ღამის საჩუქარი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹26–42(512)
ოფომ ფანჯარაში გაიხედა და უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა. ქუჩაში ყველაფერი ნაცრისფერი და სველი იყო. გამთბარ სახლშიც კი შემოაღწია გვიანი შემოდგომის სუსხმა. ხელები მხრებზე შამოიხვია და შეიჭმუხნა:
– ფუჰ, რა საზიზღარი ამინდია. სიამოვნებით ვიძინებდი მთელ დღეს. გარეთ გასვლის სურვილიც არ მაქვს. იმასაც ვერ ვხვდები, რა უნდა ჩავიცვა.
– მერე, დაწექი და დაიძინე. შენ ხომ ყოველთვის იმას აკეთებ, რაც გინდა. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ყოველთვის ასე იყო, – დათო დასთან მივიდა და მხარზე მოჰხვია ხელი, – გმადლობ, რომ შენთან დარჩენის უფლება მომეცი. დიდი ხანია, საღამო ასე მშვიდად არ გამიტარებია, დილა – მით უმეტეს. იმის წარმოდგენაც არ მინდა, რომ შეიძლება, ახლა სახლში ვიყო.
– ჰო, დედაჩემს თავისი მონოლოგის მთავარი ნაწილი უკვე ჩაბულბულებული ექნებოდა, – გაიცინა სოფომ, – მაგრამ მარტო ეგ არ უნდა იყოს შენი ჩემთან დარჩენის მიზეზი. მე ასე მგონია და, ვიცი, რომ არ ვცდები. ასე რომ, რაც მალე მეტყვი, უკეთესია, შენთვისვე აჯობებს.
დათომ გაიღიმა და დას ალერსით მოუჩეჩა თმა:
– შენ ხომ ვერაფერს გამოგაპარებს კაცი. ჰო, შენთან ლაპარაკი მინდოდა, მაგრამ ახლა თავს ისე კარგად ვგრძნობ, მოდი, სხვა დროისთვის გადავდოთ.
– არა, არა, მე არ მიყვარს საქმის გადადება, – სოფო შემობრუნდა და ძმას თვალებში ჩააშტერდა, – ხომ არ გგონია, რომ ხვალ და ზეგაც მეცლება შენთვის... ხომ ხვდები, რასაც ვგულისხმობ...
დათო შეიჭმუხნა. სახე სულ ოდნავ შეეცვალა, მაგრამ სოფოსთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა.
– ახლა შენც არ დამიწყო! ვერ ვიტან, ჭკუას რომ მასწავლიან. ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ. რას მიყურებ, მართლა ასეა!
– აბა, ყველა ქალი თეთრ სადედოფლო კაბაზე და მენდელსონის მარშზე ოცნებობსო?!
სოფომ მსუბუქად წაუთაქა ძმას:
– აქამდე ვერ მიხვდი, რომ მე „ყველა ქალი“ არ ვარ? ან, ვინ გითხრა ეგ სისულელე?
– რა ვიცი, – მხრები აიწურა დათომ, – რად უნდა მაგას თქმა. ზოგადად, ქალები ჭკუას კარგავენ გათხოვებაზე.
– იცი, რას გეტყვი? ზოგადად, კაცები კი სულელები ხართ – ყველა ერთად და ცალ-ცალკე. ამიტომაც დადიხართ ქალების ჭკუაზე. მერე, ჩვენ, გვინდა, შეგართვევინებთ თავს, გვინდა – არა. მაგრამ, შენ რატომ შეგაწუხა ამ პრობლემამ? ცოლად მოყვანას გთხოვს თუ, პირიქით, ცოლობაზე უარს გეუბნება?
– არც ერთი და არც მეორე. ამაზე საერთოდ არ გვილაპარაკია. ჯერ ისეთი დისტანცია უჭირავს... – დათომ ამოიოხრა.
– ოჰო, შეგაშინა? ყოჩაღ, სცოდნია, კაცს ეჟვანი როგორ უნდა შეაბას, მით უმეტეს, რომ უცოლო კაცის შებმა ადვილი ნამდვილად არ არის.
– მოიცა, რა განსხვავებაა. ვითომ ცოლიანი კაცის შებმა უფრო ადვილია? დავიჯერო?!
სოფომ მრავალმნიშვნელოვნად გაიცინა:
– ეე, რა ჩერჩეტი ხარ, როგორც ყველა მამაკაცი... ცოლიანი კაცის შებმას რა უნდა! ეგენი სულ მზად არიან ამისთვის. იქით გიხმობენ, რომ შეაბა, ამაზე ოცნებობენ. საკმარისია, გაუღიმო, ოდნავ აგრძნობინო, რომ ყურადღების ღირსად მიგაჩნია და მორჩა, დამთავრებულია მისი საქმე.
– კარგი, რა, ყველა კაცი ხომ ერთნაირი არ არის. აი, მე რომ ცოლს მოვიყვან, მერე ვერც ერთი ქალი ვეღარ შემაბამს.
– ჰა-ჰა!.. ჩემო საყვარელო ძმაო, ქალმა არ მოინდომოს, თორემ... ყველაფერი ქალზეა დამოკიდებული, მხოლოდ და მხოლოდ ქალზე!
– ესე იგი, კაცები არაფერს წარმოვადგენთ? ჩვენი ბედი თქვენს ხელში ყოფილა!
– აქამდე არ იცოდი? მართლა არ იცოდი? ჩემი პატარა და სულელი ძამიკო, შეყვარებული სულელი!.. შენ უკვე ნაღდად შებმული ხარ, თანაც ისე, რომ იმ ქალს თითიც არ გაუნძრევია. ხომ ასეა?
დათო მოიღუშა:
– შენ დარწმუნებული ხარ, რომ ცოლიანი მამაკაცები ოცნებობენ, ვინმემ შეაბას?
