენამ.

– მეგობრები თუ არა, პარტნიორები ხომ ვართ?

– პარტნიორები?

– ჰო, პარტნიორები, – ირონიულად თქვა ლენონმა, – მართალია, არა ლოგინში, მაგრამ, მაინც პარტნიორები.

– მითხარით, რატომ მიხმეთ?

მაიორმა სერიოზული სახე მიიღო და სიენას უთხრა:

– მათე თუ იცით, ვინაა?

– წარმოდგენა არ მაქვს.

– მათე, რუსული მაფიის ბოსი, რომელიც ორი წლის წინ ნიუ-ორლეანში თარეშობდა. შემდეგ ის მკვდრად გამოაცხადეს თავად რუსებმა.

– ვიცი, ვიცი, – თავი დააქნია სიენამ, – რა, მერე?

– მერე ის, დონ კარლო, რომ მათე კვლავ გამოჩნდა, მე მგონი, ისევ ნიუ-ორლეანშია და ვეძებთ.

– ასეც ვიცოდი, – გამოცოცხლდა სიენა, – ტყუილად არ ვეუბნებოდი ჩემს ტვინდახშულ კოლეგებს ბოლო შეკრებაზე, რომ ნიუ-ორლეანში მაგარი ხელის მქონე რუსი გამოჩნდა-მეთქი. მან სულ რაღაც სამ კვირაში ისე შეცვალა ვითარება, რომ იტალიელებს ხელიდან გამოგვაცალა ის მცირე ძალა, რაც გვქონდა. თუმცა ვერც მე წარმოვიდგენდი, რომ მათე კვლავ გამოჩნდა. ხომ არ გეშლებათ, მაიორო?

– არ მგონია, – თავი გააქნია ლენონმა, – ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მათე აქაა და აუცილებლად უნდა ვიპოვოთ.

– ვიპოვოთ და გავანადგუროთ, – დაამატა სიენამ.

– არავითარ შემთხვევაში! – წამოენთო მაიორი – მათე ცოცხალი გვჭირდება და აქ სწორედ იმიტომ მოგიწვიეთ, რომ მის მოძებნაში დამეხმაროთ.

– კი მაგრამ, მე როგორ უნდა დაგეხმაროთ?

– თქვენი არხები აამოქმედეთ. გაიკითხ-გამოიკითხეთ. სავარაუდოდ, ის ნიუ-ორლეანშია. ვინაა ახლა იქ თქვენი წარმომადგენელი?

– ჯინო.

– ჯინო ვინაა?

– ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან ენერგიულია. მისი დიდი იმედი გვაქვს და თუ ცოცხალი გადარჩა, დიდი მომავალი ელის. სხვათა შორის, ჯინოს ერთ-ერთი ნათლია ვარ და, შემიძლია, დაველაპარაკო.

– რას ეტყვით? მან არ უნდა გაიგოს, რომ მათეს პოვნით ჩვენ ვართ დაინტერესებულნი.

– დარდი ნუ გაქვს, მაიორო, ჯინოს მე მათეს მოძებნას დავავალებ იმ საბაბით, რომ დონებს შეგვხვდეს და გავლენის სფეროებზე დაგველაპარაკოს, მერე კი მის კოორდინატებს შეგატყობინებთ და დანარჩენი თქვენ იცით.

– კეთილი, თანახმა ვარ. მაგრამ, ფრთხილად! იცოდეთ, არ გაიშიფროთ და თუ ეს ასე მოხდა, მაშინ მე ნუ დამაბრალებთ, – უთხრა ლენონმა სიენას, შემდეგ გამოემშვიდობა და დონ კარლო გაისტუმრა.

***

კარლო სიენას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ჯინო მათეს დანიშნული იყო და ახალგაზრდა ბოსის სანახავად ყოველგვარი ეჭვების გარეშე გაემართა. მან ჯერ დაურეკა ჯინოს და მოიკითხა, შემდეგ შეხვედრაზე დაითანხმა და უთხრა, რომ მეორე დღეს ნიუ-ორლეანში ეწვეოდა.

– დონ კარლო, – უთხრა ჯინომ სიენას – რაღა თქვენ შეწუხდეთ, თუ საქმე გაქვთ, მე თვითონ გეწვევით ნიუ-იორკში.

– არა, ჯინო, მე ჩამოვალ. თანაც, დიდი ხანია, სანაპიროზე არ ვყოფილვარ და სუფთა ჰაერი მომიხდება.

