რატომ არ შეიძლება ფოტოსურათის დაწვა, დახევა და გადაგდება და რაზე მეტყველებს მობილურით გადაღებულ ფოტოზე ლაქების არსებობა
ვისაც დაკვირვებული თვალი აქვს, ის ადვილად ხვდება გარშემო რა ხდება, საიდან ელის საფრთხე, როგორ მიაღწიოს წარმატებას, საით გადადგას ნაბიჯი, რომ გაუმართლოს და ასე შემდეგ. ბევრიც, ბედზეა მინდობილი, ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობს და არც წინ იხედება და არც იმას დარდობს, რა მოხდება ხვალ. როგორც პარაფსიქოლოგი და ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნანი ამბობს, თუ ფხიზელი თვალით შეხედავ გარემოს, ადვილად დაინახავ – რა გელის, როგორ იმოქმედო, რისგან დაიცვა თავი და საკუთარი ახლობლებიც აარიდო საფრთხეს. თქვენ წარმოიდგინეთ, მომავლის დაგეგმვაც შესაძლებელია. ქალბატონი ნანი დღეს უცხოეთში მოღვაწეობს. სამშობლოში დროებით არის ჩამოსული, რადგან იქ, როგორც თავად აღნიშნავს, უამრავი პაციენტი ელოდება. ჩვენ, რასაკვირველია, შანსი ხელიდან არ გავუშვით და ვფიქრობთ, მეტად საინტერესო თემაზე ვთხოვეთ მას კომენტარი.
ნანი: მიყვარს დაკვირვებული ადამიანები, ვინც, კონკრეტულ ნაბიჯს გააზრებულად დგამს და შესაბამისად, პრობლემებსაც ადვილად არიდებს თავს. ყოველთვის ვამბობ, ისე ვერავინ გიბოროტებს, როგორც შენ შეგიძლია საკუთარ თავს ცუდი გაუკეთო-მეთქი. ბევრი ამ აზრს ვერ ხვდება. არადა, დაფიქრდით და მიხვდებით, რომ მართლაც ასეა. ამ სიტყვებში უდიდესი სიმართლე დევს. დღევანდელი ახალგაზრდების უმრავლესობა, ყველაფერს ადვილად უყურებს, გაუაზრებლად ცხოვრობენ და ზოგს უმართლებს, ზოგს – არა. ფაქტი ერთია, მათი უმეტესობა ხვალინდელი დღისთვის მზად არ არის.
– რას გულისხმობთ, რომ ამბობთ, ხვალინდელი დღისთვის მზად არ არიანო?
– რას და, დღეს თუ არ გადადგი სწორი და გააზრებული ნაბიჯი, ხვალ რას მიიღებ? საფუძველი უნდა ჩაყარო, რომ მასზე შენი ცხოვრება სახლივით დააშენო და შემდეგ მასში ჰპოვო სრული სიმშვიდე და იდილია. ბევრი მეკითხება, ქალბატონო ნანი, მომავლის განჭვრეტა რთულია და ამას ვერავინ შეძლებს, მაინც როგორ დავგეგმოთ საკუთარი ცხოვრება და თითოეული ნაბიჯი, რომ მომავალში წარმატებულები და ბედნიერები ვიყოთო. როგორ და, ცოტა გამოცდილ ხალხსაც უნდა დაუჯეროთ, ცოტა საკუთარ ინტუიციას და, ცოტაც პარაფსიქოლოგიური რჩევებიც გაითვალისწინოთ – აკეთოთ ბევრი სიკეთე უანგაროდ. ეს არის ჩემი პასუხი.
– და მაინც, რა პარაფსიქოლოგიური რჩევების გათვალისწინებას გვირჩევთ?
– მაგალითად, დღეს მოდაშია ინტერნეტით საკუთარი ფოტოების გამომზეურება. ისინი ნებისმიერმა შეიძლება ნახოს და შეაფასოს. მე თუ მკითხავთ, ეს საშიშია. მას შესაძლოა, ისეთი თვალი მოხვდეს, რომელიც ცხოვრებაში ხელს მოგიცარავთ. ბავშვების სურათების საიტებზე დადებას კი საერთოდ გიკრძალავთ, თუ თქვენი შვილების კეთილდღეობა და ჯანმრთელობა გსურთ. საერთოდ, ფოტოსურათი ძალიან სათუთი რამაა. ის უბრალოდ გამოსახულება ნუ გგონიათ. გაიპრანჭებით, ჩიტი გამოფრინდება, სურათს გადაგიღებენ და მორჩა. მასზე მთელი თქვენი განცდა, აურა და ხასიათიც კი გადადის და შემდგომ ის შესაძლოა თქვენივე ცხოვრების წინასწარმეტყველიც კი გახდეს. აბა, დაფიქრდით, საოჯახო ალბომი, რომელიც ყველა სახლში ინახება, უამრავ სახეს და ისტორიას ინახავს, გვახსენებს ბედნიერ დღეებს, წუთებსა და წამებს. ზოგი მათგანი კი სევდასაც კი გვგვრის. ის, რასაც თქვენ, ჩვეულებრივი ადამიანები, სურათზე ვერ ამჩნევთ, პარაფსიქოლოგების თვალთახედვას არ ეპარება. მათი დაკვირვებული თვალი ყველაფერს ხედავს და ამჩნევს. ვაკვირდები ხოლმე უცნობი ადამიანების ფოტოებს, უამრავ საიდუმლოს მიმხელენ ისინი – თითოეული ადამიანის ენერგეტიკულ ასლებად მიმაჩნია. ფოტო, იჭერს და აფიქსირებს კიდეც პარალელურ განზომილებებს გადაღების მომენტში და შემდეგ მას ფოტოზე, მინიშნებების სახით აღბეჭდავს.