– ჰო, აბა?! იმიტომაც ურჩევნიათ ქალებს მათთან ურთიერთობა – უფრო მარტივია და გაცილებით სარფიანიც. ცოლიან კაცს უფრო მეტს „დააყრევინებ“, ისე, რომ განსაკუთრებული ძალისხმევაც არ დაგჭირდება. მთავარია, ის ცოლიანი კაცი მთელ თავის შემოსავალს ცოლს არ ახარჯავდეს, თორემ, შენ ცოტა დაგრჩება. უცოლოებთან კეკლუცობას რა აზრი აქვს? არანაირი. აი, მაგალითად, შენ ნამდვილად არავის არაფერში სჭირდები, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე.
– რატომ? რა დამიწუნეთ ქალებმა? – ყასიდად გაბრაზდა დათო, – რა მაკლია?
– რა გაკლია? ჯერ ჭკუა, მერე ყველაფერი დანარჩენი: ფული, გავლენა, კავშირები, ის, რამაც შეიძლება, ქალი მოხიბლოს და მიიზიდოს. იმ ქალებს ვგულისხმობ, რომლებსაც გათხოვება იდეაფიქსად არ აქვთ ნაქცევი. ყოველ შემთხვევაში, ურთიერთობის პირველ ეტაპზე მაინც. მადა მერე მოდის, ჭამაში.
– ჭამაზე მომაგონდა, არ ვისაუზმოთ?
– თუ რამეს მოამზადებ, სიამოვნებით. ხომ იცი, მე მარტო ჩაიდნის ჩართვა მეხერხება.
– ოო, ახლა უკვე ვიცი, რატომ არ გინდა გათხოვება, მოკლავ ქმარს შიმშილით.
– არ არსებობს იმ მამაკაცზე სულელი არსება, რომელსაც ცოლი გემრიელი საჭმელების საკეთებლად მოჰყავს და იმედი აქვს, რომ ამის გამო მუდამ მაძღარი და კმაყოფილი იქნება.
– სოფო, ცოლმა რომ ქმარს საჭმელი მოუმზადოს, ამაში გასაოცარი და უცნაური რა არის?
– არაფერი, აბსოლუტურად არაფერი, ჩემო საყვარელო. მაგრამ, კაცსაც შეუძლია, საკუთარ კუჭზე და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე იზრუნოს. როგორ შეიძლება, ქალი, მით უმეტეს, საყვარელი არსება, ასეთ მიწიერ კონტექსტში განიხილო? კატასტროფაა! კაცებს ხომ არ მოსწონთ, როცა მათ, როგორც ფულის ტომრებს, ისე უყურებენ? პირადად მე ვერავითარ განსხვავებას ვერ ვხედავ. თუ სამომხმარებლო ფუნქციას დაგაკისრებენ, როგორც ნივთს, რა მნიშვნელობა აქვს, რაში გამოგიყენებენ?
– თუ – გიხმარენ? – გადაბჟირდა დათო და ერთხანს გულიანად იცინა.
– აბა, ახლა მორჩი ხითხითს! – გული მოუვიდა სოფოს, – გაითვალისწინე, რომ ასეთ ამინდში ყოველთვის საშინელ გუნებაზე ვარ.
– მაშინ, ახლა პირდაპირ სამზარეულოში გავალ და ვეცდები, რამე გემრიელი მოგიმზადო.
– შენ? შენ უნდა მოამზადო რამე? თუ ღმერთი გწამს! დავრეკავ და პიცას მოვატანინებ, თუკი მართლა ასე ძალიან გშია.
– არა! ასეც არ არის საქმე. რაღაც-რაღაცეები მეც შემიძლია. თან, შენ ისეთი სამზარეულო გაქვს... იცი, რა მიკვირს? რისთვის გინდა ასეთი მაგარი საოჯახო ტექნიკა, თუკი ყავასაც არ მოადუღებ?
– ამ შემთხვევაში ჩემი სურვილი გათვალისწინებული არ ყოფილა. იმას უყვარს ზოგჯერ თავის მოგიჟიანებ-მოკულინარება და მეც ხელს არ ვუშლი, გაიხაროს, – გულგრილად აიჩეჩა მხრები სოფომ.
– სახლში ცოლი უშლის სამზარეულოში ფუსფუსს?
სოფომ საყვედურით შეხედა ძმას:
– ფიქრობ, რას ამბობ? მე საერთოდ არ მაინტერესებს, რას აკეთებს ის სახლში, თავის ცოლთან. საერთოდ, ეს ჩემი საქმე არ არის. არასდროს ჩავერევი მათ ურთიერთობაში. მე არ ვარ ის ქალი, რომელიც მამაკაცს ოჯახს დაანგრევინებს ან ამის პროვოცირებას მოახდენს. პირიქით, თუ ამ სისულელეს გააკეთებს, მაშინვე დავამთავრებ მასთან ურთიერთობას.
დათოს გულწრფელად გაუკვირდა:
– რატომ? ძალიან გამაოცე!
– იმიტომ, ჩემო ჭკვიანო, მაგრამ მიუხვედრელო ძმაო, რომ, ის კაცი, სახლის ჩუსტებში და პიჟამაში გამოწყობილი, არაფერში მჭირდება. შენ მართლა გგონია, რომ მზად ვარ, მის წუწუნსა და კრუსუნს ვუსმინო? ვურეცხო, ვუუთოვო, ფეხები დავუთბილო და ჩემს გაკრიალებულ ტუალეტის მაგიდაზე მისი საპარსი მოწყობილობა ავიტანო? არა, ჯერ ჭკუა არ დამიკარგავს.
– გასაგებია, – ჩაილაპარაკა დათომ.