– კეთილი, გელოდებით. – უთხრა ჯინომ უფროს კოლეგას და ტელეფონი დაკიდა, თან ჩაილაპარაკა – სუფთა ჰაერი მოუნდა. აქ სხვა რაღაცაშია საქმე და აბა, ერთი ვნახოთ, რა უნდა ამ ტურას.

კარლო სიენა მეორე დღეს, დილის 10 საათზე ჩაფრინდა ნიუ-ორლეანში და პირდაპირ ჯინოსთან გაემართა, რომელიც ფეშენებელურ ვილაში ცხოვრობდა ქალაქის პრესტიჟულ უბანში. ბოსები ერთმანეთს ტრადიციულად მიესალმნენ და რამდენიმე ფორმალური ლაპარაკის შემდეგ საქმეზე გადავიდნენ. დონ სიენამ სიგარა გააბოლა და ჯინოს უთხრა:

– როგორ მიდის საქმეები, ჯინო?

– უკეთ, დონ კარლო. თუმცა, რუსებს კვლავ დიდი გავლენა აქვთ აქ და მათი აქედან მოშორება ურთულესი იქნება.

სიენას გაუხარდა, რომ საუბარმა დასაწყისშივე მისთვის სასურველი კალაპოტი მიიღო და პირდაპირ საქმეზე გადავიდა:

– ესე იგი, ჩვენი სლავი მეგობრები ისევ თავხედობენ?

– აბა! – თავი გააქნია ჯინომ, – ომი ორ-სამ დღეში მორჩა და ახლა ისინი აშკარად აღარსად ჩანან. თუმცა, მათი გავლენა ყველგან იგრძნობა. ძალიან ბევრნი არიან, თანაც, დაუნდობლები და ჭკუაც ჩვენზე ნაკლებად არ უჭრით.

– მათი წინამძღოლი ვინაა?

– ყველა მათ საქმეს მარკსი უძღვება. ცნობილი ბრწყინვალე ადვოკატია და მრავალმხრივი კავშირები აქვს, – პირდაპირ პასუხს თავი აარიდა ჯინომ.

სიენას გაეცინა და თქვა:

– ნუთუ შენ ფიქრობ, რომ მთელი ამ რუსული ომის უკან მარკსი დგას?

– არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა ჯინომ, – შეიძლება, სხვა ლიდერებიც ჰყავთ. მაგრამ მარკსი რომ ერთ-ერთი ლიდერია, ეს უდავოა.

– ნუთუ არ გაინტერესებს, ვინ დგას ყოველივე ამის უკან?

– რატომაც არა, – გაეცინა ჯინოს, რომელიც მიხვდა სიენას ვიზიტის ჭეშმარიტ მიზეზს, რომ მას მათე აინტერესებდა, – მაგრამ რუსებს ისეთი დახურული ორგანიზაცია აქვთ, რომ შიგნით შეღწევა ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელი.

– ამის გაგებას სულაც არ სჭირდება რუსებთან შეღწევა. მე ვიცი, ვინ დგას ყოველივე ამის უკან.

– საიდან იცით?

– ხელწერით ვცნობ.

– ვინაა?

– მათე.

– მათე? – გაიმეორა ჯინომ და გუნებაში გაეცინა, – ვინ მათე?

– ის ჯერ კიდევ ორი წლის წინ თარეშობდა აქ და შემდეგ მკვდრად გამოაცხადეს თავად რუსებმა.

– გამახსენდა, გამახსენდა! – წამოიძახა ჯინომ, – როგორც ვიცი, მაგარი ვინმე უნდა იყოს.

– ძალიან მაგარი. მოკლედ, ნიუ-ორლეანში ახლა მათე იმყოფება და მთელ პროცესებს ის მართავს. შენთან კი იმიტომ ჩამოვედი, რომ მათე მოძებნო და გადასცე, რომ დონებს მასთან შეხვედრა სურთ.

– ეს საერთო გადაწყვეტილებაა?

– ჯერჯერობით არა, მაგრამ სულ მალე იქნება. როგორც კი ნიუ-იორკში დავბრუნდები, ჩვენებს შევკრიბავ და ყველაფერს ვეტყვი. აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ დრო არ დავკარგოთ. საქმე ისაა, რომ, თუ ასე გაგრძელდა, რუსები ისე მოძლიერდებიან, რომ ამერიკის ცენტრისკენ დაიძვრებიან და ჩვენი ბიზნესის წართმევასაც მოინდომებენ. ამას კი დიდი უბედურება მოჰყვება, რაც ჩვენ არ გვაწყობს.