– ეს მინიშნებები როგორ უნდა ამოვიკითხოთ?
– ეს მინიშნებები, ლაქების და უცნაური ფორმების სახით ჩნდება გადაღებულ ან დაბეჭდილ სურათზე. ასეთი ბევრი მინახავს მობილური ტელეფონით გადაღებულ სურათებში და მას, როგორც წესი, მისი პატრონი ყურადღებას არ აქცევს. ჰგონიათ გადაღების დეფექტია, მაგრამ ცდებიან. ეს სერიოზული მინიშნებებია, ოღონდ, რასაკვირველია. მისი ამოკითხვა და გაშიფვრა უნდა შეგეძლოს, მაგალითად, რომელ კუთხეშია ის, რომელი ადამიანის თავზე, სხეულზე, ან თუნდაც სიახლოვესაა და რომელი მხრიდან. როგორც გითხარით, ფოტოზე აღბეჭდილი უცნაური გამოსახულებები და ლაქები სპეციალისტებისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციას ასახავს. ფირი ხანდახან თვალით უხილავ სამყაროს აფიქსირებს. მეცნიერები, ეზოთერიკოსებთან და პარაფსიქოლოგებთან ერთად, უკვე წლებია, ამ საკითხით დაინტერესდნენ და იკვლევენ არაერთ მსგავს შემთხვევას.
– და, რა დასკვნამდე მივიდნენ ისინი?
– ჯერჯერობით დასკვნების გაკეთებისგან თავს იკავებენ, რადგან დაკვირვებები არ დასრულებულა და ახალ-ახალი ფაქტები და მოვლენები, ყოველდღიურად ხდება. გეტყვით, რომ დაკვირვება ფოტოზე ერთია, გააზრება და დაჯერება მეორე, ახდენა კი – მესამე საკითხი. თხუთმეტი წლის გოგონა მყავს – ნინიკო. ზაფხულში თანაკლასელთან ერთად იყო დასასვენებლად წასული, ერთ-ერთ სოფელში. მისი თანაკლასელის ბებია დუშეთის რაიონიდანაა, თან ვიცნობ ამ გოგონას ოჯახს და ისე გავუშვი, არც კი მინერვიულია. მოკლედ, კარგად დაისვენეს ბავშვებმა და ორ კვირაში ჩამოვიდნენ. ჩემი გოგონა მიყვებოდა, როგორი დრო გაატარა, სად დადიოდა, რას აკეთებდა, ვინ გაიცნო. მეც ვუსმენდი. ამ მოყოლის დროს, თან მობილურით გადაღებულ სურათებს მაჩვენებდა. უცებ, ერთ-ერთ სურათზე, ბიჭის თავზე შევნიშნე შავი პატარა წერტილი. არ მესიამოვნა. დავაკვირდი და მივხვდი, რაღაც პრობლემასთან მქონდა საქმე. ვთხოვე, ჩემს გოგონას, ეს სურათი დაბეჭდე და მომიტანე-მეთქი. მეორე დღესვე დაბეჭდა. დავაკვირდი და მივხვდი, იმ ბიჭს დიდი ხნის სიცოცხლე არ დარჩენოდა. ვკითხე, ვინ არის-მეთქი და ჩემმა შვილმა მიპასუხა, ხათუნას, ანუ იმ გოგონას, ვისთანაც ისვენებდა, ბიძაშვილია, გოჩა ჰქვია, მანქანა ჰყავს, ჩაგვსვამდა და სულ დაგვატარებდა აქეთ-იქითო. არ მითქვამს ნინიკოსთვის, ფოტოზე არ მომეწონა ამ ბიჭის მომავალი-მეთქი, მაგრამ თავად მიხვდა. მკითხა კიდეც, დედა, რატომ დამაბეჭდინე ეს სურათიო, მაგრამ არაფერი მითქვამს. დამიჯერეთ, სულ რაღაც ერთ თვეში, ნინიკო ატირებული მოვიდა, ხათუნამ მითხრა, გოჩა ავარიაში მოჰყვა და დაიღუპაო. ეს ხომ მე არ მომიგონია? ფაქტი მოგიყევით ანუ ის, რაც ფოტომ წინასწარ აღბეჭდა ლაქად, წინასწარმეტყველების სახით.