– ჰოდა, თუ გასაგებია, წადი და მოამზადე საუზმე, ვნახოთ, რა შეგიძლია, – სოფომ ძმას ზურგში მსუბუქად უბიძგა, მერე ისევ ფანჯარასთან მივიდა და ცივ მინას შუბლით მიეყრდნო. დათოსთან საუბარმა საკუთარი გულის ყველაზე შორეულ სიღრმეში ჩაახედა და ის ფიქრები აუშალა, ყოველთვის რომ ცდილობდა მათგან თავის დაღწევას. ჯიუტად არ უნდოდა იმაში გამოტყდომა, რომ ერთი მამაკაცისთვის აუცილებლად გამოიჩენდა იმ გმირობას, რომელზეც წუთის წინ ასეთი ირონიით ლაპარაკობდა. უბრალოდ, იცოდა, რომ, თუ ცოტათი მაინც მოეშვებოდა და საშუალებას მისცემდა გრძნობას, დაეპყრო მისი გული და გონება, მთელი მისი ცხოვრება თავდაყირა დადგებოდა. ბავშვობიდან, დედამისის წყალობით გამოუმუშავდა ნებისყოფის სიმტკიცე. საქმე ისაა, რომ ჭამა ყოველთვის ძალიან უყვარდა, დედამისს კი პათოლოგიურად ეშინოდა შვილის გასუქების. ერთ ზუსტად ასეთ წვიმიან დღეს, პირველად იჩხუბეს ძალიან სერიოზულად და სოფო პირველად მიხვდა, რომ, თუკი მოინდომებდა, ყოველთვის მიაღწევდა თავისას. იმ დღეს დაიმსხვრა დედის ყოვლისშემძლეობის მითიც...
სოფომ ფანჯრისკენ გაიხედა და დაინახა, რა დღეში აგდებდა ქარი ხეების კენწეროებს. საუზმეზეც ისევ წყალზე მოხარშული ფაფა და გახეხილი ვაშლი უნდა ეჭამა...
– დღეს ხომ კვირაა. არ შეიძლება, ერთი საათით მეტი ვიძინო? სულ ერთი საათით.
– რა თქმა უნდა, შეგიძლია, ყველაფერი შეგიძლია! მაგალითად, მთელი დღე დივანზე წამოკოტრიალებულმა გაატარო... ეს ხომ შენი პირადი საქმეა. კიდევ, შეგიძლია, ჭამო შოკოლადი და ფუნთუშები, ათასგვარი კალორიული „ნაგავი“... დიახ, დიახ, ქალბატონო, შენი ქურთუკის ჯიბეში ვიპოვე კანფეტის ქაღალდები.
– კანფეტების? არ მესმის, რაზე ლაპარაკობ! – უტიფრად განაცხადა სოფომ და თავი ამაყად ასწია.
– გაჩუმდი მაინც! არა, რისთვის ვიშლი ნერვებს? კი ბატონო, გასუქდი, გაიფუჭე კანი და გაიმრავლე ცელულიტი, თუ მოგწონს! ქონები რომ ჩამოგეკიდება და არავის არ მოეწონები, მერე ინანებ! მე რატომ უნდა ვინერვიულო, რა ძალა მადგას? ახლა ამტკივდება თავი და...
– დედა, გეყოფა! – უყვირა მოთმინებადაკარგულმა სოფომ და შეცბა – ასეთ გამბედაობას არ ელოდა საკუთარი თავისგან. დედას მამაც კი ვერ უბედავდა შეკამათებას. გულის სიღრმეში სოფო ხვდებოდა, რომ ქალი მართალს ამბობდა. გასუქება არც თავად უნდოდა, მაგრამ პატარ-პატარა სიამოვნებებზე უარის თქმაც ძალიან თრგუნავდა. თუმცა, დედას რომ უკან დაახევინა, ეს მოეწონა.
– აი, ნახავ, შენი სიჯიუტით სადამდე მიხვალ! ვერც ერთი კაცი ვერ აიტანს შენს ხუშტურებს!
– ვერ აიტანს? შენ ასე გგონია? მაგასაც ვნახავთ... და, ვინც ვერ აიტანს, მისი პრობლემა იქნება...
– ღმერთო, რატომ ვნატრობდი, ქალიშვილი გეჩუქებინა?
– აი, ეგ უკვე შენი პრობლემაა, აშკარად... – გაიცინა გოგომ და დედამისმაც უკივლა:
– სოფო!..
***
ადამიანების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი ხვდება, რა დიდ, გამოუყენებელ ძალას ფლობს. ჩვენ, ყველანი, ძალიან მდიდრები ვართ, ისინიც კი, ვისაც თავი უსაშველოდ ღარიბი ჰგონია. პრობლემა ის არის, რომ სიმდიდრეს იქ არ ვეძებთ, სადაც საჭიროა. ფუჭ ილუზიებს, ყალბ იდეალებს აყოლილნი, თვალებს ვიბრმავებთ და მხოლოდ მატერიალურს გამოკიდებულები, ვივიწყებთ მთავარს – რომ თითოეული ჩვენგანი ღმერთმა თავის სახედ და ხატად შექმნა, ანუ, თითოეულ ჩვენგანში თითო პატარა ღმერთი ჩაასახლა, მისთვის შესაფერისი უკიდეგანო შესაძლებლობებით, მაგრამ, ვის ახსოვს დღეს ეს? – არავის! ვინმე იყენებს ამ შესაძლებლობებს? – არავინ! ვინმე ამბობს მადლობას იმისთვის, რომ ღმერთმა მასთან გათანაბრების, გატოლების უფლება და შანსი მისცა? – არავინ! არავინ და, ამიტომაც, ამ უგუნურების ნაყოფს ყოველდღე ვიმკით...