– რა უნდა გავაკეთო?

– მარკსს იცნობ?

– ვიცნობ.

– ჰოდა, უნდა შეხვდე. ყველაფერი აუხსნა და სთხოვო, რომ მათეს შეგვახვედროს.

– უარი რომ თქვას?

– ისე უნდა ელაპარაკო, რომ დაითანხმო.

– კეთილი, – თავი დააქნია ჯინომ, – როდის დავურეკო მარკსს?

– ახლავე.

ჯინომ მარკსს დაურეკა, შეხვედრაზე დაითანხმა და ტელეფონი რომ გათიშა, სიენას უთხრა:

– ერთ საათში მასთან უნდა მივიდე.

– კეთილი, მე აქ დაგელოდები და ვნახოთ, რა პასუხს მოიტან.

ერთი საათის შემდეგ ჯინო უკვე მარკსის კაბინეტში იჯდა. იქვე იყო მათეც, რაც ჯინოსთვის მოულოდნელი არ ყოფილა და პირდაპირ რუსეთის მაყურებელს უთხრა:

– თქვენით დონ კარლო სიენაა დაინტერესებული და ასე ამბობს, დონებს შეგვხვდეს ნიუ-იორკშიო.

– რა იცის, რომ აქ ვარ?

– ასე ამბობს, ხელწერით ვიცანიო.

– ყველა დონი ამ აზრზეა?

– არა. ასე ამბობს, დრო რომ არ დამეკარგა, იმიტომ გეწვიე ასე სასწრაფოდო, ხოლო დონებთან საუბარს ნიუ-იორკში დაბრუნებისას გეგმავს.

მათემ ოთახში გაიარ-გამოიარა და ჯინოს უთხრა:

– მე ვფიქრობ, რომ სიენას ჩემი მოძებნა აქვს დავალებული და ეს პონტი იმიტომ ააგდო. თუმცა, ძალიან ჭკვიანური მოფიქრებულია და ჩვენი და თქვენი ბოსების შეხვედრა აუცილებელია. კეთილი, ვნახოთ ერთი, ვის დავალებას ასრულებს პატივცემული ნიუიორკელი ბოსი. მას მე ახლავე შევხვდები.

– ახლავე? – გაოცდა ჯინო.

– დიახ, – თავი დააქნია მათემ, – სადაა?

– ჩემთან, ვილაში.

– მოდი, ასე მოვიქცეთ. შენ ახლა ჩემს ბიჭებს გამოგაყოლებ და სიენა აქ მოიყვანეთ, მე მას დაველაპარაკები და გავარკვიოთ, რა უნდა.

ჯინოს ძალიანაც არ უნდოდა სიენას მოტაცება, რადგან ბოსების რისხვის ეშინოდა, მაგრამ მას მათესი უფრო ეშინოდა და უხმოდ შეასრულა რუსეთის მაყურებლის ბრძანება. ამიტომ ერთი საათის შემდეგ დონ კარლო სიენა უკვე მარკსის კაბინეტში იჯდა და გაოგნებული უმზერდა მათეს, რომელიც გამჭოლი მზერით ათვალიერებდა იტალიელ დონს და ხანგრძლივი პაუზის მერე ჰკითხა:

– აბა, ამოღერღე ვინ და რატომ დაგავალა ჩემი პოვნა?

– რას ბრძანებთ, მათე? – გაღიმება სცადა სიენამ და ჯინოს გადახედა. შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და მათეს უთხრა: – უბრალოდ, თქვენთან გვინდა მოთათბირება გავლენების სფეროებზე.

– რა გავლენების სფეროებზე? – ირონიულად იკითხა მათემ.

– სულელები ხომ არ ვართ, რომ ვერ ვამჩნევდეთ, როგორ ძლიერდებით დღითი დღე? – მოგონილი სიმშვიდით თქვა სიენამ, რომელმაც ვითომ ვერ შეამჩნია მათეს ირონია – ამიტომ, თქვენთან შეხვედრა გადავწყვიტეთ, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ.

– ეს იმ შემთხვევაში, თუკი საერთო გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ხოლო, როგორც მე ვიცი, ასეთი შეხვედრა ჯერ არ ყოფილა ბოსებს შორის და ვისი სახელით ლაპარაკობთ?

