კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაეხსნა თბილისელ ღვთისო ჩაბრავას პარალელურ სამყაროებში შესაღწევი კარიბჭე

ჩვენი დღევანდელი სტუმარი – 18 წლის ღვთისო ჩაბრავა ყველაზე უცნაურ ადამიანად მიმაჩნია, ვინც დღემდე მინახავს. ის ჯერ კიდევ ექვსი წლის ასაკში დაინტერესდა ეზოთერიკით, იდუმალი სამყაროს შეცნობით და იმდენად განიცდიდა ინფორმაციულ შიმშილს, რომ მალე სკოლაში სიარულიც გააპროტესტა უხილავი სამყაროს უსიერ წიაღში ჩასაღრმავებლად. ეს ცხოველი ინტერესი ოკულტიზმით განაპირობა „ხილვებმა“, რომელმაც ბავშვობა წაართვა და მეცნიერთათვის ჯერაც ამოუცნობ თემებზე „ჩაციკლა“ მისი ფიქრი და გონება. მეხუთე კლასის შემდეგ ღვთისოს სკოლაში აღარ უვლია. რადგან ავად ხდიდა გარე სამყაროს ხმაური და ქაოსი. მასწავლებლები სახლში მიდიოდნენ მასთან გაკვეთილების ჩასატარებლად. რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ღვთისო ჩაბრავა დღესაც განდეგილივით ცხოვრობს. არანაირი კავშირი არ აქვს გარე სამყაროსთან. მისი გზა მხოლოდ ტაძრისკენ მიდის, სხვაგან – არსად. ხანდახან სამეცნიერო კონკურსებზე უწევდა მონაწილეობის მიღება, საიდანაც უდიპლომოდ არასდროს დაბრუნებულა სახლში. ახლა კი, აივანზე თუ გავა სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად. ეზოს იშვიათი სტუმარია – 10-15 წუთით თუ ჩავიდა. წიგნები, ჟურნალ-გაზეთები, კომპიუტერი და ტელევიზორია მისი ძმაკაციც, მეზობელიც და ნათესავიც.

ღვთისო ჩაბრავა: დედისერთა ვარ. მამა არასოდეს მინახავს. დედა როცა ჩემზე დაფეხმძიმებულა, მამაჩემს უთქვამს: არჩევანი გააკეთე ჩემსა და ბავშვს შორისო. დედაჩემის მშობლების სახლში ცხოვრობდა მამაჩემი, ჰოდა, რადგან დედაჩემმა არჩევანი ჩემზე შეაჩერა და ქმარს შვილი არჩია, მამაჩემი სახლიდან წავიდა. დედას ჩემი სახელის დარქმევითაც ჩავუბარებივარ ღვთისთვის. ღვთისავარი – დამარქვა. ძალიან უცნაური ბავშვი ვყოფილვარ დაბადებისთანავე. არ ვიძინებდი და ვტიროდი, თუ დედას ხელი არ მედო შუბლზე. არ დარჩენილა ქალაქში ნევროპათოლოგი და ფსიქიატრი, ვისთანაც არ მივუყვანივარ დედაჩემს. არადა არ გაირკვა ჩემი ტირილის მიზეზი. როცა უკვე ლაპარაკი დავიწყე და შემეძლო, ოჯახის წევრებისთვის გამეგებინებინა, რაც მინდოდა, არც მაშინ ესმოდათ ჩემი. ისეთ სურათებს ვხედავდი, რასაც ჩემ გარდა ვერავინ ხედავდა სახლში და ჩემს ნათქვამს ყოველთვის არაადეკვატურად აღიქვამდნენ.

– ახლა რატომ გთვლიან გარშემო მყოფნი ძალიან უცნაურ პიროვნებად?

– იმიტომ, რომ ის ინფორმაცია, რასაც მე ვფლობ, მათთვის შოკისმომგვრელი და არარეალურია.

– კონკრეტულად, რას გულისხმობ?