***
ლიკამ ზანტად გაახილა თვალი. ადგომას ყველაფერი ერჩივნა, მაგრამ, ვატოს შეჰპირდა, რომ მთელ დღეს მასთან ერთად გაატარებდა, ამიტომ, უნდოდა თუ არ უნდოდა, ადგომა მოუწევდა. ვატო ჩაის სვამდა, კარაქიან და თაფლიან პურთან ერთად, ლიანა კი დოინჯშემოყრილი ადგა თავზე და ლუკმებს უთვლიდა. დედის დანახვაზე ბავშვს თვალები გაუბრწყინდა.
– აუ, ლიკა, რა კარგია, რომ მოხვედი! უთხარი, რა, ლიანას, რომ აღარ მინდა. მეტი აღარ შემიძლია. აღარ ჩადის, რა, აღარ მეტევა!..
– ლიანა კი არა, ბებიაშენი ვარ და ამ ნაჭერს დაამთავრებ! დედაშენის სულაც არ მეშინია!
– თუკი არ უნდა, რატომ უნდა შეჭამოს? – ლიკამ თვალი ჩაუკრა შვილს.
ვატოს გაუხარდა:
– აუ, დე... სასეირნოდ ხომ წამიყვან?
– რომ წვიმს, დედიკო? სად წაგიყვანო? – ლიკას გაახსენდა, რომ მანქანა „ყოფილს“ დარჩა.
– მამიკოს დავურეკოთ, მოვა და, სადაც ვეტყვით, წაგვიყვანს.
– არა! – თქვა ლიკამ უცბად და რატომღაც დედამისს შეხედა. ლიანამ წარბი შეკრა და საყვედურით გადააქნია თავი, მერე მოულოდნელად შვილიშვილს დაუტკბა:
– ვატატო, საყვარელო! კარგი, ბებო, თუ არ გინდა, ნუღარ შეჭამ, ჩაი დაამთავრე და ბაბუსთან გაიქეცი. ნახე ერთი, რას აკეთებს. მერე „ყიყლიყოებს“ შეგიწვავ.
– არ მინდა „ყიყლიყო“, დედიკო წამიყვანს და ხაჭაპურებს მიყიდის. დაურეკე რა, მამიკოს, ბარემ ისიც წამოვიდეს. იმდენ რამეს დამპირდა და ყველაფერს დღეს ვაყიდვინებ.
ლიკას სახე შეეცვალა და ბავშვს კითხვები დააყარა:
– როდის ნახე მამაშენი? აქ იყო? სკოლაში მოგაკითხა? აქამდე რატომ არ მითხარი?
– არა, ლიკ, არ მინახავს, მართლა, შენ ოღონდ არ გამიბრაზდე. დამირეკა. ისე, ხშირად მირეკავს ხოლმე, – დამნაშავესავით ჩაილაპარაკა ბავშვმა. ლიანას მოთმინებამ უმტყუნა:
– ვატუნა, წადი ბაბუასთან!
ვატომ დედას შეხედა და უხალისოდ გავიდა სამზარეულოდან. ლიანამ კარი შიგნიდან ჩაკეტა და შვილს მიუბრუნდა:
– ახლა მომისმინე: ბავშვს თავი დაანებე და ნუ ცდილობ, მამამისზე აზრი შეუცვალო. თუ თქვენ ერთმანეთს ვერ გაუგეთ და ყველაფრის დანგრევა გადაწყვიტეთ, ვატო არაფერ შუაშია. ორივემ უნდა დაიცვათ მისი ინტერესები, ორივემ! ჯერჯერობით შენ კარგად არ იქცევი.
– მე? მე არ ვიქცევი კარგად? ჰმ, უცნაურია, რომ ისევ იმას იცავ. ეტყობა, საკმარისი არ იყო, რაც მის შესახებ გაიგე.
ლიანამ თითქოს ვერ გაიგონა შვილის გესლით სავსე სიტყვები. ლიკასთვის სიძესთან თავისი ვიზიტის მხოლოდ მცირე ეპიზოდი ჰქონდა მოყოლილი. რაც მაშინ ლაშას შესახებ იფიქრა, არავისთვის უთქვამს. ჯერ თვითონ უნდა „გადაეხარშა“ ყველაფერი, გაეანალიზებინა, შეცდომა არ უნდა დაეშვა, ემოციით არ უნდა ეხელმძღვანელა.
– ლიკა, ჩვენ, შეიძლება, ძალიან ცუდს ვფიქრობთ ლაშაზე, მაგრამ, ვატოსა და მამამისის ურთიერთობაზე ეს არ უნდა აისახოს.
– მე არ მინდა, ჩემს შვილს მატყუარა კაცთან ჰქონდეს ურთიერთობა. როგორ ჩავუნერგო მორალური პრინციპები, როცა მამამისი უპრინციპო, უსინდისო და უზნეოა?
– შენ მაინც ნუ ეტყვი ბავშვს ამას, არ შეიძლება!
– აბა, გაიზარდოს და თვითონ მიხვდეს? ამას მირჩევ? – გაცხარდა ლიკა.
– იცი, რას გეტყვი? მე ჩემი შვილიშვილის ინტერესებს ვიცავ და ყოველთვის დავიცავ. არავინ იცის, ხვალ რა მოხდება და ბავშვს მამა რატომ უნდა შესძულდეს?
– ხვალ ის მოხდება, რომ ვინმე ღირსეულ ადამიანს ვიპოვი და ცოლად გავყვები.
– განცვიფრებული ვარ, როგორ შეგიძლია, ასე მალე სხვა ადამიანზე იფიქრო? არ მჯერა, რომ ასეთი ქარაფშუტა ხარ.
– ქარაფშუტა ვიქნები, ლაშასთან დაბრუნების იმედი კიდევ რომ მქონდეს. აი, მაშინ, მართლა შეგიძლია თქვა, რომ საშინელი ქარაფშუტა გაგიზრდია. ვიცი, ლაშას რა უნდა: იმ ფულით, ის ქალი რომ აძლევს, ათასგვარ ხარახურას უყიდის და ბავშვის გულს მოიგებს, როცა მოუნდება, წაიყვანს და ასე ეცდება, გამამწაროს.