– შეხვედრა მხოლოდ ფორმალობაა და, დრორომ არ დამეკარგა, აქ იმიტომ ჩამოვედი სასწრაფოდ. გარწმუნებთ, მათე, რომ თანხმობა ხვალვე იქნება მიღწეული და მხოლოდ თქვენი ნებაა საჭირო.

მათეს ცინიკურად გაეცინა და დონ კარლოს უთხრა:

– ან იტყვი შენი ვიზიტის ნამდვილ მიზეზს და ჩემი პოვნის შემკვეთს დაასახელებ, ან აქვე მოგკვეთავ თავს და შენს კოლეგებს გავუგზავნი ნიუ-იორკში, თან ხმებს გავავრცელებ, რომ „ეფბეერთან“ იყავი შეკრული.

დონ სიენა საკმაოდ გამოცდილი დონი იყო, ადამიანების ცნობა არ ეშლებოდა, მიხვდა, რომ მათე სიტყვას ჰაერზე არ ამბობდა და უთხრა:

– თქვენთან პირისპირ მინდა საუბარი.

მათემ ოთახში მყოფები დაითხოვა და სიენას მიმართა:

– ბრძანეთ, რა გნებავთ!

– რაღა დაგიმალოთ და, თქვენთან მაიორმა ჯეკ ლენონმა გამომგზავნა.

– ეგ ვინაა?

– ფედერალი, ფერერას ოფიცერი. თქვენი ძებნის კამპანიას ხელმძღვანელობს და, რომ ვერ გიპოვათ, ეს საქმე მე დამავალა.

– „ეფბეერთან“ რა გაკავშირებთ?

– ლენონს ჩემზე კომპრომატი აქვს.

– რა კომპრომატი?

– გეი ვარ.

მათემ თავი გააქნია და სიენას უთხრა:

– ეგ თქვენი პირადი საქმეა. ლენონს ჩემი მოკვლა ან დაპატიმრება ხომ არ უნდა?

– არა მგონია, – თავი გააქნია სიენამ, – მე რომ მას ვუთხარი თქვენზე, მოსაკლავია-მეთქი, მან ეს კატეგორიულად ამიკრძალა. ვფიქრობ, მას თქვენთან შეხვედრა და სერიოზული საუბარი უნდა. მერწმუნეთ, ასეთ საქმეებში დიდი გამოცდილება მაქვს და არ მეშლება. რაღაც დიდი თამაშია ჩაფიქრებული, რომელშიც თქვენი გამოყენება უნდათ და ლენონს, უბრალოდ, თქვენი მოძებნა დაავალეს. მე არ გამოვრიცხავ, რომ საქმე დიდ პოლიტიკასაც კი ეხებოდეს.

მათე გულში დაეთანხმა იტალიელ დონს, მაგრამ არ შეიმჩნია და უთხრა:

– ახლა ასე ვქნათ: ლენონს თქვენ ეტყვით, რომ ვერ მიპოვეთ, თქვენ კი ჩემთან კავშირზე იქნებით და ისე მოიქცევით, როგორც გიბრძანებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს გეობაზე მეტად, „ეფბეერთან“, კავშირი დაგღუპავთ და, თქვენი კოლეგები რომ შეიტყობენ ბოზი ხართ, საშინელი წამებით მოგკლავენ. თანახმა ხართ ჩვენთან ითანამშრომლოთ?

– თავს ზემოთ ძალა არაა, – მხრები აიჩეჩა კარლო სიენამ, – რას მოვესწარი?! სრული პროსტიტუტკა გავხდი – ფედერალების ბოზიც ვარ და მაფიოზებისაც.

– სამწუხაროა, მაგრამ რას იზამ, – მხრები აიჩეჩა მათემ, – მაგრამ, არ გირჩევთ დეპრესიაში ჩავარდნას. ერთგულად თუ მოგვექცევით, პირობას გაძლევთ, რომ ყოველმხრივ დაგიცავთ. ახლა კი კარგად ბრძანდებოდეთ.

ჯინო და სიენა რომ გაისტუმრა მათემ, დანარჩენებს უხმო, მოუბოდიშა და უთხრა:

– ახლა მთავარი საქმე ზუსტად ვიცი: კუდზე ფედერალები გვასხედან და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

– ეს ხომ ჯერ კიდევ ჰამომ გვითხრა, – თქვა მარკსმა.