– ჯადოსნურ არსებებს: ფერიებს, ელფებს, ნიმფებს, გნომებს, ქალთევზებს. ასევე, უცხოპლანეტელებს – ჰუმანოიდებს და ნუმოიდებს. მაგიური ველების არსებობას სამყაროში, ჩაკრებს და ასე შემდეგ.

– გინახავს რომელიმე მათგანი?

– შვიდი წლის ასაკამდე გარკვევით ვხედავდი ფანტომებს. თითქოს შავი კვამლისგან შემდგარ, მეტად უცნაური სტრუქტურის მქონე არსებებს. მაშინ ტელევიზორი არ გვქონდა და სამწუხაროდ, ფანტასტიკურ სერიალებს ვერ ვუყურებდი. ამიტომ არ ვიცოდი, რას წარმოადგენდნენ ისინი და რატომ მეცხადებოდნენ. პატარაობაში მქონდა წინასწარჭვრეტის განსაცვიფრებელი უნარი, ეს ნიჭი განსაკუთრებით მაშინ მიმძაფრდებოდა, როცა ტაძარში მივდიოდი. შემეძლო მრევლიდან ამომეცნო ყველას სახელი, ასაკი, პროფესია და ქრონოლოგიური სიზუსტით ამეწერა მათ ცხოვრებაში მომხდარი ამბები. მალე ეს უნარი სათამაშო არენად ვაქციე. ხალხი წუხდებოდა, მათ დაფარულ ამბებს და ფიქრებს საქვეყნოდ რომ ვშიფრავდი. თუმცა, იყვნენ ცნობისმოყვარენიც და ჩემს ნათქვამზე ამყარებდნენ იმედებს. ჩემი ნაწინასწარმეტყველები, კარგი იყო ეს თუ შემაშფოთებელი, ყველას სიტყვასიტყვით უცხადდებოდა.

დედა მორწმუნეა, პროფესიით ფილოლოგი. ლექციებს კითხულობდა „სდასუში“ და ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში. არაფრით არ უნდოდა, მის შვილს მკითხავის სტატუსი ჰქონოდა და დღედაღამ ევედრებოდა ღმერთს, ეს უნარი წამრთმეოდა და მეც ჩემი თანატოლებივით ჩვეულებრივი ბავშვი ვყოფილიყავი. წავიდა დედაჩემი მცხეთის დედათა მონასტერში, თბილისის ფერიცვალების ტაძარში და მონაზვნებს შესთხოვა, ელოცათ, რომ ეს უნარი დამკარგვოდა, თუ ღვთისგან არ იყო ბოძებული. 11 წლის ვიყავი, როცა ვეღარ ვხედავდი კინოკადრებივით ადამიანთა წარსულსა და აწმყოს. თუმცა, მომავლის პროგნოზირება არცთუ იშვიათად დღესაც შემიძლია. მონაზვნებს უთქვამთ დედასთვის, ჩვენ ვილოცებთ და ღმერთი დანარჩენს თვითონ გადაწყვეტსო. დედას ხუთი წლიდან დავყავარ კვეთებულის ლოცვაზე.

– შენზე მითხრეს, რომ ბავშვობა წაგართვა უცნაურმა ხილვებმა. რას ხედავდი შავი ჩრდილების გარდა?

– ჩემი აზრით, ვხედავდი პარალელურ სამყაროებს. იყო სხვანაირი ცა – მეწამული, სხვანაირი მზე. ერთდროულად ორი და სამი მზეც მინახავს ლილისფერ ცაზე. ისეთი მცენარეებს ვხედავდი, ყველასთვის ხილულ სამყაროში რომ არ არსებობს. ვხედავდი ასევე გიგანტურ ადამიანებსა და ცხოველებს ცხადშიც და სიზმარშიც.

– ეზოთერიკით დაინტერესება შენმა ხილვებმა გამოიწვია?