– ვინ ქალი აძლევს ფულს? მე არ ვიცი?!
– ვინ და, ის, ვისთანაც ცხოვრობს, საყვარელი, რომელიც ფულით ცდილობს მის შენარჩუნებას! იდიოტი!
ლიანამ ამოიოხრა. უნდოდა, ეთქვა, ქალის რა გითხრა, მაგრამ კაცთან ერთად ნამდვილად ვნახეო, მაგრამ, გაჩუმება ამჯობინა...
***
სოფომ ტოსტს ატმის ჯემი გადაუსვა, მოკბიჩა და სიამოვნებისგან აკრუტუნდა.
– ხშირად უნდა დაგტოვო ჩემთან. უგემრიელესი ტოსტებია, ყავაზე აღარაფერს ვამბობ. არასდროს მომსვლია აზრად, ყავაში ლიმონი და მიხაკი ჩამედო. საიდან ისწავლე ეს ყველაფერი?
– ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, მოგეწონა.
– მმ... გადავირიე. დღეს არ მუშაობ?
– როგორ არ ვმუშაობ, მაგრამ, სოფ, მგონი, ჩვენთან რაღაც ხდება.
სოფომ მხრები აიჩეჩა:
– რა უნდა ხდებოდეს? ალბათ გეჩვენება.
– არა, არ მეჩვენება. ის შენი მეგობარი სულ დაბღვერილი დადის და რაღაცით მუდმივად უკმაყოფილოა. კიდევ ერთი ტიპი დავინახე, შორიდან ვიცნობ. „იქ“ მუშაობს, – დათომ მრავალმნიშვნელოვნად შემართა თითი.
– მერე, რა? ხომ არ გგონია, რომ კეთილშობილ ქალთა პანსიონში მუშაობ? ეგეთი ტიპები მანდ ხშირად ივლიან, მაგრამ შენ ეს არ გეხება, მიხედე შენს საქმეს და ცხვირი არაფერში ჩაყო, მით უფრო იქ, სადაც არ გეკითხებიან.
– ჰო, მაგრამ... ინა... – წამოსცდა დათოს.
სოფომ პირთან მიტანილი ტოსტი ისევ თეფშზე დადო და ძმას საყვედურით შეხედა:
– ასეც ვიცოდი! აბა, შორს ხომ არ წახვიდოდი! რომელიმე კრუპიეს აეტორღიალე, ხომ?
დათოს ეწყინა:
– რას ნიშნავს, „აეტორღიალე“? სოფო, შენგან ამას ნამდვილად არ ველოდი. ეს როგორ მითხარი? ინა კრუპიე არ არის, მენეჯერია და, კრუპიეც რომ იყოს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მით უმეტეს, რომ მას საერთოდ არ იცნობ. რა უფლება გაქვს, ასე ილაპარაკო? წავედი, კარგად იყავი. გმადლობ, რომ ღამე გამათევინე.
სოფო მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა, ძმას მკლავზე მოჰკიდა ხელი, სკამზე თითქმის ძალით დასვა და შემრიგებლურად გაუღიმა:
– ჰო, კარგი, არ უნდა მეთქვა, დაივიწყე, ზოგჯერ რაღაც სისულელე წამომცდება ხოლმე და ყურადღებას ნუ მომაქცევ. ესე იგი, ინა ჰქვია.
– ჰო, მაგრამ რუსი არ არის, – სწრაფად განუმარტა ძმამ.
სოფოს გაეცინა:
– კარგი, კარგი, ხმას აღარ ვიღებ. თუნდაც რუსი იყოს, მთავარია, შენ იყო ბედნიერი.
– მე ბედნიერი ვარ, – დათოს თვალები აუციმციმდა, – ძალიან ბედნიერი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მისგან პასუხს ვერ ვეღირსე, მაინც ძალიან, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.
– დაგიწუნეს, ბიჭო? – სოფომ ალერსით მოუჩეჩა ქოჩორი, – ეგ როგორ გაგიბედეს? აბა, რას გეუბნებოდი, ქალმა უნდა მოინდომოს-მეთქი? შეაბი, თუ ვაჟკაცი ხარ!
– ეე, შევაბა რა, ნაშა კი არ არის! ინასაც მოვწონვარ, ვგრძნობ ამას, მაგრამ სულ არ სცალია – ის შენი მეგობარი ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს, მით უფრო ახლა, როცა აშკარად რაღაც ხდება, რაღაც სულ „დაგრუზულია“.
სოფომ გაოცებით გაშალა ხელები:
– ვერ გავიგე, ჩემგან რას მოითხოვ? სამსახური გიშოვე, დარწმუნებული ვარ, იქ უბატონოდ ხმას არავინ გცემს. რა, ვუთხრა ანდროს, რომ მეტი საღლაბუცო დრო ჰქონდეთ-მეთქი?
– აუ, ისევ დაიწყე, რა, თავიდან, ვითომ ვერ ხვდები, რა მინდა – მშვიდად რომ ვიყო! გაიგე, ისეთი ხომ არაფერი ხდება, რაც ინას პრობლემას შეუქმნის? რამე ისეთი დარღვევა ხომ არა აქვთ, რომ ეს გოგო შარში გახვიონ? სოფო, სწორად გამიგე, ისეთი აფორიაქებულია... არადა, საერთოდ, მშვიდი ადამიანია.
სოფომ ამოიოხრა:
– აი, თურმე რისი თქმა გინდოდა! მესმის შენი. სიმართლე რომ გითხრა, მომწონს კიდეც, მასზე ასე რომ ზრუნავ. დაველაპარაკები ანდროს.
დათოს სახე გაუნათდა, დას ლოყაზე აკოცა და წამოხტა.