– ბევრი პარაფსიქოლოგი სურათის საშუალებით ბევრ რამეს იგებს უცნობ ადამიანზე. ეს როგორ ხდება და რეალურია?
– რასაკვირველია, რეალურია და შესაძლებელიც. ზოგი თვლის, რომ ფოტო უბრალოდ ფირზე, მობილურზე ან ქაღალდზე აღბეჭდილი გამოსახულებაა და სხვა არაფერი. არადა, რეალურად ის ცოცხალი ორგანიზმია, ადამიანის ენერგეტიკული ასლი და მასთან ურთიერთობა ლამის ცოცხალ ადამიანთან ურთიერთობის ტოლფასია. გირჩევთ, ფრთხილად მოექცეთ მას. ნურც არასასიამოვნო და შურიან ადამიანს ჩაუგდებთ თქვენს ფოტოს ხელში და ნურც უცხო ადამიანებთან გადაიღებთ სურათს. მოერიდეთ მის დახევას, დაწვას და დაჭრას. ამას შესაძლოა, ცუდი შედეგი მოჰყვეს. სანამ მას დაბეჭდავთ, მანამდე წაშალეთ არასასურველი ფოტოსურათი და შემდეგ, მისი დახევა, დაჭრა და გადაგდება არ მოგიწევთ. გადაგდებულ ფოტოს, თან შესაძლოა თქვენი ბედიც გააყოლოთ; დაჭრილ ფოტოსთან ერთად, თქვენი ბედნიერებაც შეამოკლოთ და სურათის დაწვით, პირად ცხოვრებაში პრობლემა შეიქმნათ. ამ საქციელით, საყვარელი ადამიანების დაკარგვაც არ არის გამორიცხული. მაგალითად მე, დავხედავ თუ არა ფოტოს, მაშინვე ვხვდები, ადამიანი ცოცხალია თუ გარდაცვლილი. საერთოდ, ცოცხალი ადამიანის აურა თბილია, გარდაცვლილის კი – ცივი. ხელს რომ მოვატარებ სურათს, თუ იქიდან სითბოს ვგრძნობ, ესე იგი ცოცხალია, თუ – სიცივეს, მაშინ გარდაცვლილი. ერთი ქალი მაკითხავდა წლების წინ და შვილის ფოტო მოჰქონდა. რომ ვეკითხებოდი, რა პრობლემა გაწუხებთ-მეთქი, ხმას არ იღებდა, მარტო იმას მეუბნებოდა, თუ მაგარი ხარ, თავად მიხვდი სურათითო. არადა, სურათებზე, მის შვილს, შუბლზე, რაღაც უცნაური წერტილები აჩნდა. ერთ ფოტოს ხელს რომ გადავატარებდი, სითბო მოდიოდა, მეორედან კი – სიცივე. დავიბენი, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ბოლოს, ვუთხარი, ქალბატონო, დავიბენი, ერთი სურათი სხვა რამეზე მეტყველებს, მეორე კი სხვაზე და მე ვერაფერს გეტყვით-მეთქი. მერე გამომიტყვდა, ცეცხლსასროლი იარაღი მოხვდა, უკვე თვეებია აპარატზეა შეერთებული და მაინტერესებდა ცოცხალი გადარჩება თუ არაო. როგორც მივხვდი, ის ბიჭი, არც ცოცხლებში იყო და არც გარდაცვლილებში. თუმცა, ფოტოებზე აღბეჭდილი წერტილებით, სამწუხაროდ, დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა. ზოგჯერ სურათზე ისეთი ენერგეტიკული სუბსტანცია ჩნდება, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანი თვალით ვერ აღიქვამს. ასევეა ლაქებიც, რომლებიც ხანდახან რაღაც უჩვეულო ფორმას იღებს და ასე აღიბეჭდება ფოტოსურათზე.
– სხვათა შორის, მობილურით გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე თავად მაქვს ნანახი უცნაური დიდი შავი ლაქა, თუმცა ჩავთვალე, რომ ეს ცუდი გადაღების მიზეზი იყო. თავად ტელეფონის პატრონი კი ამტკიცებდა, რომ ფოტო არაერთხელ გადაიღო და ეს ლაქა ყველა გადაღებისას აღიბეჭდებოდა, თანაც მას უცნაური ფორმა ჰქონდა.
– გეტყვით რომ, ლაქები, ისევე, როგორც სუბსტანციები, ენერგეტიკული წარმონაქმნებია, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში ადამიანის თვალისთვის უხილავ სპექტრში არსებობს. მაგრამ, ზოგიერთ შემთხვევაში, გადაინაცვლებს ხოლმე იმ სპექტრში, რომლის დაფიქსირებაც მგრძნობიარე ფირს თუ აპარატს, კერძოდ, მობილურ ტელეფონს შეუძლია.