– კი, მაგრამ ახლა აქტიურად გვეძებენ და იციან, რომ აქ ვართ. მოკლედ, მარკს, შენზე გამოსვლას შეეცდებიან და გამორიცხული არაა, რომ მოგიტაცონ კიდეც. ამიტომ დაცვა გააძლიერე. რაც შემეხება მე, დროებით ფსკერზე უნდა დავწვე, რომ „ეფბეერმა“ ვერ მომაგნოს და ჩემ გამო არც თქვენ შეგაწუხოთ.

– სწორია, – დაეთანხმა მარკსი – ვფიქრობ, რომ შენი ვილაზე მისვლა-მოსვლა მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს. ხომ იცით, რომ ეშმაკს არ სძინავს და „ეფბეერმა“ ჩვენი მეშვეობითაც შეიძლება მოგაგნოს.

– არა, – თავი გააქნია მათემ, – ნიუ-ორლეანში დარჩენა სახიფათოა. ეს თბილისი არაა, რომ წელიწადზე მეტხანს დავიმალო. „ეფბეერი“ ხვალ თუ არა, ზეგ მაინც მომაგნებს. ამიტომ, ადგილი უნდა გამოვიცვალო.

– გამოიცვალო? – გაოცდა მურიკო.

– ჰო მურიკო, გადაწყვეტილი მაქვს, რომ მექსიკაში გადავიდე და სადმე მყუდრო ადგილას დავსახლდე. ამერიკასთანაც ახლოა და იქიდან მართვა არ გამიჭირდება. ადგილის შერჩევა პიავკას დავავალე და, მგონი, რაღაც მიპოვა კიდეც. მიდი, მარკს, დაუძახე და გავიგოთ, რა შეგვირჩია მან.

მარკსმა პიავკას დაურეკა და იხმო, რომელიც მალევე მოვიდა, ნოუთ-ბუქი გაშალა და მათეს უთხრა:

– აი, რამდენიმე ნაკვეთი ოკეანის პირას. ეს აკაპულკოა და ნებისმიერი ადგილი აირჩიე. მინიმალური ფასი 800 ათასი დოლარია, მაქსიმალური – 2 მილიონი. არჩევანი თქვენზეა, დაათვალიერეთ.

მათემ ყურადღებით დაათვალიერა გასაყიდი ადგილების სურათები. ბოლოს ერთ-ერთზე შეჩერდა და პიავკას უთხრა:

– აი, ეს მომწონს.

– სწორი არჩევანია, მეც ეგ მომეწონა. ესე იგი, ვყიდულობთ?

– შეგიძლია, გაემგზავრო და იყიდო.

პიავკას გაეცინა და მათეს უთხრა:

– ეს ნაკვეთი სულ რაღაც ხუთ წუთში იქნება თქვენი. ახლა მე გამყიდველ კომპანიას ჩვენს საბანკო რეკვიზიტებს გავუგზავნი, ფულს გადავურიცხავ და აკაპულკოს ეს მშვენიერი აგარაკი თქვენია.

პიავკამ მართლაც ხუთ წუთში შეიძინა აგარაკი, თუმცა, იქ გამგზავრება მაინც დასჭირდა, რათა პირადად მიედევნებინა თვალი მისი მოწყობისთვის და ორი დღის შემდეგ რომ დაბრუნდა, მათეს უთხრა:

– ყველაფერი რიგზეა. შეგიძლიათ, ახლავე გაემგზავროთ. თვითმფრინავიც მზადაა.

– ყოჩაღ, პიავკა! – თქვა მათემ, ყმაწვილს ზურგზე მოუთათუნა ხელი და უთხრა: დღეს არა, ხვალ დილით გავფრინდებით...

როგორც წინა დღით გადაწყდა, აკაპულკოში ნაყიდ აგარაკზე მათე და მისი ცოლ-შვილი იცხოვრებდნენ, რომლებიც დილის 6 საათზე, ნაქირავები სპორტული თვითმფრინავით გაემგზავრებოდნენ იქ, ხოლო კავშირებს მათესთან მარკსი დაამყარებდა, რომელიც საჭიროებისამებრ პერიოდულად ჩაფრინდებოდა ხოლმე მასთან. ნიუ-ორლეანში კი ყველაზე უფროსად მურიკო რჩებოდა, რომელსაც ხლაპუშკა და რომაშკა უნდა დამორჩილებოდნენ, ხოლო მარკსი კი მისი მოადგილე იქნებოდა.

როგორც კი ინათა, მათე წამოდგა და გასამგზავრებლად გაემზადა. თვითმფრინავი იქვე, ვილის წინ მდებარე ასაფრენ ბილიკზე იდგა და პილოტი მათეს ელოდებოდა, რომელიც მეგობრებს ემშვიდობებოდა, თეა და ბავშვები კი უკვე თვითმფრინავში ისხდნენ.