– ერთი-ორი პატარა ნაკლი რომ არ გქონდეს, არაჩვეულებრივი ვინმე იქნებოდი. ვიცოდი, რომ გამიგებდი! გავიქცევი, სახლშიც უნდა შევირბინო ტანსაცმლის გამოსაცვლელად. დღეს კვირაა და ცოტა ადრე უნდა მივიდე სამსახურში. შენ რა გეგმები გაქვს?
სოფომ ფანჯრისკენ გაიხედა:
– ასეთ ამინდში რა გეგმები უნდა მქონდეს? სახლში ვიქნები, გამოვიძინებ და ტელევიზორს ვუყურებ.
– და... იმას დაურეკავ, ხომ? არ გადადო ახლა ეგ ამბავი.
– არ გადავდებ, გადარეულო, არა. მერე კი, გამაცანი ეგ შენი ინა.
– ჰო, აუცილებლად... – ნაჩქარევად ჩაილაპარაკა დათომ.
– თორემ, მე თავად გავიცნობ. ხომ იცი, რომ ამის გაკეთება არ გამიჭირდება.
– მაგრამ ამას არ გააკეთებ, სოფი, გთხოვ...
– რას მთხოვ, გადარეულო? წადი. რა თქმა უნდა, არ გავაკეთებ...
სოფომ ძმა გააცილა. საძინებელ ოთახში დაბრუნდა და ატლასის ბალიშებზე პირქვე წამოწვა, ისევე, როგორც იყო, ხალათით და ფუმფულა ჩუსტებით. დაძინებას მართლა აპირებდა, მაგრამ ძილი გაუჯიუტდა, არა და არ გაეკარა სიახლოვეს. გაბრაზებულმა ბალიშები თავზე დაიყარა და უფრო მოხერხებულად მოეწყო, მაგრამ ვერც ამჯერად გააწყო რამე. მერე კი მობილურმა დარეკა. სოფომ ნომერს დახედა და ლამის უხილავი ძალების არსებობის ირწმუნა...
– კართან ვარ, გამიღე! – გაისმა მიკროფონში მამაკაცის მბრძანებლური ხმა.
... სოფო გვერდზე გადგა და ანდროს გზა დაუთმო.
– შეგეძლო, ზარი დაგერეკა, – თქვა ქალმა საყვედურნარევი ტონით.
– ზარს სახლში არ ვრეკავ, ცოლთან... პირდაპირ ჩემი გასაღებით ვაღებ ხოლმე, – უხეიროდ იხუმრა ანდრომ.
სოფომ მრავალმნიშვნელოვნად გაიცინა:
– გაინტერესებს, ცოლი მოულოდნელ სიურპრიზს ხომ არ მიმზადებს? ამიტომ გჭირდება მოულოდნელობის ეფექტი?
– სისულელეს ამბობ და საერთოდ არ გიხდება! – ანდრომ ბინა მოათვალიერა და მერე სოფოს ხალათზე მოჰკიდა ორი თითი, – ხელი ხომ არ შეგიშალე, ელოდი ვინმეს?
სოფომ უხეშად მოიშორა მისი ხელი და ხალათის საყელო უფრო მჭიდროდ შეიბნია:
– მოდი, პირდაპირ საქმეზე ვილაპარაკოთ. რისთვის მოხვედი?
ანდროს სახეზე განცვიფრება გამოესახა:
– კარგი! ვილაპარაკოთ საქმეზე... თუმცა, მართალი გითხრა, ასეთ დახვედრას არ ველოდი. რამდენი ხანია, ჩემი ვიზიტით არ გამიხარებიხარ?
სოფომ თვალები მოჭუტა:
– თუ მეხსიერება არ მღალატობს, რამდენიმე დღის წინ გვქონდა საკმაოდ „პროდუქტიული“ შეხვედრა. თუ, ეს ანგარიშში ჩასაგდები არ არის?
ანდრო უკვე აღარ უსმენდა სოფოს, მისაღები და ორივე ოთახი დაათვალიერა, ბოლოს კი სამზარეულოს გამოღებულ კართან შეჩერდა.
– ასეც ვიცოდი, – ხელი აულაგებელი მაგიდისკენ გაიშვირა, – დროს უქმად არ კარგავ, საყვარელო?
– ეჭვიანი ქმარივით ნუ იქცევი, – ირონიულად გაიცინა სოფომ, – ეს ჩემი ცხოვრებაა, რომელზეც შენ არანაირი უფლება არ გაქვს.
– ჰოო? ისე, რაღაც-რაღაც უფლებები მაქვს...
– არა, არანაირი! დიდი ხანია, ყველა ანგარიში გავასწორე, გესმის? ყველანაირი... უფლებას არ მოგცემ, როცა მოგინდება, მაშინ მოხვიდე ჩემს ბინაში და იმბრძანებლო!
ანდრომ სიცილით გადააქნია თავი:
– ისე, ზოგჯერ რა უმადური ხარ. მე რომ მეწვრილმანე და მესაკუთრე ვიყო, შეგახსენებდი, რომ...
– რომ, ეს ბინა შენ მიყიდე, – მაშინვე მიახალა სოფომ, – არ ინერვიულო. მე ეს მახსოვს და უკვე გითხარი, ყველა ანგარიში გაგისწორე-მეთქი. აუცილებლად ფულით უნდა გადამეხადა? მითხარი და არც ეგ იქნება პრობლემა!
– ჰო, კარგი. დამშვიდდი. ვიცი შენი საყვარლის ფინანსური შესაძლებლობების შესახებ. შორიდან ვიცნობ. მაგრამ, ეტყობა, ძუნწია. აქამდე აგარაკი მაინც როგორ არ გიყიდა?
– არ მიყიდა, იმიტომ რომ მე არ მითხოვია. იცი შენ, რომ მე არავისგან არაფერს ვითხოვ, თორემ, შემეძლო, ერთი მამაკაცისთვის კარგად გამესუფთავებინა ჯიბეები მაშინ, როცა ჭკუას კარგავდა ჩემზე.