– ეზოთერიკით 6 წლის ბავშვი დავინტერესდი, უფრო სწორად – ჯერ ასტროლოგიით და მაგიური ძალებით. ვიცოდი, რომ ასტროლოგიაში გასარკვევად ჯერ ასტრონომია უნდა მცოდნოდა, რადგან ასტროლოგია ასტრონომიისა და მათემატიკის ბაზისზე შექმნილი ოკულტური მეცნიერებაა. პირველკლასელმა გამოვიტანე სკოლის ბიბლიოთეკიდან ევგენი ხარაძის მიერ შედგენილი მეათე კლასის სახელმძღვანელო. მეხუთე კლასიდან კი გავეცანი ასტრონომიის ზოგად საფუძვლებს. დავინტერესდი გენეტიკის საკითხებით და ეზოთერიკის სიღრმისეულად შესწავლა უკვე თხუთმეტი წლიდან დავიწყე. როცა შევიტყვე ოკულტური მეცნიერების თეოსოფიის, ანთროპოსოფიისა და ეზოთერიკის არსებობის შესახებ, რაც ადრე მაინტერესებდა ჩემი ხილვების საფუძველზე, იყო ეზოთერიკისა და სხვა ოკულტური მეცნიერებების შემადგენელი ნაწილი და გავაცნობიერე ის, რაც ადრე მაინტერესებდა. მაგრამ, არ ვიცოდი, რომ ეს ოკულტიზმი იყო. თხუთმეტი წლის ვიყავი, რომ წავიკითხე ელენა ბლავატსკაიას და რუდოლფ შტაინერის შრომები.

– და რა გაიგე ამ წიგნებიდან?

– კერძოდ ის, რომ სამყაროში არსებობს ორი დაპირისპირებული ძალა – თეთრი და შავი მაგია, სიკეთისა და ბოროტების მსახურები... სხვათა შორის, ჩემი სულიერი მოძღვარი მღვდლობამდე იყო ასტროფიზიკოსი. სწორედ ამ ნიშნით ავირჩიე ის მოძღვრად. მინდოდა, მეც ასტროფიზიკოსი გამოვსულიყავი. ორთოდოქს ქრისტიანებს, განსაკუთრებით სასულიერო პირებს, არ აქვთ მაგიის დიფერენცირების უნარი. მათ არ ძალუძთ მაგიის ორბუნებოვნების აღიარება. კერძოდ, ის, რომ არსებობენ ჯადოსნური არსებები, ღმერთის, ანუ ბუნების სულის ერთგულები, რომლებიც იყენებენ თეთრ მაგიას და არიან დემონები – არიმანის, ანუ ლუციფერის დაცემული ქერუბიმების მსახურები, რომლებიც იყენებენ შავ მაგიას კეთილი ჯადოსნური არსებებისა და ადამიანების წინააღმდეგ. ჩემთვის ცნობილია, რომ წმიდა კირილე იერუსალიმელი ამბობდა: „ჩვენ არ ვუქადაგებთ საიდუმლო მოძღვრებას მამაზე, ძესა და სულიწმიდაზე წარმართებს და კათაკმევლებსაც კი, რათა არ დაზიანდნენ“.

– სულიერი მოძღვარი არ გიკრძალავს ოკულტიზმით გატაცებას?

– რა თქმა უნდა, მიკრძალავს, მაგრამ მაინც ძალიან მაინტერესებს, ამიტომ ვერ შევწყვეტ ოკულტურული ლიტერატურის კითხვას.

– ოკულტიზმი შენთვის ღმერთთან მისასვლელი გზაა?

– დიახ. კერძოდ, თეოსოფების მოძღვრებაა ის, რომ დედამიწაზე ჩამოვიდა აქამდე ცხრა ავატარი, ანუ ცხრა ღმერთკაცი – იესო ქრისტე, ბუდა და ასე შემდეგ. მე ამას ვეთანხმები, იმდენად, რამდენადაც ვიზიარებ აღმოსავლურ რელიგიებს, რელიგიურ-ფილოსოფიურ, მეტაფიზიკურ ღვთაებრივ სიბრძნეს. დაინტერესებული ვარ ბერძნული ფილოსოფიით. კერძოდ, ანაქსიმანდრეთი, ანაქსანდრათი და პლატონით. ასევე, ინდური ფილოსოფიით შანკარით და ლამანუიათი.