მათემ სათითაოდ ჩამოართვა ხელი ყველას, ბოლოს მურიკოს გადაეხვია და უთხრა:

– აბა, შენ იცი, შენი დიდი იმედი მაქვს. აწყობილ საქმეს გიტოვებ და, იცოდე, იტალიელებს თავი არ დააჩაგვრინო. ჯინოზე და სიენაზე კომპრომატები იცი და თუ დაგჭირდა, გამოიყენებ.

– დარდი ნუ გაქვს, მათე, – უთხრა მურიკომ, – ყველაფერი რიგზე იქნება, შეგიძლია, მშვიდად გაემგზავრო.

მათემ ყველას ხელი დაუქნია და თვითმფრინავში ჩაჯდა. შემდეგ თვითმფრინავი აფრინდა და ოკეანის თავზე დაეკიდა. მარკსი, რომაშკა, ხლაპუშკა, პიავკა და მურიკო ნაპირზე იდგნენ და მწვანე მთისკენ მიმავალ თვითმფრინავს გასცქეროდნენ, რომელმაც მწვანე მთას მარცხნიდან შემოუარა და ორიოდე წუთით თვალთახედვის არედან გაქრა, მაგრამ ისევ გამოჩნდა და გეზი სამხრეთისკენ აიღო. ის იყო, ყველანი ვილაში დაბრუნებას აპირებდნენ, რომ თვითმფრინავი მოულოდნელად აფეთქდა, ცეცხლოვან ბურთად გადაიქცა და გრუხუნით ჩავარდა ოკეანეში... ყველამ პირი დააღო და ენა მუცელში ჩაუვარდათ. შემდეგ მურიკომ ხელები თავში შემოირტყა, ჩაიკუზა და აქვითინდა, თან იმეორებდა:

– ღმერთო, ღმერთო! მათე, თეა, ბავშვებიო...

ნიუ-ორლეანიდან სამი მილის დაშორებით მომხდარი ავიაკატასტროფა მალე მასმედიის მთავარი თემა გახდა. ტელეკომპანიები ოპერატიულად აშუქებდნენ ამ მოვლენას. მაშველები უმალვე ჩაერთვნენ საქმეში და აფეთქებული თვითმფრინავის ძალიან უმნიშვნელო ნაწილები აღმოაჩინეს, შავი ყუთი კი ვერ იპოვეს. მეორე დღიდანვე ნიუ-ორლეანში ხმა გავრცელდა, რომ აფეთქებულ თვითმფრინავში რუსული მაფიის ბოსი და მისი ცოლ-შვილი იჯდა. ამ შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევდნენ და ყველაფერში რუსეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებდნენ. საქმე იქამდეც მივიდა, რომ მარკსს „ეფბეერმა“ მიაკითხა და დაკითხეს, მაგრამ მან ყველაფერი უარყო და თავი დაანებეს.

თვითმფრინავის აფეთქებიდან მესამე დღეს, კონსპირაციულ ვილაში, სადაც ადრე მათე ცხოვრობდა, შეკრება გაიმართა და მურიკო ოფიციალურად დაასახელეს მათეს შემცვლელად...

მწვანე მთასთან თვითმფრინავი რომ აფეთქდა, ზუსტად იმ დროს თბილისში პეტიკოსა და ქეთის ქორწილი იმართებოდა. ათასკაციანი სუფრა პეტიკოს ეზოში იყო გაშლილი და მთელი საქართველოს ბომონდი შეკრებილიყო. ახალდაქორწინებულები მეორე დღესვე კუნძულ ჰაიტიზე მიდიოდნენ საქორწინო მოგზაურობაში.

ქეიფი უკვე დამთავრებული იყო. დღის 3 საათი სრულდებოდა და ჰამო, პეტიკო და ქეთი გასამგზავრებლად ემზადებოდნენ, როდესაც ჰამოს ტელეფონმა დარეკა. მთაწმინდელი მობილურს დასწვდა და უპასუხა:

– გისმენთ!

– მარკსი ვარ!

– როგორ ხარ, მარკს?

– ცუდად.

– ცუდად?

– ჰო, მათე და მისი ცოლ-შვილი დაიღუპნენ!

– რაო, რა თქვი?

– თვითმფრინავი აფეთქდა ოკეანის თავზე.