– აბაა! რა დრო იყო!.. – კაცმა ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო, – მოვწევ, ხომ შეიძლება?
სოფომ თავი დაუქნია. თაროდან მოხატული თიხის საფერფლე აიღო და წინ დაუდო.
– შენ არ მოსწევ?
– არა.
– ვაა, აღარ ეწევი?
– ვეწევი, მაგრამ ახლა, რატომღაც, არ მინდა. იმედია, იმისთვის არ მოსულხარ, რომ ჩემთვის სიგარეტი შემოგეთავაზებინა ან ის გაგერკვია, წუხელ ვინმესთან მეძინა თუ არა, თორემ, შეიძლება, ვინერვიულო.
– სანერვიულო ნამდვილად არაფერი გაქვს, ეჭვიანობის სცენას არ მოგიწყობ – ჩვენი ურთიერთობა ასეთ ლირიკულ გადახვევებს არ ითვალისწინებს. ისე, უბრალოდ დავინტერესდი. ბუნებრივი, ჯანსაღი ინტერესით.
– ჩემი ძმა დარჩა წუხელ, ამ დილით კი ერთად ვისაუზმეთ, – ამოიოხრა სოფომ და ფანჯარა გამოაღო, – რა გულისამრევი სუნია, ასეთს რას ეწევი?
– რასაც ყოველთვის ვეწეოდი. ხედავ, უკვე ესეც აღარ გახსოვს და მე მსაყვედურობ. სხვათა შორის, მე ყველაფერი კარგად მახსოვს.
– გილოცავ, მაგრამ, არც ამის სათქმელად მოხვიდოდი.
ანდრომ ისევ გაიცინა:
– არა, აშკარად არ ხარ გუნებაზე. გატყობ, ერთი სული გაქვს, როდის მომიშორებ თავიდან.
– სულაც არა, პირიქით, შენი ნახვაც კი მინდოდა, მოგვიანებით დარეკვასაც ვაპირებდი.
– რა მოხდა, შენს დაქალს ხომ არ მოვენატრე?
– არა, ლიკა არაფერ შუაშია. პარასკევის მერე არ მინახავს და არც დაურეკავს. ვიცი, რომ შაბათ-კვირას შვილთან ერთად გაატარებს.
– კარგია. კიდევ ერთი პლუსი მის სასარგებლოდ. ქალისთვის ამაზე დიდი ღირსება არ არსებობს. კარგი დედაა, შემიძლია, მისი იმედი ბოლომდე მქონდეს.
სოფოს თვალები დაენამა:
– მეც კარგი დედა ვიქნებოდი.
– შენ?! – ანდრომ ქალი ყურადღებით შეათვალიერა, – შენ იქნებოდი კარგი დედა?!
– ჰო, მე ვიქნებოდი კარგი დედა. რა, ეჭვი გეპარება?
– არა, უბრალოდ, ორსული ვერ წარმოგიდგინე. საცოდაობა იქნება, შენი პრიალა მუცელი გაიბეროს და დაიხაზოს. არა, ამისთვის არ მემეტები, შვილები სხვებმა გააჩინონ. შენ პამპერსებისთვის და საწოვრებისთვის არ ხარ დაბადებული, სხვა, უფრო საპატიო მისია გაქვს შესასრულებელი.
სოფომ ძლივს შეიკავა თავი, რომ არ აღრიალებულიყო.
– იშვიათი ნიჭი გაქვს, გუნება მომიშხამო. მთელი დღე გამიფუჭე. თქვი, რისთვის მოხვედი.
– სერიოზული დავალება მაქვს შენთვის.
– ჰმ, ვიცი შენი სერიოზული დავალება. შეგეძლო, ასე არ შეწუხებულიყავი და შეტყობინება გამოგეგზავნა: „ლიკაზე იმუშავე!“ ისედაც ვიცი, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთო, ლოგინში რომ ჩაგიწვინო.
ანდრომ თავი გააქნია:
– ვერ გამოიცანი. ამჯერად ლიკა არაფერ შუაშია. თანაც, ქალის ლოგინამდე მისაყვანად სხვისი დახმარება რომ არ მჭირდება, თავადაც კარგად იცი.
სოფომ ღრმად ჩაისუნთქა ცივი ჰაერი... ანდრო მასთან მივიდა და შუბლზე ჩამოშლილი თმა შეუსწორა.
– ერთი კაცი უნდა შეაბა...
– რა?!
– ჰო, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. უნდა შეაბა და, თუ საჭირო იქნება, მისი საყვარელიც უნდა გახდე...
***
ლიკამ მაქანის კარი გააღო, მაგრამ ჩაჯდომას აყოვნებდა. ვატომ პიჯაკის სახელოში მოჰკიდა ხელი და დაქაჩა:
– დე, რაღას უცდი! დაჯექი, დაჯექი, თორემ დასველდები, წვიმს.
– ბავშვი მართალია, სველდები. დაჯექი და სახლში მიგიყვან, თუკი ჩვენთან ერთად წამოსვლა არ გინდა, – მშვიდად წარმოთქვა ლაშამ.
ლიკამ თავი გადააქნია.
– არა, შენს ყურებას დასველება მირჩევნია. წაიყვანე ვატო და მალე მოიყვანე. არ დამარეკვინო. კიდევ, მინდა გაგაფრთხილო: ისეთ ადგილას არსად წაიყვანო, რომ მერე საერთოდ აღარ გაგაკარო ვატოს სიახლოვეს. მიხვდი, ხომ რისი თქმაც მინდა?
– მივხვდი, მაგრამ, სულ ტყუილად შეწუხდი. რაც შენ ან დედაშენს გგონიათ, მსგავსი არაფერი ხდება. მაგრამ ახლა თავიდან ახსნას არ დავიწყებ. რა აზრი აქვს, მაინც არ გჯერა ჩემი!