– ბავშვობაში, როცა ზებუნებრივმა დაგაინტერესა, რაზე ოცნებობდი?

– ვყოფილიყავი ზეარსება, რომელიც შეძლებდა დემონების წინააღმდეგ ბრძოლას, მინდოდა, დამებლოკა ადამიანებში სიბერის გენი ანდა საერთოდ ამომეღო გენომიდან გენეტიკური კოდის მოდიფიცირების შედეგად.

– როგორი წარმოგიდგენია ზეადამიანები. რისი თქმა გინდა მათ შესახებ?

– ზეადამიანებს შეეძლოთ უჯრედების რეგენერირება, ჭრილობების წამებში შეხორცება. ისინი ხედავდნენ სრულ ელექტრომაგნიტურ სპექტრს. შეეძლოთ ინფრაბგერებისა და ულტრაბგერების მოსმენა, ჰქონდათ ხუთი სტიქიის დამორჩილების ძალა, ასევე, გააჩნდათ ტელეპორტირებისა და ლევიტაციის უნარი და ასე შემდეგ.

– ესე იგი, გინდა თქვა, რომ ჩვენამდე სხვა ცივილიზაციები არსებობდნენ?

– დიახაც, დედამიწაზე არსებობდა ერთდროულად რამდენიმე ცივილიზაცია, მაგრამ შემდეგ მოვიდნენ დემონები, ნებურუსა-სუნაქები, რომლებმაც თავი ღმერთებად გამოაცხადეს. მას შემდეგ, რაც გაანადგურეს ზეცივილიზაციების ჯადოსნური ალიანსი, ზეადამიანთა უმეტესობა გაწყვიტეს. გადარჩენილების უმეტესობა კი, გენეტიკური ვირუსის მეშვეობით უძლურ ადამიანებად გარდაქმნეს.

– შენზე მითხრეს, რომ ფანტასტიკურ მოთხრობებს წერ 7-8 წლიდან დღემდე. საიდან მოდის მოთხრობის სიუჟეტები?

– შვიდ წლამდე ხომ ვხედავდი სიზმარსა თუ ცხადში არამიწიერ არსებებს. შემდეგ ეს არსებები ამოვიცანი მულტსერიალების პერსონაჟებში. ავდექი და საკუთარი ისტორიების წერა დავიწყე ფანტასტიკური მოთხრობების სახით.

– სამეცნიერო კონფერენციებზე წარდგენილ თემებში თუ შეხებიხარ იდუმალ სამყაროს?

– დიახ და დიპლომებიც მაქვს მიღებული. თემებში „არამიწიერი ცივილიზაციების კარიბჭე“, „გლობალური დათბობა“ და „ვარსკვლავთა მეორე ევოლუცია“. აქ მეცნიერულ კვლევებს ერთვის ჩემი სუბიექტური ხედვა და ხილვებიდან მიღებული ცოდნა თუ შთაბეჭდილებანი.

– მიიჩნევ თუ არა თავს მართლმადიდებლად?

– ზიარების მადლს ყოველთვის ვგრძნობ, მაგრამ თავს ორთოდოქს ქრისტიანად არ მივიჩნევ თუმცა, მივდევ მართლმადიდებლურ აღმსარებლობას შეძლებისდაგვარად. თავს სინკრეტისტად მივიჩნევ და მჯერა თეოსოფების მოძღვრებისაც, რომელშიც ქრისტიანობაც შედის. ვოცნებობ, ადამიანებმა დაიბრუნონ ძველი უნარი, ანუ ის ძალები, რომლებიც მათ წინაპრებს – ზეადამიანებს გააჩნდათ.


скачать dle 11.3