ჰამოს ტელეფონი ხელიდან გაუვარდა და პეტიკოს უთხრა:

– მათე დაიღუპა!

– მარკსმა დარეკა?

– ჰო.

– მერე, რაო?

– თვითმფრინავი აფეთქდაო ოკეანის თავზე.

– ეტყობა, დასამალად მიემგზავრებოდა.

– ეტყობა, – თავი დააქნია ჰამომ და აქვითინდა, თან იმეორებდა: ღმერთო ჩემო, რამხელა ტრაგედიაა! მთელი ოჯახი ამოწყდა და ცოცხალი არავინ გადარჩა...

– მათეს ადგილს, ალბათ, მურიკო დაიკავებს. მაგრამ ის მხოლოდ ნიუ-ორლეანში თუ მოაგვარებს საქმეებს, რუსეთის მაყურებლად არ გამოდგება.

– რა დროს ესაა, პეტიკო?

პეტიკოს ჩაეცინა, ჰამოს მხარზე მოუთათუნა ხელი და უთხრა:

– მეც ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ისეთ საქმეში გვაქვს თავი გაყოფილი, რომ სიკვდილი მუდამ თან გვდევს. ასე რომ, ნუ ჩაიციკლები.

ოთახში ქეთი შემოვიდა და დაღვრემილი ჰამო რომ დაინახა, ჰკითხა:

– რა გჭირს ჰამო, რა მოხდა?

– არაფერი, – თავი გააქნია ჰამომ.

პეტიკომ ცოლს გაუღიმა და უთხრა:

– მზად ხარ, სიყვარულო, გამგზავრებისთვის, ყველაფერი ჩაალაგე?

– კი, ყველაფერი.

– კეთილი, – თქვა პეტიკომ და საათს დახედა – ორ საათში ჩვენი თვითმფრინავი მიფრინავს.

ქეთი ოთახიდან გავიდა, პეტიკო კი ჰამოს მიუბრუნდა და უთხრა:

– ჰამო, თუ ვერ მშვიდდები და ჩვენთან გამომგზავრება არ გინდა, დარჩი.

– არა, პეტიკო, რას ამბობ! მართალი ხარ. მათე ღმერთმა აცხონოს, მე კი ახლავე მოვემზადები.

ზუსტად ორი საათის შემდეგ, თვითმფრინავი ჰაერში აფრინდა და მექორწინეები ჯერ ჰოლანდიაში ჩაიყვანა, შემდეგ კი ჰაიტიზე. ავიალაინერი საფრენ ბილიკზე რომ დაჯდა, ადგილობრივი დროით ღამის 11 საათი სრულდებოდა.

ქეთი აღფრთოვანებული იყო კუნძულის ზღაპრული საღამოთი და ზღაპარში ეგონა თავი, ის გაუთავებლად ლაპარაკობდა, ყველაფერს აკვირდებოდა და სასტუმრო „კონტინენტალის“ აპარტამენტებიდან რომ ფერადი სინათლეებით გაჩახჩახებულ ოკეანის ნაპირს გადახედა, ბავშვივით ახტუნავდა, ჯერ ჰამოს მოეხვია, შემდეგ, პეტიკოს ჩამოეკიდა ყელზე და თქვა:

– ღმერთო ჩემო, რა სილამაზეა!

– ჰოდა, ჩემო საყვარელო, შენ ამ სილამაზით დატკბი, მე და ჰამო კი სანაპიროზე გავივლით.

– მე? მე არ მინდა სეირნობა? – თქვა ქეთიმ.

– შენ ჯერ დამშვიდდი, შხაპი მიიღე და შესაფერისი ტანსაცმელი ჩაიცვი, ჩვენ კი მანამდე აქვე გავისეირნებთ. ამ ყველაფრისთვის ერთი საათი მაინც დაგჭირდება და აქ ხომ არ ვისხდებით? – უთხრა პეტიკომ მეუღლეს.

– დამელოდეთ, დამელოდეთ, ათ წუთში ყველაფერს მოვრჩები! – სხაპასხუპით თქვა ქეთიმ.

– მოიცა, საყვარელო, მოიცა. ჩვენ ჯერ რესტორანში შევუკვეთავთ ადგილს და მერე ცოტას გავივლით. შენ კი კარგად მოემზადე. ისეთი ლამაზი უნდა იყო, რომ ყველანი მოხიბლო, ამას კი ათი წუთი არ ეყოფა. აი, შენ ტელეფონი, ერთ საათში დაგირეკავ და მოვალ, – უთხრა პეტიკომ ქეთის. შემდეგ ტელეფონი მისცა, აკოცა და ჰამოსთან ერთად სასტუმროს ნომერი დატოვა.