– დიახ, არ მჯერა, იმიტომ რომ, მატყუებ. მაგრამ, იმაში კი გეთანხმები, რომ არაფრის ახსნას არა აქვს აზრი. მხოლოდ ვატოს გამო ვიტან შენ სიახლოვეს, მხოლოდ ბავშვის გამო...
ლიკამ სახე მიაბრუნა, რომ ქმარყოფილს მისი ცრემლი არ დაენახა. ლაშამ ამოიოხრა:
– შენ რომ ჩემი მოსმენა შეგეძლოს... სწორედ ახლა შემაქციე ზურგი, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა შენი თანადგომა.
– გეყოფა, არ გინდა, ნუ თამაშობ დაჩაგრული კაცის როლს. საკმარისი დრო გქონდა, რომ საკუთარ სიმართლეში დაგერწმუნებინე. შანსიც მოგეცი, მაგრამ... მოკლედ, აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი, მაინც აღარაფერი შეიცვლება.
ლიკამ მანქანის კარი მიაჯახუნა.
– ლიკა, ბავშვს რომ მოვიყვან, მანქანის გასაღებსაც მოგცემ.
– რა? რატომ?
– გიტოვებ მანქანას, მე არ მჭირდება.
ქალმა ჩაიცინა:
– გასაგებია. ეტყობა, ახალი მანქანის ყიდვას შეგპირდა ქალბატონი...
– ვინ ქალბატონი, ლიკა, რა გემართება! როგორ დაგარწმუნო, რომ არანაირი ქალბატონი არ არსებობს?!
– არც ეცადო. მანქანას კი დავიტოვებ, რატომაც არა. მართლა მჭირდება. არც იმ ფულზე ვიტყვი უარს, რომელიც იმ დღეს ბანკში მოიტანე. ვატოს სწავლის ფულსაც შენ გადაიხდი.
– ჰო, გადავიხდი.
– რა თქმა უნდა, გადაიხდი. რაღაც სარგებელი ჩვენც ხომ უნდა ვნახოთ შენი რომანისგან. იმ ცოლებივით არ მოვიქცევი, განქორწინების მერე ჭირვეული ბავშვებივით რომ გაიძახიან, მაგისი მე არაფერი მინდაო. ყველა ვალდებულებას შეასრულებ, რაც შვილის წინაშე გაკისრია.
– ჰო, ასე იქნება, შენ ოღონდ დამშვიდდი, – ლაშა მიხვდა, რომ ქალს ისტერიკას აღარაფერი უკლდა...
– დავმშვიდდები, აუცილებლად დავმშვიდდები. აი, შენ რომ აღარ დაგინახავ, დავმშვიდდები.
ლაშამ ხელები გაშალა და ვატოსკენ გაიხედა, რომელიც მანქანის სალონიდან დაძაბული ადევნებდა თვალს მშობლების ჩხუბს.
– ლიკა, ბავშვი ნერვიულობს...
– მართლა? – ირონიულად ჩაიცინა ლიკამ, – კარგი იქნებოდა, ცოტა ადრე გეფიქრა მის ნერვულ სისტემაზე და, საერთოდაც, რამეზე გეფიქრა.
– მე ყველაფერზე ვიფიქრე, – პირქუშად ჩაილაპარაკა ლაშამ.
– შეგეტყო, – ლიკამ ცრემლით სველი თვალები ხელისგულით მოიწმინდა და კაცს დაუფარავი სიძულვილით შეხედა.
– არა უშავს. მოვა დრო და ძალიან ინანებ შენს საქციელს, აუცილებლად ინანებ!..
***
სოფომ მობილური გათიშა და სავარძელზე მიაგდო. კაცი ელოდა, როდის იტყოდა ქალი რამეს. ბოლოს მოთმინების ძაფი გაუწყდა:
– რა სახე გაქვს, ვინ იყო?
– აჯობებს წახვიდე. სტუმარს ველოდები.
კაცმა მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა:
– რაო, ჭურჭელი დამრჩა გასარეცხიო?
– შენი ირონია, უადგილოა. ხომ გითხარი, წუხელ აქ დათო იყო-მეთქი. ახლა ლიკა აპირებს მოსვლას. ნამტირალევი ხმა ჰქონდა. ეტყობა, ისევ, ქმართან იჩხუბა.
– მდაა... – ჩაილაპარაკა ანდრომ, – არასდროს მესმოდა ქალების, რომელებსაც მაზოხიზმისკენ აქვთ მიდრეკილება. რატომ უნდა იცხოვრო კაცთან, რომელსაც შენთვის უსიამოვნების მეტი არაფერი მოაქვს?
– სიყვარულის შესახებ არაფერი გსმენია? ასეთი რაღაცაც არსებობს. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მომგებიანი მდგომარეობაა, მით უმეტეს, ქალისთვის, მაგრამ, რას იზამ, ზოგჯერ საკუთარ თავს არ ეკუთვნი.
ანდრომ ხმამაღლა გაიცინა:
– ეტყობა, წვიმიანი ამინდი ძალიან ცუდად მოქმედებს შენზე – სიყვარულზე დაიწყე ლაპარაკი. ჩემს წინადადებაზე რას იტყვი?
– რა უნდა ვთქვა, მხრები აიჩეჩა სოფომ, – ჩემზე უარესი წარმოდგენის ყოფილხარ, ვიდრე მეგონა.
– რას ამბობ, ეგ რა შუაშია!
– იმ შუაშია, ჩემო საყვარელო, რომ მე კახპა არ ვარ, შეკვეთით არავის ვუწვები და, საერთოდ, დროა გაიგო, რომ მე შენი არანაირი ვალი არ მაქვს...
გაგრძელება შემდეგ ნომერში