მთაწმინდელი ისე იყო ემოციებისგან გადატვირთული, რომ კარგი ძილი ყველაფერს ერჩივნა, პეტიკოს ხათრს ვერ უტეხდა და უხმოდ მიჰყვებოდა უკან. ხმას არც პეტიკო იღებდა და დინჯად მიაბიჯებდა სანაპიროზე. ასიოდე მეტრი რომ გაიარეს, პეტიკო პატარა ბუნგალოსთან შეჩერდა და ახალგაზრდა ზანგ მამაკაცს რაღაც უთხრა. ზანგი წავიდა, პეტიკომ კი ჰამოს უხმო და ბუნგალოში შეიყვანა, სადაც ეგზოტიკური სუფრა იყო გაშლილი და სამი სკამი იდგა.

– დაჯექი, ჰამო, შენთვის სიურპრიზი მაქვს.

ჰამო დაჯდა და გაოცებულმა იკითხა:

– რა სიურპრიზი?

– ათიოდე წუთში ნახავ, უპასუხა პეტიკომ და პატარა ჭიქებში ყვითელი სითხე დაასხა და სიძესაც შესთავაზა – დალიე, ძალიან გემრიელია ბანანის არაყი.

– არ მინდა, – თავი გააქნია ჰამომ.

პეტიკომ ჭიქა გამოცალა და სიძეს ღიმილით უთხრა:

– დალიე, დამიჯერე და არ წააგებ, მაგრად გაგისწორდება.

ჰამოს უკიდურესად აღიზიანებდა პეტიკოს სიტყვები, რადგან სულ მათესა და მის ცოლ-შვილზე ფიქრობდა. ხოლო პეტიკოს საქციელს კი ბედნიერებისგან მიღებული ეიფორიის შედეგად თვლიდა.

– დალიე, ჰამო, – უთხრა პეტიკომ ჰამოს და გაუღიმა.

– არ მინდა, ძმაო, გმადლობთ! – გაღიზიანებული ტონით მიუგო ჰამომ და ფეხის ხმაზე არც კი მოტრიალებულა უკან.

– აი, სიურპრიზიც! – თქვა პეტიკომ და ახალმოსულს გაუღიმა და უთხრა: ჯერ ეს ნახე.

– როგორ ხარ, ჰამო? – მოესმა მთაწმინდელს ძალიან ნაცნობი ხმა, მაგრამ არ დაიჯერა და ყველაფერი მოჩვენება, ჰალუცინაცია ეგონა. ახალმოსულმა კი ზურგზე დაადო ხელი და გაუმეორა: როგორ ხარ, ჰამო?

ჰამო გველნაკბენივით შეტრიალდა და წამით ადგილზე გაშეშდა. შემდეგ სახე გაუნათდა, ახალმოსულს მაგრად ჩაეხუტა და იღრიალა:

– მათე! მათე! აკი დაიღუპაო?..

– როგორც ხედავ, ცოცხალი ვარ, – თქვა მათემ, შემდეგ პეტიკოსაც გადაეხვია, მესამე სკამზე დაჯდა და ჰამოს მიაშტერდა, რომელმაც ბანანის არყით სავსე ბოთლი მოიყუდა, სასმელი ბოლომდე ჩაცალა, ცარიელი ბოთლი მაგიდაზე დადო და მათეს უთხრა:

– შენ გაგიმარჯოს!

პეტიკომ გადაიხარხარა და მათეს ჰკითხა:

– თეა და ბავშვები სად არიან?

– როგორც მოვილაპარაკეთ აქვე, კუნძულზე. უკვე მოეწყვნენ.

– თეა ძალიან გაბრაზდა?

– როგორც ყოველთვის.

– კეთილი, – თავი დააქნია პეტიკომ – შენთვის კი ყველაფერი უკვე მზადაა და ხვალ დილით გაემგზავრები. ყველანი ხოდზე არიან.

ჰამო გაოცებული უმზერდა პეტიკოს და მათეს და ბოლოს იკითხა:

– გამაგებინეთ ერთი, რა ხდება?

პეტიკომ სიძეს გაუღიმა და უთხრა:

– ნუ ბრაზობ, სიძე ბატონო. ყველაფერს შეიტყობ, – შემდეგ კარისკენ შეტრიალდა, საიდანაც ფეხის ხმა მოისმა...



